„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სურვილს გამოთქვამს, იდეის წინააღმდეგ კი, უმრავლესობაში მყოფი მაჟორიტარი დეპუტატები გამოდიან და ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებენ.
მერვე მოწვევის პარლამენტის მსგავსად, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ დაიბლოკება თუ არა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა და „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემის შემოღებას ამჯობინებს თუ არა გუნდის პოლიტიკურ ერთობას, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა ამის გამოცდილებაც არსებობს. დავით უსუფაშვილის სპიკერობის დროს, მაჟორიტარი სისტემის გაუქმება სწორედ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ დაიბლოკა, რომელთაც საკუთარი გუნდი გააფრთხილეს, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერდნენ და კანონპროექტს კენჭისყრაზე ჩააგდებდნენ. წინა მოწვევის პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ გუნდის წევრები პოლიტიკური მუქარის აღსრულების წინაშე არ დააყენა და საკონსტიტუციო ცვლილება თაროზე შემოდო, რომელიც მზის სინათლეს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.
მაჟორიტარ დეპუტატებში არსებული განწყობის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროპორციული სისტემის ამოქმედების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა for.ge-ს კითხვის საპასუხოდ ხაზს კონსულტაციების გამართვას უსვამს.
სპიკერის თქმით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მიზანშეწონილად თვლის, თუმცა ეს მხოლოდ ხელმძღვანელობაში ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომლის მიღმა 116 დეპუტატია. შესაბამისად, საბოლოო პოზიცია მას შემდეგ გაცხადდება, რაც თითოეულ დეპუტატთან კონსულტაციები იქნება გავლილი.
„ქართული ოცნება“ სანამ საკუთარ თანაგუნდელებთან მოლაპარაკებას გამართავს, მანამდე პოლიტიკურ წრეებში იმ მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავენ, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა და რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლისას გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა ჰქონდეს. აღნიშულ შეთავაზებას ოპოზიციის ნაწილი იმედის თვალით უყურებს, თუმცა მათ პრეტენზიები დარჩენილი მანდატების გადანაწილების წესთან აქვთ.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუმარტა, იმ შემთხვევაში თუკი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 48 პროცენტის მქონე „ქართულმა ოცნებამ“ მანდატების 78 პროცენტი მიიღო, შემოთავაზებული მოდელის საფუძველზე, ის მანდატების 73 პროცენტს მიღებდა, რაშიც სხვაობა არის, თუმცა არა მნიშვნელოვანი.
დეპუტატის განცხადებით, ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება საარჩევნო სისტემაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და უმრავლესობაში მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომლებიც მაჟორიტარულ სისტემას ბოლომდე კბილებით დაიცავენ.
„თუმცა არ მგონია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, რომელიმე მაჟორიტარი დეპუტატი ამის წინააღმდეგ გამოვიდეს. უცნაური ფაქტის მომსწრენი ვართ, რადგან უმრავლესობის მხრიდან ულტიმატუმია ის, რომ თუ საუბარი პროპორციულ სისტემაზე იქნება, ასეთ შემთხვევაში, ხმების დათვლისას გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა ჰქონდეს, რაც ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ ეს ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას შეელიოს და უარი თქვას. იმედია, რომ ამ საკითხის ოპიზიციური პროტესტი მოჰყვება, რადგან ეს სისტემა ისევ ხელისუფლებაზეა მორგებული, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მას მთავრობის დაკომპლექტების საშუალება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს გოგორიშვილი.
„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემა 2020 წელს უნდა ამოქმედდეს და ხმებიც სამართლიანი პრინციპით უნდა გადანაწილდეს.
for.ge-სთან საუბარში ახვლედიანი ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე გაჟღერებული იდეა იმედის მომცემია, მაგრამ „ქართული ოცნება“ იმას ახერხებს, რომ შემოთავაზება ძირშივე იმ დანამატით გაანადგუროს, რომ გასანაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ უნდა წაიღოს.
