საქართველოში დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება, რის ოფიციალურ მიზეზადაც საგანგაშო სტატისტიკა სახელდება, რომლის გათვალისწინებითაც, საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თამბაქოს მწეველია. ყოველწლიურად დაღუპული 49 ათასიდან 11 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა.
მედიკოსები თამბაქოს მოხმარების უარყოფით მხარეებზე აპელირებენ და როგორც გულის იშემიური დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოსა და სისხლძარღვების პრობლემის წარმოშობის მთავარ მიზეზად თამბაქოს მოხმარებას ასახელებენ, ქართველი დეპუტატები კი, საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობენ.
უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, მკაფიოდ ისაზღვრება მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე დაწესებულებათა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა. კერძოდ, დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იმ ადგილებში, სადაც მოწევა კანონით აკრძალულია თამბაქოს მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს.
ამას გარდა, ცვლილებებით, ასევე იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლებსა და თაროებზე.
ამასთანავე, პროექტით, სამედიცინო გაფრთხილების თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაკავებული ფართობი 65 პროცენტამდე იზრდება და პიქტოგრამის შემცველი დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება შეფუთვის წინა ზედაპირზე უნდა განთავსდეს.
თუ რა მიზნით მკაცრდება რეგულაციები და რა შედეგები მოჰყვება კანონის გამკაცრებას, ამის გარკვევას for.ge ცვლილებების ავტორ გუგული მაღრაძესთან შეეცადა:
გარდამავალი დეპულების სახით ისაზღვრება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებს მოსაწევი ადგილების გამოყოფა ეტაპობრივად, 2017 წლიდან 2020 წლამდე მოუწევთ. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით რა იცვლება?
- საქართველო საკმაოდ ცუდად გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ მწეველთა რაოდენობა ძალიან მაღალია და ამ კუთხით ქვეყანას მეორე ადგილი უკავია. დაავადებები, რომლებიც მოწევასთან პირდაპირ დაკავშირებულია, ძალიან ხშირია და ხშირ შემთხვევაში, ეს დაავადებები სასიკვდილო შედეგებით სრულდება. ცივილურმა სამყარომ მოწევაზე დიდი ხანია უარი თქვა და მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა მცირდება. კანონები, რომლებიც მიღებული გვქონდა, ეფექტური არ აღმოჩნდა, რადგან მას უფრო მკაცრი რეგლამენტირება და აღმასრულებელი მექანიზმების დახვეწა-დადგენა სჭირდება. ჩემს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მრავალწლიანი მუშაობის შედეგია, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა იკრძალება, ისევე როგორც დახურულ სივრცეში, გარდა საკუთარი სახლებისა. ყველაზე მთავარია, რომ წესების დარღვევისთვის ჯარიმას ინდივიდი კი არ იხდის, არამედ დაწესებულება. ამას გარდა, ცნობიერების ამაღლების მექანიზმები უნდა გაძლიერდეს და დამკვიდრდეს, რომ ეს უარყოფითი დამოკიდებულებაა. მიმაჩნია, რომ ამ ცვლილებებით ვიცავ, როგორც არამწეველებს და არასრულწლოვანებს, ასევე ზოგადად საზოგადოებას, რადგან ეს სამარცხვინო ჩვევაა და ტურიზმის განვითარებისთვისაც დიდი მინუსია, რომ საქართველოში მოწევა ყველგან შეიძლება.
თქვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტს რა შემაკავებელი ფაქტორი ექნება, რომ მწეველებმა თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებონ? ცვლილებები მწეველებისთვის მხოლოდ დისკომფორტს ხომ არ შექმნის?
- კანონი მოტივაციას გაზრდის, რადგან როცა მეათე სართულიდან პირველ სართულზე ათჯერ უნდა ჩახვიდე და სიგარეტი უნდა მოწიო, თანდათანობით თამბაქოს მიმართ ინტერესი გეკარგება. ასევე, როცა ახალ რეკლამას არ შეხედავ, გადაწყვეტ, რომ მოწევას თავი დაანებო და ამისთვის თანდათანობით მოტივაციაც გიჩნდება. ნაკლებად იქნება ისეთი გააწყვეტილება მიღებული, რომელიც ხელს თამბაქოს ინდუსტრიას უწყობს და არა - ჯანდაცვას.
მწეველები იმაზე აპელირებენ, რომ კანონების გამკაცრება და თუნდაც აქციზის გაზრდა კონკრეტული მიზნებისთვის ხდება და არა მათ სასიკეთოდ, რადგან ისინი თამბაქოს მოხმარებას თავს არ ანებებენ, სამაგიეროდ, თამბაქოში მეტ ფულს იხდიან...
- ინტერესების იერარქია არსებობს და წინ არამწეველის უფლება უნდა დააყენო და არა -მწეველის. მწეველს მოწევა კი არ ეზღუდება, არამედ ისეთ ადგილებში მოწევა იზღუდება, სადაც სხვა ადამიანებიც არიან. გაშლილ სივრცესა და საკუთარ სახლში რამდენიც უნდათ, იმდენი მოწიონ.
თქვენი პროექტით, თამბაქოს ინდუსტრიას პრობლემები არ შეექმნება? ეკონომიკური კუთხით, რისკები გათვლილი გაქვთ?
- რისკები და საფრთხეები აბსოლუტურად გათვლილია. ამირან გამყრელიძემ ზუსტი მონაცემები წარადგინა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 350 მილიონი ლარი შედის, მაგრამ ადამიანების დაავადებების გამო ბიუჯეტიდან 700 მილიონი გადის და შეგიძლიათ ეს მონაცემები შეადაროთ.
კონფერენციაზე, რომელიც თამბაქოს მოხმარებას დარეგულაციებს ეხებოდა, აღინიშნა, რომ თამბაქო პირველ რიგში გულის იშემიურ დაავადებებს, ფილტვის კიბოს იწვევს. ცვლილებების მომზადება სტატისტიკა გაიძულათ?
- როცა ბევრი ადამიანი ეწევა, დაავადებებიც მატულობს, მათ შორის - სისხლძარღვების. როგორც მწეველის, ასევე არამწეველის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. ინტერესთა იერარქია არსებობს და იმისთვის არსებობს პარლამენტი, რომ საზოგადოების ინტერესთა დაცვას ხელი შეუწყოს. ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებული ვართ, აქციზი გაიზარდოს და ისეთი ღონისძიებები ხორციელდებოდეს, რაც ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის კლებას შეუწყობს ხელს.
წინა მოწვევის პარლამენტში ამ ცვლილებების გატანა ვერ შეძელით. ამჟამად მთავრობასთან აზრთა თანხვედრა გაქვთ?
- როცა დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, ცვლილებებს მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს. მთავრობას ათი შენიშვნა ჰქონდა, საიდანაც ექვსი გავითვალისწინეთ და ოთხზე ვიმსჯელებთ.