რუსეთი საერთაშორისო მოლაპარაკების მაგიდაზე დაბრუნებას ცდილობს

რუსეთი საერთაშორისო მოლაპარაკების მაგიდაზე დაბრუნებას ცდილობს

მას შემდეგ, რაც პუტინის რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზოლაციაში მოექცა, ცდილობს ისევ დაბრუნდეს საერთაშორისო არენაზე. რუსეთის ამ სურვილს ადასტურებს ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადება, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადახედონ რუსეთის დაშინების პოლიტიკას, თუ მათ მართლაც სურთ ტერორიზმთან ბრძოლა.

გრუშკოს თქმით, ნატო-ს ძალისხმევა - თავისი არსებობა ე.წ. რუსული საფრთხისგან დაცვით ახსნას - ხელს უშლის რუსეთსა და ალიანსს შორის თანამშრომლობას და თვლის, რომ ერთობლივი სამუშაო სარგებელს მოუტანდა არა მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს, არამედ ნატო-ს უსაფრთხოებასაც.

„ტერორისტული საფრთხე უსაზღვროა. თუ ნატო-ს წევრი ქვეყნები მართლაც არიან დაინტერესებულნი ტერორისტულ საფრთხესთან ბრძოლაში, მათ უნდა გადახედონ რუსეთთან მიმართებაში დაშინების პოლიტიკას და უნდა მიისწრაფოდნენ რაციონალური დიალოგისკენ იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად. თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს“, - აღნიშნა გერმანულ გაზეთ Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრ გრუშკომ.

ტერორისტული საფრთხე რომ უსაზღვროა, ეს რეალობაა, ისევე როგორც ანალიტიკოსების შეფასებით, რეალობაა ისიც, რომ რუსეთი სირიის კონფლიქტში თავისი ჩართულობით ხელს უწყობს ტერორიზმის გაღვივებას. მათივე შეფასებით, სირიის ტერიტორაზე რუსეთის არა რადიკალ ისლამისტ მეომრებს, არამედ ბაშარ ასადის ოპოზიციონერ სხვა ჯგუფების პოზიციებს ბომბავდა, რომლებიც საერთაშორისო კოალიციასთან თანამშრომლობენ.

ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ გრუშკო იმეორებს იმას, რასაც დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა და რასაც ახლაც ლაპარაკობს, მაგრამ უფრო ფრთხილად. მისივე თქმით, ტრამპისათვის მთავარი საფრთხე ეს არის პოლიტიკური ისლამი და ე.წ ისლამური სახელმწიფო, ხოლო რუსეთისათვის მთავარი საფრთხე არის ნატო.

შესაბამისად, როგორც ცინცაძე აცხადებს, თუ რუსეთი მიაღწევს იმას, რომ ტრამპის ზემოქმედებით ნატოს ანტირუსული ვექტორი შეჩერდება და მთავარი პრიორიტეტი გახდება „ისლამური სახელმწიფო“, ეს პუტინის საგარეო პოლიტიკის უდიდესი გამარჯვებაიქნება.

„რასაკვირველია ისლამური სახელმწიფო ძალზედ სერიოზული საფრთხეა და ამას ხედავს ტრამპი, მაგრამ თავისი ბუნებიდან, საგარეო და საერთაშორისო ურთიერთობაში ნულოვანი ცოდნის რესურსიდან გამომდინარე, ძალზედ ადვილად გადავა წითელ ხაზსს, რომლის მიღმაც უკვე არა ე.წ. ისლამური სახელმწიფო და სხვა რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ მთელი ისლამური სამყარო გამოვა.

ეს უკვე ძალზედ საშიშია. რუსეთი იმედოვნებს, რომ თუ ჩაითრია ტრამპი ამ კამპანიაში, ასეთ შემთხვევაში ელასტიური პოლიტიკით უფრო ადვილად მოახერხებს, თავი დაიძვრინოს ამ გლობალური ანტიისლამიზაციიდან და  ისლამურ სამყაროს შეატოვოს ტრამპი და ნატო, რაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკაში ვარსკვლავური საათი იქნება.

