„არ მესმის რაზე უნდა იმსჯელოს პრეზიდენტმა, რადგან საკონსტიტუციო კომისიაში ჯერ ნედლი დოკუმენტიც არ არის“

„არ მესმის რაზე უნდა იმსჯელოს პრეზიდენტმა, რადგან საკონსტიტუციო კომისიაში ჯერ ნედლი დოკუმენტიც არ არის“

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა. თუმცა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პარალელურად, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიას იწყებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი შეხვედრა 10 მარტს დაიწყება.

რატომ ერევა პრეზიდენტი პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში და რომელი მხარე ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ბატონო ვახტანგ, როგორ ხსნით, საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაწყებას? თქვენ, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი მიიღეთ მოწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან?

ვახტანგ ძაბირაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ დამკავშირებია. არ ვიცი, ვინ არის მიწვეული და ვინ არა, მაგრამ თუ გავითავლისწინებთ პრეზიდენტის პოზიციას პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც მოულოდნელი არ უნდა იყოს ეს შეხვედრა. მოგეხსენებათ, რომ მეც არ ვარ მომხრე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის. პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და მთლიანად ის გუნდი თვლის, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული. დღემდე ასეთ განცხადებას აკეთებენ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უქმნის პრობლემებს, არა მგონია პრობლემები შეუქმნას. კომისიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მუშაობდა. ამ ეტაპზე არც ის არ ვიცი, რაზე უნდა იმსჯელონ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, რადგან ჯერჯერობით საკონსტიტუციო კომისიაში ნედლი დოკუმენტიც არ არის.

როგორ ფიქრობთ, ამ ინიციატივით პრეზიდენტი უპირისპირდება პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას? პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტი შემაშფოთებელ უპატივცემულობას ავლენს ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ...

- გავიგე, მაგრამ რატომ არის დაპირისპირება და უპატივცემულება, ეს ვერ გავიგე. დაპირისპირება არის მაშინ, როდესაც ხელს უშლის რაღაცას. საკონსტიტუციო კომისია აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა. პრეზიდენტს თუ ჩამოვართმევთ უფლებას, რომ ხმა არ ამოიღოს და თავისი შეხედულებები არ თქვას, ეს სხვა საკითხია.

მაგრამ როდესაც არსებობს და მუშაობს კომისია, პარალელურად, ანალოგიური კომისიის შექმნა როგორ შეიძლება აიხსნას?

- მე ასე დრამატულად არ ვუყურებ ამ საკითხს. პრეზიდენტი არ აწყობს სახალხო განხილვას. იურიდიულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს არის ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა, როდესაც პრეზიდენტმა მოიწვია კონსტიუციონალისტები და როგორც ჩანს, უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი დამოკიდებულება და ფორმულირებები იმ საკითხებისა და პროცესების მიმართ, რაზედაც მსჯელობა მიდის საკონსტიტუციო კომისაში.

იცით, მე აქ მთავარი პრობლემა მგონია ის, რომ ჯერ საკონსტიტუციო კომისიას არანაირი ვარიანტი თუ დედლაინი, არ ჩამოუყალიბებია. მე ვიცი რა ხდება ორ ჯგუფში, რომელსაც ვესწრები, მაგრამ დანარჩელ ორ ჯგუფში რა ხდება, რა შეთანხმებას მიაღწიეს, ან რას ფიქრობენ კომისიის წევრები, მეც არ ვიცი. ამიტომ, არ მესმის რაზე მსჯელობს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში. თუ ცალკე ქმნის კომისიას, ამ კომისიას იურიდიული ძალა არ ექნება,

მაგრამ ექნება საზოგადოებრივი რეზონანსი. თუმცა, ეს საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ რატომ არის მიმართული, ნამდვილად არ მესმის. თუ ვინმეს იმის შიში აქვს, რომ პრეზიდენტი შეძლებს საზოგადოებრივი აზრი თავისკენ მიიმხროს, ანუ მისი პოზიცია უფრო მისაღები გახდეს, მაშინ მთლად კარგი, გავიზიაროთ ყველამ ის პოზიცია, რომელიც ყველასთვის მისაღებია. უკეთესიც იქნება და საბოლოო ჯამში წაადგება პროცესს.

კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე ორი თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება, მოკლებული ხომ არ არის რაციონალურ საფუძველს? პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც უჩვეულოდ მკაცრი იყო შეფასებაში, ამბობს, რომ ასეთი ინიციატივა მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად...

- მე არ მინახავს ირაკლი კობახიძის გამოსვლა, მაგრამ როდესაც ასეთ რამეებზეა ლაპარაკი, მე ყოველთვის ვეძებ რეალუარი ხიფათი სად არის. მითხრან რა ხიფათს ქმნის ის, რასაც პრეზიდენტი აკეთებს?  ზოგადად, განცხადება თუ ქმნის ხიფათს, მასე ყველაფერი ქმნის ხიფათს, მაგრამ კერძოდ, ეს პროცესი რასაც პრეზიდენტი უდგას სათავეში, ვერ ვხდები რა ხიფათს ქმნის. კი ბატონო, აშკარაა, რომ პრეზიდენტი იწყებს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას, რომელიც იქნება მისი პოზიციის მხარდამჭერი. სამართლებრივად აქვს პრეზიდენტს ამის უფლება? - რა თქმა უნდა, აქვს. ყველას შეუძლია შექმნას ასეთივე კომისია და დაიწყოს თავისი აზრის პროპაგანდა.

თუ არის იმის შიში, რომ პრეზიდენტს უფრო მეტი მომხრეები ეყოლება, მაშინ მოიძებნოს კონტრარგუმენტები და დაუპირისპირდნენ პრეზიდენტის პოზიციას იგივე მასოვრიბი მედიის საშუალებით. გაჩუმდი და ჩუმად იყავი, ეს უბრალოდ არ მესმის, არავის მხრიდან, როგორც პარალამენტის თავმჯდომარის, ასევე პრეზიდენტის, პრემიერის, თუ საზოგადოების მხრიდან. ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება. თუ რომელიმე კანონი დაარღვია პრეზიდენტმა, ბრძანონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის წევრი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ჩვენ გვაქვს უფლება ვიმუშაოთ კონსტიტუციაზე და სხვამ ხმა არ უნდა ამოიღოს, არ ვიცი ეს რა მიდგომაა.

პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაში, ნეიტრალურ პოზიციას იკავებს მთავრობის მეთაური. რამდენად დააზარალებს სახელმიწოფოს ამ ინსტიტუტებს შორის დაპირისპება?

- ჩვენ გვახსოვს დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ახერხებდა ამ ურთიერთობის შენარჩუნებას. დღეს პირიქით, პრემიერი და პრეზიდენტი ახერხებენ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას, მაგრამ დაიძაბა ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის. ვფიქრობ, რომ არასწორი მიდგომების შედეგია ის, რაც ახლა ხდება მარგველაშვილსა და კობახიძეს შორის.

როგორც ერთი, ისე მეორე მხარე აკეთებს განცხადებებს და ამბობს მხოლოდ შიშველ ფრაზას, რომ ეს არის უპატივცემულობა. აუცილებელია დაასაბუთონ რატომ არის ეს უპატივცემულობა, რას ნიშნავს და რაში გამოიხატება უპატივცემულობა. პრეზიდენტის და პარლამენტის ინსტიტუტი არის სახელმწიფო და არა პიროვნებები, ამიტომაც აქ ლაპარაკი არ შეიძლება იყოს ემოციებზე, მე ასე მინდა და ვიღაცას ისე უნდა. შეფასებები, რომელიც კეთდება, სამართლიანობის ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული.

