საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზა იხსნება, რომელიც გერმანიაში არსებული სამხედრო ბაზის ასლი იქნება. როგორც ირკვევა, ამ ბაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ შარშან, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის დროს იქნა მიღებული. გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითებში, ხათუნა ლაგაზიძე, რომლის განცხადებით, საქართველო აქტიურად იქნება ჩართული ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
რუსეთთან ურთიერთობა და ამერიკაში რუსეთის ელჩთან არასანქცირებული სატელეფონო საუბრები გახდა მიზეზი, რატომაც თანამდებობა დატოვა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა. ეს იყო ყველაზე ხმაურიანი ცვლილება ტრამპის ადმინისტრაციაში ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში. ვიცით, რომ ფლინი მხარს უჭერდა რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. ეს ცვლილება ადასტურებს, რომ ამერიკა–რუსეთის ურთიერთობაში რთული პერიოდი იწყება?
ხათუნა ლაგაზიძე: მაიკლ ფლინმა 27 დეკემბერს რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა ამერიკაში რუსეთის ელჩთან. როგორც ამერიკის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ზარები შეეხებოდა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის თემას. პრობლემა მრავალრაკურსიანია. ერთი მხრივ მას ედავებოდნენ, რომ ამ ზარების თაობაზე კომუნიკაცია არ ჰქონია მის ხელმძღვანელობასთან და ამერიკის ვიცე–პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებდა, რომ არ იყო საქმის კურსში.
თუმცა, ამერიკული მედია წერს, რომ ფლინის კომუნიკაცია ვერ იქნებოდა მისი პირადი ინიციატივა და სავარაუდოდ, მისი უშუალო უფროსი, პრეზიდენტი ტრამპი ამ საუბრების საქმის კურსში იქნებოდა...
– თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი არ ჩანს. მაგრამ, საინტერესოა, რომ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია არა თავად ფაქტმა, არამედ იმან, თუ საიდან და რატომ გავიდა ეს ინფორმაცია მედიაში. ტრამპმა ხელი ისევ სპეცსამსახურებისკენ გაიშვირა და თქვა, რომ მათგან ხშირად ჟონავს ინფორმაციები, რომლებიც საიდუმლოა და არ ექვემდებარება გასაჯაროებას. თუმცა, ბოლოს ტრამპმა მაინც მიიღო ფლინის განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება.
გენერალი ფლინი ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერით შეიცვალა, რომელიც გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსნების ასეულში ფიგურირებს. მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში, ბოლოს კი სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების ცენტრს ხელმძღვანელობდა. ტრამპის გარემოცვის წევრები რამდენად ახლოს იცნობენ საქართველოს პრობლემებს?
– ამ დანიშვნით ძალიან საინტერესო სამკუთხედი შეიკრიბა ტრამპის გარშემო: ვიცე–პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშივე გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ კრიტიკული განწყობით, ამერიკის თავდაცვის მდივანი მატისი, რომელიც ასევე რუსეთის მიმართ თავისი კრიტიკული პოზიციით არის ცნობილი და ახლა უკვე - ჰერბერტ მაკმასტერი. ვფიქრობ, ეს სამკუთხედი ის რგოლია ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელსაც საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები შეიძლება დაეყრდნონ.
ანუ, უკვე გამოიკვეთა კონტურები, ვინ შეიძლება საქართველოს ერთგვარი მოკავშირეები იყვნენ ტრამპის ადმინისტრაციაში?
– რა თქმა უნდა, რადგან ხედავენ რა ჩვენს, როგორც ამერიკის მოკავშირის მნიშვნელობას რეგიონში. თავად მაკმასტერის დანიშვნას საერთო აღფრთოვანებით შეხვდნენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები. ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ასეთი საერთო მოწონება, მაკმასტერისა და მატისის გარდა, არავის არ რგებია. უნდა ითქვას, რომ ორივე გენერალი გამორჩეულია ამერიკის თანამედროვე გენერლების კოჰორტაში იმითაც, რომ ორივეს სტრატეგოს და ინტელექტუალ გენერლებად იცნობენ.
