„ისე არ მოვიქცეთ, რომ ლუვრისა და ვერსალის სანახავად ჩასულებზე ძებნა გამოცხადდეს“

„ისე არ მოვიქცეთ, რომ ლუვრისა და ვერსალის სანახავად ჩასულებზე ძებნა გამოცხადდეს“

ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის დროშების ფრიალმა, როგორც ჩანს, ამაოდ არ ჩაიარა. საქართველო დაუბრუნდა ევროპულ ოჯახს და, როგორც საქართველოში უყვართ თქმა, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. მე-18 საუკუნის ევროპამ უარით გამოისტუმრა დახმარების მთხოვნელი სულხან-საბა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია გამოიმეტა და „ძლიერი სიგნალით“ აუწყა ჩვენს ერს, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ ღირებულებებს.

რას უნდა ველოდოთ ვიზალიბერალიზაციისგან? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

ვიზალიბერალიზაციის მონიჭებას ევროპულ ოჯახში დაბრუნებად აღიქვამენ ჩვენი ექსპერტები და პოლიტიკოსები. რა სიკეთეს და უარყოფითს მოგვიტანს ამ გლობალურ სამყაროში ჩვენი კიდევ უფრო მეტად დაახლოვება?

- ევროპაში ჩვენს დაბრუნებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არც არის. თუ მართლაც არსებობს ევროპული ოჯახი, ევროპული სახლი, ჩვენ მხოლოდ ამ სახლის ეზოს ჭიშკარი შეგვიღეს და ეზოში შეგვიშვეს. თვითონ ევროპის ოჯახი, ანუ ევროპის სახლი დღეს არის ევროკავშირი. თუმცა ევროპაში დღეს სერიოზულად არავინ ფიქრობს საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში მიღებაზე. ვიზალიბერალიზაცია არ არის მარტო ამ ხელისუფლების დამსახურება. პირველი პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველას მიუძღვის ამაში წვლილი. გავიხსენოთ, ჰოლანდიამ რა პირობით დაუჭირა მხარი უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. იმ პირობით, თუ უკრაინა არასოდეს მოითხოვდა ევროკავშირში შესვლას და, თავის მხრივ, ევროკავშირიც არასდროს მოსთხოვდა ჰოლანდიას, ევროკავშირში უკრაინის მიღებაზე თანხმობა განეცხადებინა გინდ ათი, გინდაც ასი წლის შემდეგ.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაშიც დაბრკოლებას ხედავთ?

- რასაკვირველია. ვერავინ იტყვის, რომ ეს შეზღუდვა მარტო უკრაინას ეხება და საქართველოს უთუოდ მიიღებენ. ეს ზღაპარია. ცხადია, ვიზალიბერალიზაცია წინგადადგმული ნაბიჯია, ჯობდა, მიგვეღო, ვიდრე უარი ეთქვათ ჩვენთვის. კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა უარი, რადგან მხოლოდ საქართველო და უკრაინა ითხოვდა ვიზალიბერალიზაციას. ეს არ მოუთხოვია პოსტსაბჭოური სივრცის არც ერთ წევრს. ამ მხრივ მოლდოვას, პირიქით, უკუსვლა აქვს. არადა, მოლდოვას ვიზალიბერალიზაციაზე კიდევ უფრო მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ თვითონვე თქვა უარი. ახალი პრეზიდენტი როგორც კი მოვიდა, საერთოდ უარი განაცხადა ევროპისკენ სვლაზე, მაგრამ ჩვენ ეს მოვინდომეთ, ჩვენ ვიძახდით, ვიზალიბერალიზაცია გვინდა და ჩვენ ეს მივიღეთ.

ერთი რამ კარგია, უვიზო მიმოსვლა ძალაში შედის აპრილიდან. ამ პერიოდიდან ტურისტული სეზონი იწყება და ჟურნალისტებს შეგიძლიათ, მონიტორინგი დააწესოთ, რამდენი ახალი ქართველი ტურისტი გაემგზავრება ევროპაში ლუვრის, ვერსალის, კოლიზეუმის, ვენეციის სანახავად სამთვიან მოგზაურობაში, როგორც ეს ადრე ხდებოდა, მე-19 საუკუნეში. თორემ მე-20 საუკუნეში უკვე აღარ იყო 3-4-5-თვიანი მოგზაურობები.

რამდენად აცნობიერებენ ქართველები, რომ ევროპელებზე ნეგატიური შთაბეჭდილება არ უნდა დატოვონ და ევროპაში დროებითი ვიზიტისხვა საქმეებისთვისარ გამოიყენონ? ასეთი ქმედებებისგან დაგვიცავს ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები? კერძოდ ის, რომ მოკლევადიანი უვიზო რეჟიმით მოსარგებლეებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი?

- სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა. უკვე არსებობს საამისო რისკები. მართალია, ევროპაში გამგზავრების მსურველმა უნდა დაამტკიცოს, რომ უკან დაბრუნდება, მაგრამ ვერავინ გამორიცხავს საფრთხეს, რომ არ განმეორდება ჩვენი „ძმები“ ქურდების ამბავი. სულ რამდენიმე თვის წინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა - ტომას დე მეზიერმა აღშფოთებით განაცხადა, რა უბედურებაა, ქართველებმა გაავსეს გერმანიის ციხეები, ადგილები აღარ გვყოფნისო. ასე არ უნდა მოხდეს და უკანონო მიგრანტებად არ უნდა იქცნენ ჩვენი ე.წ. მდიდარი ტურისტები. ლუვრისა და ვერსალის სანახავად ჩასულებზე ძებნა არ უნდა გამოცხადდეს. თუმცა რით უნდა დაკავდნენ ევროპაში, წარმოდგენა არ მაქვს. სწავლისა და სამსახურის უფლება მათ არ აქვთ. სამი თვე რა უნდა აკეთონ იქ, თუ არც სწავლობენ და არც მსახურობენ? დღეს სამთვიანი მოგზაურობის ფული ვისაც აქვს, ის უკვე ევროპაშია და მათი ნაწილი საერთოდ არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

ამ ადამიანებმა უნდა წარადგინონ ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დღეში 50 ევროს მოიცავს, სასტუმროს ჯავშნის საფასურის ჩათვლით. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოდან ჩასული ვიზიტორი მეტ-ნაკლებად ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება და სხვა მიზნებისკენ ხელი არ წაუცდება?

- ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი დღეში 50-დან 60-ევროს ფლობას ადასტურებს, მაგრამ ეს არ იქნება დამაბრკოლებელი. გინდათ გითხრათ, ვინ იქნებიან ევროპაში წამსვლელები? მათთან მაქვს კონტაქტი, სოფლებში დადივარ, აგარაკზე მიწევს გასვლა და, ნუ გაგიკვირდებათ, ყველაზე ხმალამოწვდილი მომხრეები, ღამე რომ არ სძინავთ და სიზმრად ხედავენ ვიზალიბერალიზაციას, ლუვრისა და ვერსალის მოყვარულები კი არა, ჩვენი გლეხობაა. ეს იმიტომ, რომ ასობით და ათასობით ანალოგიური მაგალითი აქვთ. სოფელს ვეღარ ნახავთ, საიდანაც 10-20 ადამიანი, უფრო მეტად ქალები, კაცები ნაკლებად, წასულები არ იყვნენ უცხოეთში. აქ დარჩენილები კი ფიქრობენ, მერე რა, თუნდაც სამი თვით ჩავალ ევროპაში და მერე ჩემს მარიფათზეა დამოკიდებული, იქ სამი თვე დავრჩები თუ სამი წელი.

გულისხმობთ იმას, რომ იმ სამ თვეშიც შეუძლიათ დაქორწინდნენ და დარჩენენ ევროპაში?

- ძირითადად ახალგაზრდებს შეეძლებათ დაქორწინება, თორემ 60 წლის ქსენია მემწვანილე რომ ჩავა უცხოეთში, მთხოვნელი ევროპაში არ ეყოლება.

ფიქტიურად მასაც შეუძლია დაქორწინდეს.

- კი შეუძლია, მაგრამ რა გგონიათ, ევროჩინოვნიკები სულ დეგენერატები არიან? ამ წლებში მათაც ისწავლეს ჭკუა. მართალია, სადღაც ერთი 30-50 წლის წინ გაავსეს ევროპა ათასი სჯულის ადამიანით, მაგრამ ახლა ყველამ ჭკუა ისწავლა. მართალია, აპრილიდან ჩვენ მოგვცემენ ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ იმავე აპრილში საფრანგეთში მოვა სულ სხვა პრეზიდენტი, რომელიც აუცილებლად მკვეთრ შიდა რეგულაციებსა და შეზღუდვებს დააწესებს. თუნდაც იმავე ქორწინებებთან მიმართებით. ეს გინდ ლე პენი იყოს, გინდ ფიიონი, გინდ მაკრონი. ახლა სამი კანდიდატია, თორემ გასულ პარასკევამდე ორი კანდიდატი იყო. ახლა გაირკვა, ფიიონის მეუღლესაც რაღაც ნამაიმუნარი აქვს, არ უმსახურია და ქმრის ავტორიტეტის გამო ისე იღებდა 500 ათას ევროს. მეგონა, მარტო საქართველოში ხდებოდა ასეთი რამ, თურმე არც საფრანგეთი ყოფილა გამონაკლისი.

