სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციურ ცვლილებათა საბოლოო მოდელს სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დადებს. სანამ კომისია მუშაობს, მანამდე პოლიტიკური ძალები მმართველი გუნდისგან გაჟღერებულ ინიციატივებს აკრიტიკებენ, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს, მისი უფლებამოსილების შესაძლო შეკვეცას და საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას ეხება.
თუ რა განწყობაა საპარლამენტო უმცირესობაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, for.ge „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ირაკლი აბესაძეს ესაუბრა:
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ხართ და თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება კიდევ უფრო იკვეცება. რაში გამოიხატება, ეს?
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ ჯგუფში სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო დებულებების გადასინჯვის საკითხი განიხილეს, სადაც ალტერნატივის სახით წარმოდგენილი იყო ვარიანტი, რომლის მიხედვით, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს წარუდგენს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამასთანავე, მეორე ვარიანტიცაა წარმოდგენილი, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების წარდგენისას მთავრობის კონტრასიგნაცია სჭირდება. პირველ შემთხვევაში სახეზეა პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოშორება სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებისგან და ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილების მნიშვნელოვანი შეკვეცა. რაც მთავარია, ეს იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უზენაეს სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა უფრო მეტად გააძლიეროს და კანდიდატების შერჩევა მათი პოლიტიკური ლოიალობიდან გამომდინარე მოხდება. ვვარაუდობ, რომ ეს ინიციატივები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი იქნება, რასაც კატეგორიულად შევეწინააღმდეგებით.
თქვენ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვაზე საუბრობთ, უმრავლესობა კი განმარტავს, რომ მათი მიზანია, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი დაცული იქნეს და უფლებამოსილებები გაიმჯნოს, რათა მომავალში კვეთა არ არსებობდეს და ისეთი პრობლემები არ წარმოიშვას, როგორიც ცოტა ხნის წინ იყო, როცა გაერო-ში წასვლის გამო ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დაუპირისპირდნენ. უმრავლესობის მტკიცება, რომ ცვლილებები მიმართულია არა მარგველაშვილის წინააღმდეგ, არამედ ინსტიტუტის უფლებამოსულების განსაზღვრისთვის, სარწმუნოა?
- როცა სახელმწიფო საკონსტიტუტიო კომისიის მუშაობის ანალიზს აკეთებ, ხვდები, რომ კომისია იმ მიმართულებით მუშაობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეცოს და საბოლოო ჯამში იქამდე მივიდეთ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩეს და მას ამომრჩევლის მიერ მინიჭებული მაღალი ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს. ამ თვალსაზრისით, „ოცნების“ მმართველობის ოთხწლიანი პერიოდი უნდა გავიხსენოთ და ნათელი გახდება ის, რომ დიახ, ეს ყველაფერი პოლიტიკური შეტევაა პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მიმართ, რომელიც დღეს მარგველაშვილია და რომელიც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელია.
სახელმწიფოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას შორის ურთიერთბალანსის სისტემა მინიმალურ დონეზეა დაყვანილი, ფუნქციები აღრეულია და ხშირ შემთხვევაში პარლამენტი მთავრობის დანამატია, მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი უნდა იყოს. ამ ფონის გათვალისწინებით, სახელისუფლებო ბალანსზე და ძლიერ არბიტრზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან მინიჭებული მაღალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს, რითაც ის სახელმწიფო ორგანოებს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციებში უნდა ჩაერიოს და მას არაჯანსაღ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მათ შორის თუნდაც სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების მონაწილე იყოს, რადგან სასამართლო სისტემას მხოლოდ მმართველი ძალა არ უნდა აკომპლექტებდეს.
პრეზიდენტის უფლებამოსილების ყველა მიმართულებით შეკვეცა როგორი პოლიტიკური ფორმითაც არ უნდა იყოს შეფუთული, ის ყველა ვარიანტში „ქართული ოცნების“ მცდელობაზე ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არჩეული ძლიერი პოლიტიკური ფიგურა არ არსებობდეს, ყველა პოლიტიკური ფიგურა მათ მიერ დანიშნული იყოს და ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარებოდეს.
თქვენ ყურადღებას პრეზიდენტის, როგორც არბიტრის ფუნქციაზეა ამახვილებთ და შესაბამისად გკითხავთ. გიორგი მარგველაშვილი არბიტრის ფუნქციას ასრულებს და თუ ასრულებს, რამდენად კარგად?
- თუ ვეტოს შესაძლებლობის გამოყენებას და მის პოლიტიკურ განცხადებებს გავითვალისწინებთ, მას პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. გარკვეულწილად, ის თავის ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ საკუთარ მოვალეობებში შეზღუდულია. ფორმალური უფლებამოსილების შეკვეცაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, არამედ ამ უფლებამოსილების განმტკიცებაზე, რათა მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ძლიერი თანამდებობის პირი უნდა გვყავდეს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, პროცესებზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. ერთია, მარგველაშვილი რას ასრულებს და როგორ, მეორეა, ზოგადად ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულება.
