„მესმის, რომ პროკურატურა მთლად მოზომილი არ იყო თავის განცხადებებში, მაგრამ ეს მოიდო მიზეზად და მთავარი პროკურორის თანამდებობიდან წასვლის საკითხი დასვა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროვოკაცია. ამას არც ეკლესიათან, არც ეროვნებასთან, არც სინდისთან და არც ნამუსთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, თუ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი განხილვები დაიწყება, საკმაოდ არასასურველ პროცესებს მივიღებთ.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რომელიც საპატრიარქოს გარშემო ვითარდება? სისხლის სამართლის საქმის უკან დგას პოლიტიკა, რომლის მთავარი მოტივია ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის?
ვახტანგ ძაბირაძე: ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ის პროცესი, რომელიც ახლა საპატრიარქოში მიმდინარეობს, პირველ რიგში აზიანებს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს. ბოლო 25 წლის მანძილზე ეკლესია აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუტი, რომელმაც ამ ურთიერთდაძაბულ და ორად გახლეჩილ საზოგადოებაში შეძლო შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, რამაც ეკლესიას უდიდესი აღიარება მოუტანა და ამის იდეოლოგი იყო მისი უწმინდესობა. დღეს ეკლესია არის ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუტი ქვეყანაში, არაფერს ვამბობ პატრიარქზე, რომლის მიმართ დამოკიდებულება არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი. ეს არის ის, რა რეალობაც გვაქვს დღეს. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა, რომ ეკლესიის თემა იქნას წამოჭრილი და მოხდეს მისი გაკრიტიკება, მხოლოდ ვნებს პროცესებს.
ის, რაც ახლა ხდება - ეკლესიის შიდა საქმეების გარეთ გამოტანა - კრიტიკაა?
–არა და არა! მგონია, რომ ეს ქვეყნის მომავალს და სტაბილურობას წაადგება. ეკლესიას აქვს უზარმაზრი გავლენა მოსახლეობაში. ყველა პოლიტიკური ძალა მთელი 25 წლის განმავლობაში ცდილობდა საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია ეკლესია, მაგრამ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეს ვერ შეძლო, რაც ძალიან კარგია. არა მარტო შიდა პოლიტიკური ძალები, ამას ცდილობენ გარე ძალებიც. ეკლესიის ირგვლივ უამრავი ინტერესი იკვეთება.
და სად არის აქ ეროვნული ინტერესი?
– ვფიქრობ, ეროვნული ინტერესი არის ერთადერთი: ეკლესიამ შეინარჩუნოს როგორც ნეიტრალიტეტი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს შორის, ისე - ერთიანობა. იმიტომ, რომ ეს ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნას. პატრიარქს აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი, მაგრამ საზოგადოებაც უნდა ეცადოს, რომ ეს ავტორიტეტი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს და არა ქვეყნის საზიანოდ. სხვა მხარეა პრობლემა, რომელიც გამოჩნდა და საჯარო ასპარეზზე გამოვიდა. ის ბრალდებები, რაზედაც მეუფე პეტრემ ილაპარაკა, რომ ეკლესიის შიგნით რაღაც არასასურველი პროცესები მიდის, გნებავთ ფინანსური, თუ სხვა თვალსაზრისით, ეს არახალია, ძველია.
რატომ გახდა დღეს აუცილებელი ამის გახმოვანება და რატომ არ გაკეთდა ეს 5–6 თვის, ან 1 წლის წინ, იგივე მეუფე პეტრეს მხრიდან?
– ამ კითხვას სჭირდება პასუხი იგივე იმ ეკლესიის მსახურების მხრიდან, რატომ არ აკეთებდნენ ამ გაცხადებს გუშინ და რატომ აკეთებენ დღეს.
როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რაზეც სასულერო პირებისგან განსხვავებით, საერო საზოგადოება საუბრობს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და საბოლოო ჯამში ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის?
– სხვა რა შეიძლება ვივარაუდოთ? სხვა რა ვერსია შეიძლება იყოს? თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ დღეს დაინახეს და გუშინ არ იცოდნენ, მაშინ ეს უნდა თქვან, მაგრამ თუ გუშინაც იცოდნენ და არ ამბობდნენ, მაშინ უნდა ახსნან, დღეს რატომ ამბობენ, თუ ეს არ არის მიმართული იმისკენ, რომ იწყება ბრძოლა საპატრიარქო ტახტისთვის, სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებს?
