„თუ მაყურებელი არ გყავს, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს დაბალანსებულ საინფორმაციოს?!“

„თუ მაყურებელი არ გყავს, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს დაბალანსებულ საინფორმაციოს?!“

„როგორც მინიმუმ მაუწყებელის რეიტინტი 5–10%–ის ფარგლებში უნდა იყოს, რომ ამართლებდეს იმ დანახარჯებს, რა დანახარჯების გაწევა უწევს ბიუჯეტს და გადასახადების გადამხდელებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, აბსოლუტურად ლოგიკურად გამოიყურება მაღლაფერიძის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ახლა არ დაიწყება კარდინალური რეფორმები, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეიძლება თავისით გაჩერდეს.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

ვასილ მაღლაფერიძის გეგმა, რომსაზოგადოებრივი მაუწყებელიბაზარზე სერიოზული მოთამაშე გახდეს, დაპირისპირების მიზეზი გახდა როგორც არხის თანამშრომლების, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის და თვლიან, რომ 6 „სლაიდისგან“ შემდგარი რეფორმა, არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც გეგმა. თავისთავად ჩნდება კითხვა, რას აპროტესტებენ და რატომ არიან რეფორმის წინააღმდეგი არხის თანამშრომლები?

ვალერიან გორგილაძე: პარასკევს ვუყურე „რეალურ სივრცეს“, ვფიქრობ, „მაუწყებლის ირგვლივ“ განვითარებული მოვლენები ალბათ, ოდნავ აისახა მის რეიტინგზე. მაგრამ რამდენად გაიზრდება ტენდენციაში, ეს სხვა საკითხია. მე ვიყავი იმ საექსპერტო კომისიის წევრი, რომელიც აფასებდა გადაცემებს, ჩემს ბლოკში 6 გადაცემა მოხვდა, აქედან 3-მა გადაცემამ დაიმსახურა მოწონება. მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელის“ გარკვეული პროგრამები ხარისხით გამოირჩევა, ეს გავლენას არ ახდენს ამ არხის რეიტინგზე.

პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ ხარისხის მიუხედავად, არხს არ აქვს რეიტინგი, ეს რითი აიხსნება?

– ამ არხის რეიტინგი კატასტროფულად დაბალია. საუბრები იმის შესახებ, რომ თურმე „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეიტინგი არ უნდა ჰქონდეს, ეს იმდენად აბსურდი და არარაციონალურია, რომ არგუმენტად ვერ ვიღებ. გასაგებია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ არავინ ელის და არც არის მისი ამოცანა, კონკურენციის გაწევა კომერციული არხებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ რეიტინგი. როგორც მინიმუმ, მაუწყებელის რეიტინტი 5–10%–ის ფარგლებში უნდა იყოს, რომ ამართლებდეს იმ დანახარჯებს, რა დანახარჯების გაწევა უწევს ბიუჯეტს და გადასახადების გადამხდელებს.

ამ შემთხვევაში სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

– პრობლემა არის თანამშრომლების რაოდენობაში, რომელთა რაოდენობა ორჯერ და მეტჯერ აღემატება „იმედში“ და „რუსთავი 2“–ში დასაქმებულთა რაოდენობას. „მაესტროში“ 200–მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლის რეიტინგი თანაზომადია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგთან, ხშირად უსწრებს კიდეც, ეს მაშინ, როდესაც წლიური დანახარჯი 2 მილიონ ლარს არ აღემატება. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ვასიკო მაღლაფერიძის მოსვლამდეც, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ყველა იმაზე საუბრობს, რაში იხარჯება ფული, როცა ამ არხს არავინ არ უყურებს.

აბსოლუტურად წარმოუდგენელია რაში იხარჯება ამდენი მილიონი. შეიძლება ვიღაცა უსმენდეს რადიოს, მეც ვიღებ მონაწილეობას პიკის საათში, მაგრამ 62 გადაცემა, რომელიც რადიო არხის ბადეშია, რბილად რომ ვთქვათ, ადეკვატური არ არის. არსებული მძიმე მდგომარეობა, უფრო მძიმდება, პრობლემები არა თუ არ გვარდება, არამედ პრობლემების კონსერვაცია ხდება, პრობლემები უფრო მძაფრდება და ერთმანეთს ემატება. აბსოლუტურად ლოგიკურად გამოიყურება მაღლაფერიძის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავიწყებთ რადიკალურ და კარდინალურ რეფორმირებას, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეიძლება თავისით გაჩერდეს. ასეთ შემთხვევაში, შემცირების ნაცვლად, საუბარი იქნება საერთოდ გაუქმებაზე.

