მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრები წინა მოწვევის უწყების მიერ დაშვებული საკანონმდებლო შეცდომის გამოსწორებას და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნებას გეგმავენ, თუმცა უმრავლესობის ნაწილი მთავრობის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს და იმის დასახელებას ითხოვს, თუ რა მიზნით განხორციელდა ცვლილებები, ხოლო ოპოზიცია მმართველი გუნდის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიუთითებს და დღის წესრიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.
საქმე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ეხება, რომელიც 2015 წელს, მაშინდელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული ცვლილებების მოქმედება შეჩერდა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოს ამჟამად ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს. ანუ, ეროვნული ბანკი იმ ფუნქციას მაინც ასრულებდა, რომელიც მას ჩამოართვეს.
თავის დროზე, მმართველი გუნდი ეროვნული ბანკისთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და კურსზე ხელოვნურ ჩარევებს უკავშირებდა, თუმცა ამასთანავე, პოლიტიკურ ბრალდებებს ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მიმართ აჟღერებდა, მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში და მათი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა.
2015 წელს, როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები კანონპროექტის მნიშვნელობაზე აქცენტირებდნენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ, დღეს კი, აღმასრულებელი ხელისუფლება ცვლილებების მომზადების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციებს ასახელებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც არსებობს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკი უნდა აერთიანებდეს როგორც მონეტარული პოლიტიკის ფუნქციას, ასევე საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციას.
„ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი და მართებული გადაწყვეტილება დღევანდელი ეტაპისთვის. დღეს, მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვთ საკმაოდ მაღალი დონის კომუნიკაცია და ძალიან ბევრ პროექტს და რეფორმას ერთობლივად ვახორციელებთ“,-განაცხადა გაგუამ, რომელმაც საკითხის პოლიტიკურ კონტექსტზე საუბარი არ ისურვა და არც ის განმარტა, როდის იყო მთავრობა მართალი, როცა ეროვნულ ბანკს ეს ფუნქცია ჩამოართვა თუ ახლა, როცა ამ ფუნქციას უკან უბრუნებს?!
იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ცვლილებების მოქმედება შეაჩერა და სააგენტო ამ დრომდე ჰაერშია გამოკიდებული, ცვლილებების ავტორი ნოდარ ებანოიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ლოგიკურად აფასებს, თუმცა კვლავ ფიქრობს, რომ თავის დროზე რომ ეს მექანიზმი ამოქმედებულიყო, ამას დადებითი შედეგი ექნებოდა.
როგორც for.ge-ს ებანოიძემ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო კანონის აღსრულების პროცესი გაჩერდა, თუმცა ამ კანონის არაკონსტიტუციურობას ვერავინ ვერ დაამტკიცებს.
ყოფილი დეპუტატის მოსაზრებით, პროცესი იმიტომ გაჩერდა, რომ მისი გაგრძელება არავის აღარ სურდა.
„გაუგებარია ის, მაშინ რაღაც გარემოებები იყო და დღეს აღარ არის? – რაც მოხდა, ლოგიკურია, რადგან ეს საკითხი ჰაერში ჩამოკიდებული იყო და სააგენტოს არ უმუშავია. არც ერთი თეთრი არ დახარჯულა და ამ პროცესს სჯობდა, რომ ეს თემა დროზე გარკვეულიყო, თუმცა ჩემი აზრით, თავის დროზე რომ ეს მექანიზმი ამოქმედებულიყო, ამას დადებითი შედეგი ექნებოდა“, - ამბობს დეპუტატი.
for.ge-მ ებანოიძესთან იმ ინფორმაციის გადამოწმებას სცადა, რომლის მიხედვითაც, ის ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი შემთხვევით გახდა. კერძოდ, for.ge-ს ინფორმაციით, იმ დროს, როცა მეჭიაურმა ცვლილებები მოამზადა, ებანოიძე საქართველოში არ იმყოფებოდა და მისი ფაქსიმილის გამოყენება მოხდა.
„ამ ინფორმაციაში დაახლოებით რაღაც სიმართლის მარცვალი არის, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ცნობილი იყო, რომ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზედამხედველო ფუნქციის ეროვნული ბანკიდან გამოტანა უკეთესი იყო“, - დასძენს ებანოიძე, რომლის მსგავსად, ეროვნული ბანკისთვის ფუნქციის დაბრუნებას მიესალმება უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, თუმცა მას მთავრობის მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვს.
for.ge-სთან საუბარში ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ცვლილებების მომზადება იმით იყო გამოწვეული, რომ მაშინ ეროვნულ ბანკში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ, ბანკებში კი, პარტიული წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ.
კანონმდებელი ითხოვს, რომ იმის დეკლარირება მოხდეს, ეროვნულ ბანკს ეს ფუნქცია რატომ უბრუნდება.
„ეს ვიღაცამ გადაწყვიტა და ეროვნული ბანკისთვის ფუნქციის დაბრუნება კარგია, მაგრამ ეს სწორი მიდგომა არ არის. მთავრობასთან ის პრეტენზია გვაქვს, რომ ის მიზეზები დაასახელოს, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა. მიზეზები ვიცი, ლარის კურსზე ზემოქმედება ხდებოდა. საქართველოს ბანკიც ნაციონალებისაა და „ეროვნული ბანკის“ მმართველიც ნაციონალების წარმომადგენელი იყო. ამიტომ მათ მიერ მანიპულირება ხდებოდა. ნებისმიერმა ნაციონალმა ორი დღით ადრე იცოდა, ვალუტის რა კურსი იქნებოდა“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ჭიჭინაძეს იმის დაკონკრეტება მოვთხოვეთ, თუკი კურსის ხელოვნური ცვლილება ხდებოდა, მაშინ, მთავრობამ ეროვნული ბანკის მაშინდელ ხელმძღვანელობას პასუხი რატომ არ მოსთხოვა.