ჩემი აზრით, მეორე პრობლემა არის ის, რომ ეკლესიაში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ დაიკავონ პატრიარქის ადგილი. ვთვლი, რომ ძალიან ლოგიკური და ადამიანურია ასეთი სურვილი. აი აქ უკვე ჩნდება მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა - რა ფორმებით მიმდინარეობს ეს ბრძოლა. აი აქ უკვე ვაწყდებით იმ მეთოდებს, რაც სრულიად დაუშვებელია.
კერძოდ?
– თურმე შეიძლება იმ მეთოდებით იბრძოლო, რისთვისაც ერთ–ერთი მღვდელმსახური აეროპორტში იქნა დაკავებული, ციანიდის გამოყენებით ბრძოლა საპატრიარქო სკამისთვის, ეს უკვე საშინელებაა. ვის აქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება, მაგრამ ეს უკვე აღარ არის ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, აქ გაცილებით დიდ რამეზეა ლაპარაკი.
ამიტომ არის აუცილებელი, სახელმწიფომ დროულად და ზუსტად გამოიძიოს, თუ რა ხდებოდა. ამ გამოძიების შემდეგ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ხელისუფლება ხელს უწყობს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნას. ამიტომ, ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ გამოიძიოს ეს ფაქტი ძალიან სკურპულოზურად და ყოველგვარი ჩრდილების გარეშე.
რატომ უნდა იყოს ხელისუფლების ინტერესში არასტაბილური გარემოს შექმნა?
– არანაირად არ უნდა აწყობდეს და ძალიან არალოგიკურია. მაშინ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია ამ საქმის გამოძიება. ასეთი რეზონანსული საქმის გამოუძიებლობა არის კატასტროფა და სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც ვამბობდი, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნას. ამ საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში, პროცესები თავისთავად გახდება უმართავი, ამას უკვე ხელისუფლების ხელშეწყობა აღარ დასჭირდება. ამიტომ, უპირველესად ხელისუფლების, ისევე, როგორც საპატრიარქოს. ინტერესშია საქმის დროულად და დეტალურად გამოძიება,
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამას ცივი გონებით შევხედოთ, ასე არ გამოვა. უკვე მოხდა ფაქტი, რომელმაც ჩრდილი მიაყენა ეკლესიას, მათ შორის იმ ურთიერთობებს, რაც ამ იერარქიაში არსებობს. ეკლესიიდან გამოვიდა ისეთი პრობლემა, რაც არანაირად არ უნდა უკავშირდებოდეს წყენას და მართლმადიდებლობას. არ შეიძლება ფინანსური საკითხი და მაქინაციები ეკლესიის უმაღლესი სასულერო პირთა დაპირისპირების მიზეზი იყოს.
ფინანსური საკითხები და კორუფციული სქემა გამოკვეთა მეუფე პეტრემ, რომელიც დარწმუნებულია დაკავებული დეკანოზის უდანაშაულობაში. როგორ ფიქრობთ, გარკვეული სასულიერო პირები, და ამ შემთხვევაში მეუფე პეტრე, ყოფილი ხელისუფლების ინტერესებით მოქმედებდეს? როგორც ვიცით, მეუფე პეტრე სააკაშვილთან და ახალაიებთან არის დაახლოებული.
– ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. როდესაც ვლაპარაკობ გამოძიებაზე და იმაზე, რომ შავი ლაქები ამ გამოძიებაში არ უნდა დარჩეს, ვგულისხმობ კომპლექსურ გამოძიებას არა მარტო იმ ფაქტზე, რაზედაც დაპატიმრებული იქნა მამალაძე, არამედ იმ ფაქტის ირგვლივ, რაზედაც არის საუბარი და ცუდია, როდესაც უმაღლესი სასულიერო პირები დავობენ კომერციაზე და ფინანსურ საკითხებზე.
ეს უკვე საზოგადოების კუთვნილებაა და ახლა კიდევ უფრო ცუდი იქნება, თუ მოხდება ამის მიფუჩეჩება და ვიტყვით, რომ არა, ამას არ უნდა შევეხოთ. არ უნდა წასულიყო ამ მიმართულებით საქმე, მაგრამ რადგან მოხდა, ყველა ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული. შეიძლება მეუფე პეტრე არის სააკაშვილის და ახალაიას სულერი მამა, მაგრამ მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მათი დაკვეთით მოქმედებს. რადგან ეს კითხვა გაჩნდა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი.
