„პატრიოტთა ალიანსი“ ნდობის ჯგუფში საკუთარ კვოტას ითხოვს და პარალელურად, ნდობის ჯგუფის წევრების სიცრუის დეტექტორით შემოწმების წინადადებით გამოდის. ირმა ინაშვილის საპარლამენტო ფრაქცია სიცრუის დეტექტორით სავალდებულო შემოწმების შემოღებას ნდობის ჯგუფის წევრების მიმართ ნდობის ამაღლებით ხსნის.
როგორც for.ge-ს ფრაქცის წევრმა, ადა მარშანიამ განუცხადა, ზოგს იდეა მოსწონს, ზოგს - არა, მაგრამ „ნდობის ჯგუფი“ განსაკუთრებული და სპეფიციკური სტრუქტურაა.
მისი თქმით, იმ ადამიანების მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს, ვინც ნდობის ჯგუფშია.
„ინტერესის საგანია, ნდობის ჯგუფის რომელიმე წევრი სპეცსამსახურის წევრი ხომ არ არის, თუნდაც ჩვენი, რადგან ნდობის ჯგუფმა საიდუმლო ინფორმაციები უნდა განიხილოს. ჩვენი ქვეყნის ინფორმაციები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა არ უნდა შეიტყონ. ამიტომ, ყველანაირი ბერკეტი და ტექნიკა უნდა გამოვიყენოთ, რაც მსოფლიში მოფიქრებულია. სიცრუის დეტექტორს ამერიკასა და ევროპაში იყენებენ. საიდუმლო ინფორმაციაზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს განსაკუთღებული ნდობა ჰქონდეთ“, - დასძენს მარშანია, რომლის იდეასაც სხვა საპარლამენტო ძალები არ იზიარებენ.
for.ge-სთან საუბარში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა არასერიოზულია.
დეპუტატის მოსაზრებით, სამართლებრივად რაიმე მექანიზმი არ არსებობს, რომ არჩეულ ადამიანს სიმართლე-ტყუილის შემოწმება მოსთხოვო.
„ასეთი რაღაც არასერიოზულია და ადამიანის უფლებებს არღვევს“, - მიიჩნევს სესიაშვილი, რომლის ცნობითაც, ნდობის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეიქმნება.
სესიაშვილის მსგავსად, სიცრუის მანქანის შემოღების იდეას არ იწონებს თავდაცვის კომიტეტის წევრი კობა ნარჩემაშვილი. როგორც for.ge-ს ნარჩემაშვილმა განუცხადა, ქართულ რეალობაში მსგავსი მეთოდიკა არ არსებობს.
დეპუტატის განმარტებით, ეს კანონით განსაზღვრული არ არის და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს მეთოდიკა გამოყენებულია, ძალიან ბევრი კითხვაა იმის თაობაზე, ეს რამდენად ხარისხიანად ხდება.
„არ მგონია, მსგავსი პრეცედენტი სადმე იყოს“, - ამბობს ნარჩემაშვილი.
უმრავლესობის მსგავსად, იდეას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობაც. for.ge-სთან საუბარში „ნდობის ჯგუფში“ წარდგენილი ირაკლი აბესაძის განმარტებით, მოქმედი კანონი ითვალისწინებს, რომ ნდობის ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უსაფრთხოების შემოწმება გაიაროს, რაც საკმარისი პროცედურაა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ნდობის ჯგუფის წევრების სანდობაა.
კანონმდებელის თქმით, ის ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობას ვერანაირად ვერ ხედავს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა. ნდობის ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება, რომელთაგან ერთი პარლამენტის თავდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.
ნდობის ჯგუფში წარდგენილნი არიან - ირმა ინაშვილი და ირაკლი აბესაძე, უმრავლესობა კი, საკუთარ კვოტებს ამ დრომდე არ ითვისებს. for.ge-ს ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის წევრად უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძისა და გია ბენაშვილის კანდიდატურები მოიაზრება, თუმცა უმრავლესობა ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.
რაც შეეხება ნდობის ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს, კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ნდობის ჯგუფს წარუდგენენ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება ოთხ მილიონ ლარს.