საპარლამენტო უმცირესობა ე.წ. ციანიდის საქმეზე დღის წესრიგში მთავარი პროკურორის, ირაკლის შოთაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. „ევროპული საქართველო“ ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ეკლესიას და საზოგადოებას ზიანი მიაყენა, რის გამოც, მან პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
საპატრიარქოს გარშემო განვითარებული პროცესების თაობაზე, for.ge უმცირესობის წევრს, გიგა ბოკერიას ესაუბრა:
რამდენად რეალურია, რომ ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად 50 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოთ, ვინაიდან ამისთვის უმრავლესობის მხარდაჭერა გჭირდებათ?
- სამწუხაროდ, წლებია, ივანიშვილის გუნდიდან რწმენისა და ეკლესიის თემაზე სპეკულაციას ვხედავთ, ძირითადად შავრაზმული მიმართულებით. ასევე წლებია, აბსურდულ, უტიფარ და გრანდიოზულ ტყუილებს ვხედავთ, მაგრამ ამ სამარცხვინო ეპიზოდით ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნეს. კარგად გვესმის, რომ მთავარ პროკურორს საკუთარი ნებით არც ერთი გადაწყვეტილება და არც ერთი არსებითი განცხადებაც კი არ ექნება გაკეთებული, რადგან ვიცით, ამ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. მაგრამ, იმის გამო, რომ ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ უკავია, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ოპოზიციამ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავსვათ, რომელმაც ეს ბინძური დავალება შეასრულა და საზოგადოებისთვის მორალის კითხვას დღემდე უტიფრად და ცინიკურად აგრძელებს.
რაც შეეხება უმრავლესობის მხარდაჭერას, ეს ყველა პოლიტიკოსისთვის ტესტი იქნება, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყოს, ის დააფიქსირებს თუ არა პოზიციას ამ საკითხზე. ეს საკითხი საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისთვის ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ორგანიზაციას ეხება და სწორედ ამიტომ, თუკი ამ ადამიანებმა ამ პრინციპულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება ვერ გაბედეს, ეს თითოეული მათგანისთვის პოლიტიკური განაჩენი იქნება.
პროკურატურა ირწმუნება, რომ ამ საქმეზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ფლობს. შესაბამისად, ხომ არ სჯობს, რომ განთქმულობის პირობა გაუქმდეს და საუბრის უფლება დაცვის მხარესაც მიეცეს?
- რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მოვისმინეთ. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ბერკეტი საზოგადოებრივი რეაქციაა. შესაბამისად, არ უნდა გავჩერდეთ და ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის ნათელი უნდა გავხადოთ, რომ ეს ამბავი ასე ვერ ჩაივლის. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ არ ველოდები, რომ რაიმე მტკიცებულებები იარსებებს, თუმცა აბსოლუტურად გაუგებარია, ეს მტკიცებულებები გასაიდუმლოებული რატომ იყო.
თქვენ „ციანიდის საქმეში“ პოლიტიკურ კვალს ხედავთ? ამ საქმეში პოლიტიკური მიზნები იკვეთება?
- პოლიტიკური პარტიების კონტექსტში ეკლესიის განხილვა სწორი არ არის, რადგან ეკლესიისა და საერო ცხოვრების გაყოფის მყარი პრინციპი უნდა გვქონდეს, მაგრამ ციანიდის ეპიზოდი მთელ საზოგადოებას ეხება. ეს იმ ინსტიტუტს შეეხო, რომელსაც ყველაზე უფრო დიდი საზოგადოებრივი ავტორიტეტი აქვს. ამ პროცესმა ის პრობლემა კიდევ ერთხელ გააშიშვლა, რომ ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არაფორმალური მილიარდერი მართავს და მას არანაირი ზღვარი არ გააჩნია არც მეთოდებში და არც ამოცანებში, რომელსაც დაისახავს ხოლმე. ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს და არაფორმალური მმართველი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოშთობასაც ახდენს. მას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დომინაციის სურვილი აქვს, მაგრამ არ მინდა იმაზე ვისპეკულირო, თუ რა ამოცანა ჰქონდათ.
