საქართველო ახალ ვალდებულებებს არ იღებს - სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკი არ მოწყობა

საქართველო ახალ ვალდებულებებს არ იღებს - სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკი არ მოწყობა

ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. როგორც საგარეო საქმეთა საქმინისტროში აცხადებენ, საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან საქართველოში დღეს არსებული გამოწვევების გამო, შეუძლებელია ამ პროექტის განხორციელება. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში დევნილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმება და შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოს საკუთარი დევნილებიც ჰყავს და ამ მიმართულებით ახალ ვალდებულებებს ვერ აიღებს.

„ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მხოლოდ ინიციატივას და მის სურვილს წარმოადგენდა. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ძალიან კარგად ვასრულებთ, ამ მიმართულებით ახალი გაფართოება ვერ მოხდება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენ 200 ათასზე მეტი დევნილი გვყავს, რომელთან ორ მესამედს დღემდე არ მიუღია ბინა. შესაბამისად, ახალ ვალდებულებებს ვერ ავიღებთ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები საქართველოში გახსნის საკითხი არ განხილულა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის საქართველოში ვიზიტისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ავსტრიელმა დიპლომატმა მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად მოიყვანა საქართველო.

„არ მსმენია, რომ რაიმე თუნდაც განხილვის ან ანალიზის პროცესში იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ახლახანს ჩამოვედით ბრიუსელიდან და ამგვარი არაფერი გვსმენია. ბატონი ავრამოპულოსი სტუმრობდა თბილისს და ამგვარი არაფერი თქმულა. ამიტომ, ალბათ, ავსტრიულ მხარეს უნდა ჰკითხოთ, თუ რა ჰქონდა მას მხედველობაში. მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა საქართველო მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. კურციც იმყოფებოდა ამასწინათ თბილისში და ამგვარი არაფერი უთქვამს“, - აცხადებს ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

როგორც ცნობილია სებასტიან კურცი საქართველოში 3 თებერვალს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ზუსტად ერთი თვის შემდეგ bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას და ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავშესაფარის მოთხოვნით უკვე მიმართა სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილმა 2 ათასამდე ადამიანმა. მათი ნაწილი თბილისში ცხოვრობს, ხოლო გარკვეული რაოდენობა მარტყოფში, გაეროს ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს. გარდა ამისა, მარტყოფშივე გაერო მეორე ასეთივე ბანაკს აშენებს, რაც სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ლტოლვითა რაოდენობა. 

„საუბარია დაახლოებით 300 კაცზე, რაც არ არის კატასტროფული რიცხვი. მაგრამ არსებობს კრიტიკული ზღვარი, რომლის გადაბიჯების უფლება ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს შეუძლია მაქსიმუმ 1500-2000 ლტოლვილის მიღება. საქართველოს თვითონ აქვს სოცილაურ-ეკონომიკური პრობლემები და მათ შორის ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება უნდა დადგეს ძალიან მყარად და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ასეთი იდეის თავს მოხვევა. 
ვნახეთ, რომ რუსეთის დუმამ უკვე გააკეთა განცხადება. მათი აზრით ეს იქნება არა ლტოლვილების, არამედ მოჯაჰედების მომზადების ბანაკი. აუცილებლად მოინდომებს რუსეთი ამ ამბის ამგვარად შეფუთვას. მათ გაღუნულ ცნობიერებაში კიდევ რა აზრი დაიბადება კაცმა არ იცის. ფაქტია, რომ არანაირად არ გვაწყობს ლტოლვილების მასიურად მიმღებ ქვეყანად ვიქცეთ. ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას სირიელი ლტოლვილებისთვის საქართველოში ბანაკის მოწყობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

როგორც არეშიძე აცხადებს, ავსტრიელმა დიპლომატმა განცხადება სწორედ იმ დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე გააკეთა, რაც დღეს თურქეთსა და ევროპას შორის არსებობს. მისივე თქმით, თურქეთი აშანტაჟებს ევროპას, როგორც შარშან გამოყარა ლტოლვილები თავისი ტერიტორიიდან, წელსაც იგივეს გაიმეორებს. 

„2 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს თურქეთში და თუ გამოყარეს, ეს ხალხი ხომ უნდა წავიდეს სადღაც. ამიტომ კურცმა ჩამოთვალა სწორედ ის ქვეყნები, რომელიც ტერიტორიულად ახლოსაა თურქეთთან - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ეკვრის თურქეთს, ეგვიპტე ახლოსაა, ხოლო საქართველო მეზობელია თურქეთის. ასევე, ეს ქვეყნები დასავლეთის მოკავშირე და მასთან კავშირის მსურველი ქვეყნებია. 

