„დეტალურად არ მიდევნებია თვალყური მთელი წინა პერიოდის ბატალიებისთვის, რომ დავასახელო ვინ თქვა, მაგრამ სწორედ „რუსთავი 2“–მა თქვა, რომ თითქოსდა თავდასხმა მზადდებოდა პატრიარქზე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, რომლის განცხადებით, ფაქტია ისიც, რომ ამას წინ უძღოდა მთელი რიგი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, თითქოს „ქართული ოცნება“ ებრძვის ეკლესიას, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს პატრიარქს.
for.ge სოზარ სუბარს ესაუბრა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა, ამ განცხადებაში არ იყო ნახსენები პატრიარქი, მაგრამ რეგალიებს თუ გავითვალისწინებთ, საუბარი იყო პატრიარქზე. ამას მოჰყვა პრემიერ–მინისტრის განცხადება, რომ უბედურება იქნა აცილებული. დღეს პროკურატურა სხვა კუთხით საუბრობს. შესაბამისად, ოპოზიცია პრემიერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორ ხსნით ამ ფაქტს და ზოგადად, რას იტყვით სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებზე, მით უფრო, როდესაც „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების უნდა გადაიხედოს?
სოზარ სუბარი: ბევრი კითხვა მოაქციეთ ერთ კითხვაში, ამიტომ ვეცდები, ცალ-ცალკე ვუპასუხო. პირველი – რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, 4 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მათ არ დაუყენებიათ ეს საკითხი. შესაბამისად, უცნაურია, რატომ გაახსენდათ დღეს ეს საკითხი.
მეორე - მართლმადიდებელი ეკლესია დიდი ხანია ფინანსდება ბიუჯეტიდან, ჩვენ გავატარეთ ცვლილება და კიდევ სხვა ხუთი ტრადიციული კონფენსია იღებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას. მართალია, მათი დაფინანსება შედარებით მცირეა, მაგრამ ეს ბუნებრივიც არის, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80% სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის მრველია. თანაც, ეს დაფინანსებები დაკავშირებულია ეკლესიის ზარალთან, რომელიც მან ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ განიცადა. ბუნებრივია, რომ ზარალი, რომელიც განიცადა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, განუზომლად აღემატებოდა სხვა კონფესიების ზარალს.
რამდენად სწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ დათვლადი გახდეს მიღებული ზარალის ანაზღაურება?
– ეს არ არის სწორი მიდგომა. საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში მართლმადიდებელი ეკლესიას ჰქონდა უდიდესი როლი ერთიანობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ცხადია, დღეს სხვა ეპოქაა, მაგრამ რელიგია და ეკლესია დღესაც თამაშობს უდიდეს როლს ადამიანების ცხოვრებაში. მოსწონს თუ არა დღეს ეს ვინმეს, ეს ასეა. ამიტომ, ეს დახმარება ეკლესიას ეხმარება ისტორიული როლის დაბრუნებაში. ცხადია, ეს ვერ იქნება ისეთი, როგორიც შუა საუკუნეებში, მაგრამ ეკლესიას დემოკრატიულ საზოგადოებაშიც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. შესაბამისად, არა მგონია სწორი იყოს, დავიწყოთ იმის დათვლა, რამდენი ტაძარი დაანგრიეს კომუნისტებმა, რამდენი ქონება წაართვეს ეკლესიას და დღეს ზუსტად მის ადეკვატური რაოდენობის დაბრუნებაზე ვიმსჯელოთ.
ისიც სათქმელია, რომ დაფინანსება, რომელსაც ბიუჯეტიდან იღებს ეკლესია, მიმართულია მთლიანად განათლებაზე და სხვა არაფერზე. ასე რომ, არა მგონოა სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, როგორც ამას „რესპუბლიკური პარტია“ აყენებს.
გასაგებია, რომ თავისი ლოგიკა აქვს დაფინანსებას, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნება, რომ ამ თანხების ხარჯვა მიზანმიმართულად მოხდეს. მით უმეტეს, როდესაც არამიზნობრივ ხარჯვაზე კეთდება განცხადებები იგივე სასულიერო პირების მხრიდან...
– თუ არ ვცდები, ლაპარაკია წელიწადში 25 მილიონ ლარზე. ისევ გავიმეორებ, რომ ამ თანხის თითქმის 100% განათლებაზე იხარჯება. ეს არის სხვადასხვა სასწავლებლები, სასულიერო სემინარია-აკადემია და ა.შ. ასე რომ, ამ დაფინანსების ლეგიტიმაცია გასაგებიცაა და გამჭირვალეც. სხვა საქმეა, როცა ამბობენ, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობა. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.
რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, ალბათ, თქვენც მოუსმინეთ ირაკლი შოთაძის ბრიფინგს, მან თქვა იგეგმებოდა მაღალი იერაქრიის სასულიერო პირის მკვლელობა. დღეს პროკურატურა ამბობს, რომ არ გვითქვამს, ეს პატრიარქი იყოო. ამას უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასება, იგივე ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პატრიარქის სიცოცხლით ივაჭრა. თქვენ 8 წელი იყავით ეკლესიაში, სტიქაროსანი იყავით, როგორ შეფასებთ ამ ვითარებას?ს
– აქ საუბარია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელი ვიყავი ეკლესიაში. ბუნებრივია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, თუმცა, ირაკლი შოთაძის სიტყვაში მკაფიოდ გამოჩნდა რამდენიმე დეტალი: პირველი – მან თქვა, რომ შემოვიდა განცხადება, თითქოს მზადდებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა და ამაზე დაიწყო გამოძიება. სხვათა შორის გამოვიდა ერთ–ერთი მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ დიახ, ასეთი განცხადება გავაკეთე, სწორედ იმიტომ, რომ მკვლელობა იგეგმებოდაო, ეს არის ერთი ამბავი.
მეორე – შოთაძემ განცხადებაში ისიც ითქვა - მართალია, გამოძიება ამ განცხადების საფუძველზე დაიწყო, მაგრამ გამოძიება კონკრეტული პირის მკვლელობის მცდელობაზე მიმდინარეობსო. როგორც ჩანს, ბრალის ნაწილში ლაპარაკია უკვე არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, არამედ ლაპარაკია რომელიღაც ერთ–ერთ კონკრეტულ პირის მკვლელობის მცდელობაზე, რომლის ვინაობაც მე არ ვიცი.
და რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელობა თუ მზადდება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იქნას აღკვეთილი და აღიკვეთა კიდეც, ეს არის მთავარი. მით უმეტეს, რომ ამის შესახებ წინასწარ არის ცნობილი საგამოძიებო ორგანოებისთვის და მერე უკვე დასტურდება, რომ ადამიანი მომწამლავი ნივთიერებით გადაადგილდებოდა.
რა თქმა უნდა, ეს უკვე არის შეშფოთების საგანი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიდის იქ, სადაც არის პატრიარქი, რომელსაც უკეთებენ ოპერაციას და სადაც ასევე არიან სხვა მაღალი სასულიერო იერარქები. გამოძიებამ საწყის ეტაპზე შეიძლება ერთი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წაუყენოს ბრალი, მომდევნო ეტაპზე კი ეს ბრალი შეიძლება საერთოდ გაუქმდეს, ან სხვა პირისა თუ პირების მკვლელობს მცდელობით შეიცვალოს - ეს გამოძიების პრეროგატივაა და ძიების მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, ამაზე ჯერ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტია, რაც ხდება სერიოზული შეშფოთების საფუძველია პრემიერის მხრიდან და თითოეული ჩვენთაგანისთვის.
გეთანხმებით, რომ გამოძიების დასრულებამდე რთულია განცხადებების გაკეთება და მით უფრო პოლიტიკური განცხადების, მაგრამ რითი ხსით უმცირესობის განცხადებას და იგივე „რუსთავი 2“–ის პოზიციას, როდესაც ბრალის სიმძიმის მიუხედავად, საქმის პოლიტიკურ სივრცეში გადატანა ხდება, რა შეიძლება იყოს მიზანი?
– რთულიც არის და გამოძიებისთვის დამაზიანებელიც. რაც მთავარია, არა მხოლოდ გამოძიებისთვის, არამედ, როდესაც პირდაპირ ეთერში აცხადებენ ერთ–ერთი მთავარი მოწმის სახელს და გვარს, რომლის ვინაობის გამჟღავნების უფლება არავის აქვს და სახელმწიფო იძულებული ხდება, რომ მას დაუნიშნოს დაცვა, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა, თანაც არა მხოლოდ ეთიკის დარღვევა. მე არ ვარ ახლა მზად, ამას უფრო მეტი კვალიფიკაცია მივცე.
