ევროპული საქართველოს პრივილეგიები და ვალდებულებები

ევროპული საქართველოს პრივილეგიები და ვალდებულებები

გადაწყვეტილება მიღებულია, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.

განახლებული რეგულაცია დადასტურებული ინფორმაციის თანახმად 8 მარტს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, ხოლო 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.

ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მონიჭების საკითხებზე მარია გაბრიელი ამბობს, რომ ხელმოწერა ისტორიული დღეა როგორც საქართველოს, ასევე ევროპის მოქალაქეებისთვის. მისივე შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და მოქალაქეების მიერ გაწეული ძალისხმევის ოფიციალური აღიარება.

„ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ჩვენი პატრნიორობა ძლიერდება. ევროპარლამენტი დღეს ნათლად გამოხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში. მოდით, ერთად ვიაროთ საერთო ევროპულ გზაზე - ღირებულებების გასაზიარებლად და ჩვენი კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირების გასაძლიერებლად“, - განაცხადა მარია გაბრიელიმ.

ქვეყნისთვის ისტორული მნიშვნელობის ღონისძებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ, რადგანაც, დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრემიერის განცხადებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად. საქართველო არის და იქნება ძალიან სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის ფლანგზე, რომელიც ევროკავშირის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა გიორგი კვრიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ეს უკვე დადასტურებული და ოფიციალური ინფორმაციაა, რომ 8 მარტს განახლებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 28 მარტს ძალაში შევა და ამის შემდეგ, უკვე ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და მიემართება ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით, შეეძლება ამ ვიზიტის განხორციელება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილია ჩვენი თანამოქალაქეებისადმი“, - აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, რომლის შეფასებით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება კარგი ბაზისია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება მომავალში.

„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ერთგვარი ტექნიკური გამოძახილი, არამედ, ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ეს კარგი ბაზისია იმისა, რომ საქართველო გახდება სრულფასოვანი წევრი მომავალში და ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯებს როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღებულ პროგრესს ულოცავს ევროპარლამენტარი ანდრეი მამიკინსი, რომლის შეფასებით, ეს არის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

„ხალხთა შორის ურთიერთობა, ჩემი აზრით, ვაჭრობის სფეროსთვის დიდი სტიმულია. გარდა ამისა, მას მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. ერთი სიტყვით, ეს არის ევროკავშირისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი“, - განაცხადა ანდრეი მამიკინსმა.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე და ევროკომიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის წერილობით განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მან თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ იუნკერმა გერმანულ მედიაში განაცხადა, რომ უკვე მიღწეული შედეგი სავსებით დამაკმაყოფილებელია. 2019 წელს ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და შესაძლოა ვიხილოთ ევროკავშირის გაფართოვების მიმართულებით სრულიად ახალი ვექტორი“, - განაცხადა ანდრეი მამიკინსმა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს ექსპერტი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე განცხადებით, ახლა მთავარია ეიფორიაში არ ჩავარდეთ და მოსახლეობამ გადაწყვეტილება არ აღიქვას როგორც მხოლოდ პრივილეგიები, ვალდებულებების გარეშე. რადგან შეჩერების მექანიზმმა, რომლის გამოც ამდენი თვე დაგვიანდა ვიზალიბერალიზაცია, დააბალანსა პრივილეგები.

„მარტო პრივილეგიები აღარ არის. მეშინია, რომ ჩვენი მოსახლეობის მასა მხოლოდ პრივილეგიებს დაინახავს, ვალდებულებების გარეშე. ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიაჩუმათა 2-3 დღის წინ მომხდარი ინციდენტი, როდესაც ისრაელის აეროპორტიდან გამოაბრუნეს ჩვენი 30 მოქალაქე. საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელთანაც 10 წელია უვიზო მიმოსვლა გვაქვს.

ვუსმენდი ევროპელ ჩინოვნიკებს, რომ აი, ტურიზმის სეზონი იწყება, ველოდებთ ქართველ ტურისტებს, ჩამოვიდნენო. იცით, ვშიშობ, რომ ტურისტი იქნება მინიმალური რაოდენობის. ვშიშობ, რომ ძირითადი მასა, ვინც შეეცდება  პრივილეგიით ისარგებლოს, ეს იქნება ის ხალხი, რომელიც დღემდე ათასი მაქინაციებით, ფულის დახარჯვით, ქრთამის მიცემით იგივე საკონსულოებში, სამუშაოდ მიდიოდა ევროპაში.

აი, ეს შეჩერების მექანიზმი, ევროპულად ლამაზად და დელიკატურად დაგებული ხაფანგია. თუ შეატყობენ, რომ რაღაცა გადააჭრბა, ზომაზე მეტი ტურისტი ჩადის, ეს უკვე პრობლემაა. რატომ გამოყარეს ისრაელიდან ქართველები? - უბრალოდ უთხრეს, რომ თქვენ აქ ტურისტებად არ ხართ ჩამოსულიო, აი, ეს არის მთარავი მახე შეჩერების მექანიზმში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

როგორც ექსპერტი აცხადებს, საქართველომ დაგვიანებით მიიღო ვიზალიბერალიზაცია. ევროპარლამენტს რომ გადაწყვეტილება 5-4 წლის წინ მიეღო, სანამ ევროპას ისლამური ცუნამი არ წალეკავდა, მაშინ სულ სხვა სურათი იქნებოდა.

„დღეს სულ სხვა სურათია. ორ კვირაში ჰოლანდიაში არის არჩევნები, სადაც დიდი ალბათობით ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენე ძალები მოვლენ, პირველი რასაც გააკეთებენ, ჩაკეტავენ საზღვრებს. ინგლისელები ღიად ლაპარაკობენ საზღვრების ჩაკეტვაზე. აგერ მერკელი ამბობს მორჩა, მოკვდა ის დრო, როდესაც ხელგაშლილი ველოდებოდით მიგრანტებსო. მკაცრდება სიტუაცია.

ნებისმეირ შემთხვევაში ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ კვალიფიცირებული განმარტებითი სამუშაო ჩაატაროს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ქართველო გამოყაროს საზღვრიდან მესაზღვრე ოფიცერმა. თუ აქამდე პრობლემა იყო ქართველი ქურდები, ახალ პრობლემა არ გახდეს ქართველი მიგრანტები, არ ვათქმევინოთ ევროპელებს რა ყოფილან ეს ქართველი მიგრანტებიო.

უკანონო მიგრანტების საკითხი დღითიდღე უფრო მკაცრდება ევროპაში, რაზეც 5-6 წლის თვალს ხუჭავდა ევროპა, ახლა უკვე აღარ დახუჭავს. ყველგან მმართველობაში მოდიან ეს ნაციონალისტური ძალები, დაწყებული ვალდერსით ჰოლანდიაში, ლე პენი საფრანგეთში, თუ გრილოთი დამთავრებული იტალიაში. რასაკვირველია წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ისე არ უნდა გამოვიდეს,რომ ჩვენი რეპუტაცია კიდევ უფრო შეირყას ევროპაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინაცაძემ.