ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და საქართველო (პირველი ნაწილი)

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და საქართველო (პირველი ნაწილი)

როგორც ბოლო წლების მოვლენები გვიჩვენებს, მთლიანად მსოფლიოში და მათ შორის, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იზრდება საზოგადოების უკმაყოფილება ისტებლიშმენტისადმი. ამ უკმაყოფილების ერთ-ერთ გამოხატულებასწარმოადგენსნაციონალისტური იდეების მიმართ საზოგადოების მზარდი ინტერესი და პოპულარობა.ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ისტებლიშმენტი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, გლობალიზაციის იდეოლოგები დამისი აქტიური მხარდამჭერები (proponents)აქცენტს აკეთებდნენ მხოლოდ გლობალიზაციის დადებით მხარეებზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მის თანმდევ მოვლენებს. ამის გამო, საზოგადოებაში გროვდებოდა პასუხგაუცემელი კითხვები. შედეგად, ბრიტანეთის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბრიტანეთის გასვლას ევროგაერთიანებიდან, ასევე, გაიზარდა მემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფების პოპულარობა და გავლენა ევროპაში.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული იყო დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად. პირველ რიგში, მან დაამარცხა თავად რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტი, ვისაც არ უნდოდა ტრამპის წარდგენა საპრეზიდენტო კანდიდატად. ამის შემდეგ, მან არჩევნები მოუგო დემოკრატიული პარტიის კანდიდატს - ჰილარი კლინტონს. ეს იყო მართლაც გამორჩეული არჩევნები, როდესაც დონალდ ტრამპის მიმართ მედიის მკვეთრად ნეგატიურმა ფონმაც კი, ვერ მოახდინა გავლენა ამომრჩეველზე. ესეც ნათელი მაგალითია თუ, როგორ კარგავს მაყურებლის ნდობას და შესაბამისად გავლენას, ტრადიციული მედია.

დონალდ ტრამპი პოლიტიკაში მოვიდა როგორც ამერიკული ნაციონალიზმის ლიდერი. იგი არ არის ტრადიციული პოლიტიკოსი, ის მოვიდა ბიზნესიდან; მას არასოდეს მიუღია მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში, საზოგადოებრივ საქმიანობაში. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში იგი მოქმედებდა, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი და თავიდანვე მოექცა ყურადღების ცენტრში. დონალდ ტრამპს აქვს ლიდერის უნარ-ჩვევები, პოპულიზმის გარკვეული ხარისხი; საარჩევნო პერიოდში ის ლაპარაკობდა იმას, რისი მოსმენაც ამერიკელებს სურდათ, მას აქვს სატელევიზიო შოუების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობის დიდი გამოცდილება, მან კარგად იცის საზოგადოებასთან ურთიერთობა, „თვითერი“ და სოციალური მედია მისი ძლიერი მხარეა. ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი პიროვნება, რომლის „თვითერზე“ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას ამდენ კომენტარს უკეთებდეს ამერიკულ მედია.

როგორც ვხედავთ, ბევრი რამ იცვლება ჩვენს გარშემო და აუცილებელია, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ადგილი ამ ცვალებად და ნაკლებად პროგნოზირებად სამყაროში. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ენიჭება ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომ თანამშრომლობას, რადგან ეს ქვეყანა გახლავთ გლობალური ლიდერი, რომელიც მნიშვნელოვანწილად წარმართავს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ამიტომაც, აუცილებელია, განვსაზღვროთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და მიმართულებები, ვიპოვოთ ახალი საერთო ინტერესები. ამისათვის, ჯერ განვიხილოთ დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, ინაუგუარიციის შემდეგ გადადგმული პირველი ნაბიჯები, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტები, და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ მათ ჩვენი რეგიონისადმი.

დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები

არჩევნებში დონალდ ტრამპის უმთავრესი ლოზუნგი იყო Make America great again! ანუ, დავუბრუნოთ ამერიკას ძველი სიდიადე! რესპუბლიკური პარტია მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტ ობამას მმართველობის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა თავისი როლი და გავლენა და აუცილებელი იყო მისი აღდგენა.

დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, თუმცა, იმისათვის რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენთვის საინტერესო თემაზე, მოკლედ შევეხებით ამ პროგრამის მხოლოდ სამ მიმართულებას: 1. საგარეო პოლიტიკა, 2. საგარეო ვაჭრობა, 3. ეკონომიკური პოლიტიკა. 

საგარეო პოლიტიკადონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გახლავთ: 

- მშვიდობის მიღწევა ძალის რემონსტრირებით. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მიმართული იქნებასტაბილური და მშვიდობიანი მსოფლიოსკენ, სადაც იქნება ნაკლები კონფლიქტები 

- ამერიკის ეროვნული ინტერესების უპირატესი დაცვა, რეგიონალური სტაბილურობის და დაძაბულობის შემცირების ხელშეწყობა

- რადიკალური ისლამური ტერორიზმის იდეოლოგიის დამარცხება 

- ისლამური სახელმწიფოს (ISIS) დამარცხება: ამ მიზნით აგრესიული ერთობლივი და კოალიციური სამხედრო ოპერაციების ჩატარება; საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება რათა ისლამურ სახელმწიფოს (ISIS) გადაეკეტოს დაფინანსების წყარები; სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლა მოკავშირეებთან;  კიბერნეტიკული ომი, რათა ხელი შეეშალოს ისლამური სახელმწიფოს (ISIS) პროპაგანდას და მეომრების დაქირავებას

- ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში მჭიდრო თანამშრომლობა არაბ მოკავშირეებთან და ახლო აღმოსავლეთელ მეგობრებთან

- სამხედრო ძალების გაძლიერება და განახლება, დაზვერვისა და კიბერნეტიკული შესაძლებლობების გაფართოება

- სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების შეცვლის ამჟამინდელ პოლიტიკის დასრულება  

- დევნილთა მიღების პროცედურების კოორდინირება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებასთან

- პიროვნებების/ემიგრანტების შემოწმების ახალი პროცედურების შემოღება და ისეთი საემიგრაციო კანონმდებლობისმომზადება, რომ ტერორისტებმა ვერ შემოაღწიონ აშშ-ში

- ემიგრაციის დროებითი შეჩერება სახიფათო და არამდგრადი რეგიონებიდან, ქვეყნებიდან, რომლებიც დაკავებულნი არიან ტერორიზმის ექსპორტით. 

- გარდა ამ თემებისა, საარჩევნო კომპანიის დროს დონალდ ტრამპი აქცენტს აკეთებდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც; მაგალითად, მისი აზრით,

- აშშ ხდება სხვა ქვეყნების პრობლემების ნაგავსაყრელი, რაც დაუშვებელია; ყველა ქვეყანამ, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა მიხედოს საკუთარ პრობლემებს;

- აშშ არ შეიძლება იყოს მსოფლიო პოლიცია;

- ნატოს წევრმა ქვეყნებმა და სხვა მოკავშირეებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის უნდა გადაიხადონ საფასური. მათ ასევე უნდა გადაიხადონ საფასური ამ ქვეყნებში აშშ-ის ბაზების განთავსებისთვის, რადგან ეს ბაზები იცავენ ამ ქვეყნების უსაფრთხოებას;

- ბრექსიტის რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ადამიანებს უნდათ სახელმწიფოებს შორის საზღვრები

საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ასევე აღნიშნავდა, რომ უნდა გავარკვიოთ, ვინ არიან ჩვენი მეგობრები. აშშ-ის უმთავრესი ამოცანაა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) დამარცხება. თუ, რუსეთის მიზანიც იგივე იქნება და ის იბრძოლებს სირიაში, ჩვენ ამის წინააღმდეგნი არ ვიქნებით; ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და საერთოდ, ყველა უნდა იყოს ჩართული მასში. ვინც ჩვენთან ერთად იქნება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი ჩვენი მოკავშირეები იქნებიან.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან (რუსეთის გარდა), უკრაინა იყო გამონაკლისი, რომელზეც წინასაარჩევნო კომპანიის დროს ისაუბრა დონალდ ტრამპმა. კერძოდ, მან აღნიშნა: „რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ გვყავს ადამიანთა ჯგუფი და ქვეყნების ჯგუფი, გერმანიის ჩათვლით - რატომ უნდა ვაკეთებდეთ ყოველთვის ჩვენ [აშშ] მათ გასაკეთებელ საქმეს? მე მხარს ვუჭერ უკრაინას, მაგრამ უკრაინასთან ახლოს იმყოფებიან ქვეყნები, რომლებიც არაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად და ჩვენ გვეუბნებიან, დაგვიცავით, დაგვეხმარეთ. ჩვენ უფრო გონივრულად უნდა მოვიქცეთ; ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ მსოფლიოში პოლიციის როლის შესრულება“.  

