დეკანოზ გიორგი მამალაძე „ავერსის“ კლინიკაშია გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება, საპატრიარქოში კი თანამდებობის პირთა სტუმრიანობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათალიკოსს პატრიარქს, ილია მეორეს როგორც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი, ასევე პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ეწვია. საპატრიარქოდან გამოსული პირები შეხვედრის დეტალებს არ ასაჯაროვებენ, თუმცა საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ, ე.წ. ციანიდის საქმეა.
თუ რა პროცესები ვითარდება „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით, ამის გარკვევის მიზნით, for.ge სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ესაუბრა:
სრულიად საქართველოს კათალიკოსს პატრიარქს, ილია მეორეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თქვენც შეხვდით. შეგიძლიათ, გვითხრათ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის განწყობა როგორია?
- პატრიარქმა თქვა, რომ აუცილებელია, ყველა დაწყნარდეს და რაც ხდება მშვიდად გამოვიძიოთ, რათა საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ ჰქონდეს.
როგორც ცნობილია, პატრიარქს გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი აქვს. ეს ასეა?
- დიახ, მან იკითხა და სურვილიც ჰქონდა, რომ მამალაძეს შეხვედროდა. მან ასევე ისიც მკითხა, პროცედურულად ამ შეხვედრის ორგანიზება რამდენად შესაძლებელია.
საუბარია მამალაძის შეწყალებაზეც. მაშინ, როცა ეს ადამიანი ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, მისი შეწყალება როგორ უნდა მოხდეს?
- შეწყალების უფლება პატრიარქს არ გააჩნია და ამ უფლებამოსილებით პრეზიდენტი სარგებლობს.
დაცვის მხარეს განთქმულობის პირობის გაუქმებას და საუბრის მიცემის უფლებას ითხოვს. რამდენად ირღვევა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა?
- ბევრ კითხვის ნიშანს იწევს ის ფაქტი, რომ პროკურატურა დაცვის მხარეს უფლებას დღემდე არ აძლევს, რომ კონკრეტულ საკითხზე ისაუბროს. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ საგამოძიებო ორგანომ საჯარო განცხადება არაერთხელ გააკეთა და მათ შორის სატელევიზიო ეთერით. ამასთანავე, საუბრის შესაძლებლობა მოწმეებსაც აქვთ, დაცვის მხარე კი ამ უფლებას რეალურად მოკლებულია, რის გამოც, აქ სერიოზულ პრობლემას ვხედავთ. სახეზეა მხარეთა შეჯიბრობითობის და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევა. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინე იმის თაობაზე, დაცვის მხარეს ეს უფლება თუ რატომ აქვს შეზღუდული. ალბათ, პროცესის ასე გაგრძელება ბრალდებულის - მამალაძის შესახებ ნეგატიური სურათის შექმნას ემსახურება.
ანუ, ეს იმისთვის კეთდება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ უფრო მეტი ეჭვი და ვარაუდი არსებობდეს, ვიდრე მეტი პასუხი?
- როცა ერთი მხარე საუბრობს და მეორეს ამის უფლება არ აქვს, თუნდაც კითხვებს უპასუხოს, ეს სერიოზული პრობლემაა.
რაც შეეხება მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თქვენ საქმის კურსში ხართ?
- დეკანოზ გიორგი მამალაძე მოვინახულე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უმჯობესდება.
თქვენ ამ საქმეში პოლიტიკურ მიზნებს ხედავთ? საუბარია, რომ 13 თებერვალს პოლიტიკოსებმა საკუთარ განცხადებებში გადააჭარბეს და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს...
- გამონათქვამები აშკარად გადაჭარბებული იყო. ასევე სასულიერო პირზე საუბარი არ ყოფილა და ეს თემა საიდან გაჩნდა, რატომ დაიწყო და ამ პროცესს ასეთი მსვლელობა რატომ მიეცა, ვერ გეტყვით, თუმცა ეს სამწუხაროა.
თქვენს წლიურ ანგარიშში ეს საქმე მოხვდება?
- რა თქმა უნდა, მოხვდება. ანგარიშში იმ დეტალებზე იქნება საუბარი, რაც გვექნება.