ის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში საუბრობდა რეფორმირების აუცილებლობაზე, ახლა ხისტად ეწინააღმდეგებიან რეფორმებს, დღეს როგორ შეიძლება ეს წინააღმდეგობა ავხსნათ?

– რეფორმებს უპირსპირდება გარკვეული ჯგუფი, ასევე არიან თანამშრომლები, რომელთაც ემუქრებათ შემცირება, რაც დასანანია, მაგრამ სხვა გამოსავალი არავის არ გამოუნახავს. ძირითადად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს სოციალურ პროექტს, სადაც დასაქმებულია ბევრი ადამიანი და ხშირად, ამ ადამიანების დიდი რაოდენობისთვის გაურკვეველია რას აკეთებენ, არ იციან რატომ არიან გაფორმებული და რა პროდუქტს ქმნიან.

ამდენად, ამ თანამშრომლებს ემატება ახალგაზრდული მოძრაობა „აუდიტორია 115“, რომლებიც ყველაფერს აპროტესტებენ დედამიწის ზურგზე, რაც კი ხდება. რა თქმა უნდა, ამ ვითარებით სარგებლობენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ამდენად, გროვდება საპროტესტო ხმების კრიტიკული მასა და ამძაფრებენ არსებულ პროტესტს. ყველა ვალდებულად თვლის თავს, გამოთქვას თავისი პროტესტი, მით უფრო, ისინი, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურის მიმართ - არასამთავრობო სექტორი და მედია ექსპერტების ნაწილი.

ამ პროცესს თან ახლავს პოლიტიკური შემადგენელი, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ფონზე და მით უფრო არსებული პროტესტის ფონზე, მტკივნეული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელი რეფორმის გატარება?

– გეთანხმებით, პოლიტიკური მდგენელი არის. ფორმალურად იკვეთება გლობალური პროცესები, რომელიც ჩვენს მედია–სივრცეში მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით, ეს არის კონსოლიდაციის პროცესი, რომელიც „იმედის“, „მაესტროს“ და GDS–სთან დაკავშირებით ხდება. ამ პროცესს დაემთხვა რეფორმირების ტალღა, რომელსაც აანონსებს ვასილ მაღლაფერიძე და ახალი ადმინისტრაცია. ბუნებრივია, ეს დამატებით აძლიერებს ამ საპროტესტო მუხტს.

ჩემი აზრით, რაც უფრო სწრაფად ჩატარდება რეფორმა, მით უფრო მტკივნეული იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განვითარებისთვის. აქ არის ადამიანური რესურსი, რომელთა უკანაც უამრავი ოჯახია, ესეც უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ერთდროულად როგორ უნდა მოხერხდეს ეს, არ ვიცი, წარმოუდგენელია. გარედან საუბარი იოლია, ვიდრე პრაქტიკული განხორციელება. მაინც მიმაჩნია, რომ სწორია რის გაკეთებას ცდილობს ვასილ მაღლაფერიძე და მისი ადმინისტრაცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გეგმა, შეიძლება არა მარტო გადაიხედოს, არამედ გვერდზეც გადაიდოს, მაგრამ ამბობს, რომ შეჩერდება ყველა გადაცემა, რომელთაც რეიტინგი არ აქვს. რამდენად სწორია ამ მიზნით გადაცემების შეჩერება?

– თუ გადაცემის რეიტინგი არ აღემატება 0,1%–ს, ბუნებრივია, ამ გადაცემის არსებობის გამართლება არ არსებობს. მაუწყებელზე არის 6–8 გადაცემა, რომელიც მეტ–ნაკლებად ყურებადია, რომელიც ასრულებს გარკევულ სოციალურ ფუნქციას და ორიენტირებულია გარკვეულ სოციალურ ჯგუფებზე, მაგალითად: ზაზა შათირიშვილის გადაცემა, თამარ ჩიქოვანის „მთავარი“, „რეალური სივრცე“, გადაცემა „ფერმა“, „წიგნის თარო“. ჩემი აზრით, ამ გადაცემების დატოვება გამართლებულია.

