პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგი განხეთქილების მიზეზი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია გახდა, რომლის ლეგიტიმაციას ქვეყნის პირველი პირი ეჭქვეს აყენებს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი, კონსტიტუციის დახვეწის და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ბალანსის დაცვის პირობას დებს.
გიორგი მარგველაშვილის განაწყენება კომისიის თავმჯდომარის პოსტს უკავშირდება, რომელსაც ირაკლი კობახიძე დაიკავებს, რომელიც თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომისიის ყველაზე სწორი ფორმატი შეარჩია.
სპიკერი მიიჩნევს, რომ ფორმატი არავითარ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს.
„სამართლებრივი და პრაქტიკული არგუმენტები არსებობს იმისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფორმატი არის არა მარტო უფრო სწორი, არამედ ერთადერთი უალტერნატივო ფორმატია, რომელიც ჩვენ კონსტიტუციის დახვეწის შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება ამ ფორმატის ეფექტურობას, ამ ფორმატზე სწორედ იმიტომ ჩამოვყალიბდით, რომ შედეგი დამდგარიყო. როცა წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში კომისია შეიქმნა, მაშინ, როგორც ექსპერტი იმაზე ვსაუბრობდი, რომ ეს ხარვეზები პრობლემებს აუცილებლად გამოიწვევდა და შედეგები არ დადგებოდა. იმისათვის, რომ ჩვენ იგივე არ გაგვემეორებინა, სწორი ფორმატი ჩამოვაყალიბეთ, რაც შედეგის მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა სპიკერმა, რომლის საპასუხოდ, for.ge დაინტერესდა, პრეზიდენტი ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, თუ მმართველი გუნდი ახდენს მარგველაშვილის იგნორირებას?
ჩვენს საპასუხოდ კობახიძე აცხადებს, რომ დადგენილების პროექტში ჩანაწერი რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი წარმოდგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო კომისიაში.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობა გათვალისწინებულია. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავენ, რადგან ამ პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არასწორი ფორმატი იქნა შემოთავაზებული, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ფორმატით იმ დადგენილებას დავამტკიცებთ, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება. ჩვენი ამოცანა, კონსტიტუციის დახვეწაა. თუ ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუცია არ დავხვეწოთ, შეგვიძლია, იმ არასწორ ფორმატს დავთანხმდეთ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შემოთავაზებული იყო. ეს ჩვენი მიდგომა იყო, რომელიც მკაფიოდ განვმარტეთ“, - განაცხადა კობახიძემ.
სპიკერისგან განსხვავებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას უფრო კრიტიკულია და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მარგველაშვილის პოზიცია გაუგებარია, რადგან ის ვინც კონსტიტუციით სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირების გარანტია და ასეთი პროცესების ხელშემწყობი უნდა იყოს, ის ერთადერთი პირია, რომელიც პროცესის ბოიკოტრებას ახდენს.
კახიანის თქმით, კრიტიკა ყოველთვის ისმის, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი რომ განაცხადო და მით უმეტეს სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს პრეზიდენტის მხრიდან გაუგებარია.
„ოპოზიციისგანაც კი არ მომისმენია, რომ ისინი პროცესის ბოიკოტირებას ახდენენ. პრეზიდენტის წარმოდგენით, თურმე, პროცესს ლეგიტიმაცია არ აქვს, რომელიც პარლამენტში იწყება. ჩემთვის მისი პოზიცია ახსნადი არ არის და არ ვიცი, ეს რას მივაწერო. ეს პროცესი ისე წარიმართება, როგორც ჩვენ სწორად ვთვლით. საკონსტიტუციო კომისიის პროდუქტი ის იქნება, რაც უზრუნველყოფს სახელისუფლებო ორგანოების დაბალანსებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა კახიანმა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებრია პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთვის. როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, პარლამენტი ის ადგილია, სადაც საკონსტიტუციო კომისია იქმნება და მასში პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართულობა კარგი იქნება, ხოლო თუ პრეზიდენტი ამ პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს, ეს კონფლიქტია დებულებასთან მიმართებაში და არა სახელმწიფო შტოებს შორის.
