„პარლამეტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე“

„პარლამეტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის კონფლიქტი დღითიდღე ღვივდება. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს უპატივცემულობასა და პოლიტიკური მუქარების გაჟღერებაში ადანაშაულებენ.

ქვეყნის პირველ და მეორე პირებს შორის უთანხმოება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას უკავშირდება, რომლის პოლიტიკურ მიზნებშიც მარგველაშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის სურვილს ხედავს, კობახიძე კი, მარგველაშვილს ღიად უპირისპირდება და მოუწოდებს, ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადოს, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს პატივი სცეს და კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით იმოქმედოს.

როგორც ჩანს, სპიკერის გაღიზიანება იმ შეხვედრას უკავშირდება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხვალ ჩანიშნა. კერძოდ, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეხვედრაზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების წარმომადგენლებსა და კონსტიტუციონალისტებს იწვევს.

კობახიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კიდევ ერთხელ უპირისპირდება და ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ შემაშფოთებელ უპატივცემულობას ავლენს.

„როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე რაციონალური ლოგიკის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მას შემდეგ შეიძლება გაიმართოს, რაც პარლამენტს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე ორი თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება რაციონალურ საფუძველს მოკლებულია და შესაძლოა, მიზნად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას ისახავდეს“,- აღნიშნავს კობახიძე, რომლის განცხადებასაც შეფასებები მოჰყვა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სპიკერის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე „რეალური კომენტარის“ გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს მუქარა-აკრძალვა დაემატა - ქვეყნის პირველმა პირმა საკონსტიტუციო საკითხებზე საკუთარ ხალხს ესაუბროს.

აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოება ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს საქმის კურსში ჩააყენა, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან ფართო დისკუსიებს უზრუნველყოფდა.

აქვს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სახალხო დისკუსიის მოწყობის უფლება მანამდე, სანამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საბოლოო ინიციატივას არ წარადგენს, ამ კითხვით for.ge-მ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მიმართა.

ხმალაძის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიას ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი საბოლოო პოზიცია ჯერჯერობით გამოხატული არ აქვს. შესაბამისად, საერთო განხილვა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაიმართოს, როცა კომისიის ოფიციალური პოზიცია მაგიდაზე დაიდება. მათ შორის, ალტერნატიული წინადადებები.

„სანამ სამუშაო განხილვები მიმდინარეობს, მანამდე ნებისმიერ პირს, როგორც კომისიის წევრს, ასევე მის არაწევრს სრული შესაძლებლობა აქვს თავისი მოსაზრებები და წინადადებები საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინოს, რომელიც განხილული იქ იქნება. პრეზიდენტსაც ამის შესაძლებლობა აქვს, მით უფრო, რომ მისი სამი წარმომადგენელი კომისიის წევრებად ითვლებიან, თუმცა ისინი კომისიის საქმიანობაში არ მონაწილეობენ. სანამ სამუშაო რეჟიმი მიდის, საკითხების განხილვა ერთი პროცედურით უნდა მოხდეს და საკითხები უშუალოდ კომისიაში უნდა განიხილებოდეს. პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეხვედრას გამართავს თუ არა, მაგრამ სანამ მუშაობა კომისიაში მიდის და კომისიაში ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის, მანამდე ნებისმიერი საკითხი კონსტიტუციასთან კომისიაში უნდა განიხილებოდეს“,- აცხადებს ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტებისგან განსხვავებით, კანონმდებლები არსებულ კონფლიქტს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ და მარგველაშვილსა და კობახიძეს შორის მტყუან-მართალს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე არჩევენ.

როგორც for.ge-ს უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის პოზიციები მისი მხრიდან საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარების შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისია კი, თავისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან ყველა სხდომა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს იყო სხდომა - სხდომისთვის და არა სხდომა - შედეგისთვის.

„საკონსტიტუციო კომისიამ უფრო მეტი ელფერი მიიღო, რაც იმ თვალსაზრისით უარყოფითია, რომ ფორმალობას პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობა დაემატა. კობახიძის განცხადებას ულტიმატუმის გარდა ვერაფერს ვერ ვუწოდებთ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ კომისიის შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული ვინ როგორ იქცევა და არა იმაზე, რა არის მნიშვნელოვანი და საჭირო ქვეყნისთვის. ის, რაც აქამდე ღია და შეფარვითი იყო, სააშკარაოზეა გამოტანილი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია არის სტრუქტურა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესების გატარებას და ისეთი კონსტიტუციური მოდელის შექმნას ეხება, რომელიც ერთ პარტიას აწყობს“, - აღნიშნავს დეპუტატი.

გოგორიშვილის ცნობით, აქამდე ითქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მანამდე არ დაიწყებოდა, სანამ საკუთარ პოზიციას ვენეციის კომისია არ დააფიქსირებდა, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ცვლილებების პირველ და მეორე მოსმენას შორის იქნება.

