„სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე, საპროტესტოდ იქ უნდა ისხდნენ ჟურნალისტები“

„სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე, საპროტესტოდ იქ უნდა ისხდნენ ჟურნალისტები“

„რუსთავი 2“ - ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები ბრძოლას სამართლებრივი გზებით გაგრძელებას გეგმავენ. გია ყარამანაშვილის განცხადებით, როდესაც არხის მფლობელები გახდნენ, არავითარი სამართლებრივი დავა და პრეტენზიები კომპანიასთან დაკავშირებით არ არსებობდა. პარალელურად, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელს ტელეკომპანიის კოლექტივისთვის მიყიდვას სთავაზობს „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ქიბარ ხალვაში სასამართლოში დავობდა 7 მილიონ ლარზე ოდნავ მეტს. დღეის მდგომარეობით, იმ კურსით, რომელიც მაშინ იყო, გვარამიას დათვლის თანახმად ეს არის 4 209 397 დოლარი. ამბობს, რომ ხალვაშს გარკვეული რაოდენობა მიღებული აქვს და დარჩენილ თანხა 3 944 397 დოლარს შეადგენს, რის გადახდასაც სთავაზობს.

გვარამიას შეთავაზებას არ ღებულობს ქიბარ ხალვაში და აცხადებს, რომ გვარამია ჩვეულებრივი ავანტიურისტია, რომლის სიტყვას მისთვის ნულის ფასი აქვს.

„ჩემთვის აბსოლუტური ნულია გვარმიას ნათქვამი სიტყვის ფასი. იმიტომ, რომ მე გამაჩნია სააკაშვილთან და გვარამიასთან მოლაპარაკების პრაქტიკა და ისტორია. აბსოლუტურად ყველა მოლაპარაკება ტყულით და პირობების შეუსრულებლობით დამთავრებულა. აქიდან გამომდინარე, მათ შემოთავაზებულ პირობებს აქვს ნულის ფასი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ქიბარ ხალვაში.

ბიზნესმენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარადგენს, რომ წილები აისახოს სასამართლოს მიერ დადგენილ მესაკუთრეებზე - ქიბარ ხალვაშზე და მის კომპანია შპს „პანორამაზე“. ამის შემდგომ უკვე ქიბარ ხალვაში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების დამორჩილებას არ აპირებს „რუსთავი 2“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ძალები, მათ შორის „ევროპული საქართველო“. „რუსთავი 2“-ის ეზოში გაშლილია კარავები, რომელშიც სიტყვის თავისუფლებისთვის „მებრძოლი“ პოლიტიკოსები სხედან.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“-ის დასაცავად ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ხატია დეკანოიძეს განცხადებით, „რუსთავი 2“-ის დაცვა არა მხოლოდ პარტიული ამოცანა, არამედ ზეპარტიული ამოცანაა.

„საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაკვირველია, შეკრებაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხსაც. რასაკვირველია, იგეგმება ფართომასშტაბიანი აქციები, აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, რათა არ მოხდეს უზურპაცია სამოქალაქო ინსტუტების და თავისუფალი მედიის. ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის და მისი დემოკარტიული განვითარებისთვის“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„რუსთავი 2“-ის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები, დავით ბაქრაძის განცხადებით, არავის მისცემენ საშუალებას ფიზიკურად შევიდეს ოფისში და განახორციელოს სასამართლოს „უკანონო“ გადაწყვეტილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, რომელიც შექმნა გუშინ დაკვეთით ჩატარებულმა სასამართლომ. არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, როდესაც ხელისუფლება აპირებს წაიღოს თავისუფალი ტელევიზია, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება. კონსულტაციები გვექნება არასამთავრობო სექტორთანაც და პოლიტიკურ პარტიებთანაც. რაც მთავარია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიის შიგნით, ვინაიდან რაც ხდება, არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პარტიის თემა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდებს მხარეებს საქართველოს მთავრობა. საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

„ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად. ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ. საქართველოს მთავრობა იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას შეეზღუდება საქმიანობა, ეს იქნება პრობლემა არა ერთი რომელიმე არხის, არამედ ქვეყნის დემოკრატიულობის. მისი თქმით, მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

„მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმისთვის მიცემული ბრძანების შემდეგ მოხდა „იმედის“ დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დამოკრატიისთვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.

მოვუწოდებ ყველას დანაშაულებრივი გადაწყვეტილების და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მედიასაშუალების პოლიტიკაში ჩართვა ყოველთვის გულისხმობს პოლიტიკურ დაპირისპირებას. ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მედია რაც უფრო გაჯიუტდება და მძაფრი გახდება, მით უფრო მეტად არის პოლიტიზირებული.

„დღეს არა მგონია, რომ საერთოდ თავისუფალ სიტყვაზე არის საუბარი, ეს ღიმილის მომგვრელიც არის და გულდასაწყვეტიც. ის, რომ პოლიტიკოსები არიან „რუსთავი 2“-ით დაინტერესებული, ამას ვხედავთ მხარდამჭერებში - ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ ამა თუ იმ ფრთაში. ის, რომ დვალზე და აქიმიძეზე დაიწყო საუბარი, ნიშნავს, რომ საუბარია „რუსთავი 2“-ის დეპოლიტიზაციაზე.

„რუსთავი 2“ რა ხარისხისაცაა ეს დავით დვალმა გააკეთა, მისი დამსახურებაა, ეს ხარისხი. „რუსთავი 2“-ის დეპოლიტიზაციის საკითხი თუ დგას, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრისთვის ეს იქნება უარყოფითი მოვლენა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკულად განწყობილისთვის, ეს იქნება დადებითი პროცესი. მე მათ მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი. კარვებში საპროტესტოდ სხედან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე, საპროტესტოდ იქ უნდა ისხდებოდნენ ჟურნალისტები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.