ოპოზიციონერი დეპუტატები მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებენ, მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ისევ თავს არიდებენ. ყოველ შემთხვევაში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უწყებაში არ გამოცხადებულან.
საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრების პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს, საპარლამენტო უმცირესობა კი, პოლიტიკურ დღის წესრიგში თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას და ძალოვანი მინისტრების მოსმენის საკითხს სვამს, განსახილველი თემა კი, უწყებებში მიმდინარე პროცესებია.
როგორც for.ge-ს ფრაქცია „უკეთესი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა, რომ თავდაცვის სამინისტროდან სამხედროების გათავისუფლება მასიურად ხდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროდან კადრების გაშვება მხოლოდ ოპტიმიზაციის საკითხი არ არის, რადგან ეს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის თემებს ეხება.
„ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ამხელა შემცირება რა მიზეზით ხდება, ამას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე რა გავლენა ექნება და ეს ნაბიჯები რამდენად გააზრებულია“, - აღნიშნა ხოშტარიამ.
თანაგუნდელის მსგავსად, გიორგი კანდელაკი უწყებაში მიმდინარე პროცესებს სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ისეთი ნაბიჯების გადადგმას მოუხშირა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს.
დეპუტატის განცხადებით, ეჭვები ჩნდება „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკებებით და მავნებლური ხელშეკრულების ხელმოწერით.
„მთავრობამ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი დამსახურებული ჯარისკაცის პირადი საქმე გადასცა, რაც სახელმწიფო ღალატის ნიშნებს შეიცავს. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ათასობით ადამიანის დათხოვნა ხდება. გასაგებია, რომ შეიძლება დღევანდელი ბიუჯეტი მეხუთე ბრიგადის სრულფასოვნად შესანახად საკმარისი არ იყოს, მაგრამ ჩვენს მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში, მათ შორის, ბალტიისპირა ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯები იზრდება“, - აღნიშნავს დეპუტატი.
კანდელაკის მოსაზრებით, სამხედრო ხარჯები და შეიარაღებული ძალების შემცირება, როგორც მინიმუმ, მცდარი და სინამდვილეში ძალიან მავნებლური ნაბიჯია და ეს მაშინ ხდება, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი ათასი უპასუხისმგებლო პროგრამებით სავსეა.
ოპოზიციისგან განსხვავებით, თვდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში მინისტრების დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია თითქმის მეოთხე თვეა მიმდინარეობს და პარლამენტში მოწვეული იყვნენ თვდაცვის მინისტრის როგორც მოადგილეები, ასევე გენშტაბის უფროსის მოადგილე და დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
კანონმდებელი ირწმუნება, რომ მან საპარლამენტო ფორმატში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხი თავიდან ბოლომდე გაიარა.
„ეს ყველაფერი ღია იყო და თუკი ვინმეს ამ შეხვედრაზე დასწრება უნდოდა, მოვიდოდა და საკითხში გაერკვეოდა. თავდაცვის სამინისტრომ ოპტიმიზაციის საკითხი საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გაიარა. სამწუხაროდ, უწყებაში მმართველობის პირამიდა ამოტრიალებული იყო. ყველა დეტალი განისაზღვრა, ცვლილება ვის უნდა შეხებოდა და რატომ. თავდაცვის ყველა ყოფილი მინისტრი ადასტურებდა, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო. უბრალოდ, ოპოზიციას არ სურს, დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ და მათი მიზანია, პოლიტიკურ დღის წესრიგში ხმაური გააჩინონ“, - აცხადებს დეპუტატი.
სესიაშვილის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგზე აყოლას არ აპირებს.
„რეფორმები გასატარებელია და საჭიროდ არ ვთვლი, რომ მინისტრები პარლამენტში დავიბაროთ, რადგან ყველა დეტალს წინასწარ ვიცნობდით. მინისტრი პარლამენტში ისე დაიბარონ, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს. რაც შეეხება ცერცვაძის საქმეს, ეს თავიდანვე პოლიტიზირებული, საკუთრი ქვეყნის და მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანის ბედი გადაგვერჩინა, საკითხის პოლიტიზირება მოხდა და ხელისუფლებამ კი ყველაფერი გააკეთა. მათ შორის ბინძური განცხადებები იყო, თითქოს, ინფორმაციებს რუსეთს ვაწვდიდით. არ ვაპირებ, დრო და ენერგია დავხარჯო, ნაციონალების სპეკულაციებს ავყვე და მათ დღის წესრიგს გავყვე. თუ საჭიროდ ჩავთვლი, რომ საქმეზეა სასაუბრო და ვინმეს პოლიტიკური ისტერიკის მოწყობა არ სურს, მინისტრებს პარლამენტში მოვიწვევთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.
თავდაცვის სამინისტრომ უწყებაში რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. უწყებამ შემცირებული კადრების თაობაზე ინფორმაცია წარადგინა. ლევან იზორიას ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყება სულ 2 250-მდე ადამიანმა დატოვა, რის შედეგადაც დაზოგილია 32 მილიონ ლარი.
სამინისტრო ირწმუნება, რომ რეორგანიზაცია ძირითადად სამოქალაქო პირებს შეეხოთ, რომელთა შორის არიან: შტატგარეშე - 400 თანამშრომელი, შტატიანი - 1350.
უწყების ცნობით, შემცირება შეეხო შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირებს, მათ შორის 217 ოფიცერს, 123 სერჟანტს.
სამინისტრო ინფორმაციას გაცემული კომპენსაციების თაობაზეც აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გასაცემი კომპენსაციის რაოდენობამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა და უფროსს ლეიტენანტზე -10 ათასი ლარი გაიცა, კაპიტანზე - 14 ათასი ლარი, მაიორზე - 18 ათასი ლარი, ვიცე-პოლკოვნიკზე - 23 ათასი ლარი, პოლკოვნიკზე - 29 ათასი ლარი.