„ნატო ნიშნავს უსაფრთხოებას, უსაფართხოება ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას“

„ნატო ნიშნავს უსაფრთხოებას, უსაფართხოება ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას“

საქართველოს ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი იყო წმინდა სინოდის წევრების ვიზიტის მთავარი მიზეზი ბრიუსლეში. ბრიუსელში სასულიერო პირებმა სამუშაო შეხვედრები უკვე მეორედ გამართეს. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონის განცხადებით, სასულიერო პირების ვიზიტი ემსახურება სწორი ინფორმაციის გაგებას, სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ, რათა ეკლესიამ მრევლთან სწორი ინფორმაცია მიიტანოს.

რა გავლენა აქვს ეკლესიას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრების ბრიუსელში ვიზიტი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.

ეკლესია ყოველთვის იკავებდა თავს ღია პოლიტიკური გზავნილებისგან, მაგრამ როგორ ფიქრობთ, სინოდის წევრების ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დაირღვა ეს ტრადიცია? სასულიერო პირების განცხადებით, ვიზიტი ემსახურება სწორი ინფორმაციის გაგებას, სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ...

ზურაბ აგლაძე: განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეკლესიას რაღაცა განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოს ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანების საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეკლესიის სურვილი იყო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ადგილზე, ვიდრე თითქოს, ეს სახელმწიფოს მხრიდან იმის გამოხატვაა, რომ ეკლესიაც ჩართულია ამ საკითხში - ასე არ ვფიქრობ. საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, ეკლესიის და სახელმწიფოს ფუნქციები მკაცრად არის გამიჯნული.

თუ გავითვალისწინებთ მეზობელი სახელმწიფოს, რუსეთის პოზიციას, მათ შორის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც რუსეთი, რამდენად არის მნიშვნელოვანი ეკლესიის ჩართულობა ამ პროცესში?

- სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა სულ სხვა არის, მაგრამ თუ ეკლესია თავის თავზე აიღებს ფუნქციას, რასაც ჰქვია რუსული პროპაგანდის განეიტრალება და სწორ ინფორმაციას მიაწვდის თავის მრევლს, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეკლესიის ჩართულობა არ უნდა აისახოს გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება სახელმწიფომ და მთავრობამ უნდა მიიღოს. შეიძლება დისკუსები გაიმართოს საპატრიარქოს ჩართულობით, გამოთქვან საკუთარი აზრი, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მიღებული.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციაა, რომ ჩვენ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და თუ ეკლესია, რომელიც ვიცით რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში, ჩაერთვება ამ პროცესში და თავის როლს ითამაშებს, ეს მხოლოდ კარგია. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, არავისთვის არის დასამალი, რომ რუსული პროპაგანდა არის საქართველოში და რაღაცა დოზით გავლენაც აქვს.

არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს თავისუფალ სამყაროში სერიოზულ პრობლემად იქცა რუსული პროპაგანდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქმნიან საკმაოდ დიდ შენაერთს იმისათვის, რომ გავლენა მოახდინონ ჩვენს მსოფლმხედველობაზე. ისინი ამაში ფულს დებენ. თუ ეკლესია როგორც ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტი გადაწყვეტს, რომ ყველაფერს ამას დაუპირისპირდეს, ამას მხოლოდ მივესალმები, რაც ძალიან კარგი იქნება.

სასულიერო პირების ბრიუსელში ვიზიტმა შესაძლოა ერთგვარად ხელი შეუწყოს პროცესებს, რომ ქართული საზოგადოება არ გახდეს პრორუსული პროპაგანდის მსხვერპლი?

- მთავარია, გახსნილობა და ჩართულობა იყოს საზოგადოების ყველა სეგმენტის მხრიდან, რომ მაქსიმალურად ჰქონდეთ ინფორმაცია და არა ცალმხრივად, რაც, მაგალითად, რუსული პროპაგანდისგან მოდის. არამედ რეალური ინფორმაცია ჰქონდეთ ამ ადამიანებს და იცოდნენ რა არის თავისუფალი სამყარო, რა არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი და ა.შ. არა მხოლოდ ის ინფორმაციები, რაც რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა წყაროებიდან გადმოედინება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ რუსეთის პროპაგანდა საქართველოში არის საკმაოდ ძლიერი და მას სჭირდება წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგობის გაწევა ჩვენ შეგვიძლია სწორი ინფორმაციის მიწოდებით. ეს არის თანამედროვე ომი, ანუ ჰიბრიდული ომი, რომელიც საკმაოდ ძლიერია.

