საპარლამენტო უმცირესობა დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს, განსახილველი თემები იძულებით გადაადგილებულ პირთა პირობები, დევნილის სტატუსი და სოციალური დახმარებებია.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ მთავრობა დევნილებისთვის 45 ლარიანი დახმარების გაუქმებას და დევნილი მოსახლეობისთვის ისედაც რთული ცხოვრების კიდევ უფრო გართულებას გეგმავს, მმართველი გუნდი კი საპირისპიროს ამტკიცებს.
სანამ, სოზარ სუბარი სამინისტროს მიერ მომზადებულ რეფორმას პარლამენტს დოკუმენტალურად წარუდგენს, მანამდე ის განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ დევნილების სტატუსს არაფერი ეხება, რადგან ის პოლიტიკური სტატუსია და დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების უფლებასთან. მინისტრი ოპონენტებს ურჩევს, დევნილის სტატუსი და დევნილების ეკონომიკური და სოციალური დახმარება ერთმანეთისგან გამიჯნონ.
„ყოველწლიურად, ორი ათასზე მეტი დევნილი ოჯახი ბინას იღებს, მაგრამ ვაპირებთ, ეს იმ დახმარებით გავაკეთოთ, რომელსაც დევნილები იღებენ. დღეს ყველა დევნილი დახმარებას იღებს, არის სოციალურად დაცული თუ არა. რეფორმის ფარგლებში ვაპირებთ, რომ დახმარება იმ დევნილმა მიიღოს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, ხოლო იმან, რომელსაც არ უჭირს, ნაკლები მიიღოს, ან საერთოდ არ მიიღოს. ეს არ იქნება დაკავშირებული იმაზე, ვინ დაიბადა აფხაზეთში, ან 1250 ლარიანი ხელფასი ვის აქვს“, - აცხადებს მინისტრი.
სუბარის განმარტებით, დახმარებები დამოკიდებული იქნება სოციალურ ქულებზე, თუმცა არა 57 000 ქულასთან, როგორც ეს დღეს არადევნილების მიმართ არის.
„დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს, რომ დახმარება იმ დევნილებს გაუორმაგდებათ, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ხოლო ვინც შეძლებულია, მას დახმარება გაუუქმდებათ და მათი დახმარება სხვა დევნილებზე წავა“, - დასძენს სუბარი, რომლის განცხადების შინაარს აპროტესტებს უმცირესობის წევრი ელენე ხოშტარია.
for.ge-სთან საუბარში ხოშტარია აცხადებს, რომ დევნილი მოსახლეობა შეურაცხყოფილია იმით, რასაც სამინისტროს მხრიდან უყურებს. მისი თქმით, სამინისტროს კონცეფციით, ისედაც უკიდურეს გაჭივრებაში მყოფ ადამიანებს მიზერული დახმარებაც კი აღარ ექნებათ.
„ფაქტიურად, ხელისუფლება დევნილების წინაშე პასუხისმგებლობას იხსნის. ძალიან მძიმე ჩანაწერია, რომ თუ სოციალური დახმარება არ იქნება, მათ რეგისტრაციის მოტივაცია არ ექნებათ და ა.შ. ნებისმიერი დეპუტატისთვის მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი დავიბაროთ, რომელიც უტიფრად გვესაუბრება, რომ ეს ასე გაკეთდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ აკაკი ზოიძეს სურვილი აქვს, დოკუმენტი არსებული ფორმით არ გავიდეს და პარლამენტში სოზარ სუბარიც მოვიდეს“, - აცხადებს ხოშტარია.
for.ge-სთან საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ყურადღების არა მინისტრის უწყებაში მისვლაზე, არამედ კონცეფციაზე ამახვილებს და ამბობს, რომ კონცეფციაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით დაიწყო.
„თავის დროზე, ნაციონალების დროს, ეს თემა წერედიანმა გააჟღერა, რომელიც გადამალეს. ამ კონცეფციაზე მუშაობა გაგრძელდა და მოსაზრებები ფორმირდება, რას უნდა დაეფუძნოს, ეს რეფორმა. რა იქნება ზღვარი, ვინ მიიღებს შემწეობას, ვის არ მიეცემა და ა.შ.“, - აღნიშნავს ზოიძე.
რაც შეეხება იძულებით გადადგილებულ პირთა და აფხაზეთის მთავრობის განწყობას, ისინი აღნიშნულ საკითხზე უფრო ნაკლებს მსჯელობენ და მეტ დროს ერთმანეთთან კამათს უთმობენ.
როგორც for.ge-ს აფხაზთა კრების წევრმა, ჯონი კვარაცხელიამ განუცხადა, აფხაზეთის მთავრობასთან კომუნიკაცია არ არსებობს.
მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობაში ეს ხალხი ზის, ტყუის, მათ ხელისუფლებს უსმენს და ტაშს უკრავს.
„საუბრობენ იმაზე, რომ დევნილებისთვის რაღაცის მოგვარება სამართლებრივად რთულია, მაგრამ მათთვის ძალიან მარტივი 75 ათასი ლარიან მანქანებით სიარულია. დევნილების ხარჯზე ცხოვრება მოიწყვეს. 25 წელია, რაც ხელისუფლებაში არიან, დევნილებისთვის არაფერი გაუკეთებიათ და ჩვენს სისხლს წურავენ. დევნილები ის ფენაა, რომლებსაც მათხოვრების როლში წარმოგვაჩენენ. ჩვენ მათხოვრები არ ვართ. ეს ხალხი დევნილების წარმომადგენლები უნდა იყვნენ და აქეთ-იქეთ სირბილი ჩვენ არ უნდა გვიწევდეს. 12 მილიონია დაფინანსება და მათ ხელფას იმაში ვუხდით, რომ ჩვენი პრობლემები გადაწყვიტონ. არაფერს არ აკეთებენ, სამაგიეროდ, თვის განმავლობაში, ყოლბაია ტონახევარ საწვავს ხარჯავს და სად დადის, არავინ იცის. ზუგდიდში თვეში ერთხელ დადის“, - დასძენს კვარაცხელია, რომლის ბრალდებებსაც თავად ვახტანგ ყოლბაია დემაგოგიას უწოდებს.
როგორც for.ge-ს ყოლბაიამ განუცხადა, ოპონენტების ბრალდებებს ვერ გაიზიარებს, რადგან დევნილების შემწეობა ოცი პროცენტით გაიზარდა.
„ოპონენტებს ღვარძლიანი შეფასებები აქვთ. მერე რა, თუ 25 წელი ვარ, ამერიკაში 50 წელია, პარლამენტის წევრები არიან. მართლა დემაგოგობას ვერ ავიტან. კი ბატონო, სამინისტრო გავაუქმოთ, იქ დასაქმებული ხალხი ქუჩაში გავუშვათ და ამაში რა ხეირია, ერთი უმუშევარი დავტოვო და მეორე დავასაქმო? - ტყემალზე სხედან და ბალს ჭამენ“, - აღნიშნავს ყოლბაია მოწინააღმდეგეების საპასუხოდ.
იმის გამო, რომ დევნილებისთვის განკუთვნილი დახმარების შემცირების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა, იძულებით გადადგილებული პირები სოზარ სუბარის უწყებასთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ და მინისტრისგან პირობის მიღებას, რომ მათ სოციალური დახმარება შეუნარჩნდებათ.