„მთავრობის მიმართ ჩვენც ეს კითხვა გაგვაჩნია, მაშინ პასუხი რატომ არ აგებინეს და ამ საქმეს რატომ არ ვიძიებთ? - ეს საქმე გამოსაძიებელია“, - ამბობს ჭიჭინაძე.
ამჟამად თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი ისევ გაუფასურებელია, ამის თაობაზე ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პრობლემები ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში უნდა ეძებონ.
„ესეც ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, რომ კომერციული ბანკები აკონტროლოს, მაგრამ როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ აკონტროლებენ და ეს მექანიზმიც დასახვეწი იქნება. ბანკებმა გადაალაგეს და სქემები შექმნეს, კანონს გვერდი როგორი აუარონ. არადა, კანონს იმიტომ ვიღებთ, რომ საჭიროა. ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ“, - ამბობს ჭიჭინაძე.
მთავრობისა და წინა მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილების მკაცრი შეფასებისგან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თავს იკავებს, თუმცა for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წინა მოწვევის პარლამენტის ამ გადაწყვეტილების მიღებისას გარკვეული პოლიტიკური მდგენელი ალბათ ჰქონდა.
დეპუტატის მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ამ თემაზე თავად იმ დეპუტატებმა ისაუბრონ.
„ვერ ვიტყვით, რომ არ არსებობდა მაღალი ალბათობის ეჭვი კონკრეტული პირის მიმართ თანამდებობის არც თუ მთლად ჯანსაღად გამოყენების შესახებ, მაგრამ ამას მტკიცებით ფორმატში ვერავინ ვერ ვიტყვით. შესაძლოა, ეს გარკვეული პოლიტიკური მდგენელის მომენტი ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოცემულობა ძალიან სწორია. გარეთ არსებული წარმატებული მაგალითებიც კარგად ვიცით. დღევანდელ სიტუაციაში უპრიანია და მთავრობის გეგმებს შეესაბამება, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდეს“, - აცხადებს კაკულია.
უმრავლესობისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიცია შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სავალუტო ფონდის 300 მილიონი ლარის ბიუჯეტში შესვლა მოუნდა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ფონდის დახმარება შეჩერებული იყო და სავალუტო ფონდმა ბოიკოტი გამოაცხადა, საქართველომ ევროკავშირის გრანტები დაკარგა მაშინ, როცა ქვეყნას სერიოზული შემოდინებები სჭირდებოდა და ლარის კრიზისი იყო.
„ამ ადამიანებს ლარის გაუფასურებაში უზარმაზარი როლი აკისრიათ. მათ ამ აღიარებას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს. ვინც მთავრობაშია, უნდა გადადგეს, რადგან ეს მეჭიაურ-ებანოიძის კანონი არ არის. ებანოიძეს კანონი თვალით არ უნახავს, როცა მას დოკუმენტს ხელი მოაწერა. მეჭიაურმა კანონპროექტი აქ დაინახა, როცა ეს „2030“-ის პარაზიტებმა დაწერეს. უცხოურ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილები ბიუჯეტს ვერ ავსებენ და გადაწყვიტეს, სავალუტო ფონდს დაუჯერონ. მაშინ რატომ არ უჯერებდნენ, როცა ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ წერილით მიმართა? მაინტერესებს, ცვლილებებს კენჭს ის დეპუტატები რა ნამუსით უყრიან, რომლებიც მაშინ ამბობდნენ, რომ კანონი კარგი იყო. იმ ზარალის ასანაზღაურებლად ფული საკუთარი ჯიბიდან მოიტანონ, რაც წააგეს“, - ამბობს გოცირიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, მთავრობას უმცირესობაც აკრიტიკებს. როგორც for.ge-ს ირაკლი აბესაძემ განუცხადა, მთავრობა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო რეჟიმში ყოფნას მიეცა და მას პოლიტიკური მოსაზრებების გამო ერთ დღეს ერთი რაღაცის გაკეთება შეუძლია, მეორე დღეს კი, მეორესი.
მისი თქმით, ამ შუალედში ქვეყანა მნიშვნელოვნად ზარალდება და ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხებულია.
„თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაცილებით უფრო მეტად უჭირს, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საზედამხედველო ფუნქციის გატანით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ქვეყნის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეილახა, ისევე როგორც ინვესტორების თვალში, რამაც ფინანსური დახმარების შეფერხება გამოიწვია, რომელიც ქვეყანას უნდა მიეღო. ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია მინისტრების, თუ ჩვენი კოლეგა დეპუტატების, რომლებიც ორი წლის წინ საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდნენ და უმტკიცებდნენ, რომ კარგ გადაწყვეტილება იღებდნენ. „ქართული ოცნება“ დღითიდღე მავნებლურ ნაბიჯებს დგამს“, - აცხადებს აბესაძემ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის განწყობას, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ვიცე-პრეზიდენტის თამაზ კიკორიას განცხადებით, ეროვნული ბანკის პოზიცია თავიდანვე ცალსახა იყო და ამ ფუნქციის არსებობას ეროვნულ ბანკში მხარს უჭერს.
როგორც for.ge-ს კიკორიამ განუცხადა, ამ სამსახურის ასეთი განლაგება ფინანსური სტაბილურობას უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს.
„ამ ხსნის მანძილზე, ეს ფუნქციას დაკისრებული ეროვნულ ბანკს ჰქონდა. შესაბამისად, სისტემის სტაბილურობას ის უზრუნველყოფდა“, - დასძინა კიკორიამ.
პარლამენტი ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობას მიმდინარე კვირას გეგმავს.