ობამასგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანის მიმართ ლმობიერი არ იქნება. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის დაშინებას არავინ აპირებს, თუმცა ირანი ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც აშშ-ის მიმართ სრულ უპატივცემულობას ავლენს - „ისინი ყველგან აგზავნიან ფულსა და შეიარაღებას“, - ამიტომ ტრამპი ირანზე გავლენას სანქციებით შეეცდება და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.
ბირთვული იარაღის წარმოების გამო გაერომ ირანს სანქციები პირველად 2006 წლის დეკემბერში დაუწესა, რომლითაც აიკრძალა ირანში გარკვეული სახის მასალებისა და მოწყობილობების შეტანა. საბანკო ანგარიშები გაეყინათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბირთვული იარაღის წარმოებასთან ირანში. 2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ ამავე საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გაამკაცრა სანქციები ირანისთვის. გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭომ 2013 წლის 5 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 2014 წლის 9 ივლისამდე გახანგრძლივდა ექსპერტთა ჯგუფის მანდატი, რომლებიც ირანისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვას აკვირდებოდნენ.
მას შემდეგ, რაც ირანულმა დიპლომატიამ გაიმარჯვა და ირანმა დასავლეთთანაც მიაღწია შეთანხმებას და ამერიკასთანაც, ორივე მათგანმა ახლო აღმოსავლეთის ამ სახელმწიფოს მიმართ დაწესებული სანქციები გააუქმა და ირანი ელვის სისწრაფით ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველად გადაიქცა. მათ შორის, საქართველოსთვისაც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.
რა შეიცვლება ირანთან მიმართებით, ამის შესახებ For.ge-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე ესაუბრა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი ამბობს, რომ ირანისთვის კარგი იქნება, თუკი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გაბედულებას არ გამოცდის. მანვე გააფრთხილა ირანი, ამერიკის გამოწვევისგან თავი შეიკავოს და შეწყვიტოს მტრული საომარი მოქმედებები ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიმართ. ელით, რომ სანქციების მოხსნის საკითხი ირანის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გადაიხედება?
- რთულია საუბარი იმაზე, რა იქნება ხვალ. ტრამპის მოქმედებების პროგნოზირებაც იოლი არაა. თუ გავიხსენებთ საარჩევნო პერიოდში ტრამპის დაპირებებსა და ნათქვამს, მისი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ირანი იყო. ტრამპი დიდ ნაკლად უთვლიდა ობამას ადმინისტრაციას ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მიღწევას. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ირანის საწინააღმდეგო არაერთი განცხადება გაკეთდა, რასაც მოჰყვა შვიდი სახელმწიფოს სიის ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ და მათზე ვიზა აღარ გაიცემა. ამას მოჰყვა ირანის ხისტი რეაქციაც. არა მარტო ამერიკის მოქალაქეების შეშვება აკრძალა ირანმა, არამედ, ასევე, ირანმა გამოსცადა რაკეტები და ახლა ატარებს საკმაოდ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთვნებს. დღესაც კიდევ ერთხელ გამოსცადეს ახალი ტიპის რაკეტა და მუქარის ტონიც გაისმა ირანის მხრიდან. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ამას არ მოჰყოლოდა ტრამპის ადმინისტრაციის საკმაოდ ხისტი რეაქცია.
ნაადრევი იყო ობამას ადმინისტრაციის მხრიდან დათბობის პოლიტიკა ირანთან?
- ჩემი აზრით, დათბობის პოლიტიკა უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, ობამას ადმინისტრაციას ნაკლად ჩაეთვალოს ის, რომ შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეული დათმობების საფუძველზე შედგა და ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე, ანუ ამ შეთანხმების თანახმად, ლაპარაკი იყო ბირთვული პროგრამის ისეთ ჩარჩოებში მოქცევაზე, რომლის პირობებშიც ირანი წლების მანძილზე ვერ მიუახლოვდებოდა ატომური იარაღის შექმნას.
მაგრამ, ამის მიუხედავად, ირანი ატომური იარაღის შექმნას მაინც უახლოვდება?
