„სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს“

„სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს“

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში არსებობს პატრიარქისა და სასულიერო პირების მიმართ, ძალადობის ან მოწამვლის მცდელობის სამწუხარო ფაქტები. პირველი ასეთი ფაქტი 1744 წელს დაფიქსირდა, როდესდაც მეტეხის მიდამოებში მოსყიდულმა ტარიელ თაზიშვილმა მიპარვით ხანჯლით მოკლა უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოსი ნიკოლოზი ხერხეულიძე.

სასულერო პირის მიმართ ძალადობა ამით არ დასრულებულა, 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე მოკლეს. 1918 წლის 17 სექტემბერს მოწამლეს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი გიორგაძე, რომელიც მეორე დღეს გადაიცვალა. 1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში არქიმანდრიტი მირიანი ბექაური მოკლეს, 1919 წელს საკუთარი სახლის წინ სიცოცხლეს გამოასალმეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე.

თუ მთავარ პროკურატურას დავეყრდნობით, 2017 წლის 2 თებერვალს იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა. მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის გამოყენებით, უნდა განეხორციელებინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

გამოძიებას ნდობას უცხადებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და ამბობს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მცდელობა შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად.

„გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან“, - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), რომლის გარემოცვას წარმოადგენს დაკავებული დეკანოზი.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, გარდა ამისა, დაკავებულმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ხელჩანთაში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ციანიდი არ აღმოუჩენიათ. ერთადერთი ვინც ამ ბურუსით მოცული საქმის დეტალებზე საუბრობს, უჩა ნანუაშვილია, რომლის განცხადებით, ამ საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია და აუცილებელია საქმის დამოუკიდებელი გამოძიება.

„კითხვის ნიშნები არის უამრავი, ამიტომაც არის აუცილებელი ამ საქმის დამოუკიდებელი გამოძიება. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რათა ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ ეს უფლება წართმეული აქვთ.

ჩემთან შეხვედრაზე მამა გიორგი მამალაძემ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, ის ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და ამბობს, რომ სავარაუდოდ დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა ეს მის წინააღმდეგ. საკმაოდ დამშვიდებული იყო. გამოამჟღავნა ბრძოლისუნარიანობა. ამბობს, რომ აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას და სჭირდება ყველა ადამიანის დახმარება, რომ მისი სიმართლე დაამტკიცოს“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ამ სკანდალურ საქმეში უამრავი კითხვის ნიშნებია, რომელზეც პროკურატურა ამ დრომდე დუმს, კერძოდ - რატომ ჰყავდათ ორი საათის განმავლობაში დაკავებული დეკანოზი მოდულის შენობაში, რატომ არ მისცეს ზარის განხორციელების უფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ არის მთავარი პროკურატურის მხრიდან დარღვეული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს საქმის დეტალებზე, ხოლო დაცვის მხარეს და თავად ბრალდებულს პროკურატურამ გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინეს ხელი და ამ გზით შეუზღუდეს საქმეზე საუბრის საშუალება, სპეციალისტები თვლიან, რომ აშკარად დარღვეულია მხარეთა თანასწორუფლებიანობა. მით უფრო ისეთ სკანდალურ საქმეზე, როგორიც არის სასულერო პირის მოწამვლის საქმეს.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ ხელწერილით გათვალისწინებულ ვალდებულებებს პროკურატურაც გაითვალისწინებდა. თუმცა, შეთანხმება სახელმწიფო ბრალდებამ დაარღვია. შესაბამისად, ახლა დაცვისა და ბრალდების მხარეები თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან, რითაც, მისივე თქმით, მამა გიორგის მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„მამა გიორგი დუმილის უფლებას იმიტომ იყენებს, რომ სანამ ის არ მიიღებს შესაბამის ლოცვა-კურთხევას, მანამდე მას არ შეუძლია, მისცეს მოწმის სახით ჩვენება და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სახით საგამოძიებო მოქმედებებში. ფარულ ჩანაწერზე, თუ ეს მტკიცებულება გახდება საჯარო, მე შემეძლება ვისაუბრო, თუ რა არის მასში დაფიქსირებული“, - ამბობს გიორგი ფანცულაია, რომელიც იზიარებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მთავარი პროკურატურა ამ დრომდე დუმს. დაპირების მიუხედავად სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ინფორმაციას არ გასცემს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ პროკურატურამ უნდა გასცეს მეტი ინფორმაცია, მაგრამ მთავარია, რას მიიტანს ის სასამართლოში, სადაც საკითხი უნდა გადაწყდეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმაციის გაცემა იქნება უკეთესი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე ეხება ეკლესიას, ინსტიტუტს, რომლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება უამრავი ფაქტორით არის განპირობებული. ათჯერ უნდა დაფიქრდეს პროკურატურა, რა სახის ინფორმაციას და როგორ მასალას წარმოადგენს.

ასევე ექსპერტები უნდა ისხდნენ და ფიქრობდნენ, როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოებრივ განწყობებზე. ეს ჩემი აზრია, ვინმემ შეიძლება შემისწოროს, რომ სამართალი ერთია ყველასთვის. რომაული სამართალი ამბობს, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების მთავარ მოწმეს, „რუსთავი 2“ - ის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაიწერა და შემდეგ პროკურატურას მიაწოდა. მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. სწორედ ეს ჩანაწერი არის საგამოძიებო უწყების ერთადერთი მტკიცებულება. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.

მამალაძე დეტალებზე არ საუბარობს, რადგან მას გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი. თუმცა ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის წყარო ის იყო და ტელეკომპანიამ წყარო გათქვა, რასაც ტელევიზიაში არ ადასტურებენ.

„ძალიან ბევრ მტკიცებულებაზეა საუბარი, არა მარტო აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე და ამას გამოძიება თვითონ იტყვის. ის ადამიანები, რომლებიც მე დღეს ასე საჯაროდ მლანძღავენ, მიპირისპირდებიან, მინდა მათ ვუთხრა, რომ აუცილებლად შერცხვებათ მას შემდეგ, რაც გამოძიება დადებს ფაქტს.

თავიანთი თავების შერცხვებათ, რადგან მაშინ მათ ეძინათ, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს უმძიმესი დანაშაული საქართველოში და გადაარჩინეს ქვეყანა იმ უბედურებას რაც იგეგმებოდა. მე არ ვიცი, ვისი მოკვლა იგეგმებოდა. გამოვიდეს ის, ვინც დუმილის უფლებას იყენებს და თქვას, სად მიდიოდა, რა მიჰქონდა, რატომ მიჰქონდა და ვინ იდგა მის უკან“, - აცხადებს ირაკლი მამალაძემ.

რაც შეეხება ნათესაურ კავშირს, ჟურნალისტი ამბობს, რომ დეკანოზთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. კერძოდ, ის პერიოდულად გადასცემდა საპატრიარქოში არსებულ სკანდალურ მასალებს, რომელსაც სხვადასხვა ბეჭდური მედიის მეშვეობით აქვეყნებდა.