„შეიძლება, იმ პარტიის წარმომადგენლებმა ობიექტურად შეგვაფასონ, რომლებიც წინასაარჩევნოდ ჩვენი ლანძღვით გამოირჩეოდნენ?“

„შეიძლება, იმ პარტიის წარმომადგენლებმა ობიექტურად შეგვაფასონ, რომლებიც წინასაარჩევნოდ ჩვენი ლანძღვით გამოირჩეოდნენ?“

პარლამენტში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით კომისია იქმნება, რომელიც აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსურ აუდიტს განახორციელებს. კომისიის შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ შვიდი წარმომადგენელი იქნება, უმცირესობის - ოთხი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ თითო-თითო, ხოლო უფრაქციო დეპუტატების - ერთი.

თუ რას ფიქრობენ აუდიტის სამსახურში საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე, ამასთან დაკავშირებით for.ge აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას ესაუბრა:

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში, თქვენი დასკვნების შემოწმების მიზნით, სამუშაო ჯგუფი იქმნება, თუმცა ამასთანავე, თქვენს უწყებას საპარლამენტო კომისიაც შეამოწმებს. რა დამოკიდებულება გაქვთ, კომისიასთან დაკავშირებით?

- სამუშაო ჯგუფი აუდიტის სამსახურის დასკვნებს განიხილავს, რაც წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია, რადგან პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მონიტორინგს და კონტროლს ახორციელებს იმის თაობაზე, თუ როგორ იხარჯება სახსრები. ასევე რეკომენდაციების გათვალისწინების სურათი იქნება განხილული. სამუშაო ჯგუფის გარდა, საპარლამენტო კომისია იქმნება, რომელიც აუდიტის სამსახურის საქმიანობას ამოწმებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება პოზიტიური არ არის, რადგან ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.

ეს კომისიის შემადგენლობაში გამოიხატება, რომლის წევრებიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან?

- აუდიტის სამსახური პარტიების ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს. მაგალითისთვის რომ გითხრათ, „პატრიოტთა ალიანსი“ დაჯარიმებული 300 ათასი ლარით გვყავს და ალბათ, ამ კომისიაში მათი წარმომადგენელიც იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ კომისიაში აუდიტის სამსახურის მიმართ ობიექტური მიდგომები აღარ იქნება და ეს გარემოება აუდიტის სამსახურის და პარლამენტის ნორმალურ კომუნიკაციას ხელს შეუშლის. ვფიქრობთ, რომ ეს ფორმატი ისე უნდა შეიცვალოს, როგორც ეროვნული ბანკთან მიმართებაში არის, როცა ფინანსურ ანგარიშებს კერძო აუდიტორიული კომპანიები ამოწმებენ და შემდეგ დასკვნას პარლამენტს წარუდგენენ. შემოწმების კი არ გვეშინია, უბრალოდ გვინდა, რომ აუდიტის სამსახურის ფინანსური შემოწმება ობიექტურად განხორციელდეს და პოლიტიკური ქვეტექსტები არ იყოს, როცა საუბარი აუდიტის სამსახურს შეეხება. ეს დამოკიდებულება ჩვენს კომუნიკაციას აზიანებს.

გახსოვთ, რომ ჩვენთან საპარლამენტო კომისია 2012-2014 წლებშიც შემოვიდა, შემდეგ პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა და დოკუმენტი პროკურატურასაც გადაეგზავნა, მაგრამ ბოლოს რა მოხდა? - ერთმანეთი დავაზიანეთ, რადგან პოზიტიური განცხადებები არც ჩვენი მხრიდან გაკეთდა და არც პარლამენტის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ერთი ორგანიზმი - პარლამენტი და აუდიტის სამსახური, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობას ერთად უნდა ახორცილებდნენ და ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ, დაპირისპირებულ მხარეებად წარმოჩენილი იქნა.

პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთობაში იგივე ტენდენცია რჩება?

