ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე სამდღიანი პროცედურული ომი დასრულებულია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან „მცირე საპარლამენტო საბოტაჟი“ აღკვეთილია, „ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმშია, უმრავლესობა კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მორიგი ვეტოს მოლოდინშია.
საკანონმდებლო ორგანომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით გუშინ მიიღო, რომელსაც წინ სამდღიანი პროცედურული ომი და პოლიტიკურ მხარეებს შორის წარმოებული ცხარე კამათი უსწრებდა. იმის გამო, რომ საპარლამენტო უმცირესობა ცვლილებების არსს არ იზიარებს და ინიციატივის საფუძველზე, უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო მოსმენების საფრთხეს ხედავს, მათ რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს მიმართეს, რაც დროის ხელოვნურ გაყვანაში გამოიხატება.
სამი დღის განმავლობაში, როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ცვლილებების ერთ-ერთ ავტორს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას კითხვებს უსვამდნენ და პარალელურად კითხვებს აზუსტებდნენ, შემდეგ კი, გამოსვლებისთვის გამოყოფილ დროს იყენებდნენ. ამ მეთოდით ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ორი დღე დასჭირდა და ოპოზიციის განზრახვას პარლამენტის თავმჯდომარე პირველივე პლენარულ სხდომაზე მიხვდა, რის გამოც, ირაკლი კობახიძემ მიკროფონების გამოყენების კონტროლი დაიწყო და იმ შემთხვევაში, თუკი, ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლა პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა და არა განსახილველ თემას, ის მიკროფონებს თიშავდა, რაც ოპონენტების განაწყენების და გაღიზიანების მიზეზი გახდა.
იმის გამო, რომ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, უმცირესობამ პროცედურული ომის გაგრძელება ისევ დააანონსა, ეკა ბესელიას წინადადების საფუძველზე, ირაკლი კობახიძემ ცვლილებათა პაკეტის განხილვა რეგლამენტის 156-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად გადაწყვიტა, რომლის საშუალებითაც, მეორე მოსმენით განხილვა წარიმართა არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით, რასაც უმცირესობის პროტესტი და მათი მხრიდან სხდომათა დარბაზის დატოვება მოჰყვა.
„ევროპული საქართველოსგან“ განსხვავებით, სხდომათა დარბაზში დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კითხვებსაც სვამდა და პასუხებსაც ელოდა, თუმცა მათ ყოფილი თანაგუნდელების პროტესტი დადებითად შეაფასეს. იქედან გამომდინარე, რომ სხდომას უმცირესობა აღარ ესწრებოდა და დროის ხელოვნურად გაყვანა არ ხდებოდა, ცვლილებების განხილვის პროცესში უმრავლესობის წევრებიც აქტიურად ჩაერთვენ, რომლებიც ორი დღის მანძილზე კითხვების დასმისგან თავს იკავებდნენ და დარბაზში ყოფნითაც დიდად არ გამოირჩეოდნენ.
სანამ უმცირესობა სხდომათა დარბაზს დატოვებდა და ისინი ირაკლი კობახიძეს პარლამენტის „სუს-ის ნოტარიუსად“ გარდაქმნაში დაანაშაულებდნენ, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ოპოზიციას პროცედურული ხრიკების გამოყენების უფლება აქვს და მათ ამის საშუალებას რეგლამენტი აძლევს, მაგრამ მისი მხრიდან „ფილიბასტერინგის“, ანუ, „მცირე საბოტაჟის“ აღკვეთა მოხდებოდა.
„საქმე ბევრად უფრო მარტივად იყო. ე.წ. მცირე საპარლამენტო საბოტაჟი აღვკვეთე, რაც თქვენი არჩევანი იყო. გამოსვლების დროში ხელოვნურად გაწელვა ხდებოდა, არადა, უმცირესობას ღიად და დახურულ რეჟიმში ვთხოვე, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ოპოზიცია არაერთხელ გავაფრთხილე ,რომ ე.წ. მცირე საბოტაჟი ცვლილებების საგნობრივ განხილვას ხელს შეუშლიდა.
უკეთესი იქნებოდა, რომ პროექტი თითოეული პუნქტის მიხედვით გაგვევლო, თუმცა იმის გამო, რომ კანონპროექტის განხილვას ხელოვნურად კიდევერთხელ გაწელავდნენ, ჩემი უფლებამოსილების გამოყენება დამჭირდა, რომ საგნობრივი განხილვა იყოს“, - დასძინა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი აკრიტიკებს და for.ge-სთან საუბარში საკითხის როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ მხარეზე აპელირებს.
