"რუსული იმპერიული პოლიტიკის ინტერესებშია, რომ ჩვენი ეკლესია იყოს მთელი დანარჩენი სამყაროთი შეშინებული"

„იოლად ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცას ეკლესიის ავტორიტეტის მოშველიებით ფაქტების დაფარვა და მომხდარის „ესთეტიკური კორექცია“ მოუვიდა აზრად“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომლის განცხადებით, მავანნი ცდილობენ, პატრიარქის ავტორიტეტის მეშვეობით დაიმალონ ის უხეში შეცდომა, რომელიც ამ აჟიოტაჟის წამომწყებებმა დაუშვეს.

პარტიარქის ტახტის ხელში ჩაგდების სურვილი, თუ ეკლესიაზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების მცდელობა? for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, პოლიტიკოსების და პროკურატურის წინმსწრები განცხადება - „ქვეყანას უბედურება ავაცილეთ“ - ხომ არ იყო პიარული სვლა, რითაც ხელისუფლება სხვა თემების გადაფარვას ცდილობდა? რეალურად ირკვევა, რომ ბრალდებულს ბრალი არა მაღალი იერარქიის სასულერი პირის, არამედ პატრიაქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობის გამო წაუყენეს. ძალზე რთული პროცესების შემსწრე გავხდით, ცნობილი გახდა, რომ მოპარულია პატრიარქის ფაქსიმილია, საპატრიაქრო დატოვეს პატრიარქის მდივანმა და დაცვის სამსახურის უფროსმა... შესაძლებელია, რომ უფრო რთული პროცესების შემსწრე გავხდეთ?

ზაზა ფირალიშვილი: როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ, რომ კიდევ ბევრი რამ გამჟღავნდება. პატრიარქის ავადმყოფობამ ისეთი ვნებები გააშიშვლა, რომელთა გამოც მალე, ალბათ, ყველას შეგვრცხვება. ნამდვილად არა მაქვს იმის ილუზია, რომ ეს ვნებები სადმე სხვაგან არ არსებობს. ყველგან ადამიანები არიან, მაგრამ ასეთი ვულგარული ფორმებით გამჟღავნება ხდება იქ, სადაც მათ ათწლეულების განმავლობაში თვალს არიდებდნენ ან სადაც ყოფითი კულტურის დეფიციტია.

მალე მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირი შეიძლება შეუდარებლად უფრო გულწრფელი აღმოჩნდეს, ვიდრე ის, ვინც დღეს ვერ მალავს, თუ როგორ ემზადებოდა და ემზადება გადამწყვეტი მომენტის დადგომისათვის და ყველა ხერხით იკვალავს გზას. ცხადია, დღევანდელი პროცესები ძალზე სერიოზული შფოთის შემომტანია ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც არავის მოგვივა აზრად, ქართული სახელმწიფო რომელიმე კონკრეტულ ქართული ხელისუფლებასთან გავაიგივოთ, ასეა ეკლესიის შემთხვევაშიც.

ერთსაც და მეორესაც ვქმნით ჩვენ - ადამიანები, ვინც ამ სახელმწიფოს მოქალაქეებად ან ამ ეკლესიის წევრებად ვთვლით თავს. ეკლესიასთან და რწმენასთან ადამიანი თავის ბოლო იმედებს აკავშირებს. როგორი უმსგავსოც არ უნდა იყოს ცალკეული სასულიერო პირი, მორწმუნე ადამიანი უარს ვერ იტყვის ეკლესიაზე, როგორც მორწმუნეთა უზენაესი ერთიანობის ფორმაზე. უმთავრეს ექზისტენციალურ კითხვებზე პასუხების ძიებას ვერ ჩაანაცვლებს რომელიმე სამოქალაქო იდეოლოგია, როგორი კეთილშობილიც არ უნდა იყოს ის - ადამიანის უფლებები, სოციალური თანასწორობა თუ რაიმე მსგავსი.

ეკლესია არ არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ამას სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი ლიბერალები აცხადებდნენ. მასთან მორწმუნე ადამიანს ყველაზე საკრალური ფიქრები და მოლოდინები აკავშირებს. ესაა ეკლესიის საფუძველი. უგვანი პირები სწორედ ამას - ჩვენს იმედებსა და მოლოდინებს - ამოეფარებიან ხოლმე. ეს ასე ხდებოდა ქრისტიანული ეკლესიის დასაბამიდანვე და, სამწუხაროდ, ხდება ახლაც.