მაკმასტერს რეკომენდაცია გაუწია ჯეიმს მატისმაც და სენატორმა ჯონ მაკკეინმაც, რომელიც ცნობილია როგორც ერთ–ერთი ყველაზე ხმალამოღებული მებრძოლი ტრამპის წინააღმდეგ. ეს ის მაკკეინია, რომელმაც დეკემბერში ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროში შეიტანა მასალები, რომელშიც შეიძლება იყოს ტრამპის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები. და დღეს იგივე მაკკეინი მაკმასტერის დანიშვნის შემდეგ ამბობს, რომ ეს არის პრეზიდენტ ტრამპის უდიდესი დამსახურება და ამ შეფასებას იზიარებს ამერიკის მთელი პოლიტიკური სპექტრი.
ეს სამკუთხედი რომელიც შეიკრა ტრამპის გარშემო, რეალურად შეიძლება იყოს ტრამპის არჩევით შეშფოთებულ–აღშფოთებული ევროპის, თუ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების საყრდენი ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციაში.
თუმცა, ამ სამკუთხედის პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაციაში ძალიან დიდ გავლენას ინარჩუნებს მთავარი მრჩეველი, რომელიც რადიკალურად კონსერვატიული ძალების მებაირახტრეა...
– დიახ, სტივ ბენონი, არის ადამიანი, რომლის მიერ მართული საიტი უდიდესი პოპულარობით და გავლენით სარგებლობს და რომელსაც 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. ეს არის ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული მიმდინარეობის საიტი. ამ ადამიანმა, ისევე როგორც მისმა საიტმა, უდიდესი გავლენა მოახდინა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და გამარჯვებაში. დღესაც მისი გავლენა არის უდიდესი. იმიტომ, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ტრამპის საარჩევნო კამპანიას სოციალურ მედიაში, მათ შორის, „კემბრიჯ ანალიტიკამ“, ახალი კონტრაქტები მიიღეს ამჯერად უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, რაც ძალიან საინტერესო დასკვნების საშუალებას გვაძლევს. უპირველესად იმას, რომ ბენონი ინარჩუნებს განსაკუთრებულ გავლენას ტრამპის კარზე. ამით აიხსნება ისიც, რომ ტრამპი პრეზიდენტის რანგშიც უპირატესობას ანიჭებს სოციალურ და ინტერნეტ-მედიას, ვიდრე ტრადიციულ მედია–საშუალებებს. როგორც ის ამბობს, სოციალური მედია მას საშუალებას აძლევს, რომ მისი სათქმელი ტელეინტერპრეტაციის გარეშე მივიდეს ამომრჩევლამდე.
ამიტომაც არის ასეთი თამამი, როდესაც პირდაპირ უტევს ამერიკის წამყვან მედია–საშუალებებს?
– რა თქმა უნდა. მოქმედ პოლიტიკოსთა შორის, სწორედ მან პირველმა გამოიყენა და სრულად შეიგრძნო სოციალური მედიის ძალა. თუმცა, იგივე სოციალურ მედიას საზოგადოების მანიპულირების გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ჰქონდა ტელევიზიას. დღეს ამაზე მსჯელობს მთელი ამერიკული პოლიტტექნოლოგიური სპექტრი. ერთი მხრივ, ეს არის უდიდესი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, საზოგადოებით მანიპულირების უდიდესი რესურსი.
საუბარია იმაზე, რომ სოციალურ მედიაში ადამიანების აქტივობების მიხედვით შეიქმნას ადამიანების პროფილი. მაგალითად, იგივე, „კემბრიჯ ანალიტიკა“, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის სოციალურ მედიასთან კონტაქტს ახორციელებდა, ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ ამერიკის 220 მილიონი ამომრჩევლის ფსიქოლოგიური პორტრეტი ჰქონდა შექმნილი. წარმოიდგინეთ რამხელა ინდუსტრიაზეა საუბარი, რომ 220 მილიონი ამერიკელი ამომრჩეველის ასეთი პროფილი ედოთ თვალწინ და ამის მიხედვით აგებდნენ ტრამპის საარჩევნო კამპანიას. ამ ყველაფრის მთავარი კოორდინატორი იყო სწორედ სტივ ბენონი, რომელსაც ამერიკის მთავარ ანტირიბერალსაც უწოდებენ და დღეს მის გავლენას ირიბად ადასტურებს ისიც, რომ ტრამპმა უკვე როგორც პრეზიდენტმა, ამ კომპანიასთან კვლავ გააფორმა კონტრაქტი.
