მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე დავით საყვარელიძეს ბრალს წაუყენებენ

მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე დავით საყვარელიძეს ბრალს წაუყენებენ

მაღალჩინოსანი, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებდა დავით საყვარელიძეა - ეს ინფორმაცია for.ge-მ მთავარი პროკურატურიდან არაოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ჯერ კიდევ 4 თებერვალს გამოაქვეყნა. მაშინ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ამ საქმესთან კავშირს უარყოფდა.

მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი მიმართვები მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს. მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობდა გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს.

ამავდროულად, მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. პროკურატურაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ნომრები, საიდანაც აღნიშნულმა მოსამართლეებმა მოკლკე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ უკრაინაშია რეგისტრირებული.

„თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ“, - ნათქვამია წერილში, რომელშიც, უწყების ინფორმაციით, მოსამართლეებმა . საყვარელიძის სახელით მიიღეს. ეს წერილი მოსამართლის საქმიანობაში უხეშად ჩარევის საქმეზე დაწყებული გამოძიებისთვის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გაგზავნილი წერილები და სმს-ს შეტყობინებები გაასაჯაროვა.

. საყვარელიძის წერილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს: „გვარამიასგან ვიცით, რომ შენ და პაატა ქათამაძე ხართ ჩვენი დასაყრდენი. ასევე ისიც ვიცით, რა სირთულეებიც არის, თუმცა ცოტაც და ამათი პარპაში დამთავრდება. მაგათი საქმე წასულია. თქვენც აუცილებლად დაგიფასდებათ ყველაფერი. იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებით ჩვენი დაბრუნებისთანავე და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება. ახლა ვხვდები, რომ თქვენნაირ სანდო ხალხზე უნდა მდგარიყო სასამართლო.

ახლა კი მთავარი: მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას და ვფიქრობ, რომ უკვე საჭიროა შიგნიდან ამ თემის „ხელოვნურად გახეთქვა“ და მასთან შეთანხმებით მინდა გთხოვოთ შემდეგი: ეცადეთ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ. არ აქვს მნიშვნელობა დამაჯერებელი იქნება თუ არა. ნამდვილად ჯობია გამოხვიდეთ საჯაროდ და ღიად თქვათ, რომ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ გიწევთ მუშაობა, გემუქრებიან, გატერორებენ, გითვალთვალებენ და რაც გინდათ, ის თქვით. თქვენ უკეთესად მოიფიქრებთ.

დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, რომ საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე. თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ. რაც მთავარია, უცხოელებიც ნახავენ - აი, რა ხდება თურმე მართლა და დანარჩენები საბოლოოდ ჩაირეცხებიან. სწორედ ეს სჭირდება ამ სიტუაციას. სხვა ყველაფერი უკვე ტექნიკის საქმეა. თქვენთვისაც გაადვილდება საქმე და საბოლოოდ დავანგრევთ მაგათ. მიხარია, რომ თქვენნაირი ხალხი გვეგულება და გვეყოლება საქართველოში“.

რაც შეეხება სატელეფონო შეტყობინებას, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მოსამართლეებმა უკრაინული ნომრიდან მიიღეს ასეთია:

„წერილს ალბათ მიიღებდი. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი აქტიურობით ვითარება დალაგდება. გაჭიანურება არ ივარგებს“, - ნათქვამია . საყვარელიძის სატელეფონო შეტყობინებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, გამოძიება 14 იანვარს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს, დ. საყვარელიძე არის თუ არა მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, საყვარელიძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და მას ბრალს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე წაუყენებენ. დეტალებს პროკურატურა უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ ადგილი აქვს სისხლის სამართლის მასალების გაყალბებას, რაც დანაშაულია. საყვარელიძე ამბობს, რომ პროკურატურის ქმედება არის უნამუსობა და არაკაცობა.

