სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განვითარებულ სამართლებრივ პროცესებს „უცნაურ“ და „არანორმალურ“ სიტუაციად აფასებს, ქართველი პოლიტიკოსები კი, მტყუან-მართლის გარჩევის პროცესში არიან.
მმართველი გუნდის წევრებისგან განსხვავებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არც „მძიმე დანაშაულის“ აღკვეთაზე საუბრობს და არც შოკისმომგვრელ ინფორმაციაზე, რომელსაც 13 თებერვალს, საკუთარ გამოსვლებში ხაზს უმრავლესობის წევრები უსვამდნენ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებისა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, უმრავლესობის წევრებს პირდაპირ არ უთქვამთ, რომ „მძიმე დანაშაული“ აღკვეთილია პატრიარქის მიმართ, თუმცა ისინი საკუთარ გამოსვლებს უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერით იწყებდნენ, შემდეგ საუბარს მისი უსაფრთხოების დაცვაზე, ტრაგიკული პროცესის აღკვეთაზე აგრძელებდნენ და სამართალდამცავებს დანაშაულის აღკვეთისთვის მადლობას უხდიდნენ.
თუ ვის მიმართ მზადდებოდა „მძიმე დანაშაული“ და თუ ვისი სიცოცხლე იხსნეს სამართალდამცავებმა, ეს უმრავლესობის არც ერთ წევრს მკაფიოდ არ უთქვამს და მათ კატეგორიულად არც ის უარყვეს „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის“ მკვლელობის მცდელობაში იგულისხმებოდა თუ არა პატრიარქი, რითაც „ქართული ოცნების“ წევრებმა საზოგადოებას უფრო მეტი ეჭვი გაუჩინეს და არაორაზროვანი განცხადებებით შთაბეჭდილება დატოვეს, რომ სავარაუდო ბრალდებულს, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მოწამვლა სურდა.
მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძემ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს აუწყა, რომ მისთვის წარდგენილ ბრალში საუბარი „მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე“ არ არის, საზოგადოების ინტერესის საგანი გახდა, რა იგულისხმებოდა - „მძიმე დანაშაულში“ და ვის მიმართ აღიკვეთა ის.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უმრავლესობის წევრები იძულებულნი გახდნენ, საკუთარი განცხადებები დაეკონკრეტებინათ, რომელთა შორის იყვნენ უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
თალაკვაძე აცხადებს, რომ ის საკუთარ პოზიციას კვლავ ინარჩუნებს, რომელიც მან 13 თებერვალს დააფიქსირა და აღნიშნა, რომ „როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა“.
თალაკვაძის მსგავსად, საკუთარ გამოსვლაში ჩუგოშვილი ხაზს პატრიარქის უსაფრთხოებას უსვამდა, მომხდარს შოკისმომგვრელ ინფორმაციას უწოდებდა და აცხადებდა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ამ წუთში არანაირი საფრთხე არ ემუქრება როგორც ოპერაციიდან, ასევე ამ შემზარავი დანაშაულის აღკვეთიდან გამომდინარე“.
თანაგუნდელების მსგავსად, 13 თებერვალს, სამართალდამცავების მხრიდან აღკვეთილ დანაშაულზე აპელირებდა ეკა ბესელიაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ „სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღკვეთილი იქნა ძალიან მძიმე დანაშაული“.
ერთია, პროკურატურა და პოლიტიკოსები რას საუბრობენ, მაგრამ მეორეა უწმინდესისა და უნეტარესის პოზიცია, რომელიც გიორგი მამალაძეს როგორც ირაკლი შოთაძეზე, ასევე ოპოზიცია-პოზიციაზე უფრო მეტად იცნობს.
პატრიარქი მამალაძეს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ის მამა გიორგის უკვე დიდი ხანია იცნობს და მასზე კარგის მეტი არაფერი მოუსმენია და უნახავს.
„მინდა, იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას შევეხო, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მამა გიორგის უკვე კარგა ხანია ვიცნობ და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, - განაცხადა ილია მეორემ.
მისი თქმით, ეკლესია, ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში.
„ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. სამ დღეში თბილისში ჩამოვალ და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.
როგორც ჩანს, პატრიარქისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ წევრები გიორგი მამალაძის მიმართ განვითარებულ პროცესებში „არანორმალურს“ ვერაფერს ხედავენ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ არავითარი შეცდომა არ იქნა დაშვებული და პროკურატურა დანაშაულის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, უმრავლესობა პროკურორის განცხადებას დაეყრდნო, რომელსაც არ უთქვამს, რომ საუბარია მის უწმინდესობაზე.
„თავიდანვე გითხარით, თემა ძალიან მგრძნობიარეა და უმჯობესია, რომ თავი კონკრეტიკისგან შევიკავოთ, რაზეც პროკურატურა მიუთითებდა. ამიტომ, თუ ვინმეს რაღაცა წარმოდგენა შეექმნა, რომ ეს მიმართული იყო უშუალოდ უწმინდესის წინააღმდეგ, ეს ალბათ, მათი ფანტაზიის ნაწილია, თუმცა შესაძლოა, ზოგადი სურათი ასეც ყოფილიყო. ჩვენ გამოძიებაში ვერ ჩავერევით და დეტალებს ვერ მოვითხოვთ. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ის ინფორმაცია რაც არსებობს, სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა“, - აცხადებს სესიაშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.
for.ge-სთან საუბარში ძიძიგური აღნიშნავს, რომ არავითარი შეცდომა არ იქნა დაშვებული.