გოგორიშვილი განმარტავს, რომ 156-ე მუხლი სქელტანიან კოდექსებს ეხება და როცა ამას 34 მუხლიან კანონზე აკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაინტერესებს, პარლამენტი რას მიიღებს.
„პარლამენტის თავმჯდომარეს ამ მუხლს წამყვანი კომიტეტი სთავაზობს, გადაწყვეტილების მიღება კი, მხოლოდ სხდომის წამყვანს შეუძლია. ამ გადაწყვეტილების მიღება პირადად ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობაა, რომელმაც იმას მოაწერა ხელი, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ორგანო კი არა, არამედ სუს-ის ნოტარიუსი იყოს“, - ამბობს გოგორიშვილი.
კანონმდებელი ვერ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ცვლილებებს ვეტოს პრეზიდენტი, თუმცა ამბობს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაუშვებელია.
„პრეზიდენტის ვეტო იქნება თუ არა, ამის თაობაზე განცხადება პრეზიდენტს პირდაპირ არ გაუკეთებია და ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პაკეტის მიღება განხილვის გარეშე მოხდეს, რადგან საკანონმდებლო პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე მოსმენის რეჟიმია, როცა საკითხის განხილვა მუხლობრივად ხდება. ოპერატიული სააგენტოს შექმნის თაობაზე პროექტი თავების მიხედვით უნდა განხილულიყო. პირველ თავში ცხრა მუხლია და უამრავი პუნქტია. როცა პარლამენტის წევრს ყველაფრისთვის ორი წუთი ეძლევა, ეს იმას ნიშნავს, არ აინტერესებთ, დეპუტატი რას ფიქრობს და ამ კანონპროექტის მიმართ რა დამოკიდებულებაა“, - აღნიშნავს დეპუტატი.
გოგორიშვილის ცნობით, ცვლილებების წინააღმდეგ ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი და ბიზნესს სექტორი გამოდიან და ამბობენ, რომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია, რომელიც პარლამენტში არ დაწერილა მიუხედავად იმისა, რომ მის ავტორად 13 დეპუტატი წერია.
„ცვლილებები ვახტანგ გომელაურის დაწერილია და ამის დასტურად ის კმარა, რომ როცა პირველი მოსმენისას კითხვებს ვსვამდი, რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ინიციატორთა შორის არიან, ჩემთან მოვიდნენ და მკითხეს, ეგ სად ნახეო. თუ ვინმე ამას გააპროტესტებს, შემდეგ მათ სახელ-გვარებს დავასახელებ, ვინ მოდიდოდა და ამას ვინ მეკითხებოდა. პროექტის ავტორებად მათი სახელი და გვარები ფორმალურად დაწერილია და ცვლილებები გომელაურის კარნახით სუს-შია დაწერილი, რაც უმრავლესობის წევრებმა ძალიან კარგად იციან“, - აცხადებს გოგორიშვილი.
კანონმდებელი გამორიცხავს, რომ პარლამენტს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის მსგავსად, ეს ცვლილებებიც უკან დაუბრუნდეს, რადგან ფიქრობს, რომ ამას თავად ვახტანგ გომელაური არ დაუშვებს.
„ფინანსთა მინისტრმა ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში ზედამხედველობის ფუქნციის უკან დაბრუნება ითხოვა, რომელიც ზარზეიმით მიიღეს. შესაძლოა, რაღაც დროის შემდეგ მიხვდნენ, როგორი საშინელება გააკეთეს და როგორი ტოტალური მოსმენის საშუალება მისცეს სუს-ს, მაგრამ არ მგონია, რომ უმრავლესობამ ამის შემობრუნებას შეძლებს, რადგან ამის წინააღმდეგ გომელაური წავა. ეს ის თემაა, რომელზეც ხელი უმრავლესობას არ მიუწვდება, რადგან გადაწყვეტილებას პირადად ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი - გომელაური იღებს. მათ ურთიერთობებში "ყოფილი" არ არსებობს“, - დასძენს კანონმდებელი.