საფრანგეთზე რომ არაფერი ვთქვათ, იტალიის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, აუცილებლად მოვა ყოფილი კლოუნი ბეპე გრილო, ისიც ულტრამემარჯვენეა, ისიც ამბობს, საზღვრებს გავაკეთებ, მიგრანტები არ მჭირდებაო. გარდა ამისა, შემოდგომაზე გერმანიაშია არჩევნები, მერკელმა გინდაც შეინარჩუნოს კანცლერობა, დღეს უკვე ის მერკელი აღარ არის, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მიგრანტების მისამართით ხელგაშლილად ამბობდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაშიო.

მერკელი ნელ-ნელა თვითონაც მემარჯვენე ხდება.

- დიახ, ყრილობაზე პირადად აღიარა, ის რაც მოხდა, მეტი აღარ განმეორდებაო. ეს მარტო სირიიდან და ერაყიდან ჩასულ მუსლიმანებს არ შეეხება, არამედ ნებისმიერ სხვას. ჩვენში ზოგიერთებს ვიზალიბერალიზაცია ეიფორიაში აგდებს და კანონის დარღვევის ილუზიას უქმნის. ამიტომ აუცილებელია, აპრილამდე ჩვენმა მთავრობამ მოსახლეობას აუხსნას, რა ელით, თუკი გამოაძევებენ, შავ სიაში შეიყვანენ და მორჩა. შემდგომში უკვე რომც გამდიდრდნენ და მილიონერები გახდნენ, ევროპაში ვეღარ შევლენ.

როგორც ჩანს, 30 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი და სხვა მთლად გულგახსნილად არ გველოდება?

- რასაკვირველია, ამან ცოტა ეშხი დაკარგა ინგლისის ბრექსიტის გამო, ვინაიდან ყველაზე ადვილად სამუშაოს შოვნა და ცხოვრების კარგი პირობები ბრიტანეთში იყო. ამითაც აიხსნება, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილებმა ევროპა ტრანზიტად აქციეს და საფრანგეთში ლტოლვილების ქალაქი-კალე მოაწყეს, საიდანაც ყველას ინგლისში უნდოდა შესვლა. ინგლისი უკვე გამოირიცხა. ახლა საჭიროა, ეს ერთი თვე ჩვენმა მთავრობამ მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველაფერი აუხსნას, ნაცვლად იმისა, რომ იძახოს, აი, დედასამშობლო ევროპას დავუბრუნდით და ეს ჩვენ გავაკეთეთო. სულხან-საბას ვიზიტი რა იყო? გაუშვეს ეს ბერიკაცი ევროპაში, ექვსი თვე იქით და აქეთ მოგზაურობდა და ისიც კი არ იცოდა, რომ საფრანგეთი ირანისა და თურქეთის მოკავშირე იყო. ამ დროს სულხანი ჯარს სთხოვდა საფრანგეთს იმავე ლუი მეთოთხმეტის მოკავშირეებთან საბრძოლველად. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩავცვივდით. ასე რომ, არსად არ დავბრუნებულვართ, არსად არ მივუღივართ ჯერ, თუმცა ვიზალიბერალიზაცია მაინც წინგადადგმული ნაბიჯია.

როგორც ჩანს, სხვა სახის მიღწევებთან ერთად, ევროპარლამენტარებზე ევროკავშირის დროშების ფრიალმაც იმოქმედა. ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის გამონათქვამშიც სიმართლის მარცვალია - საქართველოში ევროკავშირის იმაზე მეტი დროშა ფრიალებს, ვიდრე ბრიუსელში. წლების წინ, როდესაც რიყეზე ევროპის დღეები აღინიშნა, იქ მისულ უამრავ ადამიანს შორის, ალბათ, ზოგიერთებმა არც იცოდნენ, რისთვის გვჭირდებოდა ევროპა. თუმცა ევროკავშირის დროშები ყოველთვის უხვად ფრიალებდა.

