„პრემიერის განცხადებას, რომ თავიდან დიდი ტრაგედია ავიცდინეთ, აბსოლუტურად ვეთანხმები“

„პრემიერის განცხადებას, რომ თავიდან დიდი ტრაგედია ავიცდინეთ, აბსოლუტურად ვეთანხმები“

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა, მანამდე მასთან დაპირისპირების გამო, პოსტიდან მამა მიქაელ ბოტკოველი წავიდა. საპატრიარქოში პროცესების დაძაბვას ხელი ე.წ. ციანიდის საქმემ შეუწყო, რომლის მიმართაც საზოგადოებაში ჯერჯერობით უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი. დაცვის მხარე ისევ განთქმულობის პირობის გაუქმებას ითხოვს, ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოქვეყნებას არ ჩქარობს.

თუ რა განწყობებია ხელისუფლებაში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, for.ge პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:

.. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძე დაიკითხა, თუმცა საქმის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შეგიძლიათ, გვითხრათ, საპატრიარქოსა და ამ საქმის გარშემო რა პროცესები მიმდინარეობს?

- ვფიქრობ, დეტალები მეორეხარისხოვანია მანამდე, სანამ საერთო სურათს არ დავინახავთ. ერთია, სავარაუდო კრიმინალური ფაქტი, ხოლო მეორეა, საპატრიარქოს - ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება. საზოგადოება და გარკვეული მედია საშუალებები ცდილობენ, რომ კონცენტრირება რაღაც დეტალებზე მოახდინონ, მაგრამ შესაძლოა, ამ პროცესში ის მთავარი ამოცანა თუ სტრატეგია გამოგვრჩეს, რაც საერთო ფონზე ამ ფაქტმა წარმოაჩინა. ეკლესიაში სავარაუდო პრობლემებია ისევე, როგორც ყველგან - საერო ცხოვრებაში, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. რიგ შემთხვევაში, ეს პრობლემები იმიტომ არსებობს, რომ ჩვენი შეცდომები დავინახოთ და ამ პრობლემების გამოსწორებისკენ ნაბიჯები გადავდგათ. მაგრამ, ეკლესიას თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს და ის საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ფლობს. წინა ხელისუფლების დროს, საზოგადოებას არაერთხელ სმენია და ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, რომ წინა ხელისუფლება საპატრიარქოს გავლენების ერთგვარ გამოყენებას ცდილობდა და ამისთვის სხვადასხვა ფორმებს იყენებდა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ .. ციანიდის საქმეში ინტერესები იკვეთება და რას გულისხმობთ, პოლიტიკურ ინტერესებს?

- მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური „მაფია“ საპატრიარქოს წინააღმდეგ გარკვეულ ქმედებებს ახორციელებდენ და ამის სხვადასხვა ფორმები გვახსოვს. მათ შორის, სტრატეგიული მიდგომის ელემენტები ჩანდა და მიდგომა იყო - თუ ეკლესიას ვერ ვერევით, ეკლესიაში განხეთქილებას ხელი შევუწყოთ. ყოველ შემთხვევაში, წლების განმავლობაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა. თავისთავად, ეს პრობლემები სადღაც ილექებოდა და შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ამ მოცემულობის გამოყენების სურვილი აქვთ და ცხადია, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე უფრო მეტი დემონსტრირება ხდება იმის, რომ ეკლესიაში განხეთქილების გაღვივებას ხელი შეეწყოს, ისევე როგორც პრობლემების დრამატიზებას. როცა ე.წ. ციანიდის საქმის გასაჯაროვება მოხდა, ჩვენი ხელისუფლება იმის სადარაჯოზე იდგა, რომ უწმინდესის ჯანმრთელობას და ოპერაციის პროცესს მაქსიმალურად მშვიდად ჩაევლო. რიგ შემთხვევებში, მედია საშუალებებსაც მოეთხოვებათ იმაზე ფიქრი, ასეთი ფაქტების გაჟღერებამ თუ რა შეიძლება მოიტანოს. სამხედრო მიმართულებას თუ ავიღებთ, თუ მედია საშუალება ინფორმაციას გაასაჯაროვებს ან ეჭვს გამოთქვამს, ეს შეიძლება მოწინააღმდეგისთვის საჭირო ინფორმაცია აღმოჩნდეს. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გასაჯაროვდა, ყველას მოთმინება გვჭირდებოდა, რადგან ეკლესია ძალიან მგრძნობიარე თემაა და უწმინდესი ქვეყნისთვის მხოლოდ სულიერი ლიდერი არ არის, ის გაცილებით ღრმა და ყოვლისმომცველ ავტორიტეტს წარმოადგენს. ამასთანავე, მის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ხელისუფლება ამ ფაქტთან მიმართებაში მაქსიმალურ მოთმინებას იჩენდა და ეს თუნდაც, ბევრი მტკიცებულების არგასაჯაროვებაში გამოიხატა, რაც უფრო მეტად სიფრთხილეს ეფუძნებოდა, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას საზოგადოებაში მეტი დაძაბულობა არ გამოეწვია.

