დონალდ ტრამპი მსოფლიოს ყოველდღიურად აკვირვებს. ამერიკის პრეზიდენტი ნატოს „მოძველებულ ორგანიზაციას“ უწოდებდა, თუმცა დღეს ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ შესახებ განაცხადა. ტრამპის განცხადებით, ირანთან მიმართებაში ისეთივე „კეთილი“ არ იქნება, როგორც მისი წინამორბედი ბარაქ ობამა იყო, რადგან თვლის, რომ ირანი ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფოა. გახდება თუ არა ირანის საკითხი ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების მიზეზი და რა შანსები აქვს საქართველოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
ამერიკის პრეზიდენტმა ირანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა და ამბობს, რომ ირანი ტერორისტული სახელმწიფოა. ტრამპის განცხადების საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ირანი არასოდეს ყოფილა შემჩნეული რაიმე კავშირში „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ირანი არის ის საკითხი, რომელიც შესაძლოა ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების მიზეზი გახდეს?
ხათუნა ლაგაზიძე: ირანი არის თემა, რომელზეც ტრამპს და მის ადმინისტრაციას ინაუგურაციამდეც ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული ხედვები. ეს ხედვა მდგომაროებდა იმაში, რომ ირანი არის ტერორიზმის ხელმშემწყობი და დამფინანსებელი ქვეყანა და, რომ ირანს თავის დროზე, ობამამ არასწორად გაუუქმა სანქციები, ამიტომ ირანს ხელახლა უნდა დაედოს სანქციები. ირანის ხელისუფლებამ თადარიგი დაიჭირა და დაიწყო მოკავშირეების ძებნა დანარჩენ მსოფლიოში. მანამ, სანამ ირანი ბალისტიკურ რაკეტას გამოცდიდა, მან რუსეთისგან მიიღო გარანტიები, რომ ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში, მარტო არ იქნებოდა ამერიკასთან პირისპირ. ამ შემთხვევაში ირანს რუსეთის მხადაჭერის იმედი აქვს.
ირანი ცდის ბალისტიკურ რაკეტას, ტრამპი, ისევე როგორც მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ძალიან მკვეთრ პოზიციას აფიქსირებენ, ტრამპის ადმინისტრაცია ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს...
- თუმცა, საპასუხოდ ირანი ამტკიცებს, რომ ისინი ცდიან მხოლოდ თავდაცვით იარაღს და არავის აქვს უფლება, ირანს შეუზღუდოს თავდაცვითუნარიანობოს გაზრდა. ვიცით, რომ ირანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რასაც მოჰყვა ტრამპის კიდევ უფრო მკვეთრი განცხადება, რომ ირანი არის ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელი და ხელშემწყობი სახელმწიფო.
თავისთავად საინტერესოა, რამდენად ნიშანდობლივი და ანგარიშგასაწევია ეს ვითარება საქართველოსთვის?
- როგორც უკვე ვთქვი, ირანმა წინმსწრებად გაარკვია თავისი ურთიერთობები რუსეთთან. ამერიკასთან სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, მას რუსეთის დახმარების იმედი აქვს. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ძალიან სერიოზული განხეთქილების პირველი ვაშლი ირანის სახით უკვე გაჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპის გამოკვეთილი კეთილგანწყობა და სურვილი რუსეთთან სიტუაციის დალაგების, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ირანი არის ის თემა, რომლის დათმობასაც რუსეთი ამერიკასთან ურთიერთობის სანაცვლოდ, არ აპირებს. აქიდან გამომდინარე, ის შიში, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, შეიძლება რუსეთს დაბრუნებოდა ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის სფეროს გაფართოების უფლება და გაემძაფრებინა კონტროლი, შეიძლება სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდეს.
ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი დარტყმის სუბიექტი იქნებოდა საქართველო?
- რა თქმა უნდა და სწორედ ამ შიშზე ვსაუბრობდი. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში უკვე გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი განხეთქილების ვაშლი ირანის სახით, ასევე, სამომავლოდაც არ არის გამორიცხული, ბევრი ისეთი თემა წამოიჭრას ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში, რომელიც ამ შიშს სულ უფრო და უფრო გააქარწყლებს. ასეთად სულ მალე შეიძლება იქცეს მონტენეგროს თემა, რომლის ნატოში გაწევრიანებასაც იმდენად ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც კი დაგეგმა არჩევნების დღეს. ელოდებიან, რომ მაიკლ ფლინი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დღე-დღეზე მოუწოდებს ტრამპს მხარი დაუჭიროს მონტენეგროს სწრაფ გაწევრიანებას ნატოში. ასე რომ, უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ამერიკის და პუტინის რუსეთის ურთიერთობები ვერ იქნება სიამტკბილობით აღსავსე.
ასევე მნიშვნელოვანია პოროშენკოსა და ტრაპს შორის სატელეფონო საუბარი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, მალე გაემგზავრება ამერიკაში პოროშენკოს ვიზიტის დასაგეგმად. ესეც უმნიშვნელოვანესი თემა არის საქართველოსთვის და სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი, რამდენად შეიძლება ამერიკა შეელიოს და დაუთმოს რუსეთს პოსტსაბჭოთ სივრცე თავისი გავლენის სფეროდ. ამ მხრივ, პოროშენკოს ვიზიტი აშშ-ში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკის რუსული პოლიტიკის ჩამოყალიბების საქმეში.
პარალელურად, ძალიან საინტერესოა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ძალიან საინტერესო შეთავაზება ტრამპის მიმართ. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დანარჩენი მსოფლისოს მართვას, ლიდერობას რამოდენიმე საუკუნის ისტორია აქვს და სთავაზობს, რომ ამ ცვალებად სამყაროში ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ისევ გააგრძელონ მსოფლიო ლიდერობის როლი. ამ კონტექსტში სთავაზობს რეიგანისა და ტეტჩერის დანატოვარის გაგრძელებას. და, რომ ამერიკა-ბრიტანეთის დუეტმა საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენოს ევროპის იმ ქვეყნების თავისუფლება, რომლებსაც ეს თავისუფლება რეიგანის და ტეტჩერის პოლიტიკის შედეგად ებოძათო. საუბარია ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და მეი ხაზგასმით ამბობს, რომ მსოფლიოს ამ ლიდერთა დუეტის პირდაპირი მოვალეობაა, არ აღიარონ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროებად. მეის თქმით, რუსეთის მეზობელი ქვეყნები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
თუმცა, იგივე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს...
- მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის თანაბარი წონის მოთამაშეების მიერ გაკეთებული განცხადებები. ის, რომ რამდენიმე ბრიტანელი დეპუტატის მხარდაჭერა არ გვქონდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი უნდა ჩავიქნიოთ. არა, პირიქით, ყველაზე რაციონალური ხედვა იმ ლიდრებს შორის, რომელთაც თავად ტრამპი აღიარებს და რომელთანაც ახალ ადმინისტრაციას მჭიდრო ურთიერთობის სურვილი აქვს, სწორედ ტერეზა მეის აქვს. ის ზუსტად ხედავს იმ საჭიროებებს, რაც პოსტაბჭოთა ტიპის ქვეყნებს აქვთ.
ამიტომ, მის ადმინისტრაციასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის, რათა დიდი ბრიტანეთი იყოს ჩვენთვის გზა და ხიდი, დამატებითი ლობისტი ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღუზა, რომელსაც შეიძლება ჩვენ ჩავეჭიდოთ ისე, რომ არ წაგვიღოს ახალი გეოპოლიტიკური მოვლენების ტალღამ.
რაც შეეხება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას, ამერიკის ახალი წარმომადგენელი გაეროში აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი არ დაუბრუნებს ყირიმს უკრაინას, ეს რა გზავნილია რუსეთისთვის, მაშინ, როდესაც ტრამპს პრეზიდენტობამდე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით?
- ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში. ზოგადად, ჩვენ იმიტომ გვიწევს ამდენი „მარჩიელობა“ ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ის ადმინისტრაცია, რომელიც წინასწარ გამზადებული კლიშეებით არ მოსულა ამერიკის ხელისუფლების სათავეში. იყო რამდენიმე ძირეული მიმართულება, რა მიმართულებითაც მათ უკვე ჰქონდათ ხედვა და მათ შორის ერთ-ერთი იყო ირანი, ისევე როგორც წყნარი ოკეანის სავაჭრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც გააუქმა, მექსიკასთან კედლის აღმართვა და რამდენიმე ასეთი პრინციპული პოზიცია, რითიც მოვიდა პოლიტიკაში.
მაგრამ არის მთელი რიგი სფეროები, სადაც ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, რაც უჩვეულოა ამერიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. როგორც წესი, პრეზიდენტობის კანდიდატის გუნდს წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა. ტრამპი კი გამონაკლისია და მე ვიტყოდი, რომ ეს ჩვენთვის შანსია. როდესაც ასეთი დუღილის პროცესშია ტრამპის ადმინსიტრაცია იგივე საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ამ დუღილის პროცესში საქართველოს აქვს შანსი, რომ საუკეთესო სახით წარმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ ტრამპი რჩება ბიზნესმენად და ყიდვა-გაყიდვის, მოგება-წაგების ქმედებით ოპერირებს პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ამერიკაში საქართველოს როლი იმდენად მომგებიანად წარმოვაჩინოთ, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. ამისი შანსი რეალურად არსებობს.
ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც წინასაარჩევნო პერიოდიდან მოჰყვება ტრამპს, ეს არის მისი პოზიცია ევროკავშირთან მიმართებაში. თავიდანვე ამბობდა, რომ ეს არის ყავლგასული ორგანიზაცია. ბრიტანულ მედიასთან საუბრისას აღნიშანა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა იყოს წარმატებული და ამის დასტური იყო ინაუგურაციიდან 2-3 დღეში ტერეზა მეისთან შეხვედრა. დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა ეკონომიურად იყოს წარმატებული და ამ მიზნით უკვე დაიწყეს ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შემუშავება.
ტრამპი პროგნოზირებს, რომ ევროკავშირს სხვა ქვეყნებიც დატოვებენ...
- ევროკავშირში ამერიკის ელჩად შეიძლება დაინიშნოს ადამიანი, რომელიც ევროკავშირს საბჭოთა კავშირს უწოდებს და ფიქრობს, რომ ევრო ძალიან მალე აღარ იქნება ევროკავშირის საერთო ვალუტა. პესიმისტურ-ცინიკურია თავად ტრამპის დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. ამის პასუხად დონალდ ტუსკი ტრამპს ევროკავშირისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს და მოუწოდებს წევრ ქვეყნებს შეინარჩუნონ ერთიანობა. ასე რომ, ტრამპის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ხაზი გადის სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობაზე და ესეც შეიძლება იყოს ის თემა, რომლითაც საქართველო უნდა დაინტერესდეს. რა ფორმატს შეინარჩუნებს, როგორ წარიმართება და რა შედეგით დასრულდება ტრამპისა და ევროკავშირის ურთიერთობა, ამაზეც ბევრად იქნება დამოკიდებული საქართველოს მომავალი.
ტრამპი აქცენტს აკეთებს ორმხრივ ურთიერთობებზე?
- დიახ და სწორედ, ამ ორმხრივ ურთიერთობებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ოღონდ უნდა მოვნახოთ საინტერესო რაკურსი, რა რაკურსით შეიძლება საქართველო იყოს საინტერესო აშშ-ისთვის კასპია-შავი ზღვის რეგიონში. თუ ჩვენ სწორად მოვნახავთ საქართველოს ფუნქციას, სწორად შევფუთავთ და სწორად მივაწვდით ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, შეიძლება ეს საქართველოსთვის აღმოჩნდეს ძალიან საინტერესო შანსი.
მაგრამ მეორე მხრივ, არის რუსეთის ფაქტორი, რომელიც არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ახლო აღმოსავლეთში და ევროკავშირში ცვდილობს მისი გავლენის გაფართოებას. როგორი იქნება რუსეთის პოლიტიკა ამ რეგიონში, ალბათ, ესეც არის უმნიშვნელოვანესი...
- ამ მხრივ თვალსაჩინო და ძალიან სიმპტომატურია რამდენიმე პროცესი, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. უპირველესად, ეს არის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები. ბოლო პერიოდში გახშირდა რუსეთ-თურქეთის ერთობლივი საჰაერო ოპერაციები სირიის ტერიტორაზე. მართლაც უპრეცედენტოა ის, რომ რუსეთის ავიაცა და თურქული ბომბდამშენები ერთობლივად ბომბავენ სირიაში პოზიციებს.
იმას, ვისაც თურქეთი ოპოზიციას უწოდებს, ამერიკელები ტერორისტად ნათლავენ, ისევე როგორც ამრიკისთვის სირიელი და ერაყელი ქურთები ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია ასადის წინააღმდეგ ოპოზიციაში. თურქებისთვის ეს არის ის მთავარი საფრთხე, რომელმაც გამოიწვია თურქეთ-რუსეთის დააახლოება. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რის განეიტრალებასაც თურქეთი ცდილობს, ეს არის სირიაში ქურთული ავტონომიის შექმნა.
სწორედ ამიტომ, რადგან რუსეთის გავლენა მზარდია სირიაში, თურქეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა რუსეთთან სიახლოვე. თუკი რუსეთი დათანხმდება და წამოაყენებს სირიის ფედერალიზაციის გეგმას და ამ ფედერალიზაციის ერთ-ერთი სუბიექტი გახდა ქურთული ავტონომია თურქეთის საზღვის გასწვრივ, ეს თურქეთისთვის მისი ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ტოლფასი იქნება.
ქურთთა ავტონომია სირიაში, თურქეთში და პლუს ერაყში, ეს არის მომავალი საძირკველი ქურთული ერთიანი სახელმწიფოსი, რაც თავისთავად ნიშნავს თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. ასე უყურებს თურქეთი ამ პროცესს და ამიტომ სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა, რომ ხელი შეუშალოს ქურთების ავტონომიის შექმნას სირიაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ამერიკის როლს განსაზღვრავს რეგიონში, ეს არის თურქეთ-ამერიკის ურთიერობები. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გაირკვევა ერდოღანისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ.
თურქეთი დადებითად შეხვდა ტრამპის პრეზიდენტობას...
- იმედიანად უყურებენ თურქები ამერიკა-თურქეთის ურთიერთობას მომავალში. ტრამპისთვის პარტნიორებთან ურთიერთობაში დემოკრატიული წესების და პრინციპების დაცვა არ იქნება ამოსავალი. ესეც ერთ-ერთი მთავარი პაზლი იქნება საქართველო-ამერიკის შემდგომი ურთიეთობისთვის და საქართველოს შემდგომი უსაფრთხოებისთვის. თუმცა, ის, რომ რუსეთი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმ სივრცეებში, სადაც ობამას პრეზიდენტობის დროს შეძლო თავისი პოზიციების გამყარება, მაქსიმალურად ეცდება უახლოესი თვეების მანძილზე თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს. ამიტომ, ეს რამდენიმეთვიანი პერიოდი ძალიან საფრთხილოა საქართველოსთვის.
რას გულისხმობთ?
- ამის ნათელი მაგალითი არის რუსეთ-ბელორუსიის დაძაბული ურთიერთობები. ლუკაშენკო ყოველთვის კარგად მანიპულირებდა რუსეთით. რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობის ხარჯზე, მას ჰქონდა ყველაზე შეღავათიანი გაზისა და ნავთობის ტარიფები. ამ შეღავათიანი ტარიფების შენარჩუნების სანაცვლოდ, რუსეთმა ბელორუსს მოსთხოვა სამხედრო ბაზების განლაგება, მათ შორის საჰაერო სამხედრო ბაზების, რისი წინააღმდეგიც გამოვიდა ლუკაშენკო.
ცოტა ხნის წინ ბელორუსმა 80 ქვეყანას მოუხსნა სავიზო რეჟიმი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს. რუსეთისთვის ესეც შემაშფოთებელი სიგნალი აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი განხეთქილების მიზეზი არის სამხედრო ბაზის თემა, რომელსაც რუსეთი მაქსიმალურად აწვება და ლუკაშენკო მაქსიმალურად ეწინააღმდეგება. მან ისიც კი თქვა, რომ ბელორუსს რეალურად უწევს თავისი დამოუკიდებლობის დაცვა, თუმცა, ჯერჯერობით ფრონტის ხაზი ეკონომიკურ თემეზე გადისო.
რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ ფრონტის ხაზმა პოლიტიკური ნაწილიც მოიცვას?
- როდესაც ლუკაშენკო საუბრობს ბელორუსის დამოუკიდებლობის დაცვაზე, ბუნებრივია იგულისხმება რუსეთი. გარდა ამისა, ამბობს იმასაც, რომ ჩვენთვის დემოუკიდებლობა გაცილებით მაღალი ღირებულებაა, ვიდრე რუსული ნავთობიო და თუკი გვაიძულებს ბაზების შემოყვანას, ჩვენ რუსული ნავთობის გარეშეც იოლად გავძლებთო. ლუკაშენკო-რუსეთის ურთიერთობებს ერთგვარი შანტაჟის ელფერი ხშირად დაჰკრავდა, მაგრამ ყოველთვის ეკონომიკურ თემებს უკავშირდებოდა და ყოველთვის ლუკაშენკო გამოდიოდა მოგებული. ახლა პირველად შემოვიდა სამხედრო მდგენელი. საბოლოოდ, ეს დაპირისპირება, ალბათ, მაინც კონსენსუსით დამთავრდება და ლუკაშენკო მორიგი შანტაჟიდან გამარჯვებული გამოვა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიციების ცვლა. ბელორუსშიც კი, რომელთანაც მას სამოკავშირეო ხელშეკრულება აკავშირებს, ცდილობს კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი პოზიციები სამხედრო ბაზების განლაგების გზით. ამას აკეთებს სწორედ მაშინ, როდესაც ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ, ეს პერიოდი ძალიან საფრთხილოა საქართველოსთვისაც.
ამ კონტექსტში საინტერესოა ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ არა რუსეთთან დიალოგი, საქართველო ვერც ასოცირების ხელშეკრულებას და ვერც ვიზალიბერალიზაციას მიიღებდა, რადგან რუსეთს ჰქონდა საკმარისი ბერკეტები ამის დასაბლოკადო...
- მართლაც რომ საინტერესოა, საქართველომ რა დათმო იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთს თავისი ბერკეტები არ გამოეყენებინა ამ პროცესების ჩასაშლელად. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა ვიცოდეთ: რა მოითხოვა რუსეთმა ჩვენგან „დათმობების“ სანაცვლოდ.