რაში გვჭირდება სახელმწიფო? ვიცხოვროთ ტყეში!

რაში გვჭირდება სახელმწიფო? ვიცხოვროთ ტყეში!

საბურავები, მოლოტოვის კოკქტეილები, ქვები, ჯოხები და ჯაჭვები – ასე იყვნენ აღჭურვილი აქციის მონაწილეები, რომელთა სამიზნე აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველო იყო. ეზოში მყოფი სპეცრაზმის მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას. შსს-მ გამთენიისას სპეცოპერაცია ჩაატარა, მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება გახდა საჭირო.

დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. აქციის დარბევის შედეგად საავადმყოფოებში სულ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია. სამართალდამცავებს ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, საავადმყოფოებში ისინი ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამლვის დიაგნოზით არიან შეყვანილები.

აქცია, რომელიც პოლიციის მხრიდან ჯარიმის გამოწერით დაიწყო, ღამით გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, ასევე დააზიანეს ინფრასტრუქტურა. "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ სწორედ ასე იწყებოდა უკრაინული „მაიდანი“ - ტექნოლოგია, აგრესიის დონე პოლიციის მიმართ, ჩაცმულობა, ქვები, ჯაჭვები, პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, ყველაფერი, მისი თქმით, ბათუმის მოვლენების მსგავსია.

„ნაცების გუშინდელი ბათუმის აქცია მხოლოდ რეპეტიცია იყო, გაგრძელებას უნდა ველოდოთ აუცილებლად და არა მხოლოდ ბათუმში. შარშან ზაფხულში ნაცების აქტივმა გაიარა სპეციალური მომზადება. ამ პროცესების დაწყებას ისინი არჩევნების ღამით გეგმავდნენ, თუმცა ჩვენი ძალოვნების მწყობრი მუშაობისა და ნაცებში შიდა დაპირისპირების გამო შარშან ოქტომბერში არ გამოუვიდათ. ჩანს, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და მიდიან ვა ბანკზე“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძეაცხადებს, რომ ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარე პროცესებს უკვე არანაირი კავშირი არ აქვს შუადღეზე მომხდარ სამწუხარო ფაქტთან, დღის წესრიგში დგას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი.

„ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა, გაემიჯნოს მომხდარს. მაქსიმალურად მოვერიდოთ ყველა პირდაპირი ეთერებით გამაღიზიანებელი და მაპროვოცირებელი განცხადებების გაკეთებას. ნუ გამოვიყენებთ მომხდარს პოლიტიკური ქულების დაწერის ან პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. რაც მთავარია, სასწრაფოდ უნდა აღდგეს წესრიგი ბათუმში ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

ასეთი მშვიდობიანი სპეცოპერაცია ნაკლებად ახსოვს საქართველოს ბოლო 25 წლის მანძილზე, ამ სიტუაცაიაში და ამ ვითარებაში უსუსური უწოდო სპეცრაზმს, იმისათვის, რომ ხალხი არ დაარბია, ნამდვილად უსამართლობაა. ის, რაც ხდებოდა ღამის განმავლობაში ბათუმში, ეს იყო ფაქტობრივად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ღამე განვითარებულ მოვლენებს არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა, შუადღეს მომხდარ მართლა სამწუხარო ფაქტთან. მისი თქმით, დღის წესრიგში იდგა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი.

„მითუმეტეს იმ რეგიონზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვის და როგორ შეეძლო ამ სიტუაციით ესარგებლა, ამასაც განსაკუთრებული მახვილგონიერება არ სჭირდება. გარდა ამისა, ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებული იქნება და არის, რომ უახლოეს საათებში გაემიჯნოს ამას“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

„აქცია, რომელიც ერთი ჯარიმით დაიწყო და პოლიტიკური ხასიათი მიიღო“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, პოლიტიკურმა ძალებმა პროცესები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ ძალის გადამეტება მოხდა, საყვარელიძის შეფასებით, ამ პოლიტიკური ძალის ანგარიშზე ძალის გადამატების ისეთი ფაქტებია, რომ სულ მცირე უპასუხისმგებლობაა მათი მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბარი.

„ერთი მხარეა სტიქიური პროცესები და მერე მხარე არის ის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ იგრძნონ ასეთი სტიქიური უბედურების მოახლოვება და პრევენცია მოახდინონ, სადაც საჭიროა შეარბილონ, სადაც საჭიროა გაამყარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს იჩენს უბედურება და სწორედ ამ სახით იჩინა თავი უბედურებამ ბათუმში.

სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ვესად ვერ ვნახეთ ბოლომდე მიყვანილი გამოძება და ვგულისხმობ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით აღძრულ საქმეებს. გამოძიებები რამოდენიმე მიმართულით აღიძრა და შეწყდა. რატომ? – ეს არ ვიცით“, – ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, აჭარაში რომ „ქართული ოცნებას“ კრიზისი ჰქონდა, ეს დიდი ხანია ცნობილია.

