„ქვეყანაში სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, რომელშიც ეკლესია ჩართეს“

„ქვეყანაში სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, რომელშიც ეკლესია ჩართეს“

„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვს; უმრავლესობა ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების პროცესის დასრულებას ელოდება და პოლიტიკურ თამაშებზე მიანიშნებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი კი, ბრალდებას ასაჯაროვებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს განთქმულების პირობაზე ხელი არ მოუწერია, მან დაკავებული დეკანოზის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს გააცნო და აღნიშნა, რომ მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

მისი ცნობით, პატრიარქს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა და საქართველოს არანაირი უბედურება არ ეწეოდა.

„ბარგი, რომელშიც თითქოსდა აღმოჩენილია ციანიდი, დაკავებიდან 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც მამა გიორგი მამალაძე იყო“, - დასძენს რამიშვილი.

დაცვის მხარის მსგავსად, კითხვები და ეჭვები აქვთ ოპოზიციაშიც.

როგორც for.ge-ს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, უმცირესების მოთხოვნა პოსტიდან მთავარი პროკურორის გადაყენება და საგანგებო პროკურორის დანიშვნაა, რომელმაც ირაკლი შოთაძის მხრიდან მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის საკითხი უნდა გამოიძიოს, რადგან ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

კანონმდებელის შეფასებით, იმის თქმა შესაძლებელია, რომ შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, საქმის მასალები ცალმხრივად წარადგინა და განაცხადა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდა, როცა მსგავსი რაღაც არ მომხდარა.

კახიძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობა საპროკურორო საბჭოს მიმართავს, ვინაიდან საქმე დანაშაულს ეხება, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ჩამოაცილოს და საგანგებო პროკურორი დანიშნოს, რომელიც გამოძიებას ობიექტურად, მიუკერძოვებლად და გამჭვირვალედ ჩაატარებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„მან „პროკურატურის შესახებ“ კანონი დაარღვია, არაპროფესიონალურად და არაკომპეტენტურად მოიქცა, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია და ეკლესიის იმიჯი შელახა. ასევე შესასწავლია, მამალაძის ბარგის ჩხრეკის კანონიერება და კალიუმის ციანიდის წარმომავლობა.  შესასწავლია, მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იარაღის და ექვსი საბრძოლო ვაზნის წარმომავლობა. აგრეთვე, შესასწავლია პროცედურული დარღვევები, რომელიც დაკავებას, ბრალდებას და პატიმრობას თან ახლდა. ასევე შესასწავლია მთავარი პროკურორის მოტივაცია საზოგადოება შეცდომაში რატომ შეიყვანა და მთავარ სპიკერად რატომ მოგვევლინა, ვინაიდან ის საზოგადოებას ინფორმაციას პრესსამსახურის საშუალებით აცნობს?!“, - აღნიშნავს კახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ყურადღებას საქმის პოლიტიკურ ნაწილზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღის წესრიგში შოთაძის გადაყენების საკითხი არ უნდა იდგეს, რადგან ის ნულოვანი ფიგურაა.

მისი თქმით, ქვეყანაში ისეთი ვითარება რომ იყოს, სადაც გენერალური პროკურორი გენპროკურორი იქნება, იუსტიციის მინისტრი - იუსტიცის მინისტრი, მაშინ იმპიჩმენტის დაყენებას აზრი ექნება, მაგრამ ყველა ეს თანამდებობის პირი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ წეს-წყობილებაზე მოყრილი ერთგვარი გარნირიაა.

„შოთაძე პროკურატურაში არაფრის გადამწყვეტი არ არის და მაშინ, რიგითი პროკურორის მოხსნას რატომ არ ვითხოვთ, რომელსაც სისხლის სამართლის ეს კონკრეტული საქმე წარმოებაში აქვს? - შოთაძის საკითხი ძალიან არასერიოზულია. რაც შეეხება მის პარლამენტში დაბარებას, არც ის და არც სხვა მინისტრები პარლამენტში არ მოდიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვიხილეთ, რომელიც გაიქცა და პასუხები არც ჟურნალისტებს გასცა, არათუ დეპუტატებს. ივანიშვილს ყველა უწყება დაკნინებული და დაქვემდებარებული აქვს. ამ უწყებებს მისი ყოფილი დაცვის წევრები ან „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი თანამშრომლები მართავენ და ყველა უწყება ერთი ადამიანის დიქტატის ქვეშაა. სანამ მართვის სადავეებთან ივანიშვილი იქნება, ყველა უწყებაში შოთაძე და მღებრიშვილი იქნებიან, რომლებიც ვერაფერს ვერ წყვეტენ“, - ამბობს მელია.

მელიას მსგავსად, „ციანიდის საქმის“ პოლიტიკურ მხარეზე აქცენტირებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძეც, თუმცა ის ხაზს ოპონენტების პოლიტიკურ დაინტერესებას უსვამს.

როგორც for.ge-ს ხუნდაძემ განუცხადა, ფაქტია, რომ მოცემულობა მძიმეა და უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს და სამართალდამცავებს მუშაობა აცადონ, რათა სწორ კვალზე გავიდნენ.

