ევროპარლამენტში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის სტატუსი მინიჭებულია, ქვეყანა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მოლოდინშია, ქართველი დეპუტატები ევროპელი კოლეგების მხარდაჭერით კმაყოფილნი არიან.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას სავარაუდოდ მარტის ბოლოდან დაიწყებენ, რადგან ევროპარლამენტის 553 წევრის მხარდაჭერის მიუხედავად, საბოლოო შედეგის მიღწევამდე კიდევ რამდენიმე ტექნიკური პროცედურის განხორციელება რჩება. კერძოდ, განახლებულ რეგულაციას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, რასაც საბოლოო ჯამში ოცი დღე სჭირდება.
სანამ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ, მანამდე პარლამენტის წევრები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას ხაზს უსვამენ და საქართველოს მოქალაქეებს რჩევებს აძლევენ.
როგორც for.ge-ს უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ევროპარლამენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმს მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ეს გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით რეფორმები რომ არ განეხორციელებინა და კანონმდებლობა არ მოეწესრიგებინა.
სისტემა და მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში შეიქმნა, იმის საფუძველს იძლევა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი იყოს და ის გადაწყვეტილება პასუხისმგებლობით მიიღოს, რაც მიღებული იქნა.
„საქართველოს მიზანი ევროკავშირთან მიმართებაში უფრო მნიშვნელოვანი სტატუსის მიღებაა და ჩვენ საქმიანობას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გავაგრძელებთ. შანსი კიდევ უფრო გვეზრდება, რომ საქართველომ ევროპულ ოჯახში ამაზე უფრო დიდი სტატუსი მიიღოს, რაც შესაძლებელია. გამოწვევები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის, ეს საერთო გამოწვევებია და საპოლიციო სფეროში შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ სიტყვებს - საქართველო-ევროპა გაცილებით ხშირად მთელს მსოფლიოში გაიმეორებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები და ხელისუფლება მიღებულ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც ევროპაში გაემგზავრება, საქართველოს წარმომადგენელი უფრო მეტად ხდება, ვიდრე ოდესმე იყო. ანუ, ის თავისი ქვეყნის ელჩი ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, რადგან ეს მხოლოდ დღევანდელი დღე არ არის, ის ხვალინდელი დღეა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა როგორ განვითარდება, ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის მსგავსად, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე აქცენტს საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე აკეთებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვინც ამ დიდი სიკეთის გამოყენებას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ თითოეულ ამ ადამიანს პასუხისმგებლობა აკისრია, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს მანამდე, სანამ ქვეყანა წინ კიდევ ნაბიჯს გადადგამს.
კანონმდებელის ცნობით, წინ დარჩენილია ტექნიკური ფაზა და უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე, მცირე დრო დარჩა.
„უვიზო მიმოსვლის შემოღება ქვეყნისთვის უდიდესი სარგებელია, რომელიც ასოცირებით გათვალისწინებულ საკითხებს წაადგება. ეს გზა საბოლოოდ ევროკავშირში მიგვიყვანს. თუ ჩვენი უპასუხისმგებლობით ე.წ. შეჩერების რეჟიმის საფუძველი გახდება, ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
თანაგუნდელების მსგავსად, ევროპულ სიკეთეებზე აპელირებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, დღეს ის პროცესი იწყება, რის თაობაზეც, თავის დროზე ილია ჭავჭავაძე საუბრობდა, თუ რატომ არის საქართველოს ადგილი ევროპაში და სად არის რესურსი, რითაც საქართველოს შეუძლია, თავისი ეკონომიკა განავითაროს და წარმოების კულტურა გაამრავალფეროვნოს - უვიზო მიმოსვლა ახალგაზრდებისთვის სტიმულია, რომ კარგად ისწავლონ, ბევრი შემოსავალი ჰქონდეთ, რათა ევროპაში თავისუფლად იმოგზაურონ.
„ეს საწყისია და მომავალში სხვა ურთიერთობები გაგრძელდება. ასოცირების ხელშეკრულება არანაკლებ მნიშვნელობისაა, ვიდრე ვიზალიბერალიზაცია. მუშაობა იმისთვის იქნება, რომ სტანდარტი მუდმივად დაცული იყოს, რასაც სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ეკონომიკის განვითარებას და უსაფრთხოების თემებს ეხება. სკეპტიკური განცხადებები, რომ კარებზე ვაკაკუნებთ და არ გვიღებენ, მიამიტური და არაპროფესიონალური განცხადებებია. ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვჭირდება, რომელიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს ნატოსა და ევროკავშირის წევრებს გააჩნიათ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ გადაწვეტილებას მიესალმება უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძეც. for.ge-სთან საუბარში მაღრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროპეიზაციაში დღეიდან ახალი ეტაპი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ ევროპის ნაწილად უნდა განიხილონ.
მაღრაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ნახოს, ევროპული ცხოვრება რა არის და ილუზიებში არ იყოს, რომ თურმე, ევროპა არის ის, რაც ქართული კულტურისთვის მიუღებელია.
„ევროპული კულტურა მართმადიდებლური კულტურაა, ისევე როგორც ქართული. ბევრი საერთო გვაქვს და უვიზო მიმოსვლა იმას ნიშნავს, რომ გაცილებით წინ წავალთ. განსაკუთრებით მიხარია, რომ სტუდენტები სასწავლებლად წავლენ და ადამიანები ბიზნესს წამოიწყებენ. ეს განსაკურებული გზავნილია აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის, რადგან მათ ევროპისკენ გზა ეხსნებათ. ამას კარგი ახსნა სჭირდება, რომ ეს მონაპოვარი არ დავკარგოთ და ხალხს ავუხსნათ, ვიზა წესები არ დაარღვიოს. ახსნა სჭირდება იმასაც, ვიზალიბერალიზაციას ახალგაზრდებისთვის რა სიკეთეები აქვს. თანდათან ევროპული ცხოვრების წესზე უნდა გადავიდეთ და მიმაჩნია, რომ თამბაქოს კანონი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია. ასე უნდა ვიაროთ, რომ ევროპული ცხოვრების სტილს რეალურად დავუახლოვდეთ“, - აცხადებს მაღრაძე.
კოლეგებისგან განსხვავებით, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არაფერი არ იწყება, რადგან გადაწყვეტილება მიღებული 10 მარტს იქნება, როცა ევროკავშირის სამიტი შეიკრიბება, რომელიც ევროკავშირში უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა. როგორც for.ge-ს ზურაბიშვილმა განუცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომელსაც ჯერ კიდევ ელოდება.
„ველოდებით, ქვეყნები რას იზამენ და მთავრობები რას გადაწყვეტენ, განწყობა როგორი იქნება. საუბარი იმაზე, რომ ტექნიკური საფეხური დაგვრჩა, ეს სწორი არ არის და დამამცირებელია, რადგან სუვერენული უფლება ყველას აქვს გადაწყვეტილება მიიღოს. ვიცით, რომ ვიზებზე ორომტრიალი ამერიკაშიც არის, რაც შეიძლება ჩვენთვის კარგი იყოს, რადგან ევროპას პრინციპული პოზიცია უჭირავს, რომ საზღვრები არ უნდა დაიხუროს. საქართველომ ყველაფერი გააკეთა და პროცედურულად იმის თქმა არ შეიძლება, რომ ყველაფერი დღეს სრულდება, რადგან ეს არ არის“, - დასძინა ზურაბიშვილმა.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობაც“ მიესალმება, თუმცა, ისინი ხაზს ამ პროცესში მათი ხელისუფლების როლსაც უსვამენ.
როგორც for.ge-ს უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს, ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ უვიზო მიმოსვლა იმსახურებს არა რომელიმე მთავრობა, არამედ ქართველი ხალხი.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უვიზო მიმოსვლა მოქალაქეებისთვის შესაძლებლობაა, მაგრამ იმისათვის, რომ მათ ამ შესაძლებლობით ისარგებლონ, ქვეყანა სწრაფად უნდა გაიზარდოს და ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდეთ. ადამიანებს თვითმფრინავის ბილეთის ფული უნდა ჰქონდეთ, რომ უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ. სწრაფი ეკონომიკური მთავრობა გვჭირდება, რომ უვიზო მიმოსვლით მოქალაქეებმაც ისარგებლონ და ქვეყანა ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს. ისტორიულ დღეს არ ვაპირებ, რომ ვიღაცის მიმართ ბრალდებებით ვილაპარაკო. 2003 წლიდან დანგრეული სახელმწიფოს აშენება რომ არ მომხდარიყო, ამ დღემდე ვერ მოვიდოდით. ევროპული ტრადიცია არის ის, რომ ყველას თავისი დამსახურება მივაგოთ. საქართველოში მთავრობები შეიცვლება, მაგრამ ეს მონაპოვარი ხალხს დარჩება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.
მათი მოსაზრებით, დღევანდელი გამარჯვება, ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ქართველი ხალხის ურყევი ნების შედეგია, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს მყარად უჭერს.
„დღევანდელ ხელისუფლებას შესაძლებლობას სწორედ ეს მტკიცე პოზიცია არ აძლევს, ქვეყნის განვითარების ევროპული ვექტორიდან გადაუხვიოს. ჩვენი მმართველობის პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლისათვის შექმნილმა მყარმა საფუძველმა დღევანდელ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, - მიიჩნევენ პარტიაში.