„ეს იყო წმინდად პოლიტიკური და სპეცსამსახურების მიერ ფარულად მომზადებული აქციაა“

„ეს იყო წმინდად პოლიტიკური და სპეცსამსახურების მიერ ფარულად მომზადებული აქციაა“

„ეს პროცესი არაფერ კავშირში არ იყო სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან და ფასების მატებასთან. ეს იყო წმინდა პოლიტიკური და სპეცსამსახურების მიერ ფარულად მომზადებული აქცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მზადდებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი. მისი განცხადებით, სამწუხარო პრეცედენტი მოხდა, მაგრამ იგივე შეიძლება მოხდეს ქუთაისში, გორში, ან თელავში.

გამოიკვეთა თუ არა პოლიტიკური მხარე და ვის მიერ იყო მართული 11-12 მარტის მოვლენები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

ვის აძლევდა ხელს 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, აქ იგრძნობოდა სუს-ის ხელი?

ბესიკ ალადაშვილი: პირველი, რაც უნდა ითქვას, საქართველოსთვის და მისი პრესტიჟისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ საუბარია ბათუმზე, მოდის საკურორტო სეზონი, ამ დროს კი, გარკვეულად შეილახა საქართველოს სტაბილურობა. ვფიქრობ, აუცილებელია საქმის ძირეულად გამოძიება და შესწავლა, მართლა იყო თუ არა მომზადება, როგორ მოხდა საპროტესტო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილები, ჯაჭვები და ქვები. ამის უცბად ორგანიზება მართლაც ძნელია. ყველა აქციას, მათ შორის ასეთ სერიოზულ აქციას, ბუნებრივია, რომ აუცილებლად უნდა ჰყოლოდა თავისი ხელმძღვანელი. სპონტანურად ამის გაკეთება, როგორც წესი, შეუძლებელია. გამოძიებამ უნდა იმუშაოს და გაარკვიოს, სად მიდის ფესვები.

მეორე მხარეა შიდა დაპირისპირება, სიმართლე გითხრათ მეეჭვება ჩვენი სამართალდამცავი სტურქტურის ხელმძღვანელები ასეთ ორმოს უთხრიდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ და შესაძლებელია, რომ ამ პროცესში იკვეთებოდეს ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესები.

ამ შემთხვევაში რომელი ქვეყნის ინტერესები შეიძლება იკვეთებოდეს ამ მოვლენის უკან?

- თურქეთი და რუსეთი. როდესაც ბათუმზე და აჭარაზე ვსაუბრობთ, ჩვენ თურქეთის ფაქტორი არ უნდა გამოვრიცხოთ. მით უმეტეს, კონტექსტები - „თათრებს გვეძახიან“ - ესეც გასარკვევია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. არ ვიცი, ბათუმში და აჭარაში ყველა ვყოფილვართ და ასეთი ფრაზა არასოდეს გაგვიგია.

მერაბ ღოღობერიძე, რომელმაც გაახმოვანა ეს ფრაზა, ირწუნება, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის პოლიციის უფროსს და შეუძლია გამოძიებას დაუსახელოს ის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა თანდასწრებით მოიხსენია საპატრულო პოლიციის უფროსმა აჭარლები.

- მე პირადად ერთ-ერთი ქალბატონისგან მოვისმინე ეს ფრაზა ტელევიზიით. რა თქმა უნდა, გასარკვევია საიდან მუსირებს ეს ფრაზა, მაგრამ მეეჭვება, რომ პატრულს არ ჰქონდეს იმის გაგება, რომ ასეთი ფრაზა არ უნდა თქვას. გარკვეულწილად რასაც ვხედავთ, უმეტეს შემთხვევაში პატრული ძალიან ზრდილობიანია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახურები, რომ ოპერატიულად შეძლონ ამ საქმის გამოძიება და ფაქტის დადგენა. იმიტომ, რომ ეს შეიძლება სერიოზული პრეცედენტი გახდეს. გამოიკვეთა პოლიტიკური მხარე და გასაგებია ვისზეა საუბარი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არ არის გამორცხული, რომ ისინიც მართული იყვნენ სხვა ქვეყნის, ან ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ.

ანუ, ვერსიები საკმაოდ ბევრია, მაგრამ გამორიცხავთ, რომ ძალოვანების დაპირისპირებით იყოს გამოწვეული ეს პროცესი?

- ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით, ორივე სტრუქტურაში მიმუშავია და ვიცი შსს და უშიშროების სამინისტროს შიდა სამზარეულოც, ყოველთვის იყო ხოლმე დაპირისპირება, პიროვნებებსა და ხელმძღვანელებს შორის, რაღაცა პროცესებში მონაწილეობის, თუ სფეროების გაყოფის კუთხითაც. მაგრამ არა მგონია, რომ მაინცდამაინც ბათუმი ამოერჩიათ დაპირისპირებისთვის. სიმართლეს გეტყვით, ეს ვერსია ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია. ეს რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს? ამ კონკრეტულ ინციდენტს შესაძლოა ორივე უწყების ხელმძღვანელი და ძალიან ბევრი ჩინოვნიკი შეეწიროს.

ჩვენ ხშირად, და გასაკუთრებით ამ ბოლო წლებში, მეტისმეტად ვაკრიტიკებთ და გარკვეუწილად კუთხეში დავაყენეთ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები. ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს ინფორმაცია, ქვეყანაში ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში თუ მზადდება ასეთი რაღაცა, რატომ არ უნდა ჰქონოდა წინმსწრებად ეს ინფორმაცია სუს-ს, ან თუნდაც შსს-ს? ამ კითხვაზე პასუხი უნდა მიიღოს საზოგადოებამ.

მით უმეტეს, რომ 1, ან თუნდაც 2 საათში შეუძლებელია ხალხის რესურსის მობილიზება და აკრძალული ნივთებით აღჭურვა...

- უნდა ვთქვათ, რომ აქ არის პრობლემები იგივე პროფესიონალიზმის კუთხით. მაგრამ აქ მეორე უკიდურესობამდე მივედით, არაპროფესიონალიზმთან ერთად, ალბათ, რაღაცა შიშიც იგრძნობა, ვაი რაღაცა არ დავარღვიოთ, ან დავაშავოთ და მერე არ შევეწიროთ ამას. რამდენიმე შემთხვევა მახსოვს, როდესაც პოლიციის, ან უშიშროების ხელმძღვანელს, ან რიგით თანამშრომელს საკმაოდ სერიოზული პრობლემა შექმნია ან ჟურნალისტებისგან, ან იგივე არასამთავრობოებისგან.

მე არ ვამბობ დანაშაულის შემთხვევაში, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ჩვენ, მოქალაქეებიც ხანდახან არ ვუფრთხილდებით ჩვენ ძალოვნებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ დაფასება, სახელმწიფოებრიობა დგას კანონზე და ვინც ამ კანონს ასრულებს. იგივე პატრული და სპეცსამსახურის თანამშრომლები ჩვენი მოქალაქეები არიან, ხანდახან ამას არ ვითვალისწინებთ.

ვნახეთ ბათუმში რაც ხდებოდა და ვნახეთ ისიც, რომ ფაქტიურად პოლიციელები გაწირვის წინაშე იდგენენ, მათ უპირისპირდებოდნენ ჯაჭვებით, ქვებით და მოლოტოვის კოქტეილებით აღჭურვილი ადამიანები. წარმოიდგინეთ, პოლიციელებს მაქსიმალურად უნდა დაეცვათ აქციის მონაწილეების უფლებები და არ უნდა გამოყენებინათ იარაღი. ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებებიც ბოლოს გამოიყენეს აქციის დაშლის დროს.

ბათუმის აქციასთან დაკავშირებით საინტერესო პოსტი გამოქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე for.ge- მთავარმა რედაქტორმა გია იაკობაშვილმა -„ახლა მომწერა მეგობარმა - „ახლა ბათუმში ველაპარაკე სანათესაოს, მთელი ერთი საათი - ნაცები და კაგებეშნიკები (იმენნა მოსკოვიდან ჩამოსული, აქ ასლანას დროს ნამუშევარი ტიპები), ერთი თვეა ამზადებდნენ ამას და შსს-შიც თავისი ხალხი ყავთო. მთელი თვეა ნაგლად ვრცელდება ხმები - „თათრებსგვეძახიან და ავტონომიის გაუქმება უნდათო“. აქიდან ჩანს, რომ მზადდებოდა ეს ვანდალიზმი, საზოგადოებამ იცოდა, ძალოვანმა სტრუქტურამ რატომ ვერ გაიგო ამის შესახებ?

