საქართველოში ჩასატარებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული თარიღი კონსიტუციაში ჩაიწერება და ამ უფლებით პრეზიდენტი ვეღარ ისარგებლებს, ისევე როგორც პირდაპირი არჩევის წესით და უშიშროების საბჭოს ფორმატით.
როგორც პრეზიდენტის არჩევის წესზე, ასევე მისი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო აქტიურად მსჯელობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წინადადებით მიმართა, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა 2018 წლის არჩევნებზე ისევ მოხდეს, ხოლო შემდეგ ქვეყნის პირველი პირის დანიშვნა საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს.
ამ ჭრილში უმრავლესობა ხაზს შემოთავაზებული საპარლამენტო სისტემის სამ ძირითად ფუნდამენტს უსვამს, რომელიც ქვეყანაში ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელი სასამართლოს გულისხმობს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდება, დღეს მოქმედ საპარლამენტო მოდელს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს. შესაბამისად, პრეზიდენტს არჩევის ისეთი წესი უნდა იყოს, რომელიც საპარლამენტო მოდელის ფარგლებში, მის როლსა და ფუნქციებს შეესაბამება.
მისი თქმით, იმისათვის, რომ რაიმე ტიპის კითხვები გამორიცხულიყო, თუ რატომ იცვლება პრეზიდენტის არჩევის მოდელი, უმრავლესობის პოზიცია დააფიქსირდა, რომ არჩევნების ახალი მოდელი ამოქმედდება არა შემდეგი არჩევნების ჩასატარებლად, არამედ მომდევნო არჩევნების ჩასატარებლად.
„ამით ის სპეკულაციები გამოირიცხება, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპონენტი ავრცელებს - თითქოს ცვლილებები, რომელსაც ვახორციელებთ, რომელიმე ადამიანის ინტერესებზე მორგებულია, ან საწინააღმდეგოა. ყველას დავუმტკიცებთ, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში შევა და მხარს დავუჭერთ, მიმართული იქნება იქითკენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მოხდეს და ბალანსი იქნეს დაცული“, - აღნიშნავს თალაკვაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი for.ge-სთან საუბარში პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე აქცენტირებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო სისტემაში არბიტრის როლია და ის არ შეიძლება, პოლიტიკური ფიგურა გახდეს. დეპუტატის განმარტებით, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის გზას ირჩევს. შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ადეკვატური უნდა იყოს იმისთვის, რომ ინსინუაციები მორჩეს.
„იდეაა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს, ხოლო შემდგომი - არაპირდაპირი წესით. ეს იდეა იმიტომ გაცხადდა, რომ ინსინუაციცები მოიშთოს, თითქოს ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების შეკვეცას ცდილობს. საუბარი არც მარგველაშვილზეა, არც ირაკლი კობახიძეზე და არც მათიკაშვილზე. საუბარია სისტემაზე, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იმუშაოს და ქვეყნის დემოკრატია და სიმტკიცე განაპირობოს. კლასიკური გაგებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არბიტრს წარმოადგენს, ის უფრო მეტად საზოგადოებრივი ფიგურა უნდა იყოს, ვიდრე პოლიტიკური და მან ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას, რაც ამოსავალი წერტილია“, -ამბობს მათიკაშვილი.
კანონმდებელის განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკას ის რეგულაცია გააჩნია, რომლის დანერგვითაც, ავტორიტარიზმისკენ გადახრა არ მოხდება და კონსტიტუციიდან გამომდინარე მისი პრევენცია მოხდება.
სახელისუფლებო შტოებს არბიტრის ფუნქციაზე აპელირებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც. როგორც for.ge-ს მდინარაძემ განუცხადა, ხელისუფლებებს შორის ბალანსი ნაწილდება, სადაც პარლამენტი ძლიერი იქნება, ხოლო მთავრობა ქმედითი და პრეზიდენტი არბიტრის როლს უნდა ითავსებდეს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი საზოგადოებრივი პირი უნდა იყოს და არა - პოლიტიკური ფიგურა.
„სხვა რაღაცეებზე საუბარი იურიდიული ლოგიკიდან ამოვარდნილია და თუ ოპოზიციონერებმა ასე უნდა გააგრძელონ საუბარი, სხვა ლოგიკას არ უნდა ველოდოთ“, - დასძენს მდინარაძე, რომლის პათოსს იზიარეს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეკვეცილია და ეს ასეც უნდა იყოს, რაშიც სასკანდალო არაფერია.
ვოლსკი ფიქრობს, რომ თუ ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო სისტემაზე გადავა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დემოკრატიულ სამყაროში ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
„სამართლიანი იქნება, რომ ამ პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევის საშუალება ხალხს მისცეს, ხოლო შემდეგ, როცა პარლამენტიც უფრო გაცილებით დაიხვეწება, საზოგადოებას რესურსი ექნება განსხვავები შეადაროს. შესაძლოა, სრულ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზეც ვიმსჯელოთ. მათ შორის, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევაზე“, - ამბობს ვოლსკი.
უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია შეთავაზებულ მოდელში პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის დაკნინების მცდელობას ხედავს.
როგორც for.ge-ს უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილება ერთმანეთს არ უკავშირდება. მისი თქმით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი ძალაში ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა შევიდეს, რადგან ეს პარლამენტი ამ მანდატით ხალხს არ აურჩევია.
„ვეწინააღმდეგებით, რომ ეს უფლება ხალხს წაერთვას. პრეზიდენტის უფლებამოსილება იკვეცება და ეს მიუღებელია“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ოპოზიციისგან განსხვავებით, კონსტიტუციონალისტები პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის იდეას ემხრობიან, თუმცა ამ ნორმის ამოქმედების თაობაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. for.ge-სთან საუბარში კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანი ამბობს, რომ ახალი ნორმის ამოქმედება 2018 წლიდანვე შეიძლება, თუ კონსტიტუციური მოდელის მიღება მოესწრება.