ამდენად, არა მგონია ამ მიმართულების შეჩერებაზე იყოს საუბარი. ალბათ, საუბარია დიდი მასივის შეჩერებაზე და საინფორმაციო სამსახურის გაძლიერებაზე, სანამ ბორდი და ადმინისტრაცია ჩამოაყილიბებს ახალ მექანიზმებს, ახალი გადაცემების პროდაქშენებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციის წინაშე მძიმე პასუხისმგებლობა დგას. სოლიდარული ვარ იმისა, რომ საჭიროა კარდინალური ცვლილება.

ყველამ დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, ვინ უყურებს და რა გადაცემებს უყურებს. შე11იძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საინფორმაციო მართლაც დაბალანსებულია. მაგრამ თუ მაყურებელი არ გყავს, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს დაბალანსებულ საინფორმაციოს?! ავიღოთ 20 მილიონი, რომელიც ნაწილდება, მეორე არხზე, აჭარის ტელევიზიაზე, რადიოზე და გავყოთ 10–12 ათას თანამშრომელზე, ვნახავთ, რომ დანახარჯი არადეკვატურად მაღალია. ამდენად, ამოცანა არის მაყურებელი დაუბრუნდეს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ახალი ხელმძღვანელობის ამოცანა არის, რომ რეიტინგი 15%–მდე გაიზაროს, ეს რამდენად შესაძლებელია?

– არ ვიცი, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ძალიან რთული ამოცანაა. იმედია, ბორდი და ახალი ადმინისტრაცია გამონახავს ახალ ოპტიმალურ გზას რეფორმების განხორციელების გზაზე.

რაც შეეხება მაღლაფერიძის პერსონის მიუღებლობას, ოპონენტები არგუმენტად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის ხელძღვანელად მუშაობას ასახელებენ და თვლიან, რომ ამ შემთხვავშიც მაღლაფერიძის მიზანი იქნება ივანიშვილის ინტერესების გატარება. რამდენად არის ეს არგუმენტი?

– ვასილ მაღლაფერიძე არჩეულია ბორდის მიერ, მას აქვს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება. სხვათა შორის ის არხი და ის პროდუქციაც, რომელსაც ქმნიდა, აღემატებოდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ მოვიდა ივანიშვილის პროტეჟე, სახელისუფლებო პარტიასთან ახლოს მდგომი პიროვნება, მაშინ, შეიძლება, სახელისუფლებო პარტიას აწყობდეს კიდეც მაუწყებელზე არსებული მდგომარეობა -  „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ობიექტურია, არ არის გადახრილი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ არც ოპოზიციის სასარგებლოდ არ მუშაობს.

ზოგიერთი გადაცემა და მაგალითად „ჟურნალისტური გამოძიებები“ ხშირად უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულებებს. ამიტომ, მმართველ გუნდს პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება აწყობდეს კიდევაც არსებული ვითარების შენარჩუნება, მაგრამ წმინდა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, განსახორციელებელია ეს რეფორმა.

ყოველ ჯერზე, როცა ირჩევენ ახალ ბორდს, ან ახალ თავმჯდომარეს, ვხედავთ, რომ იცვლება მხოლოდ ლოგო. სხვა თვისობრივ და სტრუქტურულ ცვლილებებს ვერ ვხედავთ. ადრე თუ გვიან, ეს უნდა გაკეთდეს. რაც უფრო მალე გაკეთდება, მით უკეთესია. ამდენად, როდესაც ამ პრობლემას ვიხილავთ, საუბრები პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე სერიოზული არგუმენტი არ არის.

ვთანხმდებით, რომ ლოგოს გამოცვლა არ არის საკმარისი და როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, პასუხიმგებლობა, ალბათ, უნდა გაინაწილონ იმ პირებმა, ვინც იყვნენ მართვის სისტემაში, იგივე ბორდის წევრებმა, რომლებმაც დეკემბერში გაორმაგებული ხელფასი მიიღეს, მაშინ, როდესაც უმძიმესი ვითარებაა არხზე. ვიღაცას 300 ლარი აქვს ხელფასი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა ხელფასი 7–8 ათას ლარს შეადგენს....

