პარლამენტის წევრები სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის შესაძლო მოწამვლის მცდელობას გმობენ და არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირის დასჯას, არამედ შემკვეთის გამოაშკარავებას ითხოვენ.
დეპუტატები მართმადიდებელი მრევლისთვის და ქვეყნისთვის აცილებულ მძიმე შედეგებზე აპელირებენ და საზოგადოებას მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წარმოებული გამოძიების საბოლოო შედეგების დალოდებას ურჩევენ.
როგორც for.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიშვილმა განუცხადა, არსებული მონაცემებით, სერიოზული დანაშაული იქნა აღკვეთილი, რომელიც ქვეყანაში სერიოზულ ტრაგედიას გამოიწვევდა.
სესიაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვარაუდების გამოთქმისგან თავი შეიკავონ.
„დანაშაულის მცდელობას ადგილი ჰქონდა და დანარჩენი - გამოძიებას უნდა დაველოდოთ. თემა ძალიან მგძნობიარეა და პროკურატურას არ დაუსახელებია, მკვლელობა ვის მიმართ იგეგმებოდა. თუ ყველაფერი დადასტურებულად ნათქვამი არ არის, ალბათ, ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, განცხადებებისგან თავი შევიკავოთ. თემა ძალიან მგძნობიარეა და არ შეიძლება, თითი ვინმესკენ გავიშვიროთ“, - ამბობს სესიაშვილი.
კანონმდებელი ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოება მაღალ დონეზე მანამდე იქნება შენარჩუნებული, სანამ ეს საჭირო იქნება.
„უსაფრთხოების სამსახურებმა უკეთ იციან, რა სავარაუდო საფრთხეები და რისკები შეიძლება წარმოიშვას. შესაბამისად, ღონისძიებებს იმ ვადით და იმ ფორმით გაატარებენ, რაც პატრიარქის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება“, - აცხადებს სესიაშვილი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მთავარი პროკურატურა ამ განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდა და საკმაო მტკიცებულებები აქვს იმისათვის, რათა დანაშაულის პრევენციაზე ისაუბროს.
for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ ბევრი ვარაუდი გამოითქვა, ერთმანეთზე გადაჯაჭვული უამრავი თემაა და წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, სანამ ამ ფაქტების ერთობლიობას გამოძიება არ დაადგენს.
„პრევენცია აუცილებელი იყო და იმას ვერავინ ვერ დაელოდებოდა, დანაშაულის მცდელობა საითკენ წავიდოდა. ცუდი ამბავი რომ მომხდარიყო, ამას პოლიტიკური თემაც მოებმებოდა და ამაში დაოსტატებულები არიან როგორც ჟურნალისტები, ასევე ზოგიერთი პოლიტიკოსი. დანაშაული რომ მომხდარიყო, საქმე ცუდ შედეგებთან გვექნებოდა“, - აღნიშნავს ვოლსკი.
კოლეგების მსგავსად, საქმის მოტივებზე საუბარი არ სურს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას.
ბესელიას შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და თავიდან აცილებულია ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის მცდელობა. მისი თქმით, პატრიარქის უსაფრთხოება უმაღლეს ხარისხშია აყვანილი, სპეციალური სამსახურის უფროსი ბერლინში იმყოფება და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, რაც ყველაზე მთავარია.
„ჩვენმა სამსახურებმა ზუსტად და ოპერატიულად იმუშავებს. თუ ნდობა ოპოზიციას არ აქვს, ეს არაფერს არ ნიშნავს. იმის განცდა არ გვაქვს, რომ ამ საქმეს ვინმემ რამე დააკლო. კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რომ ეს თავიდან აცილებულია. პატრიარქის უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი“, - ამბობს ბესელია.
ფრაქცია - „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე პატრიარქის მოწამვლის მცდელობის სავარაუდო მიზეზებს ასახელებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველო ტრაგედიას გადაურჩა, რადგან ეს მხოლოდ პიროვნული ტრაგედია არ იქნებოდა, ის მთელი საზოგადოებისთვის სულიერი დარტყმა იქნებოდა, რომელსაც შესაძლოა, ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოეწვია.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ კარგად იმუშავა.