ვურჩევ, ავსტრიაში გააკეთონ ბანაკები, უფრო დიდი ქვეყანაა, უფრო კარგად განვითარებული და დევნილებიც და ლტოლვილებიც ნაკლები ჰყავთ. მე მქონდა უკევ საუბარი მის მიერ ნახსენებ დასავლეთ ბალკანეთის ერთ-ერთი მთავარი რეგიონის, სერბეთში მოქმედ ექპერტებთან და მათ მითხრეს, რომ ძალიან აგრესიული შეფასება მიეცა ამ ინიციატივას როგორც საზოგადოების, ასევე მთავრობის მხრიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ თუ გვინდა საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვიყოთ, ალბათ, რაღაცა ვალდებულებები და სიძნელეები ჩვენც უნდა გადავლახოთ და გავინაწილოთ იმ საზოგდაოებასთან ერთად. თუნდაც აქვე ამბობს, რომ სირელი ლტოლვილებისთვის ბანაკის შექმნას აღფრთოვანებით არ ხვდება.

„პატარა ქვეყანა ვართ, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ თვითონ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები, დამატებით ლტოლვილების დიდი რაოდენობის მიღება, არც ისე სასურველი იქნება. თუმცა მეორე მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში მაგალითად არის მოყვანილი საქართველო, პირდაპირ მტკიცებით არ არის საუბარი, რომ მაინცდამაინც საქართველოში უნდა გაიხსნას ეს ცენტრი. ამიტომ, თუკი ეს საკითხი დადგება, ჩვენმა ხელისუფლებამ ცოტა მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ როგორმე ამ უხერხული სიტუაციიდან ვიპოვოთ გამოსავალი“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

მისივე თქმით, როდესაც ლტოლვილების ამხელა ნაკადი იქნება, ალბათობა იმისა, რომ რაღაცა ჯგუფები, თუ ინდივიდები შემოყვნენ ლტოლვილებს, საკმაოდ დიდია.

„გასაგებია რუსეთი ენთუზიაზმით არ შეხვდება მათი საზღვრის სიახლოვეს ასეთი ლტლოვილთა ბანაკების არსებობას. თუმცაღა საქართველოდან რამის საშიშროება იმისა, რომ რუსეთში მოხდეს ტერორისტების გადასვლა, არ არსებობს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ცოტა სხვა მდგომარეობაში ვართ, ჩვენ გვაქვს არგუმენტები იმისა, რატომ არ შეგვიძლია ამ ეტაპისთვის სირელი ლტოლვილებისთვის ბანაკის შექმნა.

ჩვენ თვითონ გვყავს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადდილებული დაახლოებით 300 ათასზე მეტი პირი, ამიტომ ლტოლვილთა ბანაკის გახსნა, დამატებითი დაწოლა იქნება ქვეყანაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე, ჩვენ თვითონ ჩვენი პრობლემები გვაქვს და ამიტომ, ამ ეტაპისთვის ეს არის კარგი არგუმენტი, თუ რატომ ვერ შევძლებთ დამატებით ლტოლვილების მიღებას და თუნდაც ბანაკების განთავსებას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ფინანსურად ევროკავშირი დაგვეხმარება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შესაძლო დაარსება და ლტოლვილთა ნაკადის მატება, ტერორიზმის საფრთხეს გაზრდის. მაისაიას განმარტებით, საქართველომ ევროკავშირის წინაშე ერთგვარი ხარკი უნდა გადაიხადოს და ლტოლვილების ნაკადი მიიღოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით ამისთვის მზად არ არის.

„ლტოლვილთა ბანაკების არსებობა ქვეყანაში არ არის დადებითი მოვლენა. საქართველომ ასოცირებული წევრობის სტატუსის მიღების შემდეგ, როგორც ჩანს, ევროკავშირს გარკვეული ვალდებულების კუთხით ხელი უნდა გაუმართოს. ეს არის გარკვეული ხარკი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ოპერაციებში. 

საქართველომ გაჭირვებაში მყოფ ხალხს უარი რომ უთხრას, მართებული არ იქნება. ეს არის გეოპოლიტიკური გამოწვევა, რადგან ტლოლვილების ნაკადი დიდია და ევროკავშირი მას ვერ უმკლავდება. აუცილებელია ერთიანი სახელმწიფოებრივი მექანიზმის ჩამოყალიბება, რათა შემცირდეს უსაფრთხოების რისკები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.