„ანუ, „ქართულმა ოცნებამ“ დაუოკებელი სურვილი, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იყვნენ და კანონი თავის თავს მოარგონ, ვერ დაძლია. მათ სამართლიანი სისტემა შეუძლებლად მიაჩნიათ, რომ რამდენ პროცენტსაც აიღებ, იმდენი მანდატით შეხვიდე პარლამენტში. ზღაპრებს იგონებენ, რომ თურმე, სხვადახვა პარტიების მონაწილეობით კოალიციის შექმნა ქვეყნის არევ-დარევა ყოფილა. ზოგიერთ მაჟორიტარს მაგალითი მოაქვს იმის თაობაზე, თურმე, როგორი საშინელი მდგმარეობაა ფინეთში, ჩეხეთსა და ბელგიაში იმის გამო, რომ იქ პროპორციული სისტემაა. თუ ხელისუფლება 50 მანდატს მოიპოვებს, მაგრამ გადასანაწილებ მანდატებსაც მიიღებს, რომელიც 30 შეიძლება იყოს, ისევ არასამართლიანი სისტემა იქნება. იმისათვის, რომ სამართლიანი სისტემა იყოს, პარტია რამდენ პროცენტსაც აიღებს, გადასანაწილებელი მანდატების იმდენი პროცენტი უნდა წაიღოს“, - ამბობს ახვლედიანი, რომელსაც როგორც ჩანს, მხედველობაში კახა ოქრიაშვილი ჰყავს, რომელმაც საარჩევნო სისტემების თაობაზე კვლევა წარადგინა.
როგორც for.ge-ს კახა ოქრიაშვილმა განუცხადა, კვლევაში ნაჩვენებია, რომ 96 ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს, 70 ქვეყანაში პროპორციული სისტემა, ხოლო 30 ქვეყანაში შერეული ტიპის არჩევნები ტარდება.
„ბევრ ქვეყანაში მაჟორიტარული არჩევნები ტარდება. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პოზიცია, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, რისი მოტივაციაც ისაა, რომ კონკურენცია შესუსტდეს და სანუკვარ ოცნებას მიაღწიონ, რომ კონკურენციის გარეშე პარლამენტში მოხვდნენ. არ მგონია, რომ ეს კარგი აზრია. ბევრი დეპუტატია, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. 40-50 პარლამენტის წევრია, ვინც ამ სისტემის გაუქმების იდეას არ იზიარებს. დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს“, - დასძენს ოქრიაშვილი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ამ პოზიციაზე იდგა.
ოქრიაშვილის მსგავსად, ლევან გოგიჩაიშვილიც მყარ არგუმენტებს ითხოვს იმისათვის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.
for.ge-სთან საუბარში გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სისტემის შეცვლა დამოკიდებულია იმაზე, შიდა კონსულტაციების დროს რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შესაბამისად, რაღაც სისტემის გაუქმებაზე საუბარი ამჟამად სწორი არ იქნება.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ როცა აპელირება სხვა ქვეყნების მოდელზე ხდება, ეს სწორი არ არის, რადგან შესაძლოა, უნივერსალური სისტემაც კი, საქართველოს არ მოერგოს.
„მაჟორიტარული სისტემის საწინააღმდეგო უფრო მეტი არგუმენტი მჭირდება, რომ ვთქვა, ეს ასე არ უნდა იყოს და პირიქით უნდა იყოს-თქო. კონსულტაცია მსჯელობას და ფიქრს გულისხმობს. პრაქტიკული რეალობიდან გამომდინარე უნდა ამოვიდეთ, რადგან ბევრი ადამიანი ამა თუ იმ ქვეყნის მოდელზე საუბრობს, არადა საქართველოს სხვა რეალობაა. როგორც ჩანს, ოპოზიცია საკუთარ თავში ისეთ სისუსტეს გრძნობს, რომ არსებულ რეალობაში არჩევნების მოგება წარმოუდგენლად მიაჩნია. ამომრჩევლისთვის არსებულ რეალობაში არჩევნებში პირდაპირი მონაწილეობა გაცილებით მეტ დემოკრატიას ნიშნავს, რადგან საქმე პარლამენტის წევრს ეხება“, - ამბობს გოგიჩაიშვილი.