- სწორი კითხვაა და ეს კითხვა გაუჩნდება ყველას, რომ იგივე შსს, სუს, რომ არაფერი ვთქვათ საგარეო დაზვერვის დეპარტამენტზე, რატომ არ ფლობდნენ ამ ინფორმაციას, მაშინ, როდესაც უნდა ფლობდნენ ინფორმაციას რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. საერთოდ ჩვენი სპეცსამსახურების და იგივე შსს-ს საკადრო უზრუნველყოფა მართლაც სერიოზული კრიტიკის საფუძველი უნდა გახდეს. აქ არაპროფესიონალიზმთან ერთად, უნდა ინახოს თანამშრომლების „ბეგრაუნდი“, ვინ ვისი კაცია, ვინ რაში მონაწილებოდა.

მეც წავიკითხე გია იაკობაშვილის სტატუსი და ბუნებრივია, როდესაც მთელმა ბათუმმა და აჭარამ იცის, რომ იქ ხდება რაღაც მზადება, რატომ არ უნდა მოდიოდეს ინფორმაცია, ანუ თუ მოდის ეს ინფორმაცია, ხომ არ იბლოკება რომელიმე რგოლში, ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემებია. ალბათ ხვდებით რატომ ბათუმი? - ბათუმზე და აჭარაზე თვალი უდგას იგივე თურქეთს და რუსეთს. სამწუხარო პრეცედენი მოხდა, მაგრამ იგივე შეიძლება მოხდეს ქუთაისში, გორში, ან თელავში. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება უძლური ხდება მართვადი ქაოსის წინააღმდეგ და წინაშე.

ანუ, ეს იყო მართვადი ქაოსი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამოწვეული პროცესი?

- ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არაფერ კავშირში არ იყო სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებნთან და ფასების მატებასთან. ეს იყო წმინდად პოლიტიკური და სპეცსამსახურების მიერ ფარულად მომზადებული აქცია, რომელიც დარმწუნებული ვარ, რომ მზადდებოდა და ასეთი მძიმე შედეგიც მივიღეთ.

არის ჩვენი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები მზად, რომ აიცილონ და პრევენცია გააკეთონ იმისა, რომ სხვა ქალაებში არ განმეორდეს იგივე?

- მართვადი ქაოსი, ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ფორმა, რომლის რეჟისურას, როგორც წესი, ქვეყნის გარედან აკეთებენ. მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ერთი ცენტრიდან არის დაგეგმილი და იქიდან იმართება. ერთი შეხედვით ქაოტურია, მაგრამ ერთ რგოლში და ერთ კავშირშია ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების და უპირველესად საპესამსახურების პრეროგატივაა, აღკვეთონ მსგავსი პროცესები ქვეყანაში.

რაც შეეხაბა კითხვას, სპეცსასამხურებს შესწევს თუ არა უნარი, რომ აღკვეთონ მართვადი ქაოსი, ბათუმის მოვლენებით დავრწმუნდით, რომ ჯერჯერობით ვერა. ანალოგიური შეიძლება თბილისშიც მოხდეს და თუ მართლა მოხდა ისევ კომუნალური გადასახადების გაძვირება, ძალიან მარტივი იქნება უკვე ხალხის აფეთქება. ერთი მუხტი დასჭირდება ადამიანების ქუჩაში გამოყვანას. მხედველობაში მაქვს თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები.

ენერგეტიკის სამინისტრო უარყოფს, მაგრამ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაზაფხულიდან გაზზე გადასახადი მოიმატებს, ერთგვარი საზოგადოებრივი პროტესტის მომზადებასთან გვაქვს ამ შემთხვევაში ადგილი?

- მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ აქ ადგილი აქვს სიტიუაციის მომზადებას და არა მარტო ეს, იგივე ლარის კურსი, საწვავის ფასები, მთელს მსოფლიოში ნავთობზე ფასები ეცემა, მაგრამ საქართველოში ფასები არ მცირდება. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ის, რამაც შეიძლება მოსახლეობის მოთმინების ფიალა აავსოს. სამწუხაროდ, აქეთკენ მივდივართ და ჩვენი ხელისუფლება ამას უნდა ხვდებოდეს. ეკონომიკური პრობლემების ფონზე პროტესტი უფრო მძიმე შედეგს მოიტანს, ვიდრე პატრულის მიერ მართებულად თუ კანონიერად დაჯარიმებული ავტომობილი.