ამიტომ, რასაც რუსეთის წარმომადგენელი ლაპარაკობს, ამას მოსკოვშიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არათუ - მსოფლიოში. ძირითადად ამაზე ლაპარაკობდა ბრიუსელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამასვე ლაპარაკობს რუსეთის პრეზიდენტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ უკრაინაში და შემდეგ უკვე სირიაში განხორციელებული აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, რუსეთი დემონიზირებულია, შესაბამისად, ახლა ცდილობს გავლენიან ქვეყნებთან ერთად დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდაზე.

„ამიტომ გააღვივა პრობლემა სირიაში, შექმნა ტერორიზმის პრობლემა, რაც ევროკავშირისთვის ასევე დიდი პრობლემაა ლტოლვილების შედინების კუთხით და სერიოზულ გამოწვევებს ქმნის ევროკავშირში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

მისივე თქმით, ამ პრობლემების შექმნით და უკვე ნაწილობრივ რაღაც კოპრომისის და გადაჭრის გზების შემოთავაზებით, რუსეთს სურს, რომ მის მიერ განხორციელებული აგრესიული სხვა ქმედებები შეირგოს და შერჩეს, როგორიც არის პოსტაბჭოთა სივრცეზე მისი გავლენის გავრცელება.

„იქნება ეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, უკრაინაში მიმდინარე აგრესია, ოკუპაცია და ანექსია, თუ მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები. დამატებითი პრობლემების და თემების წამოწევით ცდილობს, რომ კომპრომისები გააკეთებინოს საერთაშორისო თანამეგობრობას სხვა საკითხებზე. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე ექსკლუზიური გავლენის მოპოვება-გავრცელება. რუსეთი ამ ქმედებით ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციების მოსინჯვას“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.

სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ მაიასაიას განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით უკვე შედგა თანამშრომლება ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის. კერძოდ, მოსულთან ხორციელდება ერთობლივი ოპერაცია, რომლის მიზანია ქალაქ დაიშის ნაწილებისგან განთავისუფლება. მაგრამ რამდენად შედგება ნატო-რუსეთის ერთობლივი ოპერაცია, მაისაიას განცხადებით, ეს ჯერ კიდევ დებატების თემაა.

„ნატო, როგორც ორგანიზაცია, უპირისპირდება რუსეთს. ეს ფაქტია. მათ შორის რაიმე ურთიერთხელშესახები ელემენტები ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით არ ჩანს. ერთი ეს იყო ავღანეთის თემა - ISAF-ის მისიის ფორმატში თანამშრომლობა. ეს დასრულდა. ნატო-რუსეთის ურთიერთობა გაიყინა, დიდი ხანია არ გამართულა ნატო-რუსეთის თანამშრომლობის საბჭო. ასე რომ, ნატო-რუსეთის ფორმატი ცოტა რთულად შეიძლება მოინახოს იმიტომ, რომ ნატო უშუალოდ არ არის ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეებში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვატხანგ მაისაია.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს შემოიტანოს რაციონალური ელემენტი, რომელიც კონფრონტაციულ ურთიერთობას თანამშრომლობის დონეზე გადაიყვანს, რადგან, ალიანსთან კონფრონტაცია რუსეთსაც არ აწყობს.

„რუსები ცდილობენ, როგორმე გამონახონ ნატოელებთან შეხების რაიმე წერტილები. არ ვფიქრობ, რომ ნატომ და რუსეთმა ითანამშრომლონ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. შეიძლება საერთო გამონახონ იგივე კიბერსაფრთხეების პრევენციის ფორმატში, მაგრამ კონკრეტული არეალი, რომ ნატო და რუსეთი ითანამშრომლებენ ტეტორზმთან ბრძოლის კუთხით, არ ჩანს“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.