„მოტივაცია შეიძლება ბევრი იყოს. ეს ადამიანი ძალიან რეიტინგული პიროვნებაა. ამ ადამიანის მიმართ არა მხოლოდ პატივისცემაა გამოხატული, არამედ დიდი სიყვარული. ციანიდით მოწამვლა საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა. შეიძლება პოლიტიკური მოტივებიც არსებობდეს და ამას არ გამოვრიცხავ, ისევე როგორ პროცესების გარედან მართვას მათი მხრიდან, ვინც ქვეყანაში არსეულობის მოწყობითაა დაინტერესებული განსაკუთრებით მაშინ, როცა გეოპოლიტიკური პროცესების განხორციელებაში ვართ, რომელთა შორისაა აბრეშუმის გზა“, - აღნიშნავს გაჩეჩილაძე.
კითხვაზე - ამ საქმის უკან რამდენად არის შესაძლებელი რუსული კვალი იკვეთებოდეს, გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ უკან შეიძლება რუსეთიც იდგეს და შეიძლება სხვაც, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო რეგიონში გეოპოლიტიკური ცენტრი არ გახდეს.
„სერიოზულ რაღაცას ავცდით და ღმერთის ნებით“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
მომხდარი ფაქტით შოკირებულია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ხუციშვილი.
როგორც for.ge-ს ხუციშვილმა განუცხადა, ასეთი რაღაცის დაგეგმვა გაუგონარი ამბავია.
„ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია. მნიშვნელოვანია, რეალური მოტივი გაირკვეს და ითქვას, ეს ადამიანი მარტო მოქმედებდა თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებას დაველოდოთ. სოციალურ ქსელში ეს ვერსია ადრეც გავრცელდა და აბსურდად მოგვეჩვენა, მაგრამ როგორც ვნახეთ, სიმართლისგან მთლად შორს არ ყოფილა. როცა ასეთი გახმაურებული საქმეა, ალბათ, ინფორმაციას იმ დონეზე გამოიტანენ, რამდენადაც შესაძლებელია“, - დასძენს ხუციშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ფრაქცია - „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია აღნიშნავს, რომ ის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ უნდობლობის საფუძველს ვერ ხედავს, თუ რაში სჭირდებოდა პროკურატურას რაიმეს შეთხზვა და არასანდო ფაქტებით საუბარი.
როგორც for.ge-ს ლომიამ განუცხადა, საზოგადოება გამოძიებას უნდა დაელოდოს, რადგან თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა, ეს არა მხოლოდ მართმადიდებლურ მრევლს მოუტანდა ზიანს, არამედ ქვეყანას დააზარალებდა და ეს ბევრ ეჭვს გააჩენდა.
„კარგია, რომ ეს ფაქტი დროზე აღიკვეთა, მაგრამ თუ დადასტურდა, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა. ე.ი. არსებობს ხალხი, ვინც პატრიარქზე ახალ თავდასხმას კიდევ მოამზადებს. ძალიან საინტერესოა, ამ ხალხის უკან ვინ დგას და რა მოტივი ამოძრავებთ. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, ვინ არის შემსრულებელი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმ ხალხის უკან ვინ დგას და პატრიარქის მოწამვლა რაში სჭირდებათ?“, - ინტერესდება ლომია.
კოლეგისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ოთარ კახიძეს პროკურატურის განცხადება კითხვებს უჩენს და for.ge-სთან საუბარში ინტერესდება, სავარუდო ბრალდებულმა ვინც სხვას ციანიდი სთხოვა, განზახვა რატომ გაანდო, ან ეს ნივთიერება საზღვარგარზე როგორ უნდა გადაეტანა? - საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, ინფორმაცია დეტალებში მიიღოს.
„პროკურატურის განცხადება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. პატრიარქს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედია, ამ ყველაფერს ნათელი მოეფინება. თუ პირი მკვლელობას ამზადებს და ამისთვის პირს ეძებს, ალბათ, მას განზრახვას არ უმხელენ, ეს ნივთიერება რისთვის სჭირდება მაღალი იერარქიის პირის მოსაწამლად თუ სხვა საქმისთვის. ჩემი მხრიდან მოტივებზე ლაპარაკი სპეკულაცია იქნება, მაგრამ ზოგადად საუბარი მიმდინარეობს, რომ პატრიარქის მემკვიდრის შერჩევა უნდა მოხდეს. ამით დაინტერესებული შეიძლება ხელისუფლებაც იყოს და ამას ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა იმედია, პროკურატურა კითხვებს პასუხს გასცემს“, - დასძენს კახიძე.
შეგახსნებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.