გოგორიშვილი ხაზს იმასაც უსვამს, რომ გომელარის კაპრიზია, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშით არ წარსდგეს და საჯარო გამოსვლები არ ჰქონდეს.
„ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხი ის იყო, რომ სუს-ის უფროსების გარდა, მოადგილეებსაც ჰქონდეთ ანგარიშის წარდგენის უფლება. პირადად გომელაურის კაპრიზია, რომ მას პოლიტიკურ პროცესთან საჯარო შეხება არ ჰქონდეს და მას კითხვა არ დაუსვან. ეს მაშინ გამოჩნდა, როცა ერთი წლის წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, 90-ზე მეტი დეპუტატი იჯდა, რეგისტრაციას კი სულ უფრო ცოტა გადიოდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ გომელაური ტრიბუნასთან არ ასულიყო, მისთვის კითხვები არ დაესვათ და მცდელობა იყო, პარლამენტის უმრავლესობის ჯიბეში ჩადების. უმრავლესობასაც სუს-ის უფროსთან კონფლიქტი არ უნდათ, რა იციან, მერე რა ხდება და მის ნება-სურვილებს დაჰყვებიან“, - განაცხადა გოგორიშვილმა.
უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობა მომზადებულ პაკეტში უკანონო მოსმენების საფრთხეს ვერ ხედავს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებს for.ge-ს განუმარტავს და ამბობს, რომ ოპოზიციას მიზნად პროცესის დისკრედიტაცია აქვს დასახული.
კახიანის განცხადებით, კობახიძის გადაწყვეტილება რეგლამენტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და უმცირესობის ქმედებებით იყო განპირობებული, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოება ხედავდა.
„მათი ქმედება იმას ემსახურება, რომ პროცედურული ხრიკების გამოყენებით საპარლამენტო საქმიანობის დროში უშინაარსოდ გაწელვა მოხდეს. სამწუხაროდ, მათ ამის საშუალებას პროცედურები აძლევდათ. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ ასეთი მიდგომა შეეცვალათ, მაგრამ მათ ბიუროს სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი რაიმეს შეცვლას არ აპირებდნენ. ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათთვის იგივე ქმედებების განხორციელების საშუალება არ მიგვეცა, რაც საპარლამენტო საქმიანობას უშინაარსოდ წელავს. ეს ყველაფერი მათი არაკონსტრუქციული მიდგომებით იყო განპირპირობებული“, - ამბობს კახიანი.
იგი ცვლილებების დაჩქარებულ ვადებში განხილვასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ უმრავლესობას, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით დროში ზღუდავს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
„კერძოდ, სასამართლომ თქვა, რომ ეს კანონპროექტი მიღებული 1 აპრილამდე უნდა იქნეს. თუკი ვინმე ამაში სიჩქარეს ხედავს, შესაძლოა, ეს ამით იყოსგანპირობებული. ოპოზიციის მიზანი სწორი რეგულაციების შემუშავებას არ ემსახურება და რაც არ უნდა შევცვალოთ და კანონპროექტის სრულყოფა მოვახდინოთ, ისინი ცვლილებების მაინც წინააღმდეგი იქნებიან. მათი მიზანია, რომ ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ და სიტუაცია ისე გამოჩინონ, თითქოს, ეს ყველაფერი საკონსტიტუცოო სასამართლოსთან ან საერთაშორისო სამართალთნ წინააღმდეგობაშია“, - აღნიშნავს დეპუტატი.
კახიანის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ სხდომა დატოვა, უმრავლესობამ პროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. მათ შორისაა ის, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას სუს-ის ხელმძღვანელი აღარ წარადგენს და პრემიერ-მინისტრს მის კანდიდატურას კომისია შესთავაზებს, რომელშიც წარდგენილი იქნება როგორც ოპოზიცია, ასევე სახალხო დამცველი და სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები.
„ასევე სუს-ის ხელმძღვანელი სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეებს ნიშნავდა, ცვლილებებით კი, მოადგილეებს სააგენტოს ხელმძღვანელი დანიშნავს. ასევე, დებულებას სუს-ის ხელმძღვანელი აღარ დაამტკიცებს. დამოუკიდებლობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ შესაძლოა, პროცესი სხვანაირად განვითარდეს და პრეზიდენტმა ვეტოს უფლებით ისარგებლოს. ეს ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, ვცდილობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ვადებში შევასრულოთ, რაც მოგთხოვეს. შეიძლება, ამ პროცესსგარედან დაჩქარებული უწოდოს, მაგრამ ყველაფერი წესისამებრ მიმდინარეობს“, - დასძენს კახიანი.