ვხედავ, რომ „რუსთავი 2“-ზე, რომლის უკანაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი დგანან, დაძაბულობის ფონის მატებისთვის ხელის შეწყობა მიზანმიმართულად ხდება და „ნაციონალური მოძრაობისა“ და ზოგიერთი მღვდელმთავრის შეხმატკბილებულ განცხადებებს ვუსმენთ, აქეთკენ არის მიმართული, რადგან სხვა ვითარებაში, ნებისმიერი გონიერი ადამიანი ჭეშმარიტების დადგენას მოთმინებით ისურვებდა და იმაზე იფიქრებდა, თუ რა ფორმა შეიძლება გამოიძებნოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, რომ საზოგადოებას პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ინტერვიუ არავისთვის არ მიმიცია, რადგან თავს მაქსიმალურად ვიკავებდი და გათავისებული მაქვს, რომ მოთმინება და დუმილი უფრო სწორი სტრატეგია და იარაღია, ვიდრე დაძაბულობის შექმნისთვის ხელის შეწყობა.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თქვენ .. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ისრების გადატანასრუსთავი 2“-ზე ცდილობთ, მაგრამ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებსა და დაპირისპირებებზე თავად მეუფეები საუბრობენ. თუნდაც, მეუფე პეტრე, რომელიც ინფორმაციას ასაჯაროვებს როგორც შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა თემებზე. ანუ, მეუფე პეტრე პოლიტიკურ თამაშებშია ჩართული და ვინმეს პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, თუნდაც, სააკაშვილის ანნაციონალური მოძრაობის“?

- ქვეყანაში პოლიტიკის გასატარებლად მედია ძალიან ძლიერი იარაღია და იმის საშუალება აქვს, რომ საკუთარი ინფორმაცია მეთოდოლოგიურად ისე მიმართოს, რომ საზოგადოებაში განწყობები და დამოკიდებულებები მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდეს. თავიდანვე აღვნიშნე, რომ როგორც საპატრიარქოში, ასევე საერო ცხოვრებაში პრობლემები არსებობს, რომლის მოგვარებაზეც ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი უწმინდესი ბრძენი ადამიანია და არ მგონია, რომ მას სიტუაციაში გარკვევა გაუჭირდეს, მაგრამ მეორეა ის, საზოგადოებას, ყველას ერთად რა ინტერესი გვაქვს? - ჩემი ინტერესია, რომ ეკლესია ერთიანი და მტკიცე იყოს.

მეუფე პეტრეს ინტერესი რა არის, როცა საჯაროდ სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს?

- რასაც „რუსთავი 2“-ზე და გარკვეული მღვდელმთავრების მხრიდან ვხედავ, ის ეკლესიის სიმტკიცისკენ მიმართული არ არის. ეს იმ დამოკიდებულებას მახსენებს, რაც სააკაშვილის დროს იყო, როცა ეკლესიის წიაღში არსებული ავტორიტეტის საშუალებით საზოგადოებაზე ზეგავლენის მოპოვებას ცდილობდნენ.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ის, რაც საპატრიარქოში ხდება, ირიბადნაციონალური მოძრაობისპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება?

- ამის საფუძვლიანი ეჭვი აქამდეც არსებობდა. რასაც „რუსთავი 2“-ზე ვხედავთ, ეს პრობლემების გაღვივების მცდელობაა. ჩვენ ქვეყანაში უწმინდესის ჩამობრძანებას დაველოდეთ და ყველა პასუხისმგებელი პირი უწმინდესსა და სინოდს შეხვდა. ეკლესიამ და საპატრიარქომ გამოძიების მიმართ საკუთარი ნდობა დაადასტურეს, რაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის სწორი სიგნალია, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ამ პროცესში ნებისმიერი საწინააღმდეგო ნაბიჯი პროცესის ხელშემშლელი იქნება. ხელისუფლებაში რომც არ ვიყო, მიმაჩნია, რომ დუმილი იმის საფუძველია, სიტუაციაში მაქსიმალურად გავერკვეთ.

თქვენს მიმართ თქვენი ოპონენტებიც იგივეს საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს და თქვენს ხელისუფლებას ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუტების არსებობა არ აწყობთ. ოპოზიცია ეჭვობს, რომ .. ციანიდის საქმეში ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები იკვეთება...

- ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ეკლესია მტკიცე იყოს და საზოგადოებაში შეშფოთების საგანი არ არსებობდეს, რის გამოც, მაქსიმალურად ფრთხილ დამოკიდებულებას ვიჩენთ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულებები რომ გამოქვეყნდეს, შესაძლოა, ბევრს მის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების გამო თავი გამოსაყოფი არ ჰქონდეს.

.. ციანიდის საქმის მტკიცებულებებს იცნობთ?

- უფლება არ მაქვს, ამ მტკიცებულებებს ვიცნობდე, თუმცა კანონიერების ფარგლებში, ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია ის, თუ რასთან გვქონდა საქმე. ამის მიუხედავად, უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივს ვცემ და ეკლესიის როლს ვითვალისწინებ. უწმინდესი იმდენად ბრძენია და სტრატეგიას იმდენად სწორად ირჩევს, ეჭვი არ მეპარება, რომ ჭეშმარიტება მალე დადგინდება.

.. ციანიდის საქმე ერთ-ერთი რიგითი საქმე არ არის, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია და მტკიცებულებების გამოქვეყნებისგან თავს რატომ იკავებთ?

- უწმინდესი ბრძენი ადამიანია, რომელიც ფიქრობს არა მხოლოდ ამ ინციდენტზე, არამედ იმაზე უფრო მეტად ზრუნავს, რაც ეკლესიის მიმართ საზოგადოების განწყობას ეხება.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ მტკიცებულებების გამოქვეყნება ეკლესიის მიმართ საზოგადოების განწყობას შეცვლის?

- რა პროცესსაც „რუსთავი 2“-ზე ვხედავ, ეს სიტუაციის დაძაბვისთვის ხელშეწყობაა. საპატრიარქოდან და მისი უწმინდესობიდან კი, მაქსიმალური სიფრთხილე იკვეთება, რომ ეკლესია ერთიანი, მტკიცე იყოს და საზოგადოება მშვიდად იყოს. ეკლესიის მიმართ ხელისუფლების არჩევანი მეტ-ნაკლებად უწმინდესისა და საპატრიარქოს ხედვას ემთხვევა, ვიდრე ამას ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ აკეთებენ. ყველაზე სწორი მსაჯული საზოგადოებაა და მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე მეტი ჭეშმარიტების დანახვის საშუალება გვექნება, ხალხი უფრო მეტ დასკვნას გააკეთებს, რეალურად, საქმე თუ რასთან გვქონდა, რადგან პრემიერის განცხადებას, რომ თავიდან დიდი ტრაგედია ავიცდინეთ, აბსოლუტურად ვეთანხმები.

თქვენ პრემიერის განცხადებას ეთანხმებით, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს დაცვის მხარე. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ თავიდან აცილებული არ იქნა ეროვნული ტრაგედია და ქვეყანაში არც არანაირი მძიმე შედეგები არ დადგებოდა. დაცვის მხარე გაუთქმელობის პირობის გაუქმებას ითხოვს, რათა საუბრის საშუალება მათაც ჰქონდეთ. ადვოკატები ამბობენ, რომ .. ციანიდის საქმეში საუბარია არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაზე. თანასწორობის უფლებას რატომ არ იცავთ, რასაც სახალხო დამცველიც გირჩევთ?

- სახალხო დამცველს თავისი ფუნქცია აქვს და ის საქმეს თავისი გადმოსახედიდან სწავლობს, ხელისუფლებას კი მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ხელისუფლების სიფრთხილე ჩემთვის გასაგებია, ისევე როგორც მისაღებია ეკლესიის სტრატეგია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოლემიკაში ჩართვა იმას გაამყარებს, რასაც „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ განხეთქილება კიდევ უფრო გამწვავდეს, რაც საზოგადოებაში ნიჰილიზმის ელემენტებს გააჩენს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როცა კლიენტს იცავ, ეს სასამართლოში უნდა გააკეთო და საჯაროობა პოლიტიკის და პიარის ნაწილია.

როცა ბრალდების მხარე საჯაროდ საუბრობს და ბევრ დეტალს ახმაურებს, ეს რისი ნაწილია?

- ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარეს უფრო ნაკლები აქვს ნასაუბრები, ვიდრე დაცვის მხარეს. ბრალდების მხარეს არც შორენა თეთრუაშვილი უხსენებია, არც ჩანაწერები და არც მოწმეები, მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ყველა დანარჩენმა ადამიანმა ყველაფერზე ისაუბრა. თუკი იმაზე ვსაუბრობთ, ვის უფრო მეტი საჯაროობა აქვს, გეტყვით, რომ დაცვის მხარეს აქვს, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ საუბარს ვუკრძალავთ. თუკი რიგით კრიმინალურ ინციდენტს არ ვიძიებთ, საინტერესო საპატრიარქოს პოზიციაცაა, რადგან ეს კრიმინალური ინციდენტი რიგითი საქმე არ არის და მას შესაძლოა საზოგადოებსა და სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს.

ამ საქმეში სავარაუდო დანაშაულის ჯაჭვი იკვეთება, ანუ, საქმეში შესაძლოა სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს?

- ეს გამოძიებამ უნდა გვითხრას, თუმცა ერთია, გამოძიება და მეორეა, პოლიტიკა და თემის მიმართ მიდგომა. ამ საქმეში ბოროტ ზრახვებს ვხედავ, ვიდრე უბრალო ინციდენტს.

ბოროტ ზრახვებშირას გულისხმობთ?

- გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას შევინარჩუნებ, თუმცა კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას დაველოდები.

მთავარ პროკურატურას იმის რესურსი აქვს, რომ ეს საქმე მტკიცებულებების საფუძველზე გახსნას და საქმის მიფუჩეჩება ხომ არ მოხდება, რაც სხვა საქმეების შემთხვევაში მომხდარა?

- თქვენ პათოსს არ ვიზიარებ, რომ პროკურატურა რაღაცას აფუჩეჩებს. ეს ერთგვარი სტერეოტიპია, რომლის დამკვიდრებასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები საკუთარი თანაგუნდელების დანაშაულის გადაფარვისთვის ცდილობენ. პროკურატურა გაცილებით უფრო კვალიფიციურია, ვიდრე როდესმე ყოფილა. საზოგადოებაში პროკურატურასა და სასამართლოს გაცილებით უფრო მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. როცა ადამიანი მართალია, მას არაფრის არ ეშინია. სახელმწიფო და საპატრიარქო ერთობლივად ცდილობენ, რომ სიტუაციაში გაერკვენ, რაც იმის განცდას მაძლევს, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდება.

შესაბამისად, თქვენ ირაკლი შოთაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველს ვერ ხედავთ?

- ვერანაირად და არც მიკვირს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში უმცირესობამ დააყენა. იმის დაგეგმვა ხდება, რომ რაც არ უნდა დადგინდეს, საზოგადოებას მისი ნდობა არ ჰქონდეს. გონიერ ადამიანს მოთმინებას და პროცესის დაკვირვებას ვურჩევ, რადგან საპატრიარქო და სახელმწიფო საერთო შედეგის დემონსტრირებას მოახდენენ. პროკურატურის ვალდებულებაა, თუკი ის ვინმეს ბრალდებას წარუდგენს, ის ადეკვატური მტკიცებულებებით აღჭურვილი იყოს. მისი უწმინდესობა საქმეს სიღრმისეულად გაეცნობა და თუკი კითხვები იარსებებს, მას პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, გამოძიების მიმართ საპატრიარქოს ნდობა იქნება. ლაკმუსის ქაღალდი იქნება ის, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობას გარკვეული ჯგუფები გამოხატავენ, რისი ფონის მომზადებაც უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება უწმინდესის უსაფრთხოებას, მისმა დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. პატრიარქის უსაფრთხოება სათანადოდ დაცულია?

- დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახური ყველა ზომას გაატარებს, რომ მისი უწმინდესობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.