რაც შეეხება დღევანდელი მდგომარეობის კონკრეტულმიზეზებს?

– 80-იანი წლების მეორე ნახევრიდანიწყება ეკლესიის, როგორც სოციალური ინსტიტუციის ექსტენსიური განვითარება. ეს მხოლოდ ბოლშევიზმის კრახის გამო გაჩენილ იდეოლოგიურ ვაკუუმს არ გამოუწვევია, თუმცა კი ამანაც ითამაშა გარკვეული როლი. მთავარი, ალბათ, ის იყო, რომ ჩვენ ყველამ ჩვენი შინაგანი ცხოვრების ის ჰორიზონტი დავიბრუნეთ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რეალური თუ მორალური და ფსიქოლოგიური წნეხით წართმეული გვქონდა.

მე კარგად მახსოვს დრო, როდესაც მორწმუნე ადამიანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდას, ბევრი გარემომცველი ერთგვარ ავადმყოფად აღიქვამდა. ბოლშევიკურმა პროპაგანდამ თავისას მიაღწია და ბევრის მიერ რწმენა ადამიანის არაბუნებრივ მდგომარეობად აღიქმებოდა. როგორც არ უნდა ვმალოთ, ეს ასე იყო და ჩვენი რელიგიური ცხოვრება, ყველაფერ სხვასთან ერთად, აქედანაც მოდის. ბოლო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში მწიფდებოდა პრობლემები, რომლებიც ადრე თუ გვიან თავს იჩენდა. 

ბატონო ზაზა, რამ შექმნა ეს პრობლემები, რომელმაც დღეს ძალზე რთული პროცესები გამოიტანა სააშკარაოზე?

ბევრი შემთხვევითი ადამიანი აღმოჩნდა სასულიერო წოდების მატარებელი. 80-იანი და 90-იანი წლების ქართული საზოგადოება ნამდვილად არ ფლობდა ისეთ ადამიანურ რესურსებს, რომ სწრაფ ზრდას უმტკივნეულოდ ჩაევლო. გარდა წმინდად რელიგიური გრძნობებისა, საეკლესიო ცხოვრებაში ჩართული აღმოჩნდა მავანთა ნაციონალ-მისტიკური წარმოდგენები, პიროვნული მესიანიზმი, ძალაუფლების სიყვარული, იოლი გამდიდრებისა თუ უზრუნველი ცხოვრების იმედი; ზოგისთვის საეკლესიო ცხოვრება ერთგვარი ეროვნული თეატრალური წარმოდგენაა და არა სულის ხსნის გზა და ა.შ.

თბილისში ერთ-ერთი ეკლესიის სიახლოვეს გამოკრულია ლოზუნგი – ქართველნო, ერთად ღვთისაკენ! ვინმეს შეუძლია ამიხსნას, რა კავშირი აქვს ამ ლოზუნგს ქრისტიანობასთან? რა ბედი ელის ქრისტიანობას საქართველოში, თუ მსგავსი იდეოლოგიის ადამიანებს არ განვიკითხავთ და მათი ხსენება კვლავ ტაბუირებული იქნება? ეგებ, ჩვენს ქრისტიანობას პატრიოტიზმით სჭირდება გამყარება და გამართლება?

ტაბუირებული იქნა ის ფაქტიც, რომ სასულიერო პირებს შორის აღმოჩნდნენ ყოფილი პარტმუშაკები თუ კომკავშირელი აქტივისტები, აღარაფერს ვამბობ კრიმინალური წარსული მქონე ადამიანებზე. ცხადია, ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ასეთი კარდინალური ცვლილება მოხდეს, მაგრამ სავლეთა პავლედ ასეთი მასობრივი ქცევა იმთავითვეა საეჭვო. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ჩვენს საზოგადოებას დაკარგული ჰქონდა საერო და საეკლესიო ცხოვრების თანაარსებობის ის ტრადიციები, რომელთა გარეშეც ძნელი წარმოსადგენია ამა თუ იმ ხარისხით ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრება.

ჩვენ გვეგონა, რომ ვიცოდით, თუ როგორ ავაგებდით საზოგადოებრივ ცხოვრებას ეკლესიის ზრდადი გავლენისა და ავტორიტეტის პირობებში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არ გვცოდნია და ახლა ვსწავლობთ ამას. ისტორიულ წყვეტას უკვალოდ არ ჩაუვლია. ახლანდელ მოვლენებს ნამდვილად ახლავს პოზიტიური შედეგი იმ აზრით, რომ ჩვენთვის ცხადი ხდება ორი რამ: ეკლესია, როგორც ადამიანის სულის სიღრმისეული ძიებების გამომხატველი ინსტიტუცია, უნდა გადარჩეს, მაგრამ ის უნდა გათავისუფლდეს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შლაკისაგან. ორი უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი ამოცანაა გადასაწყვეტი.

