„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაკნინების მცდელობაში ადანაშაულებს, ქვეყნის პირველი პირი კი, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართულ სამართლებრივ კამპანიაზე მიანიშნებს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თაობაზე პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური დაპირისპირება ჯერ კიდევ კომისიის შექმნისას დაიწყო, როცა მარგველაშვილმა კომისიის თანათავმჯდომარის პოსტი მოითხოვა, სამართლებრივი ნორმების მოშველიებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ მას ეს თანამდებობა არ მისცა.
იმის გამო, რომ ქვეყნის პირველმა პირმა კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დრომდე არ იღებს, თუმცა მარგველაშვილი კომისიის ფარგლებში გაჟღერებულ იდეებს ირიბად პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის მცდელობად აფასებს.
მარგველაშვილი „ოცნების“ იმ იდეის შეფასებისგან თავს იკავებს, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით 2018 წელს ჩატარდება.
მისი მოსაზრებით, ყველა, ვინც კონსტიტუციის დაწერას აპირებს, მათ სრული თავისუფლება აქვთ, კონსტიტუცია ფუნდამენტური ანალიზიდან გამომდინარე წერონ და არა მისი გადაწყვეტილებიდან, ის რას აპირებს.
„არავის უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ კონსტიტუცია მისთვის იწერება. კონსტიტუციის წერა ერთ რომელიმე პიროვნებაზე მორგებით წარმოგიდგენიათ?! ხომ არასწორია?! სამწუხაროდ, ეს ჩვენთან მომხდარა და არა ერთხელ! არამც თუ ერთ პიროვნებზე მორგებით, არამედ ერთი პიროვნების მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე - ანუ, თუ მე კარგ კომენტარს გავაკეთებ, ერთი კონსტიტუცია იქნება, ხოლო თუ კომენტარი არასწორი გამოვა, ქვეყანას მეორე კონსტიტუცია ექნება. კონსტიტუცია საერთო თანხმობით იწერება. ამიტომ თავიდანვე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე, გიორგი კვირიკაშვილი და მე საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეები ვყოფილიყავით. ეს იმისთვის მინდოდა, რომ პროცესი, რაც შეიძლება გახსნილი ყოფილიყო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომლის განცხადებასაც შეფასებები მმართველ გუნდში მოჰყვა.
როგორც for.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის საგანია ინსტიტუტის უფლებამოსილებების საკითხი და არა კონკრეტული პიროვნების.
მისი თქმით, უმრავლესობამ არსებულ რეალობას ანგარიში გაუწია და იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვა მოხსნილიყო, „ოცნება“ იდეით გამოვიდა, რომ არჩევნები პირდაპირი წესით 2018 წელს ჩატარდეს.
„ძალიან კარგია, როცა კომისიის მუშაობა სწორად იქნება აღქმული და გაგებული. კომისიაში პრეზიდენტი მოვიწვიეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ის ამას არ დათანხმდა. ალბათ, სჯობდა, ყველა წინადადების და მოსაზრების გაჟღერება იქ მომხდარიყო, ვიდრე ასე გვერდიდან საუბარი გამართულიყო, მაგრამ კონსტრუქციული მიდგომის ნაცვლად, რომ კომისიის შიგნით ყოფილიყო მსჯელობა, პრეზიდენტმა სხვა გზა არჩია, რომელიც სწორი არ არის. როცა პრეზიდენტი მსგავს განცხადებას აკეთებს, რომ საზოგადოების ჩართულობით, ასევე სხვა ბერკეტების გამოყენებით ვაიძულეთ და საკონსტიტუციო კომისიამ რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოო, ცხადია, ეს კომისიის დაკნინებისკენ მიმართული მცდელობაა.
კონსტრუქციულ წინადადებას ნორმალური აღქმა და რეაგირება სჭირდება. როცა ამ ფონზე პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს, რომ არჩევნების არჩევის წესი უხილავი ძალების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, ცხადია, ეს დისკომფორტს და პრობლემას ქმნის იქ, სადაც პრობლემა არ არის. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის პასუხი საკმაოდ ადეკვატური იყო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა, რომელიც კობახიძის იმ განცხადებას გულისხმობდა, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი არაკორექტული განცხადებების კეთებას გააგრძელებს, შესაძლოა, უმრავლესობამ საკუთარი პოზიციის გადახედვაზე იფიქროს.