მეორე – თვითონ „რუსთავი 2“–მა პირველმა გაამჟღავნა ეს ინფორმაცია. ის, რომ გიორგი მამალაძე დააკავეს, დაკავებულისა და მისი ადვოკატების გარდა არავინ იცოდა. დეტალურად არ მიდევნებია თვალყური მთელი ამ ბატალიებისთვის, მაგრამ პირველად სწორედ „რუსთავი 2“–მა თქვა, რომ თითქოსდა თავდასხმა მზადდებოდა პატრიარქზე. ფაქტია ისიც, რომ ამას წინ უძღოდა მთელი რიგი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან.
ისეთ თემებზეც კი, სადაც არც პატრიარქი იყო შუაში, არც ეკლესია, არც „ქართული ოცნება“ და არც ბიძინა ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წინადადებას ამთავრებდნენ შემდეგი ფრაზით - ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ებრძვის ეკლესიას, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს პატრიარქს. თითქოს, რაღაცა ფსიქოლოგიურ ფონს ამზადებდნენ.
ნუ, ამ სკანდალისთვის მზადდებოდა ფონი?
– ასე ჩანს, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. ფაქტია, რომ რთული და არაორდინალური ვითარებაა. ვიცით, რომ გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის განზრახვის შესახებ, ამის შემდეგ კი სასულიერო პირს, რომელიც, ინფორმაციის თანახმად, ამ მკვლელობას ამზადებდა, მომწამვლელი ნივთიერებით აკავებენ საზღვარზე. აი, ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით. სპეკულაციებს ვერ დავიწყებ და ამაზე შორს ვერ წავალ.
როგორ შეაფასებთ დავით უსუფაშვილის გნცხადება, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმა თავიდან კი არ ავიცილეთ, არამედ, დიდი მონდომებით განვახორციელეთო. აქვე ამბობს, რომ აქამდე მიგვიყვანა არაწესიერებამ, არაკომპეტენტურობამ და უწესრიგობამ, რომელიც ნელ–ნელა პოლიტიკურ ცხოვრების წესად იქცა ამ ქვეყანაში...
– ამ განცხადებების შეფასებას არ დავიწყებ. იმედია, მისი კომპეტენტურობა მისცემს შანს, რომ მიმდინარე წლის არჩევნებზე თუ ვერა, მომავლის არჩევნებზე მაინც მიაღწიოს რაღაცა შედეგს. საქართველოს ეკლესია ისტორიულად ასრულებდა მასტაბილიზირებელ და შემაკავშირებელ როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მას დღესაც ეს როლი და ფუნქცია აქვს შენარჩუნებული და შესაბამისად, წარმოუდგენელია მოხდეს მისი დაშლა. ის, რომ მტრები ეკლესიასაც ჰყავს შიგნითაც და გარეთაც, ეს ახალი ამბავი არ არის.
იგივე - თავდასხმები და ცილისმწამებლური კამპანია ქალბატონ შორენა თეთრუაშვილზე - ეს არის ადამიანი, რომელსაც პირადად მე ვიცნობ დაახლოებით 30 წელი, ზუსტად იმდენი ხანი, რამდენი ხნის პირადი ნაცნობობა მაკავშირებს მის უწმინდესობასთან. მთელი ამ წლების განმავლობაში შორენას ერთ–ერთი თვისება, რაც შეიძლება გამოვარჩიო, ეს არის უსაზღვროდ, უანგაროდ, ერთგული და თავდადებული მსახური საქართველოს ეკლესიისადმი და პირადად კათალიკოს პატრიარქის ილია მეორესადმი.
ეს გამორიცხავს მის გავლენას?
– თუ ქალბატონ შორენას რამე გავლენა აქვს, ეს გავლენა ერთადერთ რამესთან არის დაკავშირებული. კერძოდ, როდესაც ვინმე ცდილობს პატრიარქთან მიიტანოს არასწორი ინფორმაცია, ერთ–ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია პატრიარქს უთხრას, რომ ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე, სწორედ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილია. და რადგან პატრიარქი მას ენდობა, როგორც ჩანს, ეს ნდობა აღიზიანებს არა ერთ და არა ორ ადამიანს.