ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და პოლიტიკოსები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, თუმცა კანონმდებლები მომხდართან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. მმართველი გუნდის ნაწილი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბათუმში მიმდინარე მოვლენების თაობაზე დროული რეაგირება მოხდებოდა, გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა.
ბათუმის მოვლენებზე, for.ge პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:
ბათუმში მომხდარ 11-12 მარტის მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების დროული რეაგირების შემთხვევაში, პროცესები არ დაიძაბებოდა. ოპონენტების მოსაზრებას იზიარებთ?
- დღევანდელ სურათსა და იმ სურათებს შორის აშკარა სხვაობა იყო, რომელიც მწარედ დაგვამახსოვრდა. ბათუმში ვანდალური აქციის განეიტრალება ცივილური მეთოდებით მოხდა მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში მშვიდობიანი და ცივილური აქციების დარბევა ხდებოდა. ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. რაც შეეხება იმას, რეაგირება თუ რამდენად დროულად მოხდა, ჩემი აზრით, რეაგირების უფრო ადრე მოხდენა იყო საჭირო.
მაშინ, რატომ არ მოხდა? პროცესი ხელიდან რატომ გაგექცათ?
- არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას პროცესი ხელიდან გაექცა. შეიძლებოდა, რომ რეაგირება უფრო ადრე მომხდარიყო და გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ ამას ყველას მისამართით ვამბობ, ვისაც პროცესის განმუხტვაში მონაწილეობის მიღება შეეძლო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა ამ ყველაფერს ანალიზი სჭირდება, რომ საქართველოში მანქანების დაწვა და ვინმეს ქონების ხელყოფა აღარ მოხდეს. ამ საკითხზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც.
რა ფორმატში, პარლამენტში მინისტრებს დაიბარებთ?
- ამას ვერ გეტყვით, რადგან ამ საკითხს მარტო ვერ გადავწყვეტ. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.
თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ გამოცდა მაღალ დონეზე ჩააბარა?
- სპეცრაზმს და პოლიციას დიდ მადლობას ვუხდი, რომელთაც ამ ვითარების ძალიან მაღალ დონეზე განმუხტვა შეძლეს. პრაქტიკულად, იმ დღეს, სპეცრაზმმა და პოლიციამ ქვეყანა ძალიან სერიოზული გაუგებრობებისგან იხსნეს.
საუბარია იმაზე, რომ ბათუმში მომხდარი დაპირისპირება შედეგია სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის. შესაძლოა, საქმე შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ეხებოდეს?
- არ ვიცი, ასეთი ჭორები საიდან მოდის. ფარდის მიღმა რა ხდებოდა, ინფორმაცია არ მაქვს. შესაბამისად, ასეთი ინფორმაციების არ მჯერა. ჩვენმა დეპუტატებმა ძალიან ვაჟკაცურად იმუშავეს, ხალხს არ დაემალნენ და ხალხთან გამოჩენა არ შეეშინდათ. რაც შეეხება ვერსიებს, შეიძლება ბევრი ვერსია იყოს ნათქვამი. ამ საკითხზე რეალური სურათის დადება რაც უფრო გაჭიანურდება, შეიძლება, ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი ძალების მიერ ვერსიების კორიანტელი წარმოიშვას. ჩემთვის ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის, უფრო საინტერესოა ის, ამდენი მომზადებული მოლოტოვის კოქტეილი საიდან გაჩნდა?
თქვენ ფიქრობთ, რომ ვანდალური მოვლენების უკან დაინტერესებული პირები იდგნენ?
- ეს პროცესი პოლიტიკური ძალების ლუსტრაციის დღე იყო. საბედნიეროდ, პოლიტიკური ძალები პროვოკაციას არ აყვნენ. გამონაკლისი ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელმაც ტოლი არავის დაუდო და იმ ვანდალებთან და მოძალადეებთან ერთად უნისონში მოქმედებდა, რომელთაც საკუთარი ქალაქი ცეცხლის ალში გახვიეს. მათი მიზანი იყო, რომ პროტესტის ეს ტალღა, რომელიც ყოფით ნიადაგზე დაიწყო, მთელ ქვეყანაში გავრცელებულიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ გამორჩეული იყო და საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც რევანშისტულმა პოლიტიკურმა ძალამ მაშინ, როცა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ადეკვატური პოზიციები დაიკავეს. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ხედავდა, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ ტალღის აგორება ვერ მოხდა, თუმცა კონკრეტული პატრულის მოქმედებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეც დამრჩა.
თქვენ საპატრულო პოლიციის იმ ეკიპაჟს გულისხმობთ, რომელთაც მოქალაქე დააჯარიმეს და რომელთა თაობაზეც საუბარია, რომ მათ დაჯარიმებული პირი სცემეს? ვანდალურმა მოვლენებმა ეს ფაქტი გადაფარა, თუმცა თქვენ პოლიტიკური ნება გაქვთ, რომ ეს საკითხი ობიექტურად გაარკვიოთ?
- ეს ის მომენტია, რომელიც აუცილებლად გამოძიებული უნდა იყოს. თუკი ვთვლით, რომ პატრულსა და მძღოლს შორის ადამიანური ფაქტორი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მაშინ შესაძლებელია, სხვა გზითაც ვიაროთ, მხოლოდ ფოტოგადაღებები ვაწარმოოთ და კანონის დამრღვევ პირებს ჯარიმები ფოსტით გავუგზავნოთ. როცა ადამიანი გეუბნება, რომ აფთიაქში მამისთვის წამლის საყიდლად გადავიდა, ამ დროს ადამიანური ფაქტორის ჩართვა შეიძლება. თუკი ადამიანური ფაქტორის ჩართვის საჭიროება არ არსებობს, ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაფიქსირებულ პოზიციას, მან ბათუმში მიმდინარე მოვლენები დაგმო, თუმცა მისი განცხადების თაობაზე ეჭვები გაჩნდა და ვარაუდი გამოითქვა, რომ ბათუმში მომხდარი ფაქტი შიდა სახელისუფლებო დაპირსპირების გამოძახილი იყო...
- ასეთი აღმაშფოთებელი ფაქტი აქამდე არ მომხდარა და ბუნებრივია, რომ ღარიბაშვილმა საკუთარი რეაქცია გამოხატა.