„გილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა! მადლობა ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მინიჭებისთვის!“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპარლამენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
553 - მომხრე, 66 - წინააღმდეგი, 28 - თავი შეიკავა - ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. საბოლოო შედეგამდე რამდენიმე ტექნიკური პროცედურის განხორციელება რჩება. შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო.
ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, რასაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.
რაც შეეხება ვადებს, როგორც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელმა ამბობს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ხელმოწერას 1-ელ ან 2 მარტს ელოდება, გადაწყვეტილების ჟურნალში გამოქვეყნებას კი 10 მარტამდე. პროცედურით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 20 დღე მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ ძალაში შევიდეს.
ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
წევრი ქვეყნები - ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. არაწევრი ქვეყნები - ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კანდიდატი ქვეყნები - ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას.
როგორც მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.
„ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის.
ჩვენი ნაბიჯები ევროპისკენ გრძელდება და ეს არის დამსახურება ჩვენი მთავრობის, რომ დღეს ჩვენ ერთხმად გვაღიარებს ყველა ევროპული პარტია, ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფი როგორც სამაგალითო, წარმატებულ, ძალიან მყარ და ფართო პარტნიორობის მქონე ქვეყანას“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოვების გზაზე. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ის პირობები, რაც არის საჭირო ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილებისთვის და ამ მიზნით, მისი უწყება მიმდინარე თვეში მასშტაბურ კამპანიას იწყებს.
„თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან, ან დღეიდან იწყება პროცესი. განსაკუთრებით ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართავ - დარჩა მცირე, მაგრამ მაინც დარჩა ტექნიკური პროცედურების გავლა. ჩვენი არითმეტიკული გათვლებით, სულ რაღაც მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში (ეს მთავარმა მომხსენებელმა მარია გაბრიელმა არერთხელ აღნიშნა), შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს თანამოქალაქეებს უვიზოდ გადადგილდნენ ევროკავშირის და შენგენის ზონაში“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ფიქრობს, რომ დღევანდელი ნაბიჯი უფრო დააახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო ნაბიჯი არ არის, თუმცა ვუახლოვდებით ბოლო ეტაპებს.
„ეს მნიშვნელოვანი შემთხვევაა, ვინაიდან ჩვენ ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ვულოცავ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, დღევანდელი ნაბიჯი უფრო დაგვაახლოვებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განვაგრძოთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვება. ვიცით, თუ როგორ ბეჯითად მუშაობდა ხალხი ამის მისაღწევად“, - აცხადებს იანოშ ჰერმანი.
საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც უვიზო მიმოსვის მინიჭებით დასრულდა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები. ევროპარლამენტის წევრმა მიჰალ ბონიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველომ ის უმაღლესი ნიშნული დააკმაყოფილა, რომელიც თან ახლავს ვიზალიბერალიზაციის პროცესებს.
„მე მსურს მივმართო საქართველოს მოქალაქეებს. ძვირფასო ქართველებო, დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის პარლამენტისა გახლავთ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ვიზალიბერალიზაციის მარათონზე. თქვენ დაიმსახურეთ ეს და მე ვამაყობ, რომ ჩემი წვლილი მაქვს დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში. ვიზალიბერალიზაციის პროცესი საშუალებას მოგცემთ ძალიან დიდი შესაძლებლობებისა და კარს გაგიხსნით, რომ უფრო მეტად განვითარდეს თქვენი ქვეყანა“, - განაცხადა მიჰალ ბონიმ.
სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითოა იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს. მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესი მოახდინა, ახორციელებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი. როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, რეფორმებმა საქართველო უფრო დაახლოვა ევროკავშირის სტანდარტებთან და ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით.
„როდესაც პირველად ვესტუმრე საქართველოს, შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი, როდესაც ქვეყანაში ვიხილე ევროკავშირის უამრავი დროშა, ეს მართლაც მისასალმებელი ფაქტი გახლავთ. კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. ეს გახლავთ ფრიად მნიშვნელოვანი მიღწევა და განვლილი იქნა ხანგრძლივი პროცესი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეების აზროვნებსა და გულში“, - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
თუმცა, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე იყო პრეტენზიები. მაგალითად, ევროპარლამენტის წევრი, სტივენ ვულფმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მისი სურვილი გააგრძელოს გაფართოება, გავლენას ახდენს და შეიძლება იმეორებდეს შეცდომებს. მისი განმარტებით, თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია.
„ქალბატონმა მერკელმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც გერმანიის კარები გაუღო შესაბამისი შემოწმების გარეშე ყველა მსურველს, ჩვენ ახლა ვიმკით ამ შედეგებს. ევროკავშირი ცდილობს თავისი გავლენის, თავისი იმპერიის გაფართოებას, ანალოგიურ შეცდომას უშვებს. არ ამოწმებს, ვინ ჩამოვა ევროკავშირში.
თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა ძალიან საფრთხის შემცველია. ქართულმა გაზეთმა „რეზონანსმა“ განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას, რაც მერკელმა გასულ წელს დაუშვა“, - განაცხადა სტივენ ვულფმა.