საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, პარლამენტის რეგლამენტის გადახედვაც მოხდება, რომელიც კანონმდებლებისთვის შინაგანაწესია. პარლამენტის რეგლამენტს ვინ როგორ კითხულობს, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ის ვინც კითხულობს, ფიქრობს, რომ მისი როგორც დეპუტატის უფლებამოსილება შეზღუდულია.
პოლიტიკურ დღის წესრიგში რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების საკითხს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ სვამს, თუმცა მათ საპასუხოდ, უმრავლესობა ირწმუნება, რომ რეგლამენტში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შიდა ჯგუფი უკვე მუშაობს.
for.ge-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შიდა ჯგუფი ცვლილებების ჩარჩო ხედვებს მოამზადებს, საპარლამენტო პოლიტიკური ძალების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, ჩასწორებული სახით რეგლამენტის მიღება კი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მოხდება.
სანამ, დეპუტატები ცვლილებების განხორციელებაზე დაიწყებენ მსჯელობას, მანამდე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია იმ პრობლემებს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, მას მუშაობაში ხელს უშლის.
კანონმდებელის ცნობით, განსაკუთრებულ პრობლემას რეგლამენტის ის მუხლი წარმოადგენს, რომელიც სასესიო კვირის ოთხშაბათს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას განსაზღვრავს.
საუბარია პოლიტიკური დებატების ფორმატზე, რომლის გათვალისწინებითაც, ოთხშაბათის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება იმ დეპუტატს ეძლევა, რომელიც სხდომათა დარბაზში ადრე გამოცხადდება და გამომსვლელთა სიაში ჩაეწერება.
მარშანია მიიჩნევს, რომ ეს სისტემა უსამართლოა.
„დეპუტატების მუშაობის ძირითადი კანონი - რეგლამენტია, სადაც ძალიან ბევრი რამ სერიოზულად შესასწორებელია. საერთაშორისო ორგანიზაციებში კვოტებთან დაკავშირებით, დღემდე ჭიდილი და ომი გვაქვს. შევიტყვეთ, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გართულდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო, ახალი ფრაქციები გაჩნდა, რისი უფლებაც მათ აქვთ, მაგრამ მათ ეს საფუძველს არ აძლევთ, რომ დამატებითი კვოტები მოითხოვონ - საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნდობის ჯგუფში თუ ვიცე-სპიკერატში“, - ამბობს მარშანია.
დეპუტატის მოსაზრებით, რეგლამენტი უნდა გადაიხედოს და ის გააზრებულად უნდა შესწორდეს.
„ბევრი მუხლია ისეთი, რომელიც თავად კონსტიტუციას ეწინააღდემდეგება. ბევრი ისეთი პასაჟია, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, ქვეყანა თუ რა რეჟიმში მუშაობდა. ეს რეგლამენტი შესწორებული და მიღებულია სააკაშვილის ხელისუფლების უზურპაციის დროს. პარლამენტის რეგლამენტზე მუშაობა აუცილებელია. ბაქრაძის მიერ ხელმოწერილი რეგლამენტი როგორი იქნება? ამ რეგლამენტის მანკიერება საკუთარ თავზე განვიცადეთ და ჩვენი სათქმელი ვერ ვთქვით. უმრავლესობას არ მოვეშვებით, სანამ ამ საკითხს ბოლომდე არ გავიტანთ. ასეთი ხალხი ვართ“, - დასძინა მარშანიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ საპასუხოდ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რეგლამენტში ხარვეზები მართლაც არსებობს და სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე იმსჯელებს. მისი თქმით, მოსმენილი იქნება ოპოზიციური ჯგუფების პოზიციები იმის თაობაზე, მათ თუ რა მიაჩნიათ მიზანშეწონილად, რომ შეიცვალოს.