დეპუტატის მოსაზრებით, პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა და მისი ჩარევა ეფექტური იქნება, რომ ეს სიტუაცია რამენაირად განელდეს.

„ჭარბი პოლიტიკური განცხადებები და მკვეთრი შეძახილები მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, თუმცა ვფიქრობ, რომ ქვეყანაში სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, რომელშიც ეკლესია ჩართეს. ეს ოპონენტების მცდელობაა, რადგან პატრიარქს და საპატრიარქოს საზოგადოებაში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვთ და ოპონენტებს იმის მცდელობა აქვთ, რომ საპატრიარქო და მღვდელმთავრები მათი მომხრეები გახდნენ და საზოგადოებაზე ამით გავიდნენ, რადგან მათი მხრიდან სხვა მცდელობა ხელმოცარული აღმოჩნდა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ხუნდაძე მიიჩნევს, რომ პატრიარქს და გამოძიებას უნდა აცადონ, რომ სიტუაცია დაამშვიდონ, სწორ კვალზე დამდგარი გამოძიების და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ კი, განცხადების გაკეთება შეიძლება.

„სასულიერო პირი იქ მიემგზავრება, სადაც პატრიარქია და აღმოჩნდება, რომ მომწამლავი ნივთიერება არსებობს, რომელსაც კეთილი განზრახვა ვერ ექნებოდა, მაგრამ ზედმეტი შეფასებისგან თავს შევიკავებ. ამ საქმის უკან სახელმწიფო ინტერესებია და მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით, რომელიც სენსიტიური თემაა. უფლებებზე საუბარი სულ არის, მაგრამ მოვალეობებზე არავინ არ საუბრობს. ვფიქრობ, მოვალეობები უნდა გავიხსენოთ და უპირატესი ინტერესი საზოგადოებრივი სიმშვიდისკენ და საზოგადოების სტაბილურობისკენ უნდა მივმართოთ“, - აცხადებს ხუნდაძე, რომლის მსგავსად, ოპონენტების განცხადებებს ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

for.ge-სთან საუბარში მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურება, რაც ძალიან ცუდია, რადგან ისინი ამ საკითხზე საუბარსაც კი არ ერიდებიან, რომ ეს საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. კანონმდებელი თვლის, რომ სიმართლე მხოლოდ გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს.

„თუ საჭიროდ ჩავთვლით, რომ საზოგადოებრივი ინტერსი პარლამენტში შოთაძის მოსვლით უნდა დაკმაყოფილდეს, ამასაც არ მოვერიდებით. მოწოდებული ვართ, რომ ამ საქმეში რაც შეიძლება მეტი სიცხადე იყოს, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და საზოგადოებამ სწორი პასუხები მიიღოს. ნებისმიერ მსგავს თემას პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა“ , - აღნიშნავს მდინარაძე.

უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილისთვის იმის გარკვევა უფრო მნიშვნელოვანია, დანაშაულის ნიშნებს ჰქონდა თუ არა ადგილი, ვიდრე იმის ცნობას, თუ ვის წინააღმდეგ მზადდებოდა დანაშაული.

for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი ამბობს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მკვლელობა ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„ჩემი კრედოა, რომ მკვლელობა დაუშვებელია. საზოგადოების მხრიდან მსჯელობის შეთავაზება ხდება, რომ ეს მის უწმინდესობას არ ეხებოდა, არამედ სხვას. ეს საკითხი ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ჩემთვის დაუშვებელია. საკითხის მნიშვნელოვან მტკიცებულებების დამაჯერებლობით გაიზომება. მტკიცებულებებში რა არის, არ ვიცით. ამიტომ, შეფასებების იმაზე გაკეთება, რაც არ ვიცით, არ მგონია, სწორი იყოს. ის საუბრები არ მოგვისმენია, რასაც სავარაუდო მოწმე ამბობს. ბევრი სხვა მტკიცებულება არ გვინახავს. შოთაძის პარლამენტში მოწვევას აზრი არ აქვს, რადგან პასუხისმგებლობის საკითხი მტკიცებულებებზე გადის. მნიშვნელოვანია, ქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი, რადგან მისი მსხვერპლი ვინ იქნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს?!“, - დასძენს ქუცნაშვილი.

თანაგუნდელების მსგავსად, საგამოძიებო მოქმედებებზე აპელირებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

როგორც for.ge-ს ძიძიგურმა განუცხადა, განცხადებები, რაც პრემიერმა და პროკურორმა გააკეთეს, საჭირო და დროულიც იყო, რათა სხვანაირი ტიპის მითქმა-მოთქმა არ დაწყებულიყო, რადგან მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით საუბარი უკვე იყო. მისი განცხადებით, პროკურატურა მტკიცებულებებს გაასაჯაროვებს და რეალობა უფრო გაირკვევა.

„მწირი ინფორმაცია გვაქვს და გვინდა, ყველაფერზე პასუხი გვქონდეს, რაც შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ პატრიარქის ჩამობრძანების შემდეგ, რაღაც ტიპის ინფორმაციები მოიმატებს“, - დასძენს ძიძიგური.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა სურდა.