როგორც ვხედავთ, საგარეო პოლიტიკაში დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამის უმთავრესი პრიორიტეტები იყო აშშ-ის უსაფრთხოება, რადიკალური ისლამური იდეოლოგიის დამარცხება და ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლა.

საგარეო ვაჭრობაში ამერიკის შეერთებული შტატები იმოქმედებს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრინციპით (America - First Trade Policy). წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპი ხშირად იყენებდა გამოთქმას Smart Trade ანუ, მოხერხებული, ჭკვიანი ვაჭრობა. ამერიკის შეერთებულ შტატებსბევრქვეყანასთან აქვს თავისუფალივაჭრობისრეჟიმი; ძირითადად, ესენი არიან მეზობლები და ლათინური ამერიკის ქვეყნები,საიდანაც აშშ-შიპროდუქცია შედის დაბეგვრის გარეშე. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებდა, ეს ხელშეკრულებები აშშ-სთვის არის წამგებიანი და ისინი უნდა გადაიხედოს. მისი წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად,

- გაუქმდება წყნარი ოკეანის პარტნიორობის ხელშეკრულება (Trans-Pacific Partnership)

- გადაიხედება ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (NAFTA); თუ პარტნიორები უარს განაცხადებენ ხელახალ მოლაპარაკებებზე,  აშშ გამოვა ამ ხელშეკრულებიდან

- ჩინეთს მოეთხოვება, შეწყვიტოს საკუთარი ვალუტით მანიპულირება. ნებისმიერი ქვეყანის მიმართ, რომელიც ხელოვნურად შეამცირებს საკუთარი ვალუტის ღირებულებას, გატარდება მკაცრი ღონისძიებები, ტარიფებისა და დამატებითი გადასახადების შემოღების ჩათვლით

- აშშ-ის სავაჭრო წამორმადგენელი მოამზადებს იურიდიულ საჩივარს ჩინეთის წინააღმდეგ, რადგან ჩინური პროდუქციის სუბსიდირება ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. თუ ჩინეთი არ შეწყვეტს უკანონო ქმედებებს და გააგრძელებს ამერიკის სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვას, დონალდ ტრამპი გამოიყენებს პრეზიდენტისთვის მინიჭებულ ყველა უფლებას ამ სავაჭრო დავების მოსაგვარებლად,  ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის ჩათვლით.

ეკონომიკაში დონალდ ტრამპის მთავარი ლოზუნგი და მისი პროგრამის ქვაკუთხედი იყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. იგი აცხადებდა, რომ აშშ-ს ისტორიაში ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გახლავთ:

- წახალისდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის საშუალო წლიურ ზრდას 3.5%-ით;

- შეიქმნება 25 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი;

- ჩატარდება ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო რეფორმა, კერძოდ, შემცირდება მოგების გადასახადი საწარმოებისა და კომპანიებისთვის 35%-დან 15%-მდე;

- გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის,  ხოლო, დანარჩენი ჯგუფებისთვის იგი შემცირდება;

- დაწესდება ფიზიკური პირების საგადასახადო განაკვეთები 12%, 25% და 33%-ის დონეზე. გადასახადის განაკვეთების ჯგუფებისადმი მიკუთვნება დამოკიდებული იქნება ამ პირების შემოსავლის ოდენობაზე;

- დაინერგება ეკონომიკის რეგულირების თანამედროვე სისტემა;

- გაიზრდება აშშ-ის ენერგოდამოუკიდებლობა და აშშ გახდება ენერგეტიკული სექტორის წამყვანი ქვეყანა, სადაც შეიქმნება მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი, დაცული იქნება გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტები, მათ შორის - გატარდება სუფთა ჰაერის და სუფთა წყალის პოლიტიკა

სოციალურ სფეროში დონალდ ტრამპის მთავარი დაპირება იყო, რომ გაუქმდება და შეიცვლება Obamacare - ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა, რომელიც პრეზიდენტ ობამას ინიციატივით იყო შემოღებული. 