თქვენ ამბობთ, რომ სასამართლო სისტემაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების უფლება პრეზიდენტსაც უნდა ჰქონდეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პარლამენტს სწორედ მარგველაშვილმა წარუდგინა, რომლის მიმართ ოპოზიციას ეჭვები აქვს. მას ამ არჩევანსაც უწონებთ?
- გვენეტაძის კანდიდატურასთან მიმართებაში კრიტიკულად განწყობილი თავიდანვე ვიყავით. ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ის პოლიტიკური ზეგავლენების ქვეშ მთლიანად მოექცეოდა. ის, რაც სასამართლო სისტემაში ხდება, ამ ყველაფრის დადასტურებაა. მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას როგორ ასრულებს, მისი უფლებების შეზღუდვას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში ერთი ადამიანის - არაფორმალური მმართველის ხელში ძალაუფლების მთლიანი უზურპაციის მოხვედრის დიდი საშიშროება არსებობს. ანუ, შესაძლებლობაა, რომ მას ემორჩილებოდეს, როგორც მთავრობა, სასამართლო, ასევე პრეზიდენტი. ამ ფონზე, მოსახლეობის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე უარი რომ თქვა, ეს არაგონივრული და დაუსაბუთებელია.
ერთი ადამიანის ნება-სურვილით მართული პროცესები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს არ უნდა გიკვირდეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ გაკვეთილები თქვენი მმართველობის სპეციფიკიდანაც უნდა გამოჰქონდეს...
- არაფორმალური მმართველი გვყავს, რომელსაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არაფერზე არ გააჩნია განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისგან, როცა ყველამ ვიცოდით, ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი. თვისობრივად მმართველობის განსხვავებული სტილია და ამის შედარება არ შეიძლება. დემოკრატიულ სახელმწიფოში ძლიერი ინსტიტუტები უნდა იყოს, რაც პროცესების დემოკრატიულად განვითარების გარანტიაა და თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ მმმართველობის დროს რაიმე ხარვეზზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს ნაკლებად მაკონტროლირებელ სასამართლო ხელისუფლებას ეხება, ისევე როგორც ნაკლები კონტროლი იყო მთავრობაზე, რამაც ის მძიმე პროცესები შექმნა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია.
ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს და მისი დანაშაულია, თუკი ქვეყანაში ცუდი ხდება, მაგრამ ის პასუხისმგებლობას არაფერზე არ აგებს და არ შეიძლება, ის ამ საქმიანობას ჩამოაშორო, იმპიჩმენტი მოუწყო და თანამდებობიდან გადააყენო. ის არსად არ ჩანს, დოკუმენტებს ხელს არ აწერს და საზოგადოებაშიც კი არ ჩნდება, რაც სერიოზული პრობლემაა, რასაც ის ქვეყანას უქმნის.
თქვენ ბიძინა ივანიშვილის არაფორალურ მმართველობაზე აპელირებთ. შეგიძლიათ, ამის დამადასტურებელი ერთი ოფიციალური ფაქტი დაასახელოთ?
- პრემიერ-მინისტრი მისი ბანკის ერთ-ერთი მმართველია, სუს-ის ხელმძღვანელი მისი დაცვის უფროსია. ყველგან მის პირად დაინტერესებას ვხედავთ, რომელიც სახელმწიფო გადაწყვეტილებებში გამოიხატება. ის დაუფარავად ამბობს, რომ მას მთავრობის წევრებთან კონსულტაციები აქვს. ეს მათთან თანასწორი საუბარი არ არის და ერთი მხარე მეორე მხარისგან მითითებებს იღებს. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ თვალსაზრისით, საზოგადოებას დამატებითი არგუმენტები სჭირდებოდეს. ამას ყველა ხედავს და ყველა გრძნობს. ამ ყველაფრის საპირწონე შესაძლოა, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ყოფილიყო, რომელიც აღჭურვილი ძლიერი საკონსტიტუციო უფლებამოსილებით იქნებოდა და რომელსაც ამ ყველაფერის დაბალანსება შეეძლებოდა.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო სისტემაზე გადავა. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა კონტექსტში ჯდება?
- „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ პირველ რიგში, საზოგადოება იმას შეაგუოს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა მოხდება, ხოლო შემდეგ მარტივად იმის დასაბუთებას შეეცდება, რომ ამ უფლებამოსილებით პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა საჭირო აღარ არის, რაც გამართლებული მაინც არ იქნება. ავსტრიაში პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია, თუმცა ქვეყანა საპარლამენტო მმართველობისაა.