დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდებული არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები და თუნდაც ჩვენება მისცეს და ისაუბროს ბრალდებებზე, შესაბამისი იერარქიის პირებისგან სჭირდება კურთხევა. for.ge-სთან საუბრისას პატრიარქის მდივნი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ბრალდებული დეკანოზის სურვილთან დაკავშირებით, შეხვდეს სასულიერო პირებს, საპატრიარქოში მსჯელობა არ ყოფილა.
„ჩვენთან ასეთი თხოვნა შემოსული არ არის. ოფიციალურად არავის არ მოუმართავს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა დაესახელებინა, ვისთან აქვს შეხვედრის სურვილი. არ ვიცი, ძიების პროცედურული ნორმებიდან გამომდინარე, დასაშვები არის თუ არა სასულიერო პირთან მისი შეხვდრა ამ ეტაპზე.
სანამ ადამიანი იმყოფება წინასწარ გამოძიებაში, ვიცი, რომ რაღაცა შეზღუდვები არსებობს. ამიტომ არ ვიცი, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის დართავენ ნებას მასთან შესახვედრად. მე ვიცი, რომ ეს შეზღუდვა არ ეხებათ უფლებადამცველებს, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ეს შეზღუდვა ვრცელდება სასულიერო პირებზე“, - აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
აღსანიშნავია, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მიმართვას ხელისუფლებას თავდებით გაათავისუფლონ დეკანოზი გიორგი მამალაძე. პარალელურად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უწმინდესი ბრალდებულ დეკანოზს შეიწყალებს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
„ვერ გეტყვით, მე ეს ინფორმაცია არ მომისმენია. პატრიარქს არ აქვს ასეთი ექსკლუზიური უფლება, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანი შეიწყალოს. პატიმრობაში მყოფი ადამიანის საკითხის დაყენების უფლება აქვს, მაგრამ როდესაც მიმდინარეობს ძიების პროცესი, შეწყალების მექანიზმი არ არსებობს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან გასაუბრებას არ აპირებს, ქორეპისკოპოსი იაკობი და აცხადებს, რომ არასერიოზულია სასულიერო პირებიდან იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაც შეიძლება არ გააკეთოს. მისი თქმით, ადამიანი თუ დაშორდა ღმერთს, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გაიფიქროს და განახორციელოს.
„არ ვიცი, ახლა იმას გონებაში რა აქვს. ძალიან მძიმე ბრალდებითაა დაკავებული. რა თქმა უნდა, მე არ გავესაუბრები მამალაძეს. ვისთანაც ახლოს არის, ისინი გაესაუბრონ. შიდა აუდიტს მე ვაკეთებდი, მამალაძე იბრალებს და არაფერი პრობლემა არ იყო მაგაში. ფინანსებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის ჩვენთან საპატრიარქოში. მაგ თემებზე მე მქონდა ნამუშევარი და მამალაძემ ჩემი ნამუშევარი თემები აიღო“, - აცხადებს ქორეპისკოპოსი იაკობი.
საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებს პატრიარქის ტახტის მემკვიდრეებს შორის ბრძოლად აფასებენ „რესპუბლიკელები“ და აცხადებენ, ტახტისთვის ორი მხარე იბრძვის - მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილი და იაკობი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, დაახლოებული პირია პრემიერთან.
„ამის შემდეგ ჩვენ აღარ გვიკვირს პროკურატურის განცხადების შემდეგ პრემიერის განცხადება, როცა მან დაარღვია უდანაშუალობის პრეზუმფცია. დაზაფრული სახეებით მოგვევლინენ მთავრობის წევრები და გვითხრეს ის, რაც პროკურორმა არ თქვა. ეს ყველაფერი ადასტურებს ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთშერწყმაზე, სარგებელსა და ანგარებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, როცა ხელისუფლება პირდაპირ, ღიად იკავებს ერთ მხარეს და გამოძიებას არ ელოდება, რაც ადასტურებს, რამდენად დამახინჯებულია ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რაც უნდა იყოს აუცილებლად გამიჯნული“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
ამასთან, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფიანსების არსებული პოლიტიკის შეწყვეტა და გადახედვაც მოითხოვა. საპატრიარქოს დაფინანსების საკითხში მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე და მიიჩნევს, რომ დაფინანსების და ქონების გადაცემის გაუმჭვირვალობა დღეს არსებულ სისტემაში ქმნის პრობლემებს, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს და ეს ქმნის ხელისუფლების და ეკლესიის ერთმანეთის საქმეებში ჩარევის პრობლემას.
„ამ ქონებრივ ტრანზაქციებს ემატება ინტერესთა გადაჯაჭვულობა, რომელიც იწვევს კორუფციულ გარიგებებს. როდესაც მსგავსი პროცესი მიდის, ჩნდება უფრო ფუნდამენტური საფრთხე იმისა, რომ აღარ იყოს გამიჯნული ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისგან, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპია.
გამჭვირვალობა, მეტი სიცხადის შეტანა შეიძლება იყოს გამოსავალი. იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის მოწოდებით არაეფექტური, რომელსაც გააჩნია ასევე კორუფციული ინტერესები, ასეთი არატრანსფარანტული სისტემა მათ ძალიან აწყობთ და ხელს ითბობენ“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
თუმცა, უმრავლესობაში თვლიან, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი სწორი მიდგომა არ არის. დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ყველაზე სწორი მიდგომაა, ამ თანხების მიზნობრიობის განსაზღვრა.
„ეკლესიის დაფინანსებას თავისი ლოგიკა ჰქონდა. საქართველოში 17 საუკუნე მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო განუყოფელი იყო. ისინი ერთად ქმნიდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ერთად იცავდნენ სახელმწიფოს საზოგადოებას, ერთად მიდიოდნენ იმ მიზნებისაკენ, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნია.
გიორგი ჭყონდიდელს და გრიგოლ ხანძთელს არავისზე ნაკლები როლი არა აქვს ნათამაშები ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში - გრიგოლ ხანძთელი რომ არ ყოფილიყო, აშოტი ვერ გააერთიანებდა ქართულ სახელმწიფოს და რომ არ ყოფილიყო გიორგი ჭყონდიდელი, დავითი ვერ მოიგებდა დიდგორის ბრძოლას. ჩვენ კარგად გვესმის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი, სოციალური და კულტურული როლი საქართველოს ისტორიაში. სახელმწიფოს არა მხოლოდ კონკორდატი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, არამედ აღიარებული აქვს მისი ისტორიული როლი“, - აცხადებს გედევან ფიფხაძე.
დეტუტატი აცხადებს, რომ ეკლესიის ძლიერება მართლაც არის სახელწიფოს ინტერესი და სახელმწიფო სხვაგვარად უნდა მიუდგეს საკითხს, თუმცა ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ სასულიერი პირებისათვის ჯიპების დარიგება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და გათვლას არა ეკლესიის გაძლიერება, არამედ პირადი მოტივაცია წარმოადგენდა.
„სწორი იქნება კონკრეტული პროექტების ერთობლივად განხორციელება. ეკლესიას მართლაც აქვს სოციალური ფუნქცია. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი სწორედ ეკლესიას არის მიკედლებული და შიმშილისგან და გაჭირვებისგან თავს ეკლესიაში იცავს. ამიტომ თუ ჩვენ სოციალურ პროექტებს, როგორიც არის „უფასო სასადილოების“ პროექტი, თავშესაფრები ან იგივე საგანმანათლებლო პროექტები ეკლესიასთან ერთად განვახორციელებთ, ძალიან კარგი იქნება“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.