როგორ ფიქრობთ, შექმნილი ვითარება არის მიზეზი იმისა, რომ ეკლესიის გარშემო არსებული პრობლემებზე საუბარი ტაბუდადებული იყო?

– ნამდვილად. ეკლესიის პრობლემებზე საუბარზე ტაბუს დადებამ დღევანდელი ჩიხი მოგვიტანა. მან ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც ახლა ქონებისა და ძალაუფლებისათვის იბრძვიან. და კიდევ ერთი: ეკლესია არ წარმოადგენს ისეთ რამეს, რაც ერთხელ შეიძლება შეიქმნას და შემდეგ ინერციით განაგრძობს არსებობას. მას ჩვენ, მისი წევრები,  ყოველდღიურად, ყოველწამიერად ვქმნით.  

თქვენი აზრით, რა როლი მიუძღვით დღევანდელ პროცესებში სხვადასხვა პოლიტიუკურ ჯგუფებს, რომელთა ინტერესში შედის დაძაბულობა ეკლესიის გარშემო? გამოითქვა ვერსია, რომ ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოლიტიკურ ინტერესში მუდმივად იყო დაპირისპირება ეკლესიის გარშემო...

– ისინი აკეთებენ იმას, რაც იციან და შეუძლიათ, რათა სიტუაციით ისარგებლონ. პოლიტიკა პრაგმატიზმის სფეროა და როდესაც პოლიტიკური ცხოვრების ტრადიციები და კულტურა სუსტია, ეს პრაგმატიზმი ხშირად დაუფარავ ცინიზმში გადადის. ვფიქრობ, თავად პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერ გრძნობს, თუ რა უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს, როდესაც ყალბი თეატრალობით გამოხატავენ თავის რელიგიურობას.

მშიერ ქვეყანაში დღისით უზომო სახელფასო დანამატებს იღებდე, ან ყოველგვარი მორიდების გარეშე უტიფრად აბითურებდე უბრალო ადამიანებს და იმავე საღამოს ყველაფერს აკეთებდე, რომ ობიექტივმა პატრიარქის გარემოცვაში დაგაფიქსიროს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.თანდათან ვსწავლობთ ასეთების მიმართ დამოკიდებულებას. ბევრი რამ, რაც შესაძლებელი იყო 90-იან წლებში, დღეს უკვე შეუძლებელი და მიუღებელი გახდა. გარდაუვალი კანონზომიერებაა: პოლიტიკოსები სწორედ იმ ხარისხით შეეცდებიან ჩვენს გაბითურებასა და გაცურებას, რა ხარისხითაც ჩვენ ამას დავუშვებთ. 

შეიძლება კი დღევანდელ პროცესებში რუსული კვალიც დავინახოთ?ვიცით, რომ საქართველოს ეკლესიამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს დელეგაცია უკვე მეორედ ჩადის ბრიუსელში, რაც ნატოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, ვიცით როგორია რუსეთის დამოკიდებულება ამ კუთხით...

– ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ რომ ევროპულ იდეაზე მასობრივი შეტევა დაიწყო, ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. ბუნებრივია, რუსები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, თავისი ინტერესები ქართულ ეკლესიის მეშვეობით განახორციელონ. ამასთან, ბოლო ხანებში გამოჩნდა დამაიმედებელი ნიშნები, რომ ჩვენი ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი უკვე ნაკლებად იზიარებს მთელი დანარჩენი სამყაროს მართლმადიდებლობასთან დაპირისპირების აზრს. ახალგაზრდა თაობაც სულ სხვა რამეს ითხოვს საეკლესიო პირებისაგან და არა მუდმივი მტრობისა და შეთქმულების ფსიქოლოგიურ წნეხს. 