მაგალითად, ხშირ შემთხვევაში შეიძლება კომპიუტერის კლავიატურასთან მჯდომმა ადამიანებმა, უფრო მეტი ზიანი მოუტანონ ჩვენს ქვეყანას, ვიდრე რუსეთის ტანკმა. ამ პროპაგანდას მწყობრი და კარგად გაანალიზებული სტრატეგია სჭირდება. უნდა გავაღრმავოთ სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან და განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებთან.

რომელიც არის პრობლემა, რადგან ისინი ძირითადად ინფორმაციას რუსულენოვანი არხებიდან იგებენ...

- რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანების ინტეგრირებაც უნდა მოვახდინოთ. საქართველოს თითოეულ ადამიანთან უნდა მივიტანოთ სწორი მესიჯი, თუ რა არის და რისთვის გვინდა ჩრილოატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება. აუცილებელი არის სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია გვქონდეს ამ ადამიანებთან. რომელიმე სოფლის მოსახლეს, რომელსაც კარტოფილი მოჰყავს, იმას სწორად უნდა მივუტანოთ ინფორმაცია, რათა არ დასვას შეკითხვა - ჩემთვის რა მნიშვნელობა ექნება გახდება თუ არა ქვეყანა ნატოს, ან ევროკავშირის წევრი, მე მაინც კარტოფილი უნდა დავთესო და მოვიყვანოო...

ჩვენ უნდა ავუხსნათ იმ ადამიანს, რომ ეს მისი უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის იქნება კარგი. ნატო ნიშნავს უსაფრთხოებას, უსაფართხოება ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას. ევროკავშირი ნიშნავს 500-მილიონიან დიდ ბაზარს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია გავა ამ ბაზარზე და ამით ბენეფისს მიიღებს თითოეული ჩვენი მოქალაქე. ამიტომ არის აუციელებელი სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია, რაც არის ერთადერთი სწორი ფორმა, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას.

როგორ ფიქრობთ, რუსული პროპაგანდის ნაწილია სერგეი ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდებაბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი და ასეთ პირობებში არანაირად არ არის მართებულ საქართველოსთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის გაუქმება?

- რუსეთი და ლავროვი ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენი იმიჯი დააკნინოს ევროკავშირში და დაგვაბრალოს ყველაფერი, ეს არახალია, გვახსოვს ეს სტილი ჯერ კიდევ პანკისის ხეობიდან. იმდენ რამეს გვაბრალებს რუსეთი, რომ დამახსოვრებაც ძნელია. რაც შეეხება საზღვრის გახსნას, რუსეთი კარგად ხვდება, რომ მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი შემოიღეს, მენტალური ცვლილება მოხდა საქართველოში და ქართველებში, ჩვენთვის მზე ჩრდილოეთიდან აღარ ამოდის, მოსკოვზე და რუსეთზე არ არის დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.

კარგად ხვდებიან, რომ ტრანსფორმაცია გაიარა ამან და კიდევაც რომ გახსნან საზღვარი, ამას არავითარი დადებითი ეფექტი არ ექნება. საზღვრის გახნა-არგახსნით, არც არაფერს მოუმატებენ და არც არაფერს დააკლებენ ჩვენს ურთიერთობას. ამიტომ იმართლებენ თავს, რომ უვიზი მიმოსვლა იმიტომ არ გვაქვს საქართველოსთან, რომ იქ ტეროსისტები არიანო, მაგრამ ეს განცხადება არავითარ გავლენას არ მოახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე.

ერთგვარი შანტაჟის მცდელობაა?

- ეს უკვე აღარ მოქმედებს ქართველ ხალხზე, ეს რომ ეთქვა 2005-2006 წლებში, შეიძლება რაღაცა გავლენა ჰქონოდა, მაგრამ 2017 წელს საერთოდ არ მოქმედებს. შეგახსენებთ აწ გარადცვლილი ჩურკინის განცხადებას როდესაც გაეროს ტრიბუნიდან განაცხდა, რომ სირიაში მტვერს აყრიან ბავშვებს სახეზე და ისე უღებენ სურათებს, რომ წარმოაჩინონ მსხვერპლადო. მათი საგარეო პოლიტიკა და განცხადება ასეთ ნარატივებზე არის დაფუძნებული. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან რუსები, რადგან მათი განცხადებები არცთუ ისე დამაჯერებლად ჟღერს თავისუფალი სამყაროსთვის.