საზოგადოების მხრიდან „ციანიდის საქმეზე“ ფართო დისკუსია მიმდინარეობს, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. როგორც პოლიტიკოსს და დეპუტატს არ მსურს, ამ სამარცხვინო ნაბიჯით ვისპეკულირო, თუმცა შეფასებების საფუძველს ფაქტები გვაძლევს. ის, რაც ყოველგვარი ანალიზის გარეშე ვიცით, ასევე რაც ზედაპირზე დევს და იკადრეს, საკმარისია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დასვან.
ხშირად საუბარია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირება პატრიარქის მემკვიდრეს უკავშირდება. რამდენად შესაძლებელია, არაფორმალური პატრიარქის მოყვანის მცდელობა იყოს?
- რამდენიმე შემთხვევაში კომპეტენტური ანალიზი მოვისმინე იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი საჭიროდ არ მივიჩნევ, რომ თუნდაც ლეგიტიმური ვარაუდები გამოვთქვა. ჩემი ამოცანაა, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ფასი გადავახდევინოთ, რომელმაც ამ ტიპის სამარცხვინო ინტრიგა დადგა. ზოგადად, ყველა ხედავს, რომ ივანიშვილს ამოცანა აქვს ყველაფერში და ყველგან იყოს. საზოგადოებაში ამ თემაზე დისკუსია გაგრძელდება და შეიძლება დამატებითი ფაქტებიც გაირკვეს, რომელიც უფრო დარწმუნებით იმას გვათქმევინებს, ეს საქმე რა ამოცანას ემსახურებოდა. რაც ჩაიდინეს, საზოგადოების შეურაცხყოფა და ჩვენი დემოკრატიული ტრადიციისთვის, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის კატასტროფაა, რასაც არანაირი ანალიზი და ვარაუდები არ სჭირდება.
საპატრიარქოში განვითარებულ პროცესებში რუსული კვალი იკვეთება?
- არ გეგონოთ, რომ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე დისკუსია მიუღებლად მიმაჩნია. არ ვეთანხმები იმას, როცა ვინმე ამბობს, ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე საუბარს როგორ ბედავთო, რადგან ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური თემაა, მაგრამ ამჟამად, აქცენტს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვაკეთებთ. ჩემი შეხედულება ძალიან მკაფიოა, რომ ეკლესიისა და სამოქალაქო ინსტიტუტების გაყოფა უნდა მოხდეს. საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებში ეკლესიისა და რელიგიის სახელით ჩარევა ან პირიქით, ეკლესიის საკითხებში სახელისუფლებლო პირის ჩარევა და თან ასეთი სამარცხვინო მეთოდებით, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რწმენის თავისუფლებისთვის კატასტროფაა. ამიტომ, საზოგადოება ამას წინ უნდა აღუდგეს. ყველა საღი აზრის ტესტით, ხელისუფლების მხრიდან ბინძური მეთოდებით ეკლესიაში ჩარევის მცდელობა აშკარა იყო.
რაც შეეხება ჩვენს ჩრდილო მეზობელს და მტრულად განწყობილ სახელმწიფოს, წლებია, რუსეთი ეკლესიის თემის გამოყენებას საკუთარი ნარატივის დასამკვიდრებლად ცდილობს. „ქართული ოცნება“ ერთ-ერთი მოწინავე იყო, რომელიც ამ თემებით სპეკულირებდა, რაც როგორც ქვეყნის ინტერესებს, ასევე ეკლესიას და თავისუფლებას აზიანებს. ყველა ადამიანი, ვინც სიტყვის თავისუფლებას ასე ცუდად იყენებს, პოლიტიკურად კეთროვანად უნდა გამოვაცხადოთ.