საკუთარ თანაგუნდელებში არსებული აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, for.ge-ს კითხვის საპასუხოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვერც იმას გამორიცხავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდეს და ვერც იმას, რომ თანაგუნდელები დაარწმუნონ.
მდინარაძის თქმით, უმრავლესობის ყველა დეპუტატმა იცის, რომ აზრები შეუძლიათ თავისუფლად გამოთქვან, იკამათონ და იმსჯელონ, თუმცა საბოლოო ჯამში კონსენსუსის მიღწევა მოხდება.
„თუ მათ დავარწმუნებთ, რომ პროპორციული სისტემა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის სჯობს, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ. გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. ამიტომ შევეცდებით, რომ ეს ადამიანები გადავარწმუნოთ. ის დრო დასრულდა, როცა გადაწყვეტილებას ოთხი კაცი იღებდა და არ გვცხვენია, რომ მსჯელობა სააშკარაოზე გამოვიტანოთ“,- აღნიშნავს მდინარაძე.
რაც შეეხება კონსტიტუციონალისტების განწყობას, ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, თუმცა პოზიციების ჩამოყალიბებას დარჩენილი ხმების გადანაწილების წესზე ითხოვენ.
როგორც for.ge-ს კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, თუ ახალი ცვლილებები ძალაში შევა, მაშინ უმჯობესი იქნება, ის ძალაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნებიდან შევიდეს. მისი შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ძალიან კარგია და ის მომხრეა, რომ ქვეყანა სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს.
„რამდენიმე ნიუანსია ის, მორჩენილი მანდატები თუ როგორ უნდა გადანაწილდეს პარტიებზე. მგონია, რომ ან მანდატები ისევ პროპორციულად უნდა გადანაწილდეს, ან სხვანაირი სისტემით დავთვალოთ, რაც გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობას შეამცირებს. ის იმდენად ბევრი არ იქნება, რომ არსებითად არაპროპორციული განსხვავება მოგვცეს მიღებულ შედეგებსა და მანდატებს შორის. რაც შემოთავაზებულია, საინტერესო ვერსიაა, მაგრამ უფრო მეტად დასახვეწია“, - ამბობს მენაბდე.
კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანიც მიიჩნევს, რომ შეთავაზებულ ვერსიაში რაიმე ანტიდემოკრატიული არაფერია.
for.ge-სთან საუბარში ხეცურიანი აღნიშნავს, როგორც ჩანს, უმრავლესობაში კონსენსუსი არ არის მიღწეული, თუმცა ის, რაც წინადადების სახით წარმოადგინეს, მას მხარს უჭერს.
„1921 წლის კონსტიტუციაში ჩახედონ და ნახავენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა. რაც შეეხება ახალ იდეას, ნარჩენი ხმები საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას მიაქვს, რაც ბევრი არ იქნება, თუკი ხმების დათვლის წესი ისეთი იქნება, როგორსაც ჩვენ ვთავაზობთ. კერძოდ, გადაანგარიშება ხუთპროცენტიანი ბარიერგადალახული პარტიებისთვის მიცემული ხმების რაოდენობიდან მოხდება. გამყოფი ის იქნება და არა მთლიანად მათი ჯამი, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა. ასეთ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ნარჩენ ხმებს როგორ გადაანაწილებ და ვის მიაკუთვნებ“, - დასძენს ხეცურიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონით, საქართველოს პარლამენტში 73 დეპუტატი მაჟორიტარული სიითა არჩეული, ხოლო 77 პროპორციული სიით.