დევნილთა სამინისტრო უპრეცედენტო რეფორმას იწყებს

დევნილთა სამინისტრო უპრეცედენტო რეფორმას იწყებს

ინფორმაცია, რომ დევნილთა 45 ლარიანი შემწეობა უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ პარტიას ხელში ჩაუვარდა დევნილთა სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის შესაბამისი დოკუმენტის პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, რომლებიც არ არინ დაბადებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან. შესაბამისად, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ირწმუნება, რომ არ დაუშვებენ ხელისუფლებამ დევნილებს დახმარება შეუწყვიტოს.

ეს ინფორმაცია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ამასვე ადასტურებს რეფორმის არსი, რომელსაც დევნილთა სამინისტრო გეგმავს და რომლის მიზანია საუკეთესო მოდელის შემუშავება, რათა არ დაზარალდეს არც ერთი დევნილის ინტერესი. კერძოდ, დევნილთა შემწეობები იყოს ორიენტირებული იმ დევნილებზე, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება, ანუ, სოციალურად გაჭირვებულები არიან და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც მაღალი თანამდებობები და კარგი ხელფასი აქვთ.

დევნილთა მიმართულებით წლის განმავლობაში დაახლოებით 250 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხების ეფექტურად ხარჯვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, გაცილებით მეტი სახლის აშენება დევნილებისთვის, გაცილებით მეტი დახმარების აღმოჩენა გაჭირვებული დევნილებისთვის. ასევე იგეგმება, გაუორმაგდეთ დახმარება იმ ყველაზე გაჭირვებულ დევნილებს, რომლებიც დღეს იღებენ 45 ლარს, ანუ რეფორმის შემდეგ, ისინი მიიღებენ 90 ლარს.

შესაბამისად, წელიწადში 2 ათასი სახლის ნაცვლად, აშენდება 4-5 ათასი სახლი, რაც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, რომ მინიმუმ 3 წელიწადში ყველა დევნილი, ვისაც არ აქვს დღეს სახლი და ვინც ცხოვრობს ნგრევად ობიექტებში, დაკმაყოფილდეს სახლით. რეფორმას მხარს უჭერენ დევნილები და თვლიან, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. მათივე თქმით, შემწეობა იმ დევნილებმა უნდა მიიღონ, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ.

„აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. სოხუმის დაცემის შემდეგ როგორც ყველა, მეც დავრჩი ღია ცის ქვეშ. ამდენი წელია ქირით ვცხოვრობთ, მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში ვარ გასული, რომ ქირის ფული გადავიხადო, რომ ოჯახი ქუჩაში არ დამრჩეს. ნახონ ჩემი შემოსავალიც და აფხაზეთიდან დევნილი ნაყოფიას, გვაზავას, ყოლბაიას, კორძაიას შემოსავალი, ნუთუ არ შერცხვებათ, რომ ჩემი შვილიც 45 ლარს იღებს და მათი შვილიც? სირცხვილია.

დადგა დრო, რომ ჩვენც ვიგრძნოთ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს რეალურად გაჭირვებულ ფენაზე. შემწეობა იმ დევნილებმა უნდა მიიღონ, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ და არა იმათმა, რომლებმაც არც კი იციან, როდის ირიცხება ეს თანხა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას აფხაზეთიდან დევნილმა ფრიდონ ქარდავამ.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, დღეს მოქმედი კანონით ვისაც 1250 ლარი, ან მეტი აქვს შემოსავალი, შეჩერებული აქვს 45 ლარის შემწეობა, მაგრამ მხოლოდ მას და არა მთელ ოჯახს. მისივე თქმით, საუბარია საჭიროებაზე მორგებული პოლიტიკის გატარებაზე. ანუ, გაჭირვებული ფენის დახმარება, რითაც განსახლების პრობლემა რამდენიმე წელში დასრულდება. თუმცა, კონკრეტული მოდელი ამ წუთას არ არსეობს.

„თუ არ აქვს ადამიანს 1250-ზე მეტი ლარი შემოსავალი, ვისაც აქვს დევნილის სტატუსი, ყველა იღებს 45 ლარს. როდესაც ადამიანს უფიქსირდება შემოსავალი მას შეჩერებული აქვს 45 ლარის შემწეობის მიღების უფლება. მაგრამ თუ მისი ოჯახის წევრებს არ უფიქსირდებათ შემოსავალი, შეიძლება იყვნენ არასრულწლოვანი შვილები, ან ხანდაზმული მშობლები და ა.შ. ისინი 45 ლარს იღებენ, მიუხედავად იმისა ეს ადამიანი შეიძლება იყოს მილიონერი და შეიძლება ჰქონდეს ასულობით ათასი ლარის შემოსავალი.

ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, ყველა შეძლებულ და გაჭირვებულ ადამიანს ერთნაირად მისცეს თანხა. ბევრი ადამიანისთვის 45 ლარი მართლაც არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი გაჭირვებაშია და სიღარიბეშია“, - აცხადებს გიგა გიორგაძე.

მისივე თქმით, უწყებას მიაჩნია, რომ გამოთავისუფლებული თანხა მიიმართოს როგორც მშენებლობებზე, ასევე სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, რომლითაც ისარგებლებენ ის დევნილები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას.

„კითხვას დავსვამ - შეძლებულ ადამიანსაც 45 ლარი უნდა მივცეთ და მართლაც პურის ფული რომ უჭირს იმ ადამიანსაც 45 ლარი უნდა ჰქონდეს? იცით როგორი სტანდარტებით ვაშენებთ ბინებს და გადავცემთ დევნილებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღეს ძალიან ძნელია პროგნოზირება იმისა, როდის შეიძლება ამოიწუროს განსახლების პრობლება.

ერთი, რომ ამ რეფორმის შედეგად, პროგნოზირებადს გავხდით, როდის მოხდება განსახლების დასრულება და მეორე, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც გადამწყვეტია 45 ლარი, მათი შემწეობა შესაძლოა გაიზარდოს. იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს სიღარიბის პროგამით აქვს ყველაზე გაჭირვებულ ადამიანს“, - აღნიშნა გიგა გიორგაძემ.

დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რეფორმის არსი სწორად იქნას მიტანილი თითოეული დევნილისთვის. როგორც გიორგაძე აცხადებს, თუკი დევნილის ბედი გაღელვებს და ჩაწვდები პრობლების არსში, შეუძლებელია შეეწინააღმდეგო ამ რეფორმას.

თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობის“ პარალელურად, რეფორმის ეს გზა მიუღებელია აფხაზეთის ა-რ მთავრობისათვის. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა თვლის, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება.

„ძალიან ცუდია, რომ სამინისტრო ამ პროექტში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ან, არ ხედავს. პროექტის ავტორებს რომ უფრო ღიად ემუშავათ ამ პრობლემებზე, ასე საჯილდაო არ გახდებოდა. ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია ის სტატისტიკური ანალიზი, რომლის საფუძველზეც დათვლილია, თუ რამდენი ადამიანი გამოაკლდება ყოველწლიურად სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რიცხვს.

რამდენი „მეორე თაობის“ დევნილით არ გაიზრდება სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რიცხვი და რა ეკონომიკური ეფექტი მოჰყვება ამ პროცესებს. ეს პოლიტიკური დივერსიაა, რომელშიც შორსმიმავალი გეგმებია ჩამალული - უახლოეს მომავალში დასათვლელი დარჩება „ნამდვილი“ დევნილი, ანუ ის ხალხი, რომელსაც კანონიერი საფუძველი და პრეტენზია ექნება საკუთარ სახლებში დაბრუნებისა, რის უფლებასაც მოკლებული იქნებიან მათი შვილები და შვილიშვილები. ეს არის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი დევნილებისთვის პოლიტიკური სტატუსის მოსახსნელად“, - აცხადებს გია გვაზავა.

დევნილთა სამინისტროში კი, აცხადებენ, რომ ყველას აქვს უფლება თავისი დამოკიდებულება გამოხატოს, მაგრამ როდესაც ობიექტურობაზე და კომპეტენტურობაზეა საუბრი, შეუძლებელია ამ რეფორმის წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება დევნილთა სტატუსის მოხსნას, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, დევნილის სტატუსი დარჩება მუდმივად, ვიდრე არ მოხდება დაბრუნება.

„დევნილის სტატუსი, როგორც პოლიტიკური სტატუსი რჩება მუდმივად, ვიდრე არ მოხდება დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10-15 წელი საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ეს მოვიყვანოთ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში და საერთაშორისო სტანდარტი არის ის, რომ ასეთი სტატუსი არ არსებობს. როგორც მინიმუმ ითხოვდნენ, რომ მეორე-მესამე თაობას, ან აქ დაბადებულებს ეს სტატუსი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ არის განხილვის საგანი ჩვენთან.

ამის შემდეგ დარჩებიან მხოლოდ ის დევნილები, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ შემთხვევები, როდესაც ოფიციალური მილიონერების ოჯახები იღებნენ 45 ლარს, გვარებს არ დავასახელებ, ისევე როგორც დევნილი პოლიტიკოსების (რომელთაც აქვთ მაღალი შემოსავალი) ოჯახის წევრები იღებენ ამ 45 ლარს. მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს თანხა გადავანაწილოთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.