თანაგუნდელის მსგავსად, პრეზიდენტის განცხადებებში კომისიის დაკნინების მცდელობას ამჩნევს პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც. for.ge-სთან საუბარში ჩუგოშვილი აცხადებს, კომისიის მიდგომაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა ფუნდამენტური ცვლილებების პროცესში სპეკულაციები დაიწყო. მათ შორის ოპოზიციისა და პრეზიდენტის მხრიდან, როცა ის კომისიაში არ შევიდა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ კომისიის მიზანი მისი ინსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვა იქნებოდა.
დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის იდეა, რომ არჩევნები პირდაპირი წესით 2018 წელს ჩატარდეს, იმისთვის გახმოვანდა, რომ კითხვები და ინსინუაციები არ არსებობდეს.
„ვთქვით, რომ მოდით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნუ ვისაუბრებთ და არჩევნების პირდაპირი წესი იყოს. ჩვენი შეთავაზება იქედან გამომდინარეობდა, რომ ინსტიტუციურ რეფორმებამდე ისე მივსულიყავით, რომ ინსინუაციები არ ყოფილიყო. სამწუხარო იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თავიდანვე განაცხადა. პროცესში მისი მონაწილეობა კარგი იქნებოდა, თუმცა ამ პროცესიდან უსიამოვნო დისტანცირება თავიდანვე დაიწყო, და ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა“, - ამბობს ჩუგოშვილი.
თანაგუნდელების მსგავსად, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ცვლილებები, რომელიც იგეგმება, მარგველაშვილის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, თუკი ეს დაპირისპირება ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდება, სჯობს, დაპირისპირება დღის წესრიგიდან ამოღებული იქნეს, რომლის ერთადერთი გზა ისაა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს.
„არ შეიძლება, მუდმივად ამაზე აპელირება. ჯერ კომისიაში თავისი წარმომადგენლები არ მოავლინა და შემდეგ თავისი შეხედულებების გარშემო საზოგადოებრივი ცენტრი შექმნა, რაც ქვეყნისთვის არანორმალურ სიტუაციას ქმნის. თორემ, აქ მნიშვნელობა არ აქვს ვოლსკი რას ამბობს, მარგველაშვილი თუ კობახიძე“, - დასძენს ვოლსკი.
რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს მიზნად პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება აქვს. for.ge-სთან საუბარში კახიძე აღნიშნავს, რომ მარგველაშვილს აქამდე სასახლიდან გამოგდებით ემუქრებოდნენ, ახლა კონსტიტუციური ცვლილებით ემუქრებიან.
„თქვა, კონსტიტუციას იმიტომ ცვლიან, რომ ჩემი განცხადებები არ მოსწონთო. ამას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და პრეზიდენტის მოსაზრება დაადასტურა და თქვა, რომ თუ მარგველაშვილი არაკორექტული განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს, მაშინ პრეზიდენტის არჩევითობას დავაპირებთო. ანუ, ის კონსტიტუციური ცვლილებით კონკრეტულ პიროვნებას პირდაპირ დაემუქრა, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის პოსტს იკავებს. ის ამაზე ნათლად ვერ ჩამოაყალიბებდა იმას, „ქართული ოცნების“ რეალური მოტივაცია რა არის. ივანიშვილს მარგველაშვილის პოზიციონირება არ მოსწონს და ეს მას არც დაუმალავს. მას აქამდე სასახლიდან გამოგდებით ემუქრებოდნენ, ახლა კონსტიტუციური ცვლილებით ემუქრებიან“, - განაცხადა კახიძემ.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის თუ რომელი უფლებამოსილების შეკვეცას აპირებს, ან პირიქით გაზრდას გეგმავს, ეს ცნობილი სავარაუდოდ აპრილის ბოლოს გახდება, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ცვლილებათა მოდელს დადებს.