- ირაკლი კოვზანაძეს ვესაუბრეთ, რომელიც დაგვპირდა, რომ მომავალი წლისთვის ეს ფორმატი შეიცვლება და ეს კომისია გაუქმდება. კოვზანაძე გვეთანხმება, რომ ეს მოცემულობა სწორი არ არის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია შევიძინეთ. როგორ შეიძლება, იმ პარტიის წარმომადგენლებმა ობიექტურად შეგვაფასონ, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ ჩვენი ლანძღვით გამოირჩეოდნენ და განცხადებებს აკეთებდენ, რომ ისინი არასამართლიანად დავაჯარიმეთ?!

აღნიშნულ კომისიაშიპატრიოტთა ალიანსისწარმომადგენელი ერთი იქნება და მას ობიექტური სურათის შეცვლისთვის რა ბერკეტი ექნება? აუდიტის სამსახურის მიმართ მსგავსი განწყობა სხვა პარტიებშიც იკვეთება?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს? თავდაპირველი მოცემულობაა არასწორი, რადგან ჩვენ ვისაც ვამოწმებთ, შემდეგ ისინი გვამოწმებენ. შესაძლოა, დღეს ასეთი „პატრიოტთა ალიანსია“, ხვალ კი, ის „ქართული ოცება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს.

ანუ, საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს, რისი საშუალებითაც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება...

- კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და ჩვენი მანდატი უნდა გადაიხედოს.

თქვენი მოსაზრებით, ვინ უნდა გამოწმებდეთ?

- ეს ისე უნდა განხორციელდეს, როგორც ეროვნულ ბანკში ხდება. დღეს მოქმედი კანონით, პარლამენტში კომისია იქმნება, რომელიც იმას ადგენს, დიდი ოთხეულიდან ეროვნული ბანკი რომელმა კომპანიამ უნდა შეამოწმოს. ერთ-ერთი კომპანია, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ეროვნულ ბანკს ამოწმებს, ფინანსურ ანგარიშგებას პარლამენტს წარუდგენს. გვინდა, რომ იგივე პროცესი ჩვენთან მიმართებაში განვითარდეს და აუდიტის სამსახური დამოუკიდებელმა, ავტორიტეტულმა კომპანიამ შეამოწმოს. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო კომისია გვამოწმებს და უცნობია ის, თუ რა სტანდარტით მოქმედებს, მის უკან რა ცოდნაა და ამოძრავებს თუ არა პოლიტიკური წარსული?! ეს ყველაფერი ობიექტურ, რაციონალურ მდგომარეობად უნდა შეიცვალოს.

პარლამენტს გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიში უნდა წარუდგინოთ, რომელიც თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ბოლო ანგარიში იქნება?

- ჩვენი საქმიანობის ანგარიშს 1-ელ ივლისამდე წარვადგენთ. დიახ, ეს ბოლო ანგარიში იქნება.

პარლამენტის მხრიდან იმის მზაობა არის, რომ მოგისმინონ, რადგან გასულ წლებში ისევე, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, ასევე თქვენც არ მოგისმინეს?

- სამწუხაროდ, ასეთი პრეცედენტებიც იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს, პარლამენტი აუდიტის სამსახურის დასკვნას მოისმენს, რადგან ამ მოწვევის პარლამენტში უფრო პოზიტიური განწყობაა, ვიდრე წინაში იყო.

რაც შეეხება თქვენს შემცვლელს, for.ge იმის შესახებ იუწყებოდა, რომ თქვენს მოადგილედ ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნებოდა, რაც დადასტურდა კიდეც, თუმცა იმის შესახებაც ვწერდით, რომ ის თქვენს შემცვლელად მოიაზრება. ეს ასეა?

- ჩემი უფლებამოსილება 23 ივლისს მეწურება და ინფორმაციას არ ვფლობ, შემდეგი გენერალური აუდიტორი ვინ იქნება.