- ამ დროშებს ვინ ამზადებს? ეს ხომ ფული ღირს? დროშას მაშინ აქვს ფასი, როცა დროშა თავისი ფულით აქვს შეძენილი. ამერიკელების ყველა ოჯახი საკუთარი თანხით იძენს დროშას. ჩვენში კი დროებთან არასწორ დამოკიდებულებას სააკაშვილის დროს ჩაეყარა საფუძველი, მთავრობა მილიონებს ხარჯავდა იმისთვის, რომ ყველა ჩინოვნიკს კაბინეტში ევროკავშირის დროშა ჩამოეკიდა ან პატარა დროშა მაგიდაზე დაედო. დღესაც ასეა. ევროპის დროშა წინ უდევთ, მაგრამ ქრთამსაც იღებენ და ევროპულ ფასეულობებსაც დღეში ათჯერ არღვევენ. ვიმეორებ, ვიზალიბერალიზაცია კარგია, მაგრამ არ გაგვიტყდეს სახელი. რაც ქურდებმა დაგვაკლეს, ამ ე.წ. ტურისტებმა არ შეგვივსონ. ვიზალიბერალიზაცია ძირითადად ტურისტებისთვისაა განკუთვნილი. თუ შენ ისეთი ბიზნესმენი ხარ, რომ ევროპაში ჩახვიდე და ვიღაცასთან ხელშეკრულება დადო, ამას სულ არ სჭირდება ვიზალიბერალიზაცია.

ამას წინათ ახლობელი გავაცილე აეროპორტში და თვითმფრინავში ადგილი აღარ იყო, ტევა არ იყო ევროპისკენ მიმავალ რეისზე. ყოველდღიურად უამრავი ხალხი მიფრინავს. უფულო ხალხია ცოდო, თორემ ფულიანი ისედაც ჩადიოდა ევროპაში. ვიცი ხალხი, რომლებმაც სახლები, მიწის ნაკვეთები გაყიდეს, ევროპაში ჩავიდნენ ისე, რომ ვიზები არ ჰქონდათ, დღემდე სადღაც ჩუმად მუშაობენ იმის შიშით, როდის გამოყრიან. ეტყობა, თითო-ოროლა ასეთ ადამიანს აქამდე მაინც იტანდა ევროპა, მაგრამ, თუ ამან ახლა მასობრივი ხასიათი მიიღო, რისი თეორიული საფრთხეც არსებობს, შეიძლება უფრო დავშორდეთ ევროპას. ჩვენს ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის თავისუფალი მიმოსვლა, რომ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები. საფრანგეთის მოქალაქე ისე დადის, რომ არც იცის, სად არის საზღვარი გერმანიასა და იტალიასთან. ჩაჯდება მატარებელში და დილით უკვე გერმანიაში გაიღვიძებს.

ჩვენისთანა პატარა ერისთვის გლობალიზაციის საფრთხეს ხედავთ საზღვრების ასეთ გახსნაში?

- არა მგონია, ეს საფრთხე არსებობდეს, რადგან საზღვრები კი იხსნება, მაგრამ ეს მასობრივ სახეს არ მიიღებს. ვნახოთ, პირველი ექვსი თვე რამდენი ათასი მსურველი წავა საქართველოდან. როგორც კი იქ ადამიანებს დააკავებენ, მათი უკან ჩამოყვანა ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს. გავიხსენოთ, შეჩერების მექანიზმის გამო რამდენიმე თვით რომ გაჭიანურდა ეს პროცესი. შეჩერების მექანიზმი ზუსტად რა იყო, ამაზე ყველა მორცხვად დუმდა. ზოგადად, მთელ მსოფლიოში მკაცრდება უცხოელების მიღება. ტრამპი ამკაცრებს საზღვრებს, ჯოჯოხეთი იქნება ამერიკის ვიზის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქამდე ყველაზე რთულად ითვლებოდა ბრიტანეთის ვიზის მიღება, ახლა ამერიკის რიგია. უცხოეთში წამსვლელმა უნდა დაამტკიცოს, რომ იმდენი ქონება აქვს, იქ დასარჩენად არ მიდის. მე არ ვიცი, ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლეთაგან რამდენი პროცენტი დააჯერებს საბაჟოს ოფიცერს, რომ საქართველოში იმდენად მდიდარია, ევროპაში დარჩენას არ აპირებს. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ეს კარგია. მზარავდა იმაზე ფიქრი, საერთოდ უარი არ ეთქვათ. მაშინ რა გამოდიოდა, ჩვენ სადაც გვინდოდა, იქ არ გვღებულობდნენ და, სადაც მიგვიღებდნენ, იქ ჩვენ არ გვინდოდა. სად ვიქნებოდით ღამურასავით გამოკიდებული? მადლობა ღმერთს, რომ უვიზო მიმოსვლის საშუალება მოგვცეს, მაგრამ ეს გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რომ უფრო მეტი კითხვები არ გავუჩინოთ ევროპას. ჩვენი არაკვალიფიციური მუშახელი ევროპას აღარ სჭრდება. ეს ევროპას სჭირდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ომში გაწყდა მამაკაცთა დიდი რაოდენობა და თურქებით გაივსო გერმანია, რადგან ყველაზე კარგი ცხოვრება სწორედ გერმანიაში იყო.