„სიახლე არაფერია, პარლამენტი მუშაობს და თავის უფლებამოსილებას ასრულებს. რომ არა სკანდალური ფონი, ისიც ნორმალურია, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში არ ჩაერთოს. არ ვიცი, სკანდალური ფონი საჭირო რისთვის არის?! ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მიმართ არასწორი მიდგომაა და ეს ზედმეტ დაძაბულობას ქმნის, არადა ისედაც ბევრი გამოწვევაა. სწორ ადგილას ასეთი დაძაბულობის შემოტანა არაადეკვატურია. პრეზიდენტის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ თუ ის საპირისპიროდ თვლის, ესეც არ არის დარღვევა. დაძაბულობის მოგვარების და კონსესუსის მიღწევის გარანტი მარგველაშვილი უნდა იყოს“, - განაცხადა ვოლსკიმ, რომელიც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, გაცილებით დიპლომატი უნდა იყოს.
რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, საპარლამენტო ოპოზიცია ყურადღებას არა კომისიის ფორმატზე, არამედ პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე ამახვილებს.
როგორც for.ge-ს უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ რისთვისაც მოიცალა, საკონსტიტუციო ცვლილებებია. ანუ, მათ არც ლარის გაუფასურება აწუხებთ და არც ეკონომიკის და არც ვაჭრობის შეჩერება.
„მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მუდმივ კინკლაობას ვუყურებთ, რაც ახლაც გამოიხატა. ბევრი შემთხვევა იყო, როცა ამ კინკლაობამ და ინტერესთა კონფლიქტმა საქართველოს ინტერესები დააზიანა. საკონსტიტუციო კომისიის შინაარსი გაურკვეველია, ვინაიდან კომისიას მუშაობა არ დაუწყია. ეს ისევ ინსტიტუციონალური და პიროვნული კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს. ის ფაქტი, რომ პირველი ნაბიჯი, რასაც ხელისუფლება დგამს, საკონსტიტუციო კომისიაა და არა ეკონომიური ვითარების გამოსწორება, რაც კომისიის მომავლის მიმართ სკეპტიკუარდ გაგვაწყობს“, - აცხადებს ბაქრაძე.
თანაგუნდელის მსგავსად, ელენე ხოშტარია აქცენტს მხარეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე აკეთებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ისინი ამ პროცესში მსაჯები არ არიან და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიან.
„ეს პროცესი ფუნდამენტურ საკითხებს ეხება და ასეთი ურთიერთობა არასწორია. ამ კომისიის ლეგიტიმაცია ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, მაშინ, როცა ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს. ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და გიჟებივით რესურს კომისიის შექმნისთვის გამალებით ხარჯავენ, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე მოირგონ. ვნახავთ, რა შეთავაზება იქნება“, - დასძენს ხოშტარია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, დაპირისპირებას გმობს „პატრიოტთა ალიანსი“. როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის კინკლაობა უნდა დასრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ფორმატში ყველა უნდა იყოს ჩართული.
„საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს? საჭიროა, ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში ვმართოთ, რაც ეხება პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და პარლამენტსაც. კინკლაობას თავი უნდა დავანებოთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა, ამ ფორმატში მონაწილეობა მიეღო. ცუდია, თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ კარგია, რომ სახალხო განხილვასთან იქცეს ყველა ის საკითხი, რაც კომისიაზე გავა. ხალხი და საზოგადოება ამაში ჩართული უნდა იყოს. ეს ერთი-ორი ექსპერტის და ერთი პარტიის დონეზე არ უნდა გადაწყდეს. სახელმწიფო საბავშვო ბაღს არ უნდა დაემსგავსოს და ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა ინაშვილმა.
იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ახლა იწყებს, მის თაობაზე პოლიტიკური დებატები გაგრძელდება, რადგან მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, პარლამენტი კომისიას შექმნის, ხოლო 60 კაციანი შემადგენლობის დაკომპლექტება და კვოტების გადანაწილება ხუთი დღის განმავლობაში მოხდება.