„პრინციპების დონეზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენისას დიდად არ შეიცვლება, ვენეციის კომისიის უგულებელყოფა ხდება და ამ ფონზე პარტიების უგულებელყოფა არაფერია“, - დასძენს კანონმდებელი, რომლის მსგავსად, „ოცნებას“ აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობა“.

for.ge-სთან საუბარში პარტიის წევრი, დეპუტატი თიკა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პოზიციას ეთანხმება, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაში ღია მუქარას ხედავენ.

დეპუტატის შეფასებით, ეს ღია მუქარაა არა მარგველაშვილის მიმართ, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, სადაც კობახიძე ღიად აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილს არ დაექვემდებარება, მაშინ ის საკანონმდებლო პროცესს უხელმძღვანელებს, რაც პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმებას გამოიწვევს.

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივანიშვილი საკანონმდებლო პროცესს იყენებს იმისთვის, რომ რომელიმე ინსტიტუტი დაამციროს ან დააკნინოს. საკონსტიტუციო სასამართლო ვიხილეთ, როცა ეკა ბესელიამ შტურმით ინსტიტუტის პარალიზება მოახდინა. იგივე ეროვნული ბანკის მიმართ ვიხილეთ, როცა უწყებას ზედამხედველობის ფუნქციას უკან უბრუნებენ. „რუსთავი 2“-ის გარშემოც იგივე პროცესები ვითარდება, სადაც სასამართლო ხელისუფლებას იყენებენ იმისთვის, რომ კერძო ტელევიზია მიითვისონ და ოპონენტები დაიჭირონ, ან სისხლის სამართლის საქმე აწარმოონ. პრეზიდენტის ამბავიც ტრენდის ნაწილია, რადგან ივანიშვილი მონურ მორჩილებას ვერ აღწევს და ის ქვეყანაში არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ინსტიტუტები ან მოსპოს, ან რამენაირად დაიქვემდებაროს. ამას რამენარად უნდა შევეწინააღმდეგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ სახელმწიფოს მივიღებთ, სადაც ივანიშვილისგან განსხვავებული აზრი არ იარსებებს“, - ამბობს დეპუტატი.

ბოკუჩავა პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებში პოლიტიკური ინტერესების გატარების მცდელობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ის ნეიტრალურ პოზიციებს აფიქსირებს ხოლმე, თუმცა, სასურველია, ამა თუ იმ საკითხზე პრეზიდენტის განცხადებები ბევრად უფრო მკვეთრი იყოს.

„პრეზიდენტი ვეტოს რომ იყენებს, ივანიშვილს ესეც კი არ მოსწონს, რადგან მარგველაშვილი მისი ნება-სურვილების ასსპროცენტიან მორჩილებას არ ადასტურებს. ივანიშვილისთვის ცოტა ხარისხის დამოუკიდებლობაც კი მიუღებელია“, - აღნიშნავს ბოკუჩავა, რომლის მსგავსად, მარგველაშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებში პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვას ამჩნევს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი.

for.ge-ს კითხვაზე - მარგველაშვილ-კობახიძის დაპირისპირება ჰგავს თუ არა ღარიბაშვილ-მარგველაშვილის კონფლიქტს, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის დროს დაპირიპისპირება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის იყო, ახლა კი ახალი დაპირისპირება იკვეთება, რაც უსუფაშვილის დროს არ იყო. ბერძენიშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაში კობახიძე თავის მოვალეობას თავს ვერ ართმევს და ადეკვატურად არ იქცევა.

„ის იქცევა, როგორც უბრალო მოქალაქე, რომელსაც თავისი აზრები აქვს და შესაძლოა, პრეზიდენტი არ მოსწონს. მას ავიწყდება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა და გაცილებით მეტი მოთმინება მართებს. კობახიძე თავისი გამოუცდელობით, ხანდახან არასწორი შეფასებებით, დაუოკებლობით და ზრდილობასთან მწყრალობით ადასტურებს, რომ იმ თანამდებობის შესაფერისი არ არის, რომელზეც იმყოფება. ის გაიზრდება თუ არა და ამ თანამდებობის შესაფერისი გახდება თუ არა, ამას ვერ გეტყვით, რადგან გამორიცხული არაფერია და უნიჭო კაცი არ არის“, - ამბობს ბერძენიშვილი.

ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ კობახიძის განცხადებები პოლიტიკის მიღმაა და მისი მუქარა, რომ თუ პრეზიდენტი კარგად არ მოიქცევა, კონსტიტუცია ასე და ისე შეიცვლება, საბავშვო ბაღია და ძალიან დაბალი დონეა.