რაც შეეხება პრეზიდენტს, პარლამენტის უფლებამოსილებაა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება, პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში. და ახლა, როგორ, არ განახორციელოს პარლამეტმა მისი უფლებამოვალეობა?! პრეზიდენტს შეიძლება არ მოსწონდეს ეს უფლებები, კი ბატონო დაიწყოს პროპაგანდა მოსახლეობაში, რომ ეს უფლებები არ უნდა ჰქონდეს პარლამნეტის თავმჯდომარეს, ან პარლამენტს. დანარჩენი ის, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ არის კინკლაობა, რომელიც არც ქვეყანას არგია და არც თითოეულ პიროვნებას.

რომელიმე მხარე ცდილობს ამ დაპირისპირებით პოლიტიკური ქულების დაწერას?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ დაიწერენ. არ არის ეს წორი მიდგომა და იმიტომ. პრეზიდენტს გარდა იმისა, რომ გააკეთოს განცხადებები და დააგროვოს პოლიტიკური ქულები, რეალური მექანიზმი, რომ რაღაცა განახორციელოს, არ აქვს. ეს მექანიზმები აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრემიერს და აქვს პარლამენტს, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰყავს საკონსტიტუციო კომისია და შეუძლია მიიღოს კანონი.

პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაპირისპირების ფონზე, „ნაციონალური მოძრაობადა მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები რევოლუციურ ნიადაგს ქმნიან ქვეყანაში, ბატონო ვახტანგ, რომელ ბანაკში შეიძლება აღმოჩნდეს მოსახლეობა?

- ეს უკვე ხელისუფლების პრობლემაა. გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა გადატრიალება და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა, იბრძვის ამისთვის. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ სახის მსჯელობიდან, ოპოზიცია მისაღებია, თუ არა მოსახლეობისთვის. პოლიტიკური ბრძოლა მიდის. ამ ბრძოლაში ზოგი იყენებს წესიერ მეთოდებს, ზოგი პირიქით. რას ვიზამთ, მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში, მთელი მსოფლიო ამ დღეშია. ამერიკაში ერთმანეთი დახოცეს, რუსეთის აგენტებად გამოაცხადა ერთმა მეორე, მეორემ პირველი. ასე რომ, ჩვენ გამონაკლისი არ ვართ.

მაგრამ განსხვავება იცით რაშია ჩვენსა და მათ შორის? ისინი ხვდებიან, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ამიტომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ იხსნის. რამდენიც არ უნდა იყვიროს ტრამპმა, რომ არაკვალიფიციურია მედია, ვერაფერს ვერ იზამს. იბრძვიან, მაგრამ კანონის ფარგლებში ჯდებიან. ამიტომ, ხელისუფლებას აქვს მექანიზმები, რომ უზრუნველყოს თავისი შეხედულებების რეალიზაცია. თუ ნახავს, რომ ეს რეალიზაცია მისაღები იქნება ხალხისთვის და მოსახლეობისთვის, როგორც არ დაუჭირეს მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ გასულ არჩევნებში, ისევე არ დაუჭერენ ამ შემთხვევაშიც.

„ნაციონალური მოძრაობა“ სულ ცდილობს ქუჩაში გამოსვლას, მაგრამ ვერ ახერხებს საზოგადოების მობილიზებას, განა იმიტომ, რომ დესტაბილიზაციას ერიდება, არა. მოსახლოების მობილიზებას ვერ ახერხებს. მშვენივრად იცის, რომ მოსახლოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ის მიუღებელია. ამიტომ, ჯერჯერობით ცდილობს მომხრეები მოიპოვოს. ხელისუფლება თუ იჯდება გულხედაკრეფილი და მიუშვებს ამ პროცესებს, არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება სხვა, რომელიც მოიპოვებს მოსახლეობის მხარდაჭერას, ეს არის ხელიუფლების მთავარი პრობლემა. ამიტომ, ხელისუფლებამ ამ საქმეს უნდა მიხედოს.