„კომიკურიდან ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი. ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები, რომელსაც ამდენი წელი ვქმნიდით, ასეთი პრიმიტიული, გონებაშეზღუდული ადამიანების ხელში აღმოჩნდა. გული მწყდება, რომ პროკურატურაში აღარ დარჩა კომპეტენტური იურისტი, თავმოყვარე ადამიანი. უბრალოდ უნამუსობას თავი რომ დავანებოთ, სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ.

ამაზე არის ცალკე მუხლი და ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გაქტიურდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. ელემენტარული, ხომ შეიძლება უთხრან სუს-იდან მიტანილ და შუშის სახლიდან ჩამოტანილ სისულელზე, რომ დაგვცინებს ხალხიო. შევარდნაძის დროინდელი პროკურატურაც არ იკადრებდა ამას. ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

პროკურატურის მიერ გავცელებულ მტკიცებულებას, „თეთრი ძაფით ნაკერს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის თავად ვახტანგ გომელაურსაც არ სჯერა. როგორც მელია აცხადებს, ხელისუფლება არის უსუსურ მდგომარეობაში და დამოკიდებულია სუს-ზე და მათ ერთგვარ ხრიკებზე, რაც ამჯერად ძალიან ცუდად შეასრულეს.

„ერთადერთი უწყება, რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობდა ეს იყო სუს-ი და ამ სამსახურმაც შეწყვიტა წარმატებით მუშაობა. ის, რაც ჩვენ დღეს პროკურატურის ბრიფინგზე მოვისმინეთ, უბრალოდ შეურაცხმყოფელია, პირველ რიგში, სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ სხვადასხვა უწყებაში - შსს-ში, სუს-ში და ა.შ.

იმდენად დამამცირებლად, უხეშად და არაპროფესიონალურად აქვთ გაკეთებული, ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ თურმე კიევიდან დავით საყვარელიძე წერს მადლობის წერილებს მოსამართლეების სახელზე და ეს მათ კარზე დაუკაკუნეს და სახლში მიუტანეს მატერიალური სახით. დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ უმრავლესობასაც ამ პარლამენტში არ სჯერა, რომ ეს ნამდვილად რეალობაა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პროკურატურის ინფორმაციის არ სჯერათ „ევროპულ საქართველოში“. ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, ის, რაც დღეს „რუსთავი 2“- ის გარშემო ხდება, იმართება სუს-დან.

„მკვეთრად ჩანს ხელისუფლების დაინტერესება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოდელირებულია სუს-ის მიერ. პროკურატურის ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ეძიოს სამართალი და ნამდვილად დაადგინოს ავთენტურობა ამა თუ იმ მიმოწერის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ყველაფერი დადგმული სცენარია და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლეებზე ზეწოლას, რათა შეაგროვონ მოსამართლეების ის რაოდენობა და მიიღონ გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგოდ, დადგეს ის შედეგი, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს“, - ამბობს ტარიელ ლონდარიძე.

ის, რაც უმცირესობაში არ სჯერათ, სჯერათ უმრავლესობაში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მას არ გაუკვირდება თუ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების კვალი დადასტურებულად მივა „ნაციონალურ მოძრაობამდე“ და მის ზოგიერთ წარმომადგენლამდე. როგორც სოფო კილაძე აცხადებს, შეტევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება და ეს არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, არამედ მათი ხელწერა.

„საერთოდ არ მიკვირს, რადგან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ვიცით, რომ უამრავი ადამიანი იყო შანტაჟის, ზეწოლის მსხვერპლი, აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ გამიკვირდება თუ გამოძიების კვალი დადასტურებულად მივა „ნაციონალურ მოძრაობამდე“ და მის ზოგიერთ წარმომადგენლამდე.

ამიტომ მე მეგონი, გასაკვირი არაფერია, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევთ, ვინაიდან ეს იმ ორგანოების გამოსაძიებელია, რომლებიც კანონის საფუძველზე უფლებამოსილი არიან. თუმცა, ნამდვილად არ მიკვირს და მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ზეწოლას და ცდილობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.