– უბრალოდ, ეს არის უსინდისობა, როდესაც ამხელა საბიუჯეტო დანახარჯების ფონზე, იმდენად მცირე და მიზერული ხელფასი აქვს ზოგიერთს, რომ მართლაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დარღვეულია სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის პრინციპი. გაუგებარია რატომ იწერდა ადმინისტრაცია გაორმაგებულ და გასამგებულ პრემიებს და რატომ არიან ჟურნალისტები და ოპერატორები ასეთ მძიმე დღეში.

რატომ არის, რომ ელემენტარული „პეტლიჩკით“ დაწყებული და კამერებით დამთავრებული, მოგვარებული არ არის პრობლემები ტელევიზიაში? რატომ არის უმძიმეს მდგომარეობაში ეს შენობა? ამდენად, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეცდომებს არ გაიმეორებს ეს ადმინისტრაცია. გეთანხმებით, რომ მართლაც მძიმე მდგომაროებაა და რთულია იმის წარმოდგენა, რომ ასეთ ტელევიზიას ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს ქვეყანაში.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აუდიტის სამსახური აქტიურად მუშაობს. დაველოდოთ მოვლენებს. გარდა ამისა, ანალიზის თვალსაზრისითაც, საინტერესოა რაში იხარჯებოდა და რატომ არ ყოფნის ეს თანხა ტელევიზიას, მიუხედავად იმისა, რომ საკამოდ სოლიდურ თანხაზეა საუბარი. სავალალო მდგომარეობაა, რომელიც რადიკალურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

შესაბამისად, არასწორია საუბარი იმაზე, რომ ხდება არხის სახელმწიფოსთვის დაქვემდებარება, რომსაზოგადოებრივი მაუწყებელი“ აღარ არსებოდეს და, რომ რეფორმის შედეგად მივიღოთ მკვდარი არხი?

– ახლა მკვდარი არ არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არხი ცოცხალია, ძალიან ცდება. სამწუხაროდ, ახლა არის არხი მკვდარი. ძალიან ცუდია ასეთი განსაზღვრა, მაგრამ რეიტინგული თვალსაზრისით ასეა. მაუწყებელს პულსი არ ესინჯება. აქაც წინააღმდეგობაა, თუ სახელმწიფო აპირებს თავისი პოლიტიკის განხორციელებას ამ არხის მეშვეობით, ეს შეუძლებელია თუ არხს არ აქვს რეიტინგი. თუ არავინ არ უყურებს, რა პოლიტიკას ახორციელებ? ე.ი. იგულისხმება ის, რომ რეიტინგი უნდა გაიზარდოს. რადგან „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს თავის წესდება, ამდენად, არხის პოლიტიკურ ინსტუმენტად გადაქცევას არ ველი და ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

საზოგადოებრივ მაუწყებელშიმიმდინარე მოვლენების დაკავშირება ხდებარუსთავი 2“–ის სასამართლო პროცესთან და აქვე საინტერესოა ისიც, რომ თავისუფალი სიტყვის დასაცავად აქცია გამართანაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც თავად დევნიდა თავისუფალ სიტყვას. ალბათ ამასაც აქვს თავისი შეფასება...

– როდესაც სტუდენტური და სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფები აპროტესტებენ რაღაცა ქმედებებს, გასაგებია და არ ვამბობ, რომ ამის უფლება არ აქვთ. პირიქით, ვთვლი, რომ სოციალური პროტესტი ქვეყანაში უნდა იყოს. მივესალმები ამ ტიპის პროტესტს, შეიძლება შინაარს და ფორმებს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მიმაჩნია, რომ საზოგადოების ეს სოციალური აქტივაცია საჭიროა. მაგრამ, ყველამ დაინახა, რომ პირველ კოლონაში ისევ „ნაცინალური მოძრაობის“ ლიდერები ჩადგნენ. სათავისოდ გამოიყენეს არსებული მძიმე სოციალური ფონი, რომელიც „რუსთავის აზოტთან“, „რუსთავი 2“–ის და „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით ხდება. ამდენად, ამას ხელისუფლებაც უნდა ითვალისწინებდეს, რომ ასეთი ფრონტალური ქმედებები სხვადასხვა მიმართულით, აუცილებად უბრუნდება ასეთი აკუმლირებული საპროტესტო მუხტით, რომლითაც სარგებლობს ოპოზიცია.