საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო და ქვეყანამ ისტორიული დღე გასულ კვირას იზეიმა, მოქალაქეები კი უვიზო მომისვლის ამოქმედების მოლოდინში არიან, რომლის სავარაუდო თარიღად მარტის ბოლო სახელდება.
ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, for.ge პარლამენტი დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:
რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება?
- უპირველესად, ეს თავისუფალი მიმოსვლაა ევროკავშირთან, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს, ევროკავშირთან ურთიერთობა განავითაროს როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. თავისუფალი მიმოსვლის გარეშე, ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი ვაჭრობა წარმოუდგენელი იყო. ამ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გაცილებით უფრო დიდი იმპულსი მიეცემა და ის გამოყენებული იქნება თავისუფალი ვაჭრობით გათვალისწინებული სიკეთეების ასამოქმედებლად. ადამიანებს საშუალება ექნებათ, ევროპელ პარტნიორებს პირდაპირ ეკონტაქტონ და ბიზნესი აწარმოონ. უვიზო მიმოსვლა ხელს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს. ჩვენი მოქალაქეები ევროპაში ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროებით რაც უფრო მეტად დაინტერესდებიან, მით უფრო მეტი კარგის წამოღება შეიძლება საქართველოში და პირიქით. ქვეყანას, რომელსაც სრულყოფილი ევროინტეგრაცია აქვს დაგეგმილი, მისთვის უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჰქონდეს.
იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ ე.წ. შეჩერების მექანიზმი არ იქნეს გამოყენებული, რა ქმედებებს განახორციელებს სახელმწიფო და რა რჩევას მისცემდით მოქალაქეებს?
- ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მოგვეტანა და ეს პროცესები დავაჩქარეთ. ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მანამდეც მიიღო. იმ დღიდან, როცა უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება, პასუხისმგებლობა თითოეულ თანამოქალაქეზე გადადის, რომელიც ამ რეჟიმით ისარგებლებს. თუ ამ რეჟიმს დავარღვევთ და ევროკავშირის მიერ დაწესებულ პირობებს არ დავიცავთ, მაშინ იმის საფრთხე გაჩნდება, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩერდეს. საკითხის ხელმეორედ განხილვას კი, ახალი ძალა და ენერგია დასჭირდება, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იქნება. ამიტომ, ვისაც განზრახული აქვს, რომ თავისუფალი მიმოსვლით ისარგებლოს, ამ დიდ სიკეთეს და ვალდებულებას პასუხისმგებლობით უნდა მოეპყრას.
ანუ, საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარი ქვეყნის ელჩი გამოდის?
- გარკვეული გაგებით, რა თქმა უნდა, ასეა.
ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მოწინაღმდეგეები გამოუჩნდა. სკეპტიკოსი პოლიტიკოსები კოლეგებს არწმუნებდნენ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა არ მიეცათ და ისინი ქართველ კრიმინალებზე მიანიშნებდნენ...
- ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე რადიკალური, ულტრამემარჯვენე მიდგომებია, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აზანზარებს. ეს ჩვენთვის ყურადსაღები არ არის, რადგან საქართველოს მხარი 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. ეს მათი მხრიდან წყლის ნაყვაა. ევროპარლამენტში საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების პოზიტივებსა და იმ მიღწევების შესახებ ძალიან ბევრი ითქვა, რაც ჩვენს პირობებში განხორციელდა.
თქვენი ხელისუფლების გარდა, ამ პროცესში წვლილი წინა ხელისუფლებას მიუძღვის?
- ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. მინდა, ეს გამარჯვება ყველას მივულოცო, მაგრამ ძალიან მიკვირს, რომ ზოგიერთებს სინდისის დეფიციტი ნამდვილად აქვთ, როცა ბრალს საპირისპიროში გვდებენ. ის ადამიანები, რომლებიც წინ კვიცებივით გამოხტნენ და ხალხს მილოცვები დაუწყეს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგნი იყვნენ და ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. ისინი ამ სირცხვილს ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავენ.
ევროპის მიმართულებით წინ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე რა მანძილი აშორებს?
- ევროკავშირსა და მსოფლიოში ძალიან დიდი გამოწვევებია და ამის მოწმეები ვართ. ჩვენი ვალი და ამოცანაა, ევრპოკავშირის მიმართულებით ვიმუშაოთ და ქვეყანა განვავითაროთ.