„თუ ინაშვილი თვლის, რომ კვოტა კანონიერად ეკუთვნის, რეგლამენტში ცვლილებები მოამზადოს“

„თუ ინაშვილი თვლის, რომ კვოტა კანონიერად ეკუთვნის, რეგლამენტში ცვლილებები მოამზადოს“

პარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტება ისევ ჭიანურდება, მიზეზი პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული დაპირისპირებაა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში შესაქმნელ ნდობის ჯგუფში საკუთარი კვოტის გამოყოფას როგორც „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, არადა, პროცესი თავდაყირა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფამ დააყენა.

იმის გამო, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ორად გაიყო, ხუთკაციან ნდობის ჯგუფში ერთი კვოტა „ევროპულ საქართველოს“ - საპარლამენტო უმცირესობას ერგო, ორ კვოტას მმართველი გუნდი აითვისებს, ვაკანტური კი ერთი კვოტა რჩება, რომელიც კანონის შესაბამისად, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა უნდა აითვისოს.

იმის გათვალისწინებით, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ მყოფი ორი ფრაქციაა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოს პატრიოტები“, მათ შორის არჩევანი დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს, რომელიც მხარს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს, შესაბამისად, ნდობის ჯგუფის ერთი კვოტა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის ვერ ნაწილდება.

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნდობის ჯგუფში სალომე სამადაშვილის კანდიდატურა წარადგინა, „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის სამართლებრივი დავა დაიწყო, რომელშიც თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ ერევიან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი კი, უმრავლესობის მიმართ საკუთარ განაწყენებას არ მალავს და მათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი კოაბიტაციის წამოწყებაში ადანაშაულებს.

როგორც for.ge-ს ინაშვილმა განუცხადა, ნდობის ჯგუფის ფორმირების საკითხს „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონი არეგულირებს და რეგლამენტის შეცვლა საჭირო არ არის. შესაბამისად, უმრავლესობამ კანონით უნდა იხელმძღვანელოს და მის ფრაქციას, როგორც საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა, ნდობის ჯგუფში კვოტა უნდა მისცეს.

დეპუტატის ცნობით, მისმა ფრაქციამ ნდობის ჯგუფში მისი კანდიდატურა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარადგინა, მაგრამ ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა.

„გვეუბნებიან, რომ თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო და მათ ფრაქცია აქვთ, რის გამოც, ნდობის ჯგუფში მეხუთე წევრი აღარ იქნება. უმრავლესობას მოვუწოდებ, კანონი დაიცვას. თუკი კანონს არ დაიცავენ, სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებთ, თუარადა, შემდეგ პროტესტის სხვა ფორმებსაც მივმართავთ“, - განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ საპასუხოდ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც კანონის მიხედვით, ნდობის ჯგუფის მეხუთე წევრი ავტომატურად ხდება, for.ge-ის საშუალებით, ირმა ინაშვილს კანონპროექტის მომზადებას ურჩევს.

„კანონით, მათ კვოტა არ ეკუთვნით, რადგან პარლამენტი ცოცხალი ორგანიზმია და თუ ახალი ფრაქცია გაჩნდება, მას ჯგუფში წარდგენის უფლება აქვს. თავის დროზე, ოქრიაშვილი ერთ სხდომას დაესწრო. კვოტა კანონიერად არ ეკუთვნით, მაგრამ ინაშვილს ვთავაზობ, შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადოს და ეს საკითხი განვიხილოთ. თუ თვლის, რომ კვოტა კანონიერად ეკუთვნის, ცვლილებები მოამზადოს“, - აღნიშნავს სესიაშვილი.

კანონმდებელი ინაშვილის იმ პათოსსაც ეხმაურება, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი ოპოზიცია აწყობს.

„ჩვენთვის იმის გადაბრალება, რომ ვიღაცასთან ვართ შეკრული, პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი, რადგან ჯგუფში არც ერთი შეგვყავს და არც - მეორე. „ნაციონალურ მოძრაობას“ შვიდი მხარდამჭერი რომ ჰყავდეს, ის კვოტას მაშინაც კი მოითხოვს, ინაშვილი ნდობის ჯგუფის წევრი რომც იყოს“, - ამბობს დეპუტატი.

სესიაშვილი უმრავლესობის მიერ ასათვისებელ ორ კვოტასაც ეხმაურება და for.ge-ის ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და გია ბენაშვილი იქნებიან.

„უახლოეს მომავალში კანდიდატებს წარვადგენთ“, - დასძენს სესიაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ რეგლამენტში რაღაც კაზუსია და ნდობის ჯგუფის თაობაზე გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობისას საჭირო საუბრის ის რეესტრი არ არის, რასაც ირმა ინაშვილი მიმართავს.

დეპუტატის თქმით, საკითხები არსებობს, რომელსაც სამუშაო დამოკიდებულება სჭირდება.

„ეს ყველაფერი იმ პოზიციის ანტურაჟია, რაც ინაშვილს ზოგადად ახასიათებს - იმ პარტიას დაუპირისპირდეს, რომელიც უფრო მეტად და მყარად წარმოდგენილია და ამ პარტიის ცუდ იმიჯზე იმუშაოს. რატომღაც ჰგონია, რომ ამ პარტიის ადგილი მისმა მოძრაობამ უნდა დაიკავოს. ნდობის ჯგუფი სერიოზული საკითხია და მისი ხელაღებით შექმნა არ შეიძლება. სჯობს, მოგვიანებით შეიქმნას, მაგრამ ხარისხიანად და ნდობით აღჭურვილი“, - დასძენს ვოლსკი.

ნდობის ჯგუფი როდის შეიქმნება, ისევ არ კონკრეტდება, მაგრამ ფაქტია, რომ ის როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, ასევე ახლაც „აქილევსის ქუსლია“, რადგან წინა მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ნაწილი ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში გივი თარგამაძის შესვლას აპროტესტებდა და მას ფრაზას - „ნაძირლებო, სულს ამოგხდით“ არ პატიობდა, რის გამოც, ირაკლი სესიაშვილი იძულებული გახდა, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში შესწორებები შეეტანა და ჯგუფის წევრთა არჩევის წესი იმგვარად შეეცვალა, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობა არა კენჭისყრის შედეგად დაემტკიცებინათ, არამედ საოქმო ჩანაწერის გაფორმებით ცნობად მიეღოთ.

რაც შეეხება ნდობის ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს, კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ნდობის ჯგუფს წარუდგენენ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება ოთხ მილიონ ლარს.