კანონმდებელის განცხადებით, პროკურატურამ ამ თემის გასაჯაროვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამალაძე დაკავებული იქნა და სახელმწიფო სამსახურის უფროსი ბერლინში ჩავიდა.
„სწორი განცხადებები გაკეთდა, რომ ეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მცდელობა იყო, რომელიც თავის დროზე აღკვეთილი იქნა. პრემიერ-მინისტრის და პროკურატურის განცხადებაში საუბარი პატრიარქზე არ არის. გამოძიება დასრულებული არ არის და რა ვიცით, ეს ვისზე იყო? რისი გასაჯაროვება შეიძლებოდა, ის პროკურატურამ გაასაჯაროვა. თქვენ გინდათ, გამოძიების პირველ ეტაპზე, როცა ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული ჩვენებას არ იძლევა, პროკურატურამ საბოლოო ვერსია გამოიტანოს? - ეს მაღალი ინტერესის საქმეა, რომელიც ოპერატიულად იქნება გამოძიებული და საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. პროკურატურამ იმ რეგულაციებით უნდა იმოქმედოს, რომლითაც მოქმედებს. მესმის, რომ ამბავის გაგება გვეჩქარება, მაგრამ როცა დრო მოვა, ყველანი ყველაფერს გავიგებთ“, - აღნიშნავს ძიძიგური.
უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია ზუსტად იმ მინიშნებებს იხსენებს, რომელითაც ხელისუფლების წარმომადგენლები „ეროვნული ტრაგედიის“ აღკვეთაში ირიბად პატრიარქის შესაძლო მკვლელობის თავიდან აცილებას გულისხმობდნენ.
for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე ხელისუფლების წევრების განცხადებებზე აპელირებს და ამბობს, რომ ყველამ გაიგონა, წაიკითხა და მოისმინა ის, რაზეც დისკუსია მიმდინარეობდა.
კაპანაძის თქმით, ეკლესიის საკითხებში ჩარევა რომ ხდება, ეს ცალსახაა ისევე როგორც ის, რომ ეკლესიის გამოყენება კონკრეტული მიზნებისთვის მიმდინარეობს.
„აბა, ეს სიზმარი იყო? ყველაფერი ყველამ არასწორად გაიგო? - როგორც პრემიერი, ასევე ვიცე-პრემიერი და დეპუტატები პირდაპირ ამბობდნენ, რომ თავიდან დიდი ტრაგედია აიცილეს, ეს ყველაფერი დამთავრდა და მთავარია, პატრიარქი არის კარგად და მას საფრთხე აღარ ემუქრება. ეს სრული კონტექსტი იყო და ყველამ ასე გაიგო. ეს თავადაც კარგად იციან, მაგრამ სხვა გზა აღარ აქვთ. ახლა ვიღაცის პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია და როგორც მინიმუმ, მთავარი პროკურორის. ეს ჩვეულებრივი თემა არ არის და საუბარია პატრიარქზე, რომლის მიმართ დიდი პატივისცემაა გამოხატული. ამ ადამიანის მიმართ ასეთი სპეკულირება დაუშვებელია, რომელსაც ვიცით, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ხელისუფლებას რა მიზნები ამოძრავებდა, ამის გარკვევა რთულია, მაგრამ ეკლესიის საკითხებში ჩარევა რომ ხდება, ეს ცალსახაა ისევე როგორც ის, რომ ეკლესიის გამოყენება კონკრეტული მიზნებისთვის მიმდინარეობს“, - ამბობს კაპანაძე.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე აქცენტირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თიკა ბოკუჩავაც. როგორც for.ge-ს ბოკუჩავამ განუცხადა, დიდი ალბათობით, პროკურატურას საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდოდა, რაც არ გამოუვიდათ და ახლა ნელ-ნელა სიმართლის თქმა უწევთ, მაგრამ სიმართლის დაფარვას მაინც ცდილობენ.
დეპუტატის მოსაზრებით, სიმართლე არ დაიფარება, როცა საქმე უწმინდესს ეხება, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტია.
„როცა მასზე საუბრობენ და არასწორი ფაქტების გაჟღერებას ცდილობენ, ეს მარტივად ვერ ჩაივლის. მთავრობის მეთაურის მხრიდან ასეთი ინფორმაციის გაჟღერება როგორც მინიმუმ არაკომპეტენტურობაა და მისი მხრიდან მიზანმიმართულად საზოგადოების დეზინფორმირებაა. თავიდანვე ვითხოვდით, რომ ეს გამოძიება გამჭვირვალე ყოფილიყო. ნებისმიერი დანაშაული უნდა გამოიძიონ და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ როცა სახელმწიფო რაღაცის დამახინჯებას ახდენს, ან უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს, დღის წესრიგში ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ორმაგი სტანდარტია, როცა დაცვის მხარეს გაუთქმელობის პირობაზე აქვს ხელი მოწერილი და საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, პროკურატურა კი, საქმის დეტალებს ასაჯაროვებს.
„ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ხელისუფლებას კონკრეტული მიზანი გააჩნია, რომ მხოლოდ მათი მხარე გაშუქდეს და მათი ვერსია გახდეს ცნობილი, ხოლო დაცვის მხარის შესაძლო სიმართლე და ვერსია დამახინჯდეს“, - დასძენს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა.