კახიშვილის იდეები, რომელიც პატიმრებს ჰუმანურ გარემოში ამყოფებს

კახიშვილის იდეები, რომელიც პატიმრებს ჰუმანურ გარემოში ამყოფებს

სასჯელაღსრულების სისტემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, პატიმრების წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირდებოდა, კახი კახიშვილის მინისტრობის პირობებში, ჰუმანიზაციის გზას დაადგა და ზრუნვა არა მხოლოდ მსჯავრდებულ/ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე დაიწყო, არამედ მათთვის უმაღლესი განათლების მიცემასა და რესოციალიზაციაზე.

თუკი გასულ წელს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციალური სისტემის გაჯანსაღების მიზნით, საკანონმდებლო პაკეტთა ერთი ნაწილი წარადგინა, რომელიც პატიმართა შრომით უფლებებს ეხებოდა, ამჟამად, უწყებამ პარლამენტს სისტემის რეფორმის თაობაზე ხედვა წარუდგინა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებებს ოც კანონში ითვალისწინებს, შთამბეჭდავია, რადგან მასში საუბარია, როგორც საქართველოში გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნაზე, ასევე შინაპატიმრობაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, საოჯახო პაემანებზე, უმაღლესი განათლების მიღებაზე, ტელევიზორითა და რადიოთი სარგებლობის უფლებაზე და პატიმართა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაზე.

როგორც ჩანს, საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივები საინტერესო მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის აღმოჩნდა, რადგან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაესწრნენ, სადაც მინისტრმა განსახორციელებელ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა.

მართალია, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, ოპოზიციის ინტერესის საგანი კახი კახიშვილი ვერ გახდა, მაგრამ პატიმრებისთვის განკუთვნილი ახალი ინიციატივები for.ge-მ დეტალურად შეისწავლა.

ცვლილებებს შორის „ნოუ ჰაუდ“ გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება სახელდება, რომელიც გათავისუფლებისთვის დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს მოამზადებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა ექვს თვეს არ აღემატება.

სამინისტრო ინიციატივის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას ასახელებს და აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა ნაწილისთვის გარე სამყაროსთან ადაპტაცია რთულია და მათთვის თანამედროვე სერვისებით - საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, საბანკო გადარიცხვები სერიოზული გამოწვევაა.

კახიშვილის თქმით, გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა უმეტესობა მოწყვეტილია საკუთარ ოჯახს, არ აქვს საცხოვრებელი სახლი და სამსახური.

„ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტორები ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელ გარემოებებს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს. პრაქტიკაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონია ადგილი, როცა გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა დანაშაული სპეციალურად ჩაიდინა, ვინაიდან საცხოვრებელი და დამოუკიდებლად თავის რჩენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. არსებული ვითარების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია გარდამავალი პენიტენციური დაწესებულება შეიქმნას, რომელიც ასეთ მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებს, საშუალებას მისცემს სრულ გათავისუფლებამდე ელემენტარული ყოფითი პირობები გადაჭრან, პროფესიული უნარები განივითარონ, სამსახური მოძებნონ და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოაწესრიგონ“, - აღნიშნავს მინისტრი.

ახალი ტიპის დაწესებულების შექმნის ერთ-ერთი სიკეთე ისაა, რომ დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, მსჯავრდებულს უფლება მიეცემა პენიტენციური დაწესებულება გარკვეული პირობებით დროებით დატოვოს. კერძოდ, კანონპროექტით, მსჯავრდებულს დაწესებულების დროებით დატოვება შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.

ზემოთ აღნიშნული ინიციატივის მსგავსად, საკანონმდებლო პაკეტით მნიშვნელოვან შეთავაზებად გვევლინება - შინაპატიმრობის შემოღება. კერძოდ, პაკეტით, თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის დამოუკიდებელი სახე არსებით ცვლილებას განიცდის და მის ნაცვლად, თანამედროვე და უფრო ქმედითი სასჯელის სახე - შინაპატიმრობა ინერგება.

სხვა ინიციატივებთან ერთად, დეპუტატთა განსაკუთრებული ყურადღების საფუძველი გახდა - ქალი მსჯავრდებულის უფლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების თაობაზე. მინისტრი ამბობს, რომ მან ახალი ნორმის შემუშავებისას ძალიან ბევრი ინერვიულა, თუმცა ისეთი იდეა გაჩნდა, რომლითაც ბავშვის უფლებებიც იქნება დაცული და დედაც ჰუმანური ნორმით ისარგებლებს.

კერძოდ, კახიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ სამი წლის ასაკის ბავშვის მიერ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებისას, მისი გარესამყაროსთან შეგუება მოხდეს და დედასთან განშორების დროს ბავშვის ტრავმირება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ქალმსჯავრდებულს უფლება მიეცემა, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დატოვოს.

ჰუმანური ნორმის შემოღების მიუხედავად, ამ უფლებით სარგებლობისთვის მხედველობაში მიიღება პატიმრისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები.

პარლამენტში წარდგენილი პაკეტით გათვალისწინებულია სხვა უფლებებიც. მათ შორის, ტელევიზორით სარგებლობის უფლება. მოქმედი ნორმით, მოქმედი რედაქციით, მსჯავრდებულებს ტელევიზორით სარგებლობის უფლება წახალისების შემთხვევაში ეძლევათ, თუმცა ცვლილებებით, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება ენიჭებათ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები შეიძინონ, თუ ამით სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე არ ირღვევა.

მინისტრის განმარტებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტელევიზორის ყიდვა შესაძლებელი დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიაში იქნება, თუმცა იმისათვის, რომ პატიმარმა 200 ლარიანი ტელევიზორი 1500 ლარად არ შეიძინოს, გასაყიდი ფასი საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობაში იქნება.

როგორც კანონპროექტებიდან ირკვევა, ერთის მხრივ, პატიმრებისთვის ტელევიზორის ფლობა დაშვებული იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ, მსჯავრდებულებს ამ უფლების შენარჩუნებისთვის ნორმების დაცვა მოუწევთ, რადგან ცვლილებებით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს რადიო მიმღებითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება ეზღუდება თუ შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, თუმცა არაუმეტეს ექვსი თვის ვადით.

უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულებს არა მხოლოდ ტელევიზორით სარგებლობის უფლება ექნებათ, არამედ უმაღლესი განათლების მიღების საშუალებაც. კერძოდ, ცვლილებებით, მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება ექნება უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღებით ისარგებლოს.

როგორც ჩანს, სამინისტრო ვალდებულებებს საკუთარ თავსაც უყენებს, რადგან თუკი მოქმედი რედაქციით, უწყებას ბრალდებულის/მსჯავრდებულისტანსაცმლით უზრუნველყოფის ვალდებულება მხოლოდ მაშინ აქვს, როცა პატიმრებს ტანსაცმელი არ აქვს, ცვლილებებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება, პატიმრები სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლითაც და პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოს.

ახალი უფლებების გაჩენის პარალელურად, მოქმედი რეგულაციებიც იცვლება. კერძოდ, ცვლილებებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფულადი გზავნილის მიღება/გაგზავნასთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება და ეს ტრანზაქცია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება, ნაღდი ფულის სახით მიღებული ფულადი გზავნილი კი, გამგზავნს იმავე წესით უკან დაუბრუნდება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით გათვალისწინებულია მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება. კერძოდ, პროექტით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება მხოლოდ სასამართლოს ექნება, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულს გაათავისუფლებს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი.

იმის გათვალისწინებით, რომ კახიშვილის მიერ გაჟღერებული წინადადებები მხოლოდ უმრავლესობამ მოისმინა, მათი შეფასება მმართველ გუნდს ვთხოვეთ.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განუცხადა, მინისტრმა ვითარების გამოსწორების რა გეგმაც წარადგინა, მასში სწორი აქცენტებია გაკეთებული და კარგად მოფიქრებულია.

მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ადამიანის რესოციალიზაცია რეალურად მოხდეს.

„ანუ, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის დასჯა თვითმიზანი არ არის. ადამიანს შანსი ეძლევა და ის მძიმე პირობებში არ უნდა გყავდეს. სასჯელი შურისძიება არ უნდა იყოს, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა. დედას საშუალება უნდა მიეცეს, რომ დედად დარჩეს და ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მორალურად არ უნდა მოისპოს. ყველა ცვლილება პატიმართა რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული. საკითხები, რომელიც ისმებოდა, მას ცვლილებები აუმჯობესებს და პენიტენციალურ სისტემას უფრო ჰუმანურს ხდის“, - ამბობს ფოფხაძე.

თანაგუნდელის მსგავსად, ცვლილებებს მიესალმება ანრი ოხანაშვილი. for.ge-სთან საუბარში ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ სამინისტრომ ადამიანის უფლებების დაცვისა და მათი გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი პაკეტი წარადგინა.

დეპუტატის განცხადებით, წარდგენილია უმნიშვნელოვანესი ცვლილები, რომელიც გათავისუფლების დაწესებულების შექმნას ეხება და ეს იმისთვის კეთდება, რომ მსჯავრდებული საზოგადოებაში დაბრუნებისთვის მოემზადოს.

„ანუ, დამნაშავის რესოციალიზაცია ხდება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს აჩვენებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ჰუმანურია და მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვასა და პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნებათ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე მნიშვნელოვანია, შინაპატიმრობის სასჯელის შემოღება, რომელიც თანამედროვე, ცივილურ ქვეყნებშია. მიხარია, რომ სახელმწიფოს და სამინისტროს ეს ხედვა აქვთ“, - დასძენს ოხანაშვილი.

პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს, რადგან პროექტმა საკომიტეტო მოსმენა უკვე გაიარა.