რუსული იმპერიული პოლიტიკის ინტერესებშია, რომ ჩვენი ეკლესია იყოს ერთგვარად ეგზოტიკური, მთელი დანარჩენი სამყაროთი შეშინებული და თავის თავში ჩაკეტილი ინსტიტუცია. ამ შემთხვევაში მას ერთადერთი მოკავშირეღა შერჩება რუსული ეკლესიის სახით. ამ მიზნის მისაღწევად ეს უკანასკნელი მთელ თავის არსენალს გამოიყენებს. სწორედ ბოლო წლების განმავლობაში შემოდის ჩრდილოეთიდან უცნაური იდეოლოგიური ნაზავი თეოლოგიისა და გეოპოლიტიკისა, რომელმაც ლამის სახარება ჩაანაცვლოს

დღევანდელი რუსული ეკლესია ე.წ. „რუსული სამყაროსა“ და „რუსული ცხოვრების წესის“ პროპაგანდირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ნეოიმპერიალისტური ძალების ხელში. იგი გეოპოლიტიკურ იარაღად იქცა და სულ უფრო და უფრო დაშორდა ქრისტიანობას. ამას არაერთი რუსი თეოლოგი აღნიშნავს. მათ ესმით, რომ საეკლესიო ცხოვრების გადაბმა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვნებებთან თავად მათ ეკლესიას აზარალებს.

რუსული იმპერიისათვის მცირე ერები ყოველთვის იყო და იქნება ერთგვარი ეთნოგრაფიული წარმონაქმნი, იმპერიის ერთგვარი ეკზოტიკური დანამატი, თუ გნებავთ - ერთგვარი სამუზეუმო ექსპონატი. ხოლო მათი სურვილი, ჰქონდეთ სახელმწიფოებრიობა, თავისი არსებობის „აქ და ახლა“ დამკვიდრება - ისტორიული ნონსენსი. იმპერიული აზროვნებისათვის მცირე ერები თავისი ისტორიული და ეთნოგრაფიული ნიღბის ფარგლებში უნდა დარჩნენ.

იგივე ეხება ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასაც. ისიც მესამე რომის იდეის განმასახიერებელი  რუსული ეკლესიის ერთგვარ ეგზოტიკურ დანამატად წარმოუდგენიათ და სამწუხაროა, როდესაც ჩვენშიც არიან ადამიანები, ვინც არა მხოლოდ იზიარებს ამას, არამედ ხელსაც უწყობს. ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევესწრებით ეკლესიასთან ამა თუ იმ ხარისხით დაკავშირებული ადამიანების „გეოპოლიტიკურ“ წიაღსვლებს. არა მგონია, მეჩვენებოდეს, რომ მათი გავლენა მცირდება.

ბევრი ფიქრობს, რომ რაც დღეს ეკლესიის ირგვლივ ხდება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა... ან იქნებ ისეთ თემასთან გვაქვს საქმე, როგორიცაა პატრიარქის ტახტის ხელში ჩაგდების მცდელობა?

– არც ერთი სიტუაცია არ აღიწერება მხოლოდ ერთი ფაბულით და ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ყველაფერი ერთადაა: პარტიარქის ტახტის ხელში ჩაგდების სურვილი, ეკლესიაზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების მცდელობა, გარე ძალების ჩარევა და ა.შ. ვიღაცისათვის ყველაფერს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ არსებული მსოფლიო შეთქმულება ხსნის. ამ თემას ნაწილობრივ უკვე  შევეხე. არა მგონია, რაიმე განსაკუთრებულს ვამბობდე: ძნელია, ქრისტიანად იწოდებოდეს ის, ვინც მთელს დანარჩენ სამყაროში მხოლოდ მტერს და შეთქმულებას ხედავს.

ყოველ ნაბიჯზე მტრის ძიება, სხვადასხვა რიცხვით სიმბოლოებში კაცობრიობის მტრის ხრიკების აღმოჩენა და სხვანი, მხოლოდ იმის ნიშანია, რომ სწორედ ეს მტერი გაბითურებს და შენც თავს იბითურებ იმით, რომ ქრისტიანობას პრიმიტიულ ჯადოსნობად წარმოიდგენ. არადა, ის მტერი ყოველთვის უფრო ახლოსაა, ვიდრე შეიძლება გეგონოს. ჩემთვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ნებით თუ უნებლიეთ ებრძვის, პირველ რიგში, ის, ვისთვისაც ის მხოლოდ ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციაა და ცდილობს საერო თუ გეოპოლიტიკური ფუნქციებით დატვირთოს.