ეკლესია ჩაერთო ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ვიცით, როგორია ჩვენი მეზობელი ქვეყნის პოზიცია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გარეძე ძალების პოლიტიკურ ინტერესში შედის განხეთქილება იმ ინსტიტუტში, რომელსაც საზოგადოების 90 პროცენტის ნდობა აქვს?
– რა თქმა უნდა, არის და თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მთელი 25 წლის მანძილზე ყველა ხელისუფლება ცდილობდა, რომ ეკლესია თავისი გავლენის ქვეშ მოექცია, რაც, საბედნიეროდ, ვერ შეძლეს და რაც ძალიან კარგია, რატომ არ ეცდება იგივეს გარე ძალა? დღეს თუ ვინმეს აინტერესებს საქართველოს შიდა საქმეები, სწორედ ის ინსტიტუტები და პიროვნებები აინტერესებს, ვისაც ვტორიტეტი და გავლენა აქვს. რადგან, როგორ შეიძლება საქართველოში თავისი პოლიტიკა გაატაროს, თუ ვერ შექმნის მეხუთე კოლონას?
ასე რომ, აქ კითხვაც არ შეიძლება იყოს. თქვენ ახსენეთ საპატრიარქოს ჩართულობა ჩრდილოატლანტიკური მიმართულებით... რა თქმა უნდა, იქნება გარე ძალების ინტერესი. გვახსოვს პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში, რამდენჯერაც ჩაბრძანდა მოსკოვში, იმდენჯერ შეხვდა რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს. ეს არის სხვა ქვეყნებში პატრიარქის ავტორიტეტის და გავლენის აღიარება. ასე რომ, არ არსებოობს არც ერთი არგუმენტი ვიფიქროთ, რომ უცხო ქვეყნები, პირდაპირ თუ ირიბად, არ მონაწილეობენ, ან არ ეცდებიან გავლენა მოახდინონ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე.
გარდა ამისა, ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ინარჩუნებს იმ სივრცეს, რომელსაც ჩვენ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ შეეცდებიან სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ. რა თქმა უნდა, იქნება შეტევა იმაზე, რომ ეკლესია გახლიჩონ. მით უმეტეს, თუ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, მათ შორის სასულიერო ელიტა და საზოგადოება, იმდენად მოუმწიფებელი აღმოვჩნდებით, რომ ამას დაუშვებთ, მაშინ რაზეა ლაპარაკი?!
აქვე საინტერესოა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზის, ვსევოლოდ ჩაპლინის განცხადება, რომ პროცესები, რომელიც ახლა ეკლესიის გარშემო ვითარდება, ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. შიშობს, რომ ზოგიერთ მათგანს შეიძლება პატრიარქის მოშორება სურდეს, რათა გავლენა მოახდინონ ეკლესიაზე. როგორ აფასებთ ამ განცხადებას?
– ჩემთვის წარმოუდგენელია ნებისმიერი ასეთი პირდაპირი განცხადება პოლიტიკური თუ სასულიერო პირის მხრიდან იმიტომ, რომ მე ასეთი არგუმენტი არ მაქვს. კი, ვეთანხმები, რომ გავლენის მოპოვებას ცდილობდნენ ყოველთვის და მომავალშიც ეცდებიან, მაგრამ აქ ისევ ძიების პრეროგატივაა.
თუ ჩვენ დავიწყებთ ვერსიებზე საუბარს - პერსონებზე, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ შევუწყობთ ხელს პროცესების ცუდი მიმართულებით განვითარებას, რის წინააღმდეგ თითქოს გამოვდივართ. ამიტომ მგონია, რომ ყველაზე სწორი და მართებულია საპატრიარქოს განცხადება, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეებს. სხვა ნებისმიერი ქმედება საზოგადოების მხრიდან, არის გაუმართელებელი.
ისევე როგორც საპარლამეტო ოპოზიციის?
– რა თქმა უნდა. მესმის, რომ პროკურატურა მთლად მოზომილი არ იყო საკუთარ განცხადებებში, მაგრამ ეს მოიდო მიზეზად და დასვა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან წასვლის საკითხი, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროვოკაცია. ამას არც ეკლესიათან, არც ეროვნებასთან, არც სინდისთან და არც ნამუსთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ ხომ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადავიდეს პოლიტიკოსი იქნება ეს, თუ საზოგადება. თუ ამ მიმართულებით დაიწყება საზოგადოებრივი განხილვები, საკმაოდ არასასურველ პროცესებს მივიღებთ.