მარტივად რომ ვთქვათ, საკმარისია ადამიანის მიერ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული 150 მოწონება, რომ შესაბამისმა სპეციალისტებმა შეადგინონ ამ ადამიანის ზუსტი ფსიქო-სოციალური პორტრეტი და უფრო ღრმად შეიცნოს ადამიანი, ვიდრე მას საკუთარი ოჯახის წევრი იცნობს. ეს არის ფენომენალური მოვლენა. მათ იციან რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, სად ცხოვრობთ, რას მიირთმევთ, რატომ ტირით და იცინით. სოციალური ქსელები ფლობს ჩვენს მონაცემებს და ჩვენს იდენტობას. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანის მანიპულირება უკვე მარტივი საქმეა.
გამოდის, რომ წინ კიდევ ბევრ საინტერესო მოვლენას უნდა ველოდოთ, სრულიად ახალი ტექნოლოგიებით ადამიანთა მართვასა და პროცესების იმგვარად წარმართვას, როგორსაც არავინ ელოდა?
– აქვე უნდა ითქვას, რომ ტრამპი ამ ექსპერიმენტის მეორე მონაწილე იყო. პირველად, ამომრჩევლის ამგვარი „ზომბირება“ განხორციელდა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ბრექსიტის რეფერენდუმისას, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფით დამთავრდა. დღეს იგივე კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკა“ დაკავებულია უკვე საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის არჩევნებით. ულტრაკონსერვატიული და მემარჯვენე ძალებისგან არჩევნებში დახმარებისთვის ამ ფირმას უკვე მიღებული აქვს შეკვეთები სამივე ქვეყანაში.
მიმდინარე წელი იქნება ევროპაში ულტრაკონსერვატიული ძალების გამარჯვების, რამაც შეიძლება ევროკავშირის დასუსტების და მისგან დისტანცირების ტენდენციები გააძლიეროს?
– გამარჯვების ძალიან დიდი შანსი ექნება სწორედ იმ კანდიდატებს, რომლებიც ამ ახალი ტექნოლოგიებით შეიარაღებული აწარმოებენ თავიანთ საარჩევნო კამპანიებს. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ეს კომპანია ახორციელებდა არის ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელება და საინფორმაციო თემების თუ საბაბების ხელოვნურად შექმნა: მაგალითად, ბრექსიტის წინა პერიოდში, სოციალურ ქსელ „ტვიტერ“-ში განთავსებული ინფორმაციების ერთი მესამედი იყო არა ცოცხალი ადამიანების მიერ გავრცელებული, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ანუ ამ შემთხვევაში, ხელოვნური ინტერნეტ მომხმარებლების, რომლებიც ისე იყვნენ დაპროგრამებული, რომ შეეძლოთ საუბრის თემის შეცვლა და მათთვის მნიშვნელოვანი თემების შექმნა და აქტუალიზაცია.
საზოგადოების ცნობიერების მართვის სრულიად სხვა ერაში შევდივართ. წარმოიდგინეთ, რომ „ტვიტერ“-ში ყოველი მესამე არის ხელოვნური მომხმარებელი, რომელიც, ისევე იყენებს „ტვიტერს“, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ამერიკაში, ტრამპის საარჩევნო კამპანიისას იგივე, „ტვიტერ“-ში ყოველი მეხუთე მომხმარებელი იყო არა ადამიანი, არამედ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ემსახურებოდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიზნებს. მათ შორის, ბევრი იყო მართული რუსული საიტებიდან. ახლა უკვე ევროპის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებში მიმართავს რუსეთი სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებაზე ზემოქმედების ანალოგიურ მეთოდებს.
რა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო, როდესაც ასე მარტივად არის შესაძლებელი, რომ მხოლოდ და მხოლოდ 150 თუ 300 ლაიქის მეშვეობით შეიქმნას ადამიანის ზუსტი პროფილი?