ხეცურიანის მოსაზრებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება ისე დაიწურება, რომლისთვისაც ის პრეზიდენტი არ არის საჭირო, რომელიც ხალხის მიერ პირდაპირი წესით იქნება არჩეული და მას ამხელა ლეგიტიმაციის ხარისხი ექნება.
„ეს საჭირო არ არის. უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭო იქნება, რომელიც ომიანობის დროს შეიკრიბება და ამას მხარს ვუჭერ“,- დასძენს ხეცურიანი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი თვლის, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2018 წლის შემდეგ უნდა მოხდეს.
როგორც for.ge-ს ხმალაძემ განუცხადა, რაც კონსტიტუციაში წერია, იქედან გამომდინარე, პრეზიდენტს უფლებამოსილების თვალსაზრისით, პრაქტიკულად არაფერი არ დააკლდება.
მისი ცნობით, ზოგიერთი საკითხია, რომლის რედაქცია იცვლება, მაგრამ იმ კონტექსტის შესაბამისად, რაც სწორედ ცვლილებებს უკავშირდება.
ხმალაძეს პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის რამდენიმე უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე იდეა აქვს და გეგმავს, რომ ინიციატივებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართოს.
„სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური და თავისუფლების კონკურენციის სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებიდან უნდა გამოვიდეს, რომელთა ხელმძღვანელები პრეზიდენტისა და პარლამენტის თანამონაწილეობით უნდა დაინიშნონ. სტატისტიკის სამსახურსა და აღმასრულებელ ხელისულებას შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, არადა, ობიექტურ სტატისტიკას ძალიან მნიშვნელობა აქვს როგორც ხელისუფლების საქმიანობის ანალიზისთვის, ასევე იმის დაგეგმვისთვის რა და როგორ უნდა გაკეთდეს. შესაძლებლობა არ უნდა იყოს იმის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სურათის შელამაზება შეძლოს. ასევე ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იქნება, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს მოსამართლეების დანიშვნა ხდებოდეს არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს მიერ, არამედ პრეზიდენტის სახით, აქ მეორე ინსტიტუცია შემოვიდეს. ამით არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა შემცირდება“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი.
ხმალაძე პრეზიდენტის არჩევის წესზეც აპელირებს და ამბობს, რომ პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც თვითმართველობის ორგანოთა დელეგატთაგან იქნება შემდგარი.
„პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს ან 2/3-ით, ან 3/5-ით. ანუ, უფრო მეტი მაღალი კვორუმი უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა“, - აცხადებს ხმალაძე.
ყოფილი დეპუტატი ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის საბჭოდ გადაკეთების იდეას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეროვნული საბჭოს არსებობა დამახასიათებელია მხოლოდ საპრეზიდენტო რესპუბლიკელებისთვის, სადაც მთავრობა როგორც სრული ორგანო არ არსებობს და შესაძლებელია, ასეთი საბჭო შერეული მმართველობაში იყოს.
„მოქმედი ნორმით სრულიად აშკარაა, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქციებში მხოლოდ თავდაცვის საკითხები შედის. ანუ, სათური შინაარს არ შეესაბამება. სამუშაო ჯგუფის დიდმა უმრავლსობამ მხარი დაუჭირა იმას, რომ სახელწოდება შეიცვალოს და ასეთი საბჭოს არსებობა შეიძლება გახდეს მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს და არა მუდმივად. ეს უფრო რაციონალური მიდგომაა, რადგან მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება თავმოყრილია მთავრობის ხელში. მთავრობა მშვიდობიანობის დროს თავდაცვის საქმიანობას ახორციელებს და ომიანობის დროს საჭირო შეძლება სხვა გადაწყვეტილებების მიღება გახდეს“, - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.
უშიშროების საბჭოს გარდაქმნაზე აქცენტირებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც. როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, მოქმედი კონსტიტუციითაც კი, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება იმას არ სცდება, რაც პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემა.
მისი თქმით, ის მრჩეველი ორგანოა და გადაწყვეტილებას მხოლოდ შეიარაღებული ძალების განსაზღვრაზე იღებს.
„სხვა შემთხევევაში, პრეზიდენტს რა უფლებამოსილებას აქამდე ჰქონდა, ის ან დარჩება ან იმ ფარგლებში შეიცვლება, რა საკონსტიტუციო მოდელზეც შევჯერდებით. რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატებს, ამ შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული და სწორი ფორმა ეროვნულ თავდაცვის საბჭოა, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილება თავდაცვის ფუნქციებს არ სცილდება და მას ქვეყნის უსაფრთოებასთან ან უშიშროებასთან შეხება არ აქვს. ამიტომ, საომარი მოქმედებების დროს, ეროვნული უსაფრთხოების თავდაცვის საბჭო შეიქმნება, რომელსაც მანამდე არც მდივანი ეყოლება და არც აპარატი. ეს მხოლოდ იმისთვის შეიქმნება, რომ სახელისუფლებო შტოებს კოორდინაციის უზრუნველყოფის საშუალება ჰქონდეს. როცა საბჭო შეიქმნება, მას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის სათათბირო საბჭო იქნება“,- განმარტავს სესიაშვილი.
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასრულებას აპრილის ბოლოს გეგმავს, სწორედ ამ დროისთვის იქნება გამოკვეთილი კონტურები იმის თაობაზე, პრეზიდენტის ინსტიტუტს თუ რა უფლებამოსილება ჩამოერთევა და პირიქით, რა გადაეცემა.