„პარლამენტის არც ერთ თავმჯდომარეს მსგავი რამ არ უკადრებია და თუ მკითხავთ, ეს სიბრიყვით და თავისი შეუფერებლობით „იბიარდთან“ შედარებით სერიოზული განცხადება იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში ლაპარაკი აკრძალა, რაც არ უნდა გააკეთოს, თავის თავს ვერ აჯობებს. რაც შეეხება პრეზიდენტს, ის თავის ინსტიტუტს იცავს და მას უფლება აქვს, მოსაზრებები გამოთქვას. ქვეყანაში ისეთი სისტემა ჩამოყალიბდა, სადაც ერთი კაცის ხელში ყველა ძალაუფლებამ თავი მოიყარა, მინუს პრეზიდენტის. ის სწორად მოქმედებს როგორც პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და როგორც მოქალაქე. ვიღაცამ შესაძლოა მას ტაქტიკა დაუწუნოს, მაგრამ ამ დაპირისპირებაში პრეზიდენტის მხარე უფრო სწორად და მართლად გამოიყურება, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობის განწყობას, მმართველი გუნდის ნაწილი კობახიძის პათოსს იზიარებს და პრეზიდენტის „ახალ სპექტაკლზე“ აპელირებს, მეორე ნაწილს კი მედიატორის როლის შესრულება არ სურს.

როგორც for.ge-ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, პრეზიდენტმა თავიდანვე შეცდომა დაუშვა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მან კომისიის საქმიანობის ბოიკოტირება დაიწყო. კახიანის თქმით, პრეზიდენტმა მისი მიდგომით ის მიიღო, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს მეთაურის გარდა ყველა ჩართულია მაშინ, როცა ლოგიკური იქნებოდა ის, რომ პრეზიდენტმა ეს პროცესი ნორმალურად წარმართოს.

„პრეზიდენტის მხრიდან მცდელობებს ვხედავ, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას ჩრდილი მიაყენოს. სამწუხაროდ, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან არადეკვატურ შეფასებებს ვისმენთ იმ გადაწყვეტებილებების თაობაზე, რომელიც კომისიაში მიიღება. სამწუხაროა, რომ ეს ისეთ სახეს იღებს, რომ ამას აღვიქვამთ, როგორც პარლამენტის უპატივცემულობას. რატომღაც, ის ცდილობს, რომ კომისიის საქმიანობას ხელი შეუშალოს ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესში პოზიტიური როლი შეასრულოს. რატომღაც, ამ პროცესის ბოიკოტირებას აგრძელებს. ისეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ პროცესის მონაწილე ყველა მხარე ყოფილიყო და ამ ფონზე პრეზიდენტი გარიყულია“, - ამბობს კახიანი.

კანონმდებელი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს კომისიაში სამი წარმომადგენელი ჰყავს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საპარლამენტო მდივანი და უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელთათვის კომისიის კარი ღიაა და შეუძლიათ, ნებისმიერ დროს კომისიაში მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„კომისიაში გადაწყვეტილების მიღება იმ არგუმენტების შესაბამისად ხდება, რომელსაც კომისიის კვალიფიციური წევრები აფიქსირებენ. ამა თუ იმ საკითხზე პრეზიდენტის მხრიდან არგუმენტირებულ პოზიციებს ვერ ვისმენთ და პირიქით, პოპულისტური და დემაგოგიური განცხადებები გვესმის. არ მგონია, რომ ეს პრეზიდენტს რაიმეს აძლევდეს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა თავად საპრეზიდენტო ინსტიტუციას აზიანებს“, - აცხადებს კახიანი, რომლის პათოსს იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე აცხადებს, რომ მარგველაშვილი იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დისკრედიტაციას აგრძელებს, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმა ჰქვია. მისი თქმით, პარლამეტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე.

„იქნებ, ვინმემ ურჩიოს, რომ ასეთ განხილვებს კანონით გაწერილი დრო აქვს. პარლამეტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე. შეუძლებელია გამორჩენოდათ, რომ ხვალ სხდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ესეც შეგნებულად გააკეთეს როგორც წინა შემთხვევის დროს, როცა კომიტეტის სხდომების მიუხედავად, განცხადებებს ავრცელებდნენ, ფრაქციებს უნდა შევხვდეთო. სწორედ ესაა უპატივცემულობა, რაც არც ერთი მოქალაქის ინტერესში არ ჯდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

კონფლიქტური სიტუაციის მკაცრი შეფასებისგან თავს იკავებს უმრავლეობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი ამბობს, რომ იმ პროცესს უარყოფითად აფასებს, რაც ხდება.

„შეფასებას იმის გამო მოვერიდებოდი, რომ არ მინდა, მათ შორის მედიატორი ვიყო, რადგან ორივე ადამიანი მაღალი თანამდებობის პირია. შესაბამისად, გამოსავალი მათ უნდა მოძებნონ და ამ საკითხს წერტილი უნდა დაუსვან. ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის დაპირისპირების ანალოგირებას არ მოვახდენ, რადგან ის ხელისუფლების სხვა შტოს წარმოადგენდა. პრეზიდენტი არც მალავს, რომ მას პოლიტიკური ინტერესები აქვს“, - დასძენს ქუცნაშვილი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ცვლილებებების შესახებ საკუთარ ხედვას სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დადებს. კომისიის ფარგლებში საუბარია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცაზე, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იმის გამო, რომ მარგველაშვილმა უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება ხალხის ზეწოლის შედეგად მიიჩნია, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი, პრეზიდენტი არადეკვატური განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს, უმრავლესობა ცვლილებების განხორციელებაზე იფიქრებს.