– ეს ადამიანთა მართვის ძალიან ეფექტური და შესაბამისად, უმძიმესი საშუალებაა. და ბუნებრივია, აქ საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხი შემოდის წინა პლანზე, რაც უმნიშვნელოვანესია. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ, ეს არის არა მარტო საინტერესო, არამედ სასიცოცხლოდ აქტუალური. არ მოხდეს ისე, რომ სრულიად განიარაღებული ავღმოჩნდეთ ახალი გამოწვევის წინაშე.
აქვე საინტერესო ისიც, რომ რუსეთმა უკვე დააფუძნა საინფორმაციო ომების მწარმოებელი სპეციალური სამხედრო დანაყოფი...
– ადამიანების მართვის ტექნოლოგიები სხვა განზომილებებში გადადის და ჩვენ ამისთვის აუცილებლად უნდა ვემზადოთ. და ამ დროს რითია ქვეყანა დაკავებული კი ვუყურებთ. თუმცა, აქვე საინტერესოა ქართულ–ამერიკული ურთიერთობის პერსპექტივები ტრამპის ერაში. ძალიან საინტერესო ძვრები მოხდა საგარეო ფრონტზე. საქართველო რიგით მეექვსე სახელმწიფო იყო, რომელიც ამერიკის ახლად დანიშნულ სახელმწიფო მდივანს და უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს შეხვდა.
ჩვენ ჯერ ვისურვეთ და მერე მოვახერხეთ ის, რომ ჩვენზე უფრო ძლიერ და გავლენიან არაერთ ქვეყანაზე ადრე, ინაუგურაციიდან სულ რაღაც ერთ კვირაში შევხვედროდით ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე გავლენიან მაღალჩინოსნებს. ეს ერთდროულად ორ რამეს ნიშნავს, ერთი მხრივ, იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს განსაკუთრებულ ინტერესს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ და მეორე მხრივ, - ამერიკა ამ ძალიან ცვალებად მსოფლიოში და ძალიან ცვალებადი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს როლსა და მნიშვნელობას რეგიონში კარგად აცნობიერებს.
ამავე პერიოდში, „ამერიკის ხმამ“ გადმოსცა ინფორმაცია, რომ საქართველოში იხსნება ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც გერმანიაში არსებული სამხედრო ბაზის ანალოგი იქნება. ეს ბაზა ქართველ სამხედროებს მოამზადებს საერთაშორისო სტანდარტებისთვის, რათა მერე ქართველმა სამხედროება შეძლონ „ნატო“-ს ჯარებთან ერთად სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობა. ამ ბაზის შესახებ შეთანხმება გასული წლის ივლისში, საქართველოში ჯონ ქერის ვიზიტისას შედგა.
ამის შემდეგ იმართება მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საქართველოში მოიწვია ამერიკის ვიცე–პრეზიდენტი პენსი და თავადაც მიიღო მიწვევა ამერიკაში. ამის პარალელურად, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე, გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო აქტიურად იქნება ჩართული „ნატო“-ს შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
რაც რეალუარდ ნიშნავს იმას, რომ პერსპექტივაში საქართველო ნატოს ფარის ქვეშ მოექცევა?
– რამდენიმე დღის წინ, საქართველოში სტუმრად მყოფმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა პირდაპირ აღნიშნა, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში იქნება არა მხოლოდ მონაწილე, არამედ თავის წვლილს შეიტანს მთელი რეგიონის უსაფრთხოების შენებაში. ამავე თემაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ჩავერთოთ მეტ წვრთნებში ნატო-სთან ერთად ზღვაში, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ხმელეთზე გამოყენებული იყოს სხვადასხვა საწვრთნელი მიზნებისთვის და რომ კოორდინაციის მიზნით გვყავდეს ორი ოფიცერი მივლენილი რუმინეთში“.
ასე რომ, გასული თვე საგარეო პოლიტიკური აქტივობების მხრივ ძალიან დატვირთული გამოდგა. მაგრამ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემები, საინფორმაციო გაშუქების თვალსაზრისით, შიდა პოლიტიკური აქტივობებით გადაიფარა. ჩვენ ელემენტარული ინფორმაციის კვალიფიციურად გავრცელებას ვერ ვახერხებთ, მაშინ, როცა მსოფლიო, კარგა ხანია, ინფორმაციული რევოლუციის ახალ ხანაში შევიდა.