ვინ დაურღვია ბათუმელებს ღამის სიმყუდროვე და ვინ იყო იმ ვანდალური პროცესების მაორგანიზებელი, რამაც ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება გამოიწვია?! ვერსიები მრავალგვარია, გეოპოლიტიკური კონტექსტიდან დაწყებული, სპონტანურობით გაგრძელებული და „ნაციონალური“ ხელწერით დამთავრებული.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში მომხდარის მიღმა გეოპოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.
ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას თქვენ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ხედავთ და რუსეთის ფაქტორზე ამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ ამ რეგიონის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ალბათ, თურქეთისა და სხვა ახლო მეზობლების ფაქტორიც გასათვალისწინებელია. დესტაბილიზაციის მოსურნე შიდა და გარე ძალებს გარდა, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ძალოვანთა შორის დაპირისპირება, ან კონკურენცია სუს-სა და პატრულს შორის. ყველაზე სარწმუნოდ მაინც რომელ ვერსიას მიიჩნევთ?
- თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ეს მიზეზები და მოვლენები ერთმანეთისგან იზოლირებული არ არის. სხვადასხვა ფაქტორი განსხვავებული დოზით მონაწილეობს ამ პროცესში. დავიწყოთ პირველით, გეოპოლიტიკური კონტექსტით. საქართველოში ამ მასშტაბის პროცესებს ყოველთვის აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი. რუსეთი აჭარას სტრატეგიულ ტერიტორიად განიხილავს და არ აპირებს მისი თურქეთის გავლენის ზონად გადაქცევას შეეგუოს. იმ განზრახვამ, რომ ფოთში უნდა აშენდეს ნატოს საზღვაო ბაზა, სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში. არც ის არის დამალული, რომ რუსეთს საქართველოში ჰყავს ძლიერი და განშტოებული გავლენის აგენტურა. გასაგებია, რომ რუსეთი ყოველთვის იყენებდა და იყენებს ე.წ. რბილ ძალას თავისი გეოპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. „რბილი ძალა“ არ მოქმედებს ქუჩიდან. მისი მთავარი ინსტრუმენტები სწორედ სახელმწიფო აპარატში ჩანერგილი გავლენის აგენტები არიან, რომლებითაც ასე მდიდარნი ვართ. ეს აგენტურა ყველანაირად ეწინააღმდეგება მთავარ სახელმწიფო თანამდებობებზე ისეთი ადამიანების მოსვლას, რომლებსაც ესმით პროცესების არსი და შესაბამისად შეუძლიათ რამე შეცვალონ. პერიოდულად გეოპოლიტიკური რეალიები იცვლება, მაგრამ ძირითადი ვექტორების შეცვლა ძალიან რთულია.
მოგეხსენებათ, შავ ზღვაში დომინირებისთვის დღევანდელ თურქეთსა და რუსეთს, რომლებიც მემკვიდრეები არიან თავიანთი იმპერიული წარსულის, უზარმაზარი სახსრები, ზღვა სისხლი აქვთ დაღვრილი. შესაბამისად, იმ ბალანსის დარღვევის საფრთხე, რაც დღეს არსებობს და, რომელიც განმტკიცებულია მონტრეს კონვენციით, აუცილებლად გამოიწვევს მძიმე რეაქციებს. მონტრეს კონვენციით, შავი ზღვის სრუტეებზე -ბოსფორსა და დარდანელზე კონტროლის ბერკეტები თურქეთს გადაეცა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ლევან იზორიას მიერ ამ წინადადების წამოყენება სპონტანური არ იქნებოდა. როგორც წესი, ასეთ წინადადებებს სპონტანურად არ აჟღერებენ, ის კულისებს მიღმა ფარული მოლაპარაკებების საგანია. ამ წინადადებას შეიძლება მოჰყვეს შემდგომი განხორციელება, თუმცა შეიძლება ის გახდეს ვაჭრობის საგანი და დამატებით კოზირად გადაიქცეს დიპლომატიურ ან გეოპოლიტიკურ ბატალიებში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ რუსეთს ეს არ ესიამოვნებოდა.
ცხადია, რუსეთი თავიდანვე იქნებოდა საქმის კურსში, ვიდრე ინფორმაცია ფოთში ნატოს საზღვაო ბაზის აშენების შესახებ ოფიციალურად გაჟღერდებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ბათუმის მოვლენებს, გარკვეული ინფორმაცია გამაჩნია, რომ იქ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, რამაც ვითომც ეს სპონტანური მოვლენა გამოიწვია.