თუ მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არ გახდა, ბათუმის აქცია შეიძლება მონაგონი გახდეს. ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ. ზუსტად, რომ მართვადი ქაოსი ამასაც გულისხმობს, რომ ისე უნდა იყოს ხალხი ხელისუფლებაზე გაბრაზებული, რომ ერთი პატარა ნაპერწკალი დასჭირდეს ქუჩაში გამოყვანას და მაშინ უკვე დამთავრდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, რითაც დღეს ვამაყობთ.

ძალიან აქტიურია ხმები იგივე ჯავახეთში პროცესების გართულებასთან დაკავშირებით, პროგნოზირებენ ვითარების გართულებას...

- თქვენ წარმოიდგინეთ, ბათუმში რაღაცა გამოსვლები მზადდებოდა და თუ ის ვერ შეიტყვეს შესაბამისმა ძალებმა, მაშინ საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებენ, რა მოხდება სამცხეთ ჯავახეთში, რადგან იქ უფრო ნაკლებია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ზონა.

პოლიტიკური ფაქტორიც გავითვალისწინოთ, სამწუხაროდ, ჩვენთან არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უხარიათ რაც უფრო ცუდად იქნება ქვეყანა, ამით ვითომ ქულებს ჩაიწერენ, მაგრამ აქ ქულას ვერავინ იწერს, საერთოდ ქვეყანა ზარალდება. ამ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემას, თუ დაემატა ეთნიკური და რელიგიური ფაქტორებით დაპირისპირება, ეს არის ზუსტად მართვადი ქაოსი, ეს უნდა აღკვეთოს იმ სახელმწიფო სტრუქტურებმა რომელსაც ევალება და რომელსაც ჩვენ ვინახავთ ბიუჯეტიდან.

ვერსიას, თითქოს ბათუმის 11-12 მარტის მოვლენები ადგილობრივ ძალოვან უწყებებს შორის დაპირისპირებით იყო გამოწვეული, არ იზიარებთ, მაგრამ ძალიან ბევრს საუბრობენ ამ უწყების არაკვალიფიციურობაზე, ასევე უწყების პოლიტიზირებაზე, მაგალითად მოჰყვათ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია...

- სამწუხაროდ, ჩვენთან ისევ საბჭოთა ტიპის სპეცსამსახურებია და იცით რატომ? - კვლავ პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს და თავისი კადრები მოჰყავს, არა პროფესიონალიზმის, არამედ პირადი ერთგულების მიხედვით. ეს იყო საბჭოთა კავშირის მართვის სტილი. ცნობილი სიტყვებია - „უცხო პროფესიონალის მოყვანას ჯობია, ჩემი თანამშრომელი იყოს შტერი, მაგრამ ერთგული და პარტიული“. სანამ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, არც პროფესიონალიზმი იქნება და არც პატრიოტიზმი.

ხელმძღვანელების ხშირი ცვლა და არაპროფესიონალების დანიშვნა, ასე იყო შევარდანაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს, ახლაც ასეა. მხოლოდ პარტიული ნიშნით ინიშნებიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მაგრამ როდესაც სხვა ქვეყნებში არჩევნებში იმარჯვებს სხვა პოლიტიკური ძალა, როგორც წესი, საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლები არასდროს არ იცვლებიან. როგორ ჩამოყალიბდება პროფესიონალი, თუ ყოველ 5 წელიწადში კადრები შეიცვალა? სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ გვაქვს ეს საბჭოთა ტიპის სამართალდამცავი სტურქტურები.

2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ძალიან ბევრი პროგრესული იდეა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ განხორციელდა. ბათუმის მოვლენებმა აჩვენა რეალური საფრთხე, ახლა უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება, უნდა გადაწყდეს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა პოლიტიკური საკითხები, თუ ეს საკითხები ერთად არ იქნა განხილული, მაშინ, ხელისუფლება თავის სიმაღლეზე ვერ იქნება. იგივე ლარის კურსით და კომუნალური გადასახადებით თამაში, საბოლოო ჯამში პოლიტიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ პრობლემებში არ უნდა გადავიდეს, აი, ეს უნდა გაიგოს ხელისუფლებამ.