- ვერ გეტყვით, უახლოვდება თუ არა, რადგან ბირთვული პროგრამების შესახებ იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ იწერება უკვე ათი წელიწადია, სიმართლე აღარ ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთი დასკვნა დადო იმის თაობაზე, რომ ირანის ბირთვულ პროგრამებში სამხედრო მიზნები არ შეინიშნებოდა, დასავლეთი კარგა ხანს მაინც აგრძელებდა ანტიირანულ კამპანიას. თუმცა სანქციების მოხსნის შემდეგ იმთავითვე აღიარებდნენ, რომ ეს იყო ირანის დიპლომატიური გამარჯვება. მართლაც ირანულ დიპლომატიას შეიძლება მიეწეროს მაშინდელი წარმატება?
- პრობლემა ის იყო, რომ ირანი საკუთარ ქვეყანაში ჩასულ ინსპექტორებს სრული კონტროლის შესაძლებლობას არ აძლევდა და ისეთ ადგილებში არ უშვებდა, სადაც ეს პრობლემა იქნებოდა. ტრამპის ეჭვებსაც სწორედ ეს ბადებდა, რომ ამ ხელშეკრულებით ირანი არ იყო საიმედო პარტნიორი. მეორე მხრივ, სხვა პრობლემებიცაა. ირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმების მიღწევა, რადგან ქვეყანას ძალიან რთული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა სანქციების პირობებში. გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ირანი, რეგიონის სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, მართლაც შემდგარი სახელმწიფოა. მას არ აქვს შიდა პრობლემები, ან გაცილებით ნაკლები შიდა პრობლემა აქვს თუნდაც იმავე მეზობელ თურქეთთან შედარებით. ძალიან განსხვავებული ქვეყანაა ირანი, რთული და ხშირად გაუგებარი პოლიტიკური მოწყობის ქვეყანა, მაგრამ ირანის დაბრუნება საერთაშორისო ასპარეზზე, ცივილიზებულ ჩარჩოებში ამ ურთიერთობების მოქცევა, საშური საქმე იქნებოდა. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, რადგან ტრამპის მესიჯებს ირანის მხრიდან ძალიან ხისტი და შესაძლოა, დაუფიქრებელი განცხადებებიც მოჰყვა.
ირანმაც შეუტია და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტრამპს უპასუხა, რომ ირანი აწარმოებს მხოლოდ თავდაცვითი იარაღის გამოცდას და მას ამერიკის მუქარა ვერ შეაჩერებს.
- ვგულისხმობ იმას, რომ ირანმა ვიზების გაცემა შეწყვიტა ამერიკის მოქალაქეებზე.
ამ ფონზე საინტერესოა საქართველოს ადგილი. როდესაც სანქციები გაუქმდა, ირანი გაგებით მოეკიდა საქართველოს ადრინდელ გაციებულ დამოკიდებულებას მის მიმართ. საქართველოში ირანის ელჩის მოადგილემ - მოჰსენ ქებრიაიმ განმარტა, რომ ირანში აბსოლუტურად ესმოდათ საქართველოს მდგომარეობა, რომელიც ითვალისწინებდა დასავლელი პარტნიორების რჩევებს. ახლა როგორი პერსპექტივა გველის ირანთან მიმართებით?
- პერსპექტივა ისეთია, რაც თქვენ ბრძანეთ. ირანს წლების მანძილზე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველო არის დასავლეთის და, პირველ რიგში, შეერთებული შტატების პარტნიორი. ამის მიუხედავად, საკმაოდ კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს ირანთან. საქართველო, ზოგადად, ძალიან მიმზიდველია ირანელთათვის. მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი აღვადგინეთ ირანთან, 500%-ითაა ირანელ ვიზიტორთა რიცხვი გაზრდილი საქართველოში. ირანელთათვის მიმზიდველია თბილისი, ბათუმი და სხვა ქალაქები, ისტორიულ მეხსიერებასთანაც აქვს კავშირი.
სხვათა შორის, საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმის დამყარებისთანავე ქართველი ექსპერტები ამბობდნენ იმას, რასაც დღეს ტრამპი ამბობს, რომ ირანი დღემდე მსოფლიოში რჩება ტერორიზმის, ანუ „ჰესბოლას“ ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად.
- რაც შეეხება ტერორიზმს, ირანი გარკვეული ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ ქვეყანათა სიაშია. პირველ რიგში, ეს შეეხება „ჰესბოლას“. მოგეხსენებათ, შვიდ ქვეყანასთან დაკავშირებით ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა ირანსაც შეეხო. ეს მაშინ, როცა აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტებიდან არც ერთი არ მიეწერება ირანელებს. ამ დროს ამ შვიდი ქვეყნის სიაში შეტანილი არ არის არც საუდის არაბეთი და არც ეგვიპტე. არადა, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის მოქალაქეებმა ყველაზე მეტი ტერაქტი განახორციელეს და 11 სექტემბერს ყველაზე მეტად სწორედ საუდის არაბეთის მოქალაქეები იყვნენ მხილებულნი.