დღეს დავობენ, იყო თუ არა ბათუმის ინციდენტი სპონტანური, თუ წინასწარ მართულ პროცესს უკავშირდებოდა. მით უფრო, რომ საეჭვოა, პატრულის მხრიდან დაჯარიმებას ამხელა უკუშედეგი მოჰყოლოდა. თქვენ აცხადებთ, რომ ეს პროცესები მზადდებოდა „მოსკოვიდან მოვლინებული ამხანაგების მეშვეობით“, როგორ ხდებოდა ამ ინციდენტის დაგეგმვა?
- ჯერ ერთი, ამის დაგეგმვა ხდებოდა საინფორმაციო საშულებებით, როცა გვესმოდა, რომ, აი, ჩვენ თურმე თათრებს გვეძახიან. ამას გეგმიურ დაძაბულობას დავარქმევდი. გუშინ იძახდნენ, ჩვენ არა ვართ თათრებიო. ცხადია, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა, რომ ვიღაცები შეურაცხყოფას აყენებდნენ აჭარლებს. შესაძლოა, ასეთი შეურაცხყოფა მათ მართლაც მიაყენეს, რაც მიანიშნებს, რომ სწორედ შეურაცხყოფის მიმყენებელი იყო ამ ყველაფრის ინსპირატორი. არ შეიძლება, ისეთი პოლიციის უფროსი დანიშნო აჭარაში, რომელიც აჭარლებს ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებს შეგნებულად თუ შეუგნებლად. ეს წმინდა წყლის მავნებლობაა. ფაქტია, ამან მიიღო ტენდენციის ხასიათი, რამაც აჭარლებში შექმნა გაღიზიანება და ნოყიერი ნიადაგი მისცა ორგანიზებულად მომუშავე ჯგუფებს. ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგიაა.
ბოლო 25 წელიწადში საქართველო, ალბათ, რეკორდსმენია რევოლუციებისა და სამოქალაქო ომების მხრივ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იგეგმება ეს პროცესები, როგორ ხდება თემის შემოგდება, შემდეგ ამ თემის გავრცელება საინფორმაციო ჯგუფების მეშვეობით და საბოლოოდ როგორ ხდება რომელიმე მოვლენის ინსპირირება. ახლაც ღია ეთერში ვუცქერდით სახეზე პირბადეაფარებულ და მომზადებულ ადამიანებს. ისინი ქვებით და ათასნაირად იყვნენ შეიარაღებულნი. პოლიციის თანამშრომლებისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა მათი ორგანიზებულობა. არა მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს პროცესი მთლიანად სპონტანური იყო. ცხადია, ასე არ ყოფილა.
მოსკოვიდან მოვლენილი „ამხანაგები“ შესაძლოა, მივიჩნიოთ იმ პროცესის ორგანიზატორებადაც, რაც ხდება თუნდაც საპატრიარქოში, ე.წ. პრორუსულ და პროამერიკულ ძალებს შორის?
- ესეც არ ყოფილა იზოლირებული მოვლენა. კარგად ვხედავდით, როგორ იყო გაყოფილი საპატრიარქო, სხვადასხვა მეუფეები სხვადასხვა პოლიტიკურ გემოვნებას ავლენდნენ. ჩვენ ვიცით მყარად მიშისტი მეუფეები, რომელთა ფლაგმანიც გახლდათ მეუფე პეტრე. ასევე, ვიცით მეუფე იაკობის, მეუფე დიმიტრის, მეუფე იობის გემოვნების შესახებ. მოკლედ, სხვადასხვა ვექტორებია, რომლებიც შეიძლება პირობითად დავყოთ პრორუსულ და პროამერიკულ ფრთებად. მეუფე პეტრე დამარცხდა, ის გადააყენეს საპატრიარქოს საინფორმაციო არხის მესვეურობიდან და, ალბათ, მისი შემდგომი დაღმასვლის მომსწრენი გავხდებით. ასევე, ჩვენ უნდა დავინახოთ იგივე პროცესები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.