„მათ არავინ უკრძალავს, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებები მოამზადონ. მათგან კონკრეტული ინიციატივების შესახებ არ მსმენია და ზოგადად საუბრობენ, რაც განცხადებების საკითხს ეხებოდა. შეუძლიათ, აღნიშნული საკითხის დარეგულირების ხედვა წარმოადგინონ და ამაზე ვიმსჯელებთ. თუ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ რეგლამენტის მუხლში რაღაც ცვლილება უნდა განხორციელდეს, შეზღუდული არ ვართ და შეიძლება ნებისმიერი მუხლი შეიცვალოს. თავდაპირველად სჯობს, რომ მცირერიცხოვანი ჯგუფი შეიქმნას, რათა მისი საქმიანობა უფრო ეფექტური იყოს და აზრი ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა კახიანმა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას, მოქმედი რეგლამენტის ერთ-ერთი ავტორი ხათუნა გოგორიშვილი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რეგლამენტში ხარვეზები არსებობს, მაგრამ რეგლამენტის სრული გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს. კანონმდებელის ვარაუდით, რეგლამენტის მთლიანი გადახედვისას შესაძლოა ბევრი კარგი ნორმა დაიკარგოს და კარგისა და ცუდის დახარისხება ვერ მოხდეს.
„გადახედვაში ახალი რეგლამენტის მომზადება იგულისხმება. თუ მკითხავთ, ეს პროცესი ცოტა სახიფათოა. რატომ? - არსებულ რეგლამენტს თუ გავყვებით, მთელ რიგ პროცედურებში ძალიან კარგად არის გამოხატული უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ფრაქციების უფლებები. შესაბამისად, რეგლამენტი მათთვის ადვილ პროცედურაზეა მორგებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე რამე ხარვეზი არ არის. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, სრული პრეტენზია ამა თუ იმ მუხლთან ჰქონდეს, თუმცა მათ რჩევას მივცემდი, რომ საუბარი კონკრეტულად იმ პროცედურაზე იყოს, რომელიც მათ არ მოსწონთ და მუშაობაში პრობლემას უქმნით, რადგან რეგლამენტის მთლიანი გადახედვისას შესაძლოა ბევრი კარგი ნორმა დაიკარგოს და კარგის და ცუდის დახარისხება ვერ მოხდეს“,- ახადებს დეპუტატი.
გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ რეგლამენტი ყველაზე ცოცხალი ნორმატიული აქტია, სადაც შეიძლება ისეთი ნორმა იყოს, რომელიც რვა წელი საჭირო არ იყოს იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტში სხვადასხვა კომპოზიციაა.
„შეიძლება, რაღაც ნორმის გამოყენება პრაქტიკაში არ დაგჭირდეს და აღმოაჩინო, რომ რაღაც პრაქტიკულ პრობლემასთან გაქვს საქმე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნორმა სრულიად უნდა შეიცვალოს. ზოგ შემთხვევაში, რეგლამენტი ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც უზუსტობებს შეიცავდეს, მაგრამ კონკრეტული მუხლების ცვლილებაზე ვისაუბრებდი“, - ამბობს გოგორიშვილი.
დეპუტატი პოლიტიკური დებატების ფორმატსაც ეხმაურება და ფიქრობს, რომ უმჯობესია, გამომსვლელთა რაოდენობაზე შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის მოხდეს, ვიდრე კონკრეტული ჩანაწერი რეგლამენტში განხორციელდეს, რადგან შესაძლოა, ჩანაწერი მომდევნო პარლამენტების კონფიგურაციას არ მოერგოს.
„წინა პარლამენტში ეს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმებით იყო განპირობებული. ამ ყველაფერის რეგლამენტში გაწერა შეიძლება, მაგრამ შემდგომი პარლამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე შეიძლება პრობლემა შექმნას. მგონია, რომ ძალიან მოქნილი მექანიზმია, როცა შეთანხმება ხდება. წინა პარლამენტში ეს შეთანხმება არსებობდა და სხდომის დაწყებამდე თავქუდმოგლეჯილი არასოდეს არ გავრბოდით, რადგან ვიცოდით, ვის რამდენი გამოსვლა ჰქონდა“, - დასძინა გოგორიშვილმა.
მოქმედი რეგლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში გადაიხედა და მასში საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე დეპუტატთა დასწრების თაობაზე ჩანაწერი რჩება, რაც კანონმდებლებს მანიპულირების საშუალებას აძლევს, რადგან ხშირ შემთხვევაში, დეპუტატები სხდომაზე არ ცხადდებიან და ამის მიზეზად „ოჯახურ მდგომარეობას“ ასახელებენ, რის გამოც, მათ გაცდენა საპატიოდ ეთვლებათ და თვიური ანაზღაურებიდან ათი პროცენტი არ ექვითებათ.