ბოლო ხანებში მოვისმინე, რბილად რომ ვთქვა, სრულიად უცნაური განცხადება იმის შესახებ, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით ციანიდის საქმის გამოძიებაში კორექტივები შეიძლება იქნას შეტანილი - ფაქტები არ გასაჯაროვდეს და ასე შემდეგ. იოლად ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცას ეკლესიის ავტორიტეტის მოშველიებით ფაქტების დაფარვა და მომხდარის „ესთეტიკური კორექცია“ მოუვიდა აზრად. მავანნი ცდილობენ, პატრიარქის ავტორიტეტის მეშვეობით დაიმალოს ის უხეში შეცდომა, რომელიც ამ აჟიოტაჟის წამომწყებებმა დაუშვეს.

ერთმა შეცდომამ შეცდომების ზვავი იცის და პატრიარქის მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციის შერბილებას მალე იმით შეეცადნენ, რომ, თურმე, საქმე „სულ რაღაც“ პატრიარქის რეფერენტის მკვლელობის მცდელობას შეეხებოდა, თითქოს ან ღვთის, ან საერო სამართლის წინაშე ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. ერთი წუთით ისიც რომ წარმოვიდგინოთ, რომ პატრიარქი, მართლაც აღმოჩნდა სამართლებრივ პროცესებში ჩართული.

არა მგონია, ძნელი მისახვედრი იყოს, თუ რა საფრთხეს შეუქმნის  ამგვარი პრეცენდენტი თავად ეკლესიას და თანაც არც ისე შორეულ მომავალში. ბედად, როგორც ვიცი, ჩვენი ეკლესიის იერარქების მნიშვნელოვანი ნაწილი ამის წინააღმდეგია და კარგად ესმით, რომ სასულიერო პირმა შეიძლება ცოდვილის სულზე იზრუნოს, მაგრამ სამართლის აღსრულებასთან საქმე არა აქვს.

როგორ ფიქრობთ, საერო სფეროში ეკლესიის შემოყვანა და მისთვის საერო ფუნქციების მინიჭება მისივე მარცხის წინაპირობაა?

– რა თქმა უნდა, ეს მოხდა საფრანგეთსა და რუსეთში. ბიზანტიის მარცხიც დიდწილად გამოიწვია იმან, რომ ამ ქვეყნის სასულიერო და საერო მმართველებმა გამყოფი ხაზი ვერ გაავლეს თეოლოგიასა და პოლიტიკას შორის. თეოლოგობდნენ იქ, სადაც პოლიტიკური პრობლემები იყო გადასაწყვეტი და - პირიქით. ეკლესია ჭეშმარიტების სფეროა, სახელმწიფო - სამართლისა. აქ არ მოვყვები მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა ამ ორს შორის. ისინი ერთმანეთს რომ არ უნდა ფარავდენ, უკვე სახარებაშია ნათქვამი და ეს სეკულარისტებს არ მოუგონიათ.  ამგვარი გადაფარვის ყოველი მცდელობა, საბოლოოდ, ყოველთვის მარცხით მთავრდებოდა.

საეკლესიო ცხოვრების აუცილებელ რეფორმირებაზე ლაპარაკობენ, არის ამის აუცილებლოაბ?

– გააჩნია, რას გულისხმობენ რეფორმირებაში. თუ იმას გულისხმობენ, რომ ეკლესიის მამათა მიერ შექმნილი ინტელექტუალური კაპიტალი  პოლიტკორექტულობის იმპერატივებს უნდა დაექვემდებაროს, მაშინ გულისხმობენ არა რეფორმას, არამედ რაღაც სხვა ეკლესიის, მე ვიტყოდი, ეკლესიის ერთგვარი სუროგატის  შექმნას, რომელშიც წინა პლანზე იქნება სამოქალაქო იდეოლოგია და არა სულის ხსნის იდეა.

მსგავსი პრეცენდენტები დღეს მთელს მსოფლიოში მრავლადაა. ბევრგან ცდილობენ ბიბლიური ნარატივი სოციალისტურს ან ლიბერალურს დაუქვემდებარონ და შედეგად იღებენ იმას, რასაც  რელიგიურ მომსახურეობას უწოდებენ, ფსიქოლოგიური მომსახურეობის ერთგვარ ანალოგს რომ წარმოადგენს.

ხოლო თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ეკლესიამ მთელი თავისი ინტელექტუალური კაპიტალი ჩვენი ისტორიული გარემოს ადექვატურად უნდა „აამეტყველოს“და შუა საუკუნეობრივი გალავნებისა და ლინგვისტიკის მიღმა არ უნდა დაემალოს მას, ეს გარდაუვალიცაა. თავისი დროის უარმყოფი ეკლესიის ადგილს აუცილებლად დაიკავებს ვინმე სხვა. ეს იყო და რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში.