საპარლამენტო უმრავლესობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, უმცირესობა კი, შენიშვნების გაზიარებისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება, მაგრამ უმრავლესობას ოპოზიციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ოპონირების მოგერიება მოუწევს, რადგან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მოისმენენ, რომელსაც კანონმდებლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გააცნობს.
სანამ, დოლიძე დეპუტატების წინაშე წარსდგება, მანამდე ის პრეზიდენტის პოზიციებს for.ge-სთან საუბარში განმარტავს და აცხადებს, რომ შენიშვნები სამ ნაწილად იყოფა. კერძოდ, დოლიძის განცხადებით, შენიშვნათა ერთი ჯგუფი სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისათვის მეტი ავტონომიის მინიჭებას ეხება, მეორე ჯგუფი მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, ხოლო მესამე ჯგუფი შედარებით ტექნიკური ხასიათისაა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ ვეტოს დადებით შესაძლებლობა იყო, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაუმჯობესებულიყო და ძალაუფლების კონცენტრაციის შესაძლებლობა თავიდან აცილებული ყოფილიყო.
„ჩვენს მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც დაახლოებით ას გვერდამდეა, წარმოდგენილია არა მხოლოდ ჩვენი მოსაზრებები, არამედ საერთაშორისო პრინციპები, კანონის პირველი ვერსიები. მსგავსი დამოკიდებულებაა ვენეციის კომისიის მხრიდან, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ გასაუქმებელია, მოსამართლეთა გამოცდის სამწლიანი ვადა. დღევანდელ დღეს საშუალება დავტოვეთ, რომ რამდენიმე ადამიანის მეშვეობით სასამართლო იმართებოდეს და ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს, ამას დავინახავთ“, - განაცხადა დოლიძემ.
ქვეყნის პირველი პირის შენიშვნებს არ იზიარებს უმრავლესობა, რომელთა მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ და ისინი იუსტიციის საბჭომ არ უნდა დანიშნოს. ასევე, ერთი და იგივე პირს საშუალება არ უნდა ჰქონდეს სასამართლოს თავმჯდომარე იყოს და ამავე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე. პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ და სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება უნდა გაუქმდეს.
აღნიშნულ მოსაზრებებს არ ეთანხმება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას ეს შეფასებები გულწრფელად აოცებს.
კანონმდებელის თქმით, როცა ამ პაკეტის განხილვა შეჩერდა, ყველა ერთ ხმაში საუბრობდა, როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე ექსპერტები და სამოქალაქო სექტორი, რომ ცვლილებების განხილვა უნდა გაგრძელებულიყო.
დეპუტატის ცნობით, დასავლელი პარტნიორების მოწოდებები იყო, რომ ეს პაკეტი რაც შეიძლება სწრაფად ყოფილიყო მიღებული.
„კენჭისყრამდე პაკეტი ყველას მიერ მოწონებული იყო და მოგვიწოდებენ, რომ ცვლილებები აქამდე რატომ არ მივიღეთ?! თუ ეს პაკეტი ყველას მიერ მოწონებული კენჭისყრამდე იყო, მიღების შემდეგ მიუღებელი და კრიტიკის ობიექტი რატომ გახდა, როცა ამ ცვლილებებს ვენეციის კომისია მიესალმა და თქვა, რომ ეს დამოუკიდებლობისთვის გადადგმული ნაბიჯია?! ნურავის ნუ ეწყინება თუ, გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით კონტრშენიშვნები ჩვენც გაგვიჩნდა და მივიჩნიეთ, რომ შენიშვნების უმეტესობა კარგად დასაბუთებული და მოტივირებული არ არის. ჩვენთვის სარწმუნო არგუმენტები არ იყო“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ბესელია ამბობს, რომ ის იმ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რომ თუ მოსამართლეებს ადმინისტრაციული ფუნქცია უჭირავთ, მათ უფლება არ უნდა ჰქონდეთ, იუსტიციის საბჭოს წევრად კენჭი იყარონ.
„კენჭისყრა ფარულია და მოსამართლეებს ვისაც უნდათ, იმას აირჩევენ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სავალდებულო წესია, ესაა უფლება. არ მგონია, რომ შენიშვნები სწორად იყო. ყოველ შემთხვევაში, ისეთი არგუმენტები არ იყო, რომელიც პოზიციას შეგვიცვლიდა. ეს შენიშვნები გასაზიარებელი არ არის. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როცა სასამართლოს მიმართ ამდენი კრიტიკა არსებობს, ავტომატურ რეჟიმში, მთელი სასამართლო კორპუსის გადანიშვნა, ეს ყველა იმ განწყობის და პოზიციის საწინააღმდეგო იქნებოდა, რასაც საზოგადოების უმრავლესობა ახმოვანებს“, - აცხადებს ბესელია.
რაც შეეხება უმცირესობის პოზიციას, „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას გეგმავს, როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა, უმცირესობა პრეზიდენტის შენიშვნების დიდ ნაწილს იზიარებს, რადგან მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ლეგიტიმურია, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ეს პროექტი საფრთხეს შეიცავდეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
დეპუტატის მოსაზრებით, შენიშვნების ნაწილი შესაძლოა გათვალისწინებული იყოს, მაგრამ იმის ილუზია არავის არ აქვს, რომ ხელისუფლება რაიმე მსგავს იზამს.
„პრეზიდენტს ვეტოს უფლება გააჩნია და ასეთი ტიპის მოსაზრებების გამოთქმა დემოკრატიული პროცესისთვის ძალიან კარგია. ეს კარგი არგუმენტია იმ ხალხისთვის, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა არ უნდა მოხდეს და მისი არჩევითობა უნდა შენარჩუნდეს, რადგან ასეთი ტიპის ჯანსაღი ურთიერთობა მომავალშიც იყოს შესაძლებელი. თუ ვეტოს არ გაითვალისწინებენ, ეს გარკვეული ფასის გადახდა იქნება“, - დასძენს კაპანაძე.