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსმა“. როგორც ფრაქციის წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა, მისი გუნდი ცვლილებებს მხარს არ და ვერ დავუჭერს, რადგან არ არის გაზიარებული მთავარი პრინციპი, რომ მოსმენების სამსახური დამოუკიდებელი სტრუქტურა იყოს და სუს-ის დაქვემდებარებაში არ იყოს.
„მართალია, კანონში გათვალისწინებულია საკმაოდ ბევრი მაკონტროლებელი მექანიზმი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სტრუქტურების ხელმძღვანელები ლოიალურები არიან ხელისუფლების მიმართ, მათი დამოკიდებულება როგორი იქნება, გასაგებია“, - აღნიშნა მარშანიამ.
რაც შეეხება მობილური ოპერატორების წარმომადგენლების განწყობას, ოპოზიციის მსგავსად, გარკვეულ პრობლემებზე ისინიც საუბრობენ. საპარლამენტო მოსმენებისას, „მაგთიკომის“მფლობელმა,გიაჯოხთაბერიძემ განაცხადა, რომ არც ერთ ხარჯს, არც ერთ თეთრს იმის გარდა, რაც კომუნიკაციის წარმოებას ეხება, არ გასწევს.
„შტეფსელი“ უნდა გვქონდეს, მაგრამ ადაპტერის გარეშე. ადაპტერი - თქვენი საქმეა. „შტეფსელი“ უნდა იყოს და აი, აქ არის „შტეფსელი“. ჩემთვის სულ ერთია, თქვენ „შტეფსელში“ თითს წაითლით, შეაერთებთ და ინფორმაციას მაგით მოხსნით თუ გულთმისანს მოიყვანთ და ის წაიკითხავს. ეს რა აპარატურაც გინდათ მიაერთეთ და მოხსენით ნებისმიერი ინფორმაცია - „შტეფსელი“ იქნება, ადაპტერი არ ექნება. დაკარგული ტერიტორიები გაქვს, მაგრამ ისეთი სიძლიერის ჯარი არ გვყავს, რომ იარაღის ჟღარუნით დავიბრუნოთ და სოჭიც მოვაყოლოთ, როგორც 1918 წლამდე იყო. ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, „ვასტოპებთ“ და იქ ვართ, სადაც ვართ - ასე მორჩილად. თუ ამდენის კონტროლი არ შეგიძლიათ, მაშინ იქ უნდა დაასტოპოთ, სადაც შეგიძლიათ!“, - აღნიშნა „მაგთიკომის“ მფლობელმა.
ჯოხთაბერიძემ იმაზეც ისაუბრა, რომ კომპანიები, რომლებიც კარგად მუშაობენ, ყველაფერს თავის თავზე ვერ აიღებენ.
ბიზნესს ვალდებულება აქვს, დღგ გადაიხადოს და 112-ს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვემსახურებით. ლიცენზიების ვადა დამთავრებული არ იყო და თავიდან გადავიხადეთ, რაზეც ხმა არ ამოგვიღია. უკვე გვეყო რა! არანაირ თქვენს აპარატურას არ შევიხოცავთ, რადგან ერთი მოვა, ლობიანი და ხაჭაპური „ევასება“, მეორეს - ხაჭაპური, მესამეს - რაღაცა. გზაში ვინ რას მოიგონებს, არ ვიცით! გადავიხადე ბიუჯეტში? - იქ „დავასტოპე“ და მორჩა! კომპანიები, რომლებიც კარგად მუშაობენ, ყველაფერს თავის თავზე ვერ აიღებენ“, - განაცხადა ჯოხთაბერიძემ.
აღნიშნულ ცვლილებებზე მესამე მოსმენით მსჯელობა სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაგრძელდება, თუმცა მასში მხოლოდ რედაქციული შენიშვნები განხორციელდება, რომელიც შესაძლოა, განსახილველად პარლამენტს ისევ წარედგინოს, რადგან საუბარია იმაზე, რომ საკანონმდებლო პაკეტს შესაძლოა, ქვეყნის პირველმა პირმა ვეტო დაადოს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მთავარი სიახლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელსაც სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება.
კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტოგადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.