„გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“

„გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველო „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში გადადის, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ. 1 მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ.

ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

როგორც მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ განაცხადა, ეს შეთანხმება დააახლოვებს ქართველ ხალხსა და ევროკავშირს და გააძლიერებს ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს.

საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესში ბოლო ნაბიჯის გადადგმას ულოცავს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება და ახორციელებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად. პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთარებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს.

„ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართომასშტაბიან ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, - ასე მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, საქართველოში ვიზიტად მყოფმა, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ქართველ ხალხს. რომლის განცხადებით, საქართველო უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. როგორც ავრამოპულოსმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო არის შესანიშნავი მაგალითი პროგრესისა და რეფორმების. ევროკომისარი დარწმუნებულია, რომ საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს და ის კვლავ წარმატებებს მიაღწევს და გააგრძელებს იგივე პასუხისმგებლობით, რომ შესრულდეს დაკისრებული მოვალეობები.

„უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთელი რიგი რეფორმები იქნება სარგებლის მომტანი თქვენი ქვეყნისთვის. საქართველო გახლავთ შესანიშნავი მაგალითი პროგრესისა და რეფორმების. ეს გახლავთ წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირის პერსპექტივების კუთხით. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, რომ მიესალმოს საქართველოს მოქალაქეებს, მალე უკვე როგორც ტურისტებს, მეგობრებს და ოჯახებს რათა გაზიარებული იყოს კულტურული თუ სპორტული, ბიზნეს და სასწავლო ღონისძიებები.

იყო ევროკავშირის წევრი - ეს ნიშნავს რომ იყო ნაწილი მშვიდობის, ტოლერანტობის, სტაბილურობის, პროგრესის, და კეთილდღეობის. საქართველო უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაციის მინიჭებას მნიშვნელოვანს უწოდებს ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი, რომლის შეფასებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

„ძალიან ბედნიერები ვართ, ახლა დარჩენილია ადმინისტრაციული საკითხები და უნდა ველოდოთ, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი რეალურად ამოქმედდება. გილოცავთ, ეს არის დანაპირების შესრულება, რომ თუ საქართველო ჩვენს ყველა მოთხოვნას შეასრულებდა, უვიზო რეჟიმსაც მიიღებდა. იმედი მაქვს, რომ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობით უფრო მეტი მოქალაქე ისარგებლებს, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდები. ეს ახალი შესაძლებლობაა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის, ასე რომ, გამოიყენეთ ეს“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია დაამტკიცა, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ რეფორმების განხორციელების პროცესში შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა საბოლოო თანხმობა გამოხატა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

„უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევს. ამასთან, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის და შეუქმნის მათ მოტივაციას ისარგებლონ საქართველოს პასპორტებით.