„რაიმე სახის გადაწყვეტილება ვნახეთ? – არა. ის უნიათობა, რომელსაც ცინიკურად საყვედურობს „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს, როგორც ჩანს ხშირად სასაყვედუროა. იგივე - ბოლომდე მიუყვანელი საქმეები, რომელიც ნაცმოძრაობის დანაშაულებს ეხება. მერბიშვილისა და ახალაიას გარდა ვინ დაისაჯა, მაშინ, როდესაც ათასობით საქმე დევს პროკურატურაში, რომელიც უმარავ სხვა ადამიანებს ეხება და ეს საქმეებიც ისე აწყობილი, როდის ჩამოიშლება ხუხულასავით კაცმა არ იცის! დიახ, უნიათობა ჰქვია იმას, რის მაგალითსაც იუსტიციის სამინისტრო მერამდენედ გვიჩვენებს. ეს ყველაფერი ერთად, რომ შეკრა, მარტო შსს–ს პრობლემა არ არის. ვფიქრობ, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს მმართველი პარტია და მისი მმართველები“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ყველგან ეძებს თავის სარგებელს. ზარდიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებული იქნას, იყო თუ არა პატრულის მოქმედება ზედმეტად ხისტიდა შეილახა თუ არა ამ ადამიანის უფლება.

„ამის მერე არის გასარკვევი, ეს ვანდალიზმი ლეგალიზებული იყო თუ არა. არსებობს ინფორმაცია, რომ იყო ლეგალიზებული და გამოავლინონ ის ადამიანების ვინც ამაში მონაწილეობდნენ. რეალურად, თავიდან ეს იყო სტიქიური პროტესტი, რაც პატრულის მიერ გამოწერილმა ჯარიმამ გამოიწვია.

ეს პატარა კონფლიქტი, პოლიტიკური ძალების ჩარევის შედეგად გადაიზარდა მასობრივ არეულობაში, აქ დადგა უკვე უშიშრობის საკითხი და მიიღო ვანდალიზმის სახე. ვერ ვიტყოდი, რომ უნიათოდ მოიქცა ხელისუფლება, პირიქით, ადექვატური იყო ძალის გამოყენება.

აშკარაა, რომ იკვეთება პროვოკაციის ნიშნები, თბილისიდან ჩასული „თავისუფალი ზონის“ წევრი, მერე უკვე -მხარდაჭერი აქციები სხვა რეგიონებში, ეს უკვე ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესის გამწვავებისთვის იყენებდნენ ამ ფაქტს, მაგრამ არ მოჰყვა პროტესტი, რაც კარგია“, – ამბობს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ბათუმის ვანდალიზმის არც ერთი მონაწილე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, და არც მათი ორგანიზატორები და წამქეზებლები. თუ ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, მისი თქმით, უკვე ხვალ და ზეგ იგივე განმეორდება სხვა დიდ ქალაქებში. ანჯაფარიძე აცხადებს, რომ დასწრებაზე მიდის თამაში, მოასწრებს თუ არა ხელისუფლება სიტუაციის ლოკალიზებას და განმუხტვას, თუ ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები მოასწრებენ მის გამოყენებას და საპროტესტო მუხტის აგორებას.

„რაც შეეხება ფაქტს, ყველასათვის ცნობილია, რომ ბიძგი მისცა პოლიციის არ ვიტყოდი  - გადამატებულმა ძალამ, იმიტომ, რომ უხეშ და არაკორექტულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ადამიანებმა თავი იგრძნეს შეურაცხოფილად, რამდენად ვიცი, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაკორექტული სიტყვების გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

მე არც მინდა გავიმეორო ეს ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვა. მომიტინგეები აღნიშნავდნენ, რომ გამოვიდნენ არა გამკაცრებული ჯარიმების გამო, არამედ სწორედ იმ შეურაცხოფის გამო, რაც განიცადეს ცალკეული პოლიციელების მხრიდან. იმედია გამოძიება დაადგენს, პოლიციის მოქმედება ემოციურ ფონზე მოხდა, თუ ვიღაცის მიერ შეგნებულად გაკეთებული, რომ მოსახლეობა გაეღიზიანებინა“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე შეფასებით, სიტუაცია იმ სცენარით წავიდა, რაც ასეთ სტიქიურ მოვლენებს ახასიათებს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებას გარკვეულწილად ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი ჰქონდა.

„დღესაც, ჩვენ ვხედავათ ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფის განცხადებას, რომ აპირებენ აქციას. მათი მიზანია საპროტესტო მუხტი, როგორმე არ ჩააქროს და მისცენ გაგრძელება. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ხომ არ ცდილობს გარკვეული პოლიტიკური ძალა ამ ყველაფრის გამოყენებას იმისათვის, რომ უფრო მასშტაბური პროტესტი გამოიწვიოს.

თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ შემდგარი სახელმწიფო, ასეთი რაღაცეები დაუსჯელი არ უნდა რჩებოდეს. ხელისუფლება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მკაცრი. შექმნილი ვითარება დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. არ გამოვრიცხავ და შეიძლება იყოს მცდელობა იმისა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს დარჩენილი მუგუზლებისგან ხელახლა დაანთოს ხანძარი“, – აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

გამოძიების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ საზოგადოების წარმომადგენლები და თვლიან, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც გასული იყო კონსტიტუციური ჩარჩოდან, ან არღვევდა კანონს, დასჯილი უნდა იყოს კანონის შესაბამისად. როგორც რუსიკო კონჯარია აცხადებს, ეს იყო ინციდენტის გაზვიადება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გადაზრდილიყო მასობრივ არეულობაში, რომელსაც მერე პოლიტიკური ძალები გამოიყენებდნენ თავიანთ სასარგებლოდ.

„რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას, ამას ვერ დავარქმევ ძალას, მართლზომიერი და პროპორციული ძალა იყო გამოყენებული. ხოლო ის, რომ უნდა გაეკეთებინათ ადრე და უნდა მიეცათ თუ არა, ამ ახალგაზრდებისთვის ამხელა ბოგინის შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ ცხადია ის, რაც მოხდა და ის თავაშვებულობა რასაც ვუყურებთ, მაშინ როდესაც ძალიან ცხელი იყო სიტუაცია, მაშინ ამ ძალის გამოყენებას შესაძლებელია მოჰყოლოდა გაუთვალისწინებელი შედეგები, რომელიც სანანებელი გაუხდებოდა როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკოსებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ რაც მოხდა, ეს იყო ამ ინციდენტის ლოგიკური და მშვიდობიანი დასასრული“, – ამბობს რუსიკო კონჯარია.

„თბილისელების“ პოლიტიკური რედაქტორი ნინო ხაჩიძე ამბობს, რომ მოვლენებს, რომლებიც ბათუმში გავითარდა, არ დაუტოვებია საპროტესტო აქციის შთაბეჭდილება, რომლის მიზანიც იყო პრობლემის მოგვარება, ანუ პოლიციის მიერ არაადეკვატური ჯარიმების გამოწერის პრაქტიკის აღმოფხვრა. მისი თქმით, თავისი შინაარსით და შედეგით ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, უპირველესად კი, პოლიციის დისკრედიტაციას.

„მეორე მხრივ, რაკი გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მაშინვე სცადეს მომხდარის სათავისოდ გამოყენება, ნაცვლად ვითარების განმუხტვისა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისა, პირიქით – არეულობისკენ და მასობრივი საპროტეტო გამოსვლებისკენ მოწოდებებდნენ მოსახლეობას, დაადასტურა, რომ არა მხოლოდ საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის მეტი ნაწილისთვისაც უცხოა სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფოებრივი ინტერესი.

ამას ემატებოდა ქართული მედიის მიერ მოვლენების ისტერიული გაშუქება – რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმას უფრო ჰგავდა, ვიდრე ინფორმაციის მიწოდებას. ანუ ვერც მეოთხე ხელსიუფლებას დავაბრალებთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ მივესალმები ხელისუფლების არააგრესიულ ქმედებას, ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პრევენცია – აქციას თვალნათლივ ეტყობოდა, რომ იყო წინასწარ დაგეგმილ-მომზადებული, რაც, წესით, არ უნდა გამორჩენოდა შესაბამის სტრუქტურებს და ადეკვატურად უნდა ემოქმედათ ამის არდასაშვებად“, – ამბობს ნინო ხაჩიძე.

თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე მთავარი მაინც გეოპოლიტიკური კონტექსტია, რატომ, მაინცდამაინც, ბათუმი? ყოველ შემთხვევაში დაინეტერებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და ასეთი, მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში უამრავი მუშაობს, წარმატებით გამოიყენებდნენ სათავისოდ მოვლენებს.

„იმიტომ, რომ არეულობა საქართველოში, რაც გავრცელდება მთელ კავკასიაში, ვფიქრობ, ბევრისთვისაა ხელსაყრელი. პირადად მე ერთი ხაზის ლოგიკურ ჯაჭვად განვიხილავდი ეკლესიის გარშემო არსებულ გაუგებრობას, „რუსთავი 2"-ის საქმესა და ბათუმის მოვლენებს. ცუდია, რომ ხელისუფლება პოსტფაქტუმ რეაგირების რეჟიმშია, თუმცა ისიც კი არ ვიცი, როდესაც ასეთი ორგანიზებული და ყველაფერზე წამსვლელი ოპონენტები გყავს, არის თუ არა შესაძლებელი წინასწარ მოქმედება: სამწუხაროდ, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებები იყო სახელმწიფოებრივად მიუღებელი.

რაც მთავარია, როდესაც გვინდა არ ჯარიმების გადახდა, როდესაც ვარღვევთ კანონს, როდესაც არ გვინდა გადასახადების გადახდა, როდესაც არ გვინდა ჯარში სამსახური, როდესაც ვლეწავთ საკუთარ ქალაქს, რაში გვჭირდება სახელმწიფო? ვიცხოვროთ ტყეში! სამწუხაროდ, როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიტიკური სპექტრის ქმედებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ბუნებრივი გარემო უფრო გორილების კომპანიაა, ვიდრე ცივილიზებული საზოგადო