ძალიან სასაცილონი არიან ევრორომანტიკოსები. ზოგადად, რომანტიზმი კარგია პოეზიაში, მაგრამ ისეთ სუპერგაერთიანებაში, როგორიც ევროკავშირია, თავისი ღრმად კორუმპირებული სტრუქტურებით, რომანტიზმის ირონიად შეიძლება ჩავთვალოთ. ის, რომ ერთ დღეში „რუსთავი 2“-მა სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, ნიშნავს იმას, რომ ის ძალები, რომლებიც პოლიტიკური კონტროლის მიზნით ამ ტელევიზიის შენარჩუნებისთვის მუშაობენ არასამთავრობო ქსელსა და „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, კარგად აცნობიერებენ, რაც ხდება საქართველოში. მე ვგულისხმობ ე.წ. სოროსის მხარდაჭერას, ანუ ტრანსლიბერალური ფრთის მხარდაჭერას. კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, საქართველოს მთავრობამ მთელი ოთხი წელი მოანდომა იმას, რომ დაემტკიცებინა დემოკრატების ზუსტად ამ ფრთისთვის, რომ ის არ არის მათთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო ნაკლებად ლოიალური და მათ მიზნებს შეესაბამება. თუმცა, როდესაც დაალაგეს ამერიკაში სიტუაცია, მოულოდნელად გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა და ჩვენი ხელისუფლების ეს ნაწილი პოლიტიკურ ვაკუუმში აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, რუსეთის ინტერესი ჩვენს მიმართ „მარადიულია“. თუკი რუსების მიზანია პოლიტიკურად მართული ძალის მოყვანა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, მაშინ ვისი მოყვანა სურთ ამ ძალებს და ბათუმში მიმდინარე პროცესებს რატომ დაემთხვა საეჭვოდ „ნაცმოძრაობის“ ინტერესები? მართალია, ბოკერიას ფრთა ამ ვანდალურ პროცესს თითქოს გაემიჯნა, მაგრამ საეჭვოდ გაისმა „ნაცმოძრაობას“ დღემდე შერჩენილი წევრის, ნიკა რურუას ხმა - „სოლიდარობა ბათუმს და სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეებს“. რეალურად, „ნაცმოძრაობის“ ინტერესები რუსულ ინტერესებთან ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებითაც გადაიკვეთა?
- სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება სულ სხვა პროცესის მონაწილე ვიყოთ. ვგულისხმობ რუსულ-თურქულ მოლაპარაკებებს მოსკოვში. გახშირებული ხასიათი მიიღო რუსულ-თურქულმა დიალოგმა. ისინი ერთობლივად ახორციელებენ სირიაში სამხედრო ოპერაციას, თუმცა მათ უამრავი წინააღმდეგობა აქვთ და რამდენად შეძლებენ ეს კავშირი ბოლომდე სრულყონ, არავინ იცის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აჭარა რუსულ-თურქული მოლაპარაკებებისა და წინააღმდეგობების საგანი საუკუნეების განმავლობაში იყო, ახლაც ახლოვდება ყარსის ხელშეკრულების ამოწურვის ვადა და ეს საკითხი კვლავაც აქტუალურია. ამიტომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ აჭარაში ძლიერია როგორც თურქული, ასევე, რუსული გავლენა. ქვეყნის უშიშროება და ყველა ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ რეგიონის ამ უძლიერესმა სახელმწიფოებმა ჩვენს ხარჯზე არ მოილაპარაკონ. ეს იქნება ყველაზე მძიმე მოვლენა, რაც შეიძლება მოხდეს.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, იგი იყენებს ყველა სიძნელეს, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას. ჯერ ერთი, „ნაცმოძრაობა“ თვითონვე ცდილობს, ამ სიძნელის გამოწვევას და მერე, თუკი რაიმე ობიექტური ან სუბიექტური სიძნელეა, ცდილობს, ის გამოიყენოს ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული ინსტიტუციების დასასუსტებლად და ჩამოსაშლელად, რათა როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მაგრამ მათ ერთი რამ არ ესმით, რომც მოახერხონ და ახლოს არიან ამ მიზანთან (რადგან განუწყვეტელი კოაბიტაცია მიმდინარეობს), პირველები შეეწირებიან მათ მიერვე გამოწვეულ ქაოსს. სამწუხაროდ, მათ ეს არ ესმით. კუს და მორიელის იგავი მახსენდება, ზნე აქვთ ასეთი, სხვანაირად არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, გადამწყვეტ თანამდებობებზე სხედან ის ადამიანები, რომლებიც, წესით, უნდა ებრძოდნენ „ნაცმოძრაობისგან“ დაგებულ მახეს და ამ დროს თვითონვე არიან შანტაჟის მსხვერპლნი.
„ნაციონალებმა“ მოახერხეს და ვერ ხორციელდება სახელმწიფოებრივი ნება. ამას ღრმა მიზეზი აქვს, ერთ-ერთია კონსტიტუციური მოდელი, რომელიც სააკაშვილმა დაუტოვა „ქართულ ოცნებას“ და „ოცნებამ“ ამის რეფორმირება არ მოახდინა, რაც ქართული სახელმწიფოს ნგრევის შემცველია.