პრაქტიკული ხასიათის პრობლემის შესახებაც მინდა აღვნიშნო. მარტის დასაწყისში ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები, ირანისტები ირანში ძალიან დიდ კონფერენციაზე მივდიოდით, დაახლოებით 250 კაცი ჩამოდიოდა, კონფერენციას ატარებდა ირანული კვლევების ასოციაცია, რომელიც ამერიკაშია. 60 ამერიკელი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანმაც აკრძალა ამერიკელების შესვლა საკუთარ ქვეყანაში, ამერიკელებს უარი უთხრეს ვიზის გაცემაზე და ამიტომ კონფერენცია ჩაიშალა. შესაძლოა, გარკვეული ხნის შემდეგ საქართველოში ჩავატაროთ ეს კონფერენცია. ჯერ დეტალები არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.
მე-19 საუკუნეში რუსეთ-ირანის ომი მიმდინარეობდა და იმ პერიოდში ირანის სასულიერო პირს რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ჰქონდა ჯიჰადი. როგორც ჩანს, ამჟამად ირან-რუსეთ-თურქეთის დამოკიდებულება იცვლება. ამ სამკუთხედის წევრების ბოლოდროინდელი მოლაპარაკებითაც ხომ არ აიხსნება ირანის დიდი ჰონორი ამერიკის მიმართ? ამ კონტექსტში საინტერესოა ლავროვის განცხადება. მან დაიცვა ირანი და აღნიშნა, რომ ირანი არასდროს ყოფილა შემჩნეული რაიმე კავშირში ისლამურ სახელმწიფოსთან, „ჯებჰათ ალ-ნუსრასთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ამდენად, რუსეთი ფიქრობს, რომ ირანი უნდა გამოიყენოს ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ და ამ მხრივ უნივერსალური ფრონტი შექმნას.
- აქაც ძალიან რთულადაა საქმე. შესაძლოა, გარკვეული ტიპის შეთანხმებამ გარკვეულ საკითხებთან მიმართებით რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის უფრო მეტად გაბედული გახადა ირანი, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს შეთანხმება მაინც შეეხება სირიას და სირიაში ცალკეულ პრობლემებს. ეს არ შეეხება სირიაში მთლიანად ყველა პრობლემის მოგვარებას. ხაზს ვუსვამ იმას, რომ, ერთი შეხედვით, რუსეთი და ირანი, ნაწილობრივ თურქეთიც, ერთად გამოდიან სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ იმავე სირიაში რუსეთისა და ირანის ინტერესები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს.
მეტსაც ვიტყვი, სირიას გავანებოთ თავი, ერაყთან დაკავშირებითაც, უფრო მეტად თანხვედრაშია შეერთებული შტატებისა და ირანის ინტერესები. გარკვეულ სამხედრო ოპერაციებში ისინი სინქრონულადაც მოქმედებენ. თუნდაც იმავე ავღანეთთან დაკავშირებითაც, განსაკუთრებით, ნარკოტიკის ექსპორტთან მიმართებით, დასავლეთისა და ირანის პოზიციები დიდწილად თანხვედრილია. ამიტომ ყველაზე მეტად განტევების ვაცივით არის დღეს სირია. ძნელია პროგნოზირება, რა როგორ დამთავრდება სირიასთან მიმართებით. თითქოს ბოლო დღეებში რუსეთმა აიღო ინიციატივა გარკვეული მიმართულებით სირიაში და მას მხარს უჭერს ირანი, მაგრამ სირიის ძალაუფლების მომავალ ჰიპოთეტურ გადანაწილებაში, რა თქმა უნდა, ირანის ინტერესები შეიძლება არ დაემთხვას რუსეთის ინტერესებს.
ელით ვითარების დაძაბვას ტრამპსა და ირანს შორის?
- რთულია რამის პროგნოზირება, მაგრამ ორივეს მხრიდან ძალიან ხისტი განცხადებების ფონზე, არაფერი გამორიცხული არ არის. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დაძაბულობამ არასასიამოვნო ფორმები მიიღოს. ეს საქართველოზეც აისახება, საქართველო ხომ ირანის გვერდითაა.