პრეზიდენტ ტრამპის პირველი ნაბიჯები

ერთია - საარჩევნო პროგრამა, რასაც პოლიტიკოსები არც თუ იშვიათად იყენებენ ამომრჩევლის მოსაზიდად, და მეორე - არჩევის შემდეგ რამდენად ასრულებენ ისინი თავის დაპირებებს. ამ შემთხვევაშიც არაერთხელ დასმულა კითხვებიამერიკულ მედიაში. თუმცა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის რანგში პირველივე დღეები დაუთმო თავისი საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს. კერძოდ,

- 20 იანვარს მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას Obamacare-ის (ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის) გაუქმებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე (Executive Order Minimizing Economic Burden of the Patient Protection and Affordable Care Act Pending Repeal)

- 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც აშშ გამოვიდა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ხელშეკრულებიდან (Presidential Memorandum Regarding Withdrawal of the United States from the Trans-Pacific Partnership Negotiations and Agreement).

- 25 იანვარს გამოსცა ბრძანებულება რომელიც ითვალისწინებდა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას (Border Security and Immigration Enforcement Improvement)

- 27 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ზღუდავს შესაძლო უცხოელი ტერორისტების შეღწევას აშშ-ში(Protecting the Nation from Foreign Terrorist Entry into the United States)

- 28 იანვარს გამოსცა ბრძანებულება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) დამარცხების გეგმის შემუშავების თაობაზე (Plan to Defeat the Islamic State of Iraq and Syria)

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და მის ჩამოყალიბებასკიდევ საკმაო დრო დასჭირდება, თუმცა, მისი საქმიანობის პირველი ორი კვირიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი შეეცდება მიყვეს თავისი წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერიოზული ცვლილებები განიცადოს საპრეზიდენტო საარჩევნო კომპანიის დროს ჩამოყალიბებულმა უმთავრესმა პრიორიტეტებმა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პრიორიტეტები გახლავთ: აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიკალური ისლამური იდეოლოგიის დამარცხება და ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა განვლილი 25 წლის განმავლობაში

ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში არც თუ უმნიშვნელო როლი შეასრულა ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც კარგად იცნობდნენ აშშ-ში და პატივს სცემდნენ ცივი ომის დასრულებაში მისი წვლილისთვის. თავდაპირველად აშშ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა სამოქალაქო ომისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფს საქართველოს.

საქართველოს მიმართ აშშ-ის რეალური დაინტერესება დაიწყო კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ტრანპორტირების პროექტებით: თავდაპირველად ეს იყო 1995 წელს ბაქო-სუფსას ნავთობსადენის პროექტი, ხოლო, მოგვიანებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტები. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის წამყვანი სახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდა ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირება რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე. ამიტომაც, ამ პროექტების მეშვეობით მოექცა საქართველოაშშ-ის სტრატეგიული ინტერესის სფეროში. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს მიმართ დაინტერესება, ეს იყო კასპიის რეგიონის მიმართ სტრატეგიული ინტერესი, სადაც საქართველო  განიხილებოდა, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი რგოლი.

მოგვიანებით, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის დროს, ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებამ - შეერთებოდა აშშ-ის კოალიციას ავღანეთსა და ერაყში, კიდევ უფრო გააფართოვა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. იმ პერიოდში აშშ-ის დახმარებით და დაფინანსებით დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ქართული ჯარის რეფორმას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

ამ მიმართულებით საქმიანობა გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა; ამასთან, მან კარგად გამოიყენა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის დემოკრატიის მხარდაჭერის პოლიტიკა, როდესაც აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა თავისი საინფორმაციო პოლიტიკის შედეგად წარმოაჩინა, როგორც მისი პირადი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2008 წლის ცხინვალის ავანტიურის შემდეგ